27 იანვარს 75 წელი შესრულდება, რაც ქ. ლენინგრადი ფაშისტების სამხედრო ბლოკადისგან გაათავისუფლეს (საბჭოთა მეომრებმა ბლოკადა გაარღვიეს 1943 წლის 18 იანვარს). ეს იყო საშინელი პერიოდი, რომელიც 872 დღეს გრძელდებოდა და რომელიც ლენინგრადელებმა გმირულად გადაიტანეს.
ლენინგრადის ბლოკადა _ ეს იყო სამხედრო ალყა ქალაქ ლენინგრადისა (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი), რომელსაც დიდი სამამულო ომის პერიოდში ახორციელებდნენ გერმანული, ფინური, ესპანური სამხედრო ქვედანაყოფები, ჩრდილოაფრიკელ სამხედრო მოხალისეებსა და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად. ბლოკადა დაიწყო 1941 წლის 8 სექტემბერს და დასრულდა 1944 წლის 27 იანვარს.
1940 წლის 18 დეკემბერს ჰიტლერმა ხელი მოაწერა დირექტივა #21-ს, რომელიც ცნობილია, როგორც გეგმა “ბარბაროსა”. ამ გეგმის მიხედვით ფაშისტები არმიების სამი ჯგუფით თავს უნდა დასხმოდნენ საბჭოთა კავშირს სამი მიმართულებით: არმიების ჯგუფი “ჩრდილოეთი” _ ლენინგრადს; არმიების ჯგუფი “ცენტრი” _ მოსკოვს, არმიების ჯგუფი “სამხრეთი” _ კიევს. მოსკოვის ხელში ჩაგდება გათვალისწინებული იყო ლენინგრადის დაპყრობის შემდეგ. 1941 წლის #32-ე დირექტივით, ჰიტლერმა “აღმოსავლეთზე ძლევამოსილი ლაშქრობის” დასრულების დროდ შემოდგომა გამოაცხადა.
დიდი სამამულო ომის დასაწყისში ლენინგრადი იყო მნიშვნელობით მეორე ქალაქი სსრკ–ში 3,2 მლნ მოსახლეობით. ქალაქში მუშაობდა 333 დიდი სამრეწველო საწარმო, რომლებშიც საქმიანობდა 565 ათასი ადამიანი. ძალიან დიდი იყო ქალაქის სამეცნიერო–ტექნიკური პოტენციალი _ ფუნქციობდა 130 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი და საკონსტრუქტორო ბიურო, 60 უმაღლესი სასწავლებელი და 106 ტექნიკუმი.
ლენინგრადის დაპყრობით გერმანელი ფაშისტები რამდენიმე მნიშვნელოვან ამოცანას გადაწყვეტდნენ:
1.ხელში ჩაიგდებდნენ საბჭოთა კავშირის მძლავრ ეკონომიკურ ბაზას, რომელიც ქვეყანას სამრეწველო პროდუქციის 12%-ს აძლევდა;
2.ხელში ჩაიგდებდნენ ან გაანადგურებდნენ ბალტიის სამხედრო-საზღვაო, აგრეთვე, უზარმაზარ სავაჭრო ფლოტს;
3.დაეხმარებოდნენ ჯგუფ “ცენტრის” მარცხენა ფლანგს, რომელიც მოსკოვს უტევდა;
4.გაბატონდებოდნენ ბალტიის ზღვაზე და უსაფრთხოდ დაიწყებდნენ მადნეულის გადაზიდვას ნორვეგიის პორტებიდან გერმანიის მრეწველობისთვის.
ბლოკადის დაწყებისას ლენინგრადში არ იყო იმ რაოდენობის პროდუქტები და საწვავი, ალყაშემორტყმულ ქალაქს დიდხანს რომ გაეძლო. ერთადერთი გზა, რომლითაც ლენინგრადი საბჭოთა კავშირის იმ ტერიტორიებს უკავშირდებოდა, რომლებიც ფაშისტებს დაპყრობილი არ ჰქონდათ, იყო ლადოგის ტბა, თუმცა ამ ტბას გერმანელთა არტილერია და ავიაცია ხშირად ბომბავდა. ტბაზე, აგრეთვე, მოქმედებდა ფაშისტების სამხედრო–საწყლოსნო ძალებიც. გამტარუნარიანობა ამ სატრანსპორტო არტერიისა, რომელსაც “სიცოცხლის გზა” შეარქვეს, არ შეესაბამებოდა ქალაქის მოთხოვნებს. შედეგად ლენინგრადში დაწყებულმა მასობრივმა შიმშილობამ და სუსხიანმა ზამთარმა ასიათასობით სიცოცხლე შეიწირა. როგორც ამერიკელი მეცნიერი მაიკლ უოლცერი აღნიშნავს, “ლენინგრადის ბლოკადაში დაიღუპა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ჰამბურგის, დრეზდენის, ტოკიოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ჯოჯოხეთში ერთად _ 630 ათასი ადამიანი (სხვა მონაცემებით 1,5 მლნ), მათგან დაახლოებით 95% _ შიმშილით.
