Home რუბრიკები პოლიტიკა კორონავირუსმა გამოაჩინა, რომ ჩვენი მთავრობისა და ლიბერალების სათაყვანებელ დასავლეთს მხოლოდ საკუთარი თავი...

კორონავირუსმა გამოაჩინა, რომ ჩვენი მთავრობისა და ლიბერალების სათაყვანებელ დასავლეთს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს და სხვაზე მერეც არ ფიქრობს

კორონავირუსმა გამოაჩინა, რომ ჩვენი მთავრობისა და ლიბერალების სათაყვანებელ დასავლეთს მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს და სხვაზე მერეც არ ფიქრობს

სანამ კორონავირუსი მსოფლიოს მოიცავდა და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდებოდა, ერთერთი ქადაგებისას საქართველოს პატრიარქმა თქვა: მეორედ მოსვლის ჟამი შორს არ არისო. მაშინ ატყდა მედასავლეთე ლიბერალების ქილიკღლიცინი და იმდენი ქნეს, საპატრიარქოს განმარტების გაკეთება მოუწია: პატრიარქს არ უთქვამს, მეორედ მოსვლა ხვალ ან ზეგ იქნებაო. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში ამ თემაზე აგდებული საუბარი კვლავ მიდიოდა, მაგრამ მერე ის ადამიანები, რომლებიც ქილიკობდნენ, უცებ გაქრნენ, დაიკარგნენ, თითქოს არც არსებობდნენ. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ სულ ორიოდე თვე იყო საჭირო სამყაროს შესაცვლელად. ჰო, მთელი სამყარო და არა ცალკეული სახელმწიფოები ნელნელა, მაგრამ მყარი ნაბიჯით მივდივართ იქითკენ, რომ ვიცხოვროთ ისეთ მსოფლიოში, როგორზეც ვოცნებობდით. ვიღაცას ეს ყველაფერი პარადოქსულად მოეჩვენება, მაგრამ მოდი, ეტაპობრივად მივყვეთ.

მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია არაერთხელ ყოფილა მსჯელობის საგანი, თუმცა აგრესია მალევე გადაივლიდა ხოლმე ან, საერთოდ, არ იყო. ახლა კი, აბა, გაბედეთ, ისეთი რამ დაწერეთ, რაც სიმართლესთან ახლოს არ არის. მთელი სოციალური ქსელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე გადაგივლით და, სამშობლოს კი არა, კაციობრიობის მოღალატედ გამოგაცხადებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა სიმართლის ფასი ისწავლეს და ყველას სწორედ ეს სიმართლე უნდა, მწარე, მაგრამ მაინც სიმართლე. აღარავის სურს ილუზიებში ცხოვრება და ყველას უნდა, იცოდეს, რა ხდება არა მხოლოდ მის ქვეყანაში, არამედ მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებში. შევთანხმდეთ, რომ სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანებმა მისი დაფასება დავიწყეთ.

ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად დაიკარგა ადამიანური ურთიერთობები. საუბარი არ არის მხოლოდ მეგობრებსა და ნათესავებზე, ოჯახის წევრებისთვისაც კი ვეღარ ვიცლიდით. აჩქარდა ცხოვრება, აჩქარდა ადამიანიც და ოჯახის წევრებთან კონტაქტი ძირითადად ვირტუალურად ხდებოდა. ეგ კი არა, შინ დაბრუნებული ოჯახის წევრები ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნენ, ისინი თავიანთ ტელეფონებს ან კომპიუტერებს ჩაჰკირკიტებდნენ და შეიძლება კვირები ისე გასულიყო, ერთმანეთისთვის გადაბმულად 3-4 წინადადებაც არ ეთქვათ. ახლა კი ვირუსმა სახლში გამოკეტა ოჯახები და მათ ერთმანეთი ახლიდან აღმოაჩინეს. მშობლები მიხვდნენ, რეალურად რა ინტერესები აქვთ შვილებს, რა უჭირთ, რა ულხინთ, შვილებმაც დაინახეს, რომ დედ-მამა არც ისეთი უცხო და შორებელი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ისინი ერთად საუზმობენ, სადილობენ, ვახშმობენ, გვერწმუნეთ, ჭურჭლის დარეცხვასაც კი ერთმანეთს ეცილებიან, დრო რომ გაიყვანონ.

