იტალიაში ძალას იკრებს ფლეშმობი, რომლის არსიც ევროკავშირის დროშების ჩამოხსნაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირელმა პარტნიორებმა კორონავირუსის აფეთქების კრიტიკულ მომენტში იტალია ბედის ანაბარა მიატოვეს და მიითვისეს დახმარება, რომელიც იტალიისთვის იყო განკუთვნილი.
30 მარტს ფაბიო რამპელიმ, იტალიის დეპუტატების პალატის ვიცეპრეზიდენტმა, თავის კაბინეტში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა. ამ ქმედების ამსახველი ვიდეო მან YouTube-ზე გამოაქვეყნა.
ხელთათმანებითა და ნიღბით აღჭურვილმა რამპელიმ დემონსტრაციულად ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა ფლაგშტოკიდან და მის ადგილას იტალიის დროშა დაკიდა. პოლიტიკოსმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ევროკავშირი არ დაეხმარა ქვეყნებს, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო. “ეს არის გზავნილი იმ ევროპისთვის, რომელმაც იტალია რთულ ვითარებაში მიატოვა. ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, კვლავაც იარსებოს თუ მოექცეს გერმანული ეგოიზმის სიმძიმის ქვეშ”, _ დაწერა იტალიელმა პოლიტიკოსმა. ამ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე რამპელიმ ევროკავაშირის ხელმძღვანელობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღწერა, როგორ სარგებლობდა ევროკავშირი იტალიის სისუსტით წლების განმავლობაში. დეპუტატის განცხადებით, “იტალიას არ სურს ოფიციანტობა, როცა გერმანია და საფრანგეთი ლობსტერებს მიირთმევენ”. რამპელის აზრით, ისეთ ევროპას, რომელშიც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ჩაგრავენ სუსტებს, მომავალი არ აქვს. უფრო ადრე კი პიემინტოს მცხოვრებმა ფედერიკო კეინმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და მის ნაცვლად რუსეთის დროშა ჩამოკიდა.
ეს ყველაფერი მოასწავებს იმ ცვლილებებს, რომლებიც ელოდება არა მხოლოდ იტალიას და არა მხოლოდ ევროპას.
კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური ძვრების ფონზე იტალიის მთავრობამ 400 მლნ ევრო გამოყო საგანგებო სასურსათო ფონდის შესაქმნელად და ტალონების დასარიგებლად ყველაზე ღარიბებისთვის. ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მას შემდეგ განაცხადა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთში ადამიანებს არ ჰყოფნით საკვები და ფული