1943 წლის იანვარში, ბლოკადის გარღვევის შემდეგ, ალყა კვლავ გრძელდებოდა 1944 წლის იანვრამდე, სანამ საბჭოთა ჯარები ოპერაცია “იანვრის მეხს” ჩაატარებდნენ. ამ ოპერაციის შედეგად ფაშისტები უკუაგდეს ლენინგრადის სამხრეთ საზღვრებიდან 220-280 კმ-ის დაშორებით.
1944 წლის ივნის-აგვისტოში საბჭოთა მეომრებმა საზღვაო ხომალდებისა და ავიაციის მხარდაჭერით ჩაატარეს ვიბორგისა და ჩრდილო-პეტროზავოდსკის ოპერაციები. 20 ივნისს აიღეს ვიბორგი, ხოლო 28 ივნისს _ პეტროზავოდსკი.
რამდენიმე ფაქტი ლენინგრადის ბლოკადის შესახებ:
* ევაკუაციის სამი ტალღის დროს ლენინგრადიდან გამოიყვანეს, საერთო ჯამში, 1,5 მლნ ადამიანი _ ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. ევაკუაცია დაიწყო ომის პირველივე კვირაში. ევაკუაცია განხორციელდა ლადოგის ტბაზე “სიცოცხლის გზით”;
* მტრის თავდასხმის შესატყობინებლად ლენინგრადის ქუჩებში დამონტაჟებული იყო 1500 ხმამაღლა მოლაპარაკე. ამას გარდა ცნობები გადაიცემოდა ქალაქის რადიოქსელით. განგაშის სიგნალი იყო მეტრონომის ბგერები: მისი სწრაფი რიტმი ნიშნავდა საჰაერო თავდასხმის დაწყებას, ნელი _ დასასრულს. როდესაც მთავრდებოდა რადიოგადაცემები, მეტრონომის ხმა მაინც ისმოდა, მის კაკუნს ლენინგრადის გულისცემა შეარქვეს;
* ალყაშემორტყმულ ლენინგრადში პირველი ზამთარი ძალიან მკაცრი იყო _ ზოგჯერ თერმომეტრი -32,1 გრადუსს უჩვენებდა ცელსიუსით, საშუალო ტემპერატურე კი -18.7 გრადუსი იყო. 1942 წლის აპრილში თოვლის საფარვლის სისქემ 52 სმ-ს მიაღწია. ადამიანები თბებოდნენ ღუმელებით, რომელსაც “ბურჟუიკას” უწოდებდნენ, საწვავად კი იყენებდნენ ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ _ ავეჯს, წიგნებს…
* ბლოკადის პერიოდში გერმანიის ავიაცია და არტილერია ლენინგრადს დღეში რამდენჯერმე ბომბავდა. სულ ბლოკადის პერიოდში ლენინგრადს ესროლეს 150 ათასი ჭურვი, ქალაქში ჩააგდეს 107 ათასი ფუგასური ბომბი. ფაშისტებმა ჭურვებით დაანგრიეს 3 ათასზე მეტი შენობა, 7 ათასზე მეტი _ დააზიანეს;
* 1943 წლის იანვარში ლენინგრადში იაროსლავლიდან ჩაიყვანეს ათასობით კატა. ამ შინაურმა ცხოველებმა მუსრი გაავლეს ვირთხებს, რომლებიც ქალაქის პროდუქტების მარაგს ანადგურებდნენ. ქალაქი გადარჩა: ვირთხები გაქრნენ. ომის შემდეგ მადლიერების ნიშნად ლენინგრადში, მალაია სადოვაიას ქუჩის სახლების კარნიზებზე გაჩნდა კატების ქანდაკებები;
* დიდ სამამულო ომში გამოჩენილი მასობრივი გმირობისა და სიმამაცისთვის ლენინგრადს მიენიჭა (1965 წელს) გმირი-ქალაქის სტატუსი. 27 იანვარი _ ფაშისტების ბლოკადისგან ლენინგრადის გათავისუფლების დღე _ რუსეთის საბრძოლო დიდების დღეა.
აღსანიშნავია, რომ ლენინგრადის დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმაც: გენერალმა ვასილ მჟავანაძემ, ოფიცრებმა _ გრიგოლ ბარბაქაძემ, მიხეილ მაჩაბელმა, გიორგი ჯინჭარაძემ, დიმიტრი შანშიაშვილმა და სხვ.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
ვკითხულობდი და ვფიქრობდი: საიდან იბადებიან თინა ხიდაშელისნაირი ნაძირალები?
კატებმა მუსრი გაავლეს ვირთხებს, ხოლო კატებს ადამიანებმა.