ცოდვათა ჩამონათვალში ერთ-ერთ ცოდვად ნაყროვანებაც წერია და ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, მომარაგებული უამრავი პროდუქტის მიუხედავად, ჭამის ხალისი ნაკლებად არის. ადამიანებს აქვთ ფული და არ იციან, სად დახარჯონ, იმიტომ, რომ ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ ეს არსებობისთვის ხელის შემშლელი არ არის. ანუ, ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია იარსებოს და მას შემდეგ, რაც ასმეერთედ უყურებს ფილმს, წიგნს აიღებს ხელში და წაიკითხავს. ჩვენ ხომ მუდმივად იმაზე ვწუწუნებდით, რომ დრო არ გვქონდა წიგნების წასაკითხად, ახლა ეს პრობლემაც მოხსნილია, დრო ძალიან ბევრია.

უკვე დავიწყეთ არა მხოლოდ ახლო, არამედ შორეული ნათესავების მოკითხვაც. ხომ არსებობენ ისეთი ნათესავები, რომლებსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ გასვენებაში ან ქორწილებში ვხედავთ, ჰოდა, ახლა ისინიც მოვიკითხეთ, მათი ბედითაც დავინტერესდით, ის დრო გავიხსენეთ, როცა ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით სოფელში და… ჰო, სოფელი ცალკე თემაა.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ სოფელს მეტი ყურადღება უნდოდა, რომ დაცარიელებული სახლები ნასახლარებად არ უნდა ქცეულიყო, რომ ქართულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო იყო. შემთხვევითი არ არის ის, რომ ვირუსის პიკი გაზაფხულზეა, ანუ მაშინ, როცა სოფლად მიწის სამუშაოებია ჩასატარებელი. არაერთმა ათეულმა ოჯახმა გამოაღო მამაპისეული სახლის კარი, არაერთმა დაამუშავა მიწა და ამით ადამიანები ბედნიერები არიან. აჩქარებულ სამყაროში, იქ, სადაც შვებულება მხოლოდ რამდენიმე დღეა და ყველა ცდილობდა, ეს რამდენიმე დღე რომელიმე პრესტიჟულ კურორტზე გაეტარებინა, ახლა სოფელს მოახმარა და მიხვდა, რომ იქ მიწას სხვა სუნი აქვს და ჰაერიც სხვანაირია. ჰო, ჰაერი… ჩინეთში სუფთა ცა დაინახეს, იტალიაში აღმოაჩინეს, რომ ვენეციის არხებში წყალი თუ დასუფთავდება, იქ შეიძლება თევზები და დელფინებიც კი გამოჩდნენ. ანუ, ჩვენდა უნებურად დავინახეთ, რომ ვანადგურებდით დედამიწას, იმ სამყროს, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობდით და ვერ ვამჩნევდით, როგორ მოვწამლეთ ჰაერი, დავაბინძურეთ წყლები, გავუცხოვდით არამხოლოდ ერთმანეთის, არამედ ოჯახის წევრების მიმართაც კი. ახლა ეს ყველაფერი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, ისეთს, როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. ხმამაღლა ამაზე თითქმის აღარავინ საუბრობდა, რადგან წარმოუდგენლად ჩანდა აჩქარებული სამყაროს რელსებიდან გადაგდება, წარმოუდგენელი ჩანდა ის, რომ მოსახლეობა სახლებში დარჩებოდა, ვერავინ იფიქრებდა, სოფელში წასვლით ისევ თუ გაბედნიერდებოდა ადამიანი და აღარც სააღდგომოდ დაცლილი დედაქალაქის ქუჩები იქნება საქილიკო თემა.

ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპაში საზღვრები მხოლოდ პირობითად ყოფილა წაშლილი, ყველა ევროპულმა ქვეყანამ გაიხსენა, რომ საზღვარი აქვს და ჩაკეტა. ყველამ საკუთარ თავზე დაიწყო ზრუნვა და ახლა ბოდიშს რიგრიგობით უხდიან იტალიას: გასაჭირში მიგატოვეთ, ვერ დაგეხმარეთ, საკუთარ თავზე ვზრუნავდითო. ჰო, სწორედ კორონავირუსის შემდეგ გამოჩნდა, რომ ჩვენი მთავრობის და ლიბერალების სათაყვანებელ დასავლეთის ყველა ქვეყანას მხოლოდ საკუთარი თავის ინტერესი აქვს და სხვაზე მერეც არ ფიქრობს. ეს ლოგიკურია, ასე იყო, ამას ვამბობდით, მაგრამ არავის სჯეროდა… თითქმის არავის. აგერ, ნატო _ ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად წინა პლანზე იყო და მსოფლიოს აზანზარებდა, უძლიერესი სამხედრო ალიანსი ვართ, ჩვენ წინააღმდეგ წასვლა არავინ გაბედოსო, უფუნქციოდ დარჩა. შეწყდა ომები და იმ “ონლაინ” პრესკონფერენციასა თუ მინისტერიალზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა გამართეს, ახალი ვერაფერი თქვეს. ან რა უნდა ეთქვათ, ვის უნდა დამუქრებოდნენ, ვისთვის უნდა აეწიათ ყური? მაგრამ არა, მათ წინაც გაიხედეს და ჩვენი დარი ქვეყნებისთვის მაინც განაცხადეს, თქვენ გვერდით ვართ, შავ ზღვაში საქართველოს და უკრაინის ერთობლივ წვრთნებს გავმართავთო. რისთვის, ვისთვის?! ამ ძნელბედობის ჟამსაც კი ცივილიზებულმა სამყარომ სანქციები არ მოუხსნა რუსეთს, ანუ პირდაპირ განაცხადა: რუსეთის დაღუპვა გვაქვს განზრახული და ვირუსი ვერ შეგვაშინებსო. თუ აქამდე მსოფლიოს პრობლემა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იყო და თურმე დასავლეთი რუს ხალხს არაფერს ერჩოდა, ახლა პირიქით გამოვიდა _ სწორედ ერს ერჩიან და არა კონკრეტულ პიროვნებას. რომელ სანქციებზეა საუბარი, როცა ყველა, აბსოლუტურად ყველა, გადარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ ამ ბრძოლაშიც მოსულა თურმე წელს ქვემოთ დარტყმა.

რაც შეეხება დახმარებას და ხელის გაწვდენას, ყვარყვარე თუთაბერი ხომ გახსოვთ, _ ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩემსას რომ დავამთავრებ, მერეო. 1.1 მილიონი დოლარი გამოგვიყო ამერიკამ და ამას აუცილებლად დაგვამადლის, _ გაჭირვებაში არ მიმიტოვებიხართო. ეს ჩვენთვის, თორემ საკუთარი ხალხისთვის ექვსი ტრილიონის(!) დახარჯვას აპირებენ და ერთ ამდენს კიდევ გაიმეტებენ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ამერიკის პრეზიდენტი ხმამაღლა ამბობს, მხოლოდ 100 ათასი ამერიკელი თუ მოკვდება, ჩავთვლი, რომ ამ ომში გავიმარჯვეო და ესეც ისტორიული სიმართლეა _ ერთეულების სიკვდილია ტრაგედია, თორემ ადამიანების მასობრივი გარდაცვალება უბრალო სტატისტიკაა.

თურმე ეს განსაცდელი ყოფილა საჭირო იმისთვის, ადამიანებს დაფიქრების შესაძლებლობა რომ გასჩენოდათ; თურმე ისევ გვყვარებია ქართველებს ერთმანეთი, ისევ ვუფრთხილდებით, ისევ ვიბრძვით გადარჩენისთვის და, როგორც ადრე, ისევ ერთად ვდგავართ. ერის ერთ მუშტად შეკვრა დიდი ძალა რომ არის, ისევ გამოჩნდა. ისევ გვყავს ჩვენი დროის გმირები და ესენი ჩვენი ექიმები არიან, ის ექიმები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს და, როგორც ადრე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ერის გადარჩენას.

იმედია, ამ ყველაფრისგან სწორი დასკვნების გაკეთებას მოვახერხებთ და მერე, როცა საფრთხე გადაივლის, ისევ ბევრ დროს დავუთმობთ ოჯახის წევრებს, უახლოეს ნათესავებს, იმ ნათესავებსაც, რომლებსაც მხოლოდ გასვენებასა და ქორწილებში ვხვდებით და, რაც მთავარია, სოფელს მივხედავთ, მამაპაპისეულ საძვალესაც მეტ პატივს მივაგებთ და ვინ იცის, იქნებ ეს განსაცდელი საქართველოს გადარჩენის დასაწყისი იყოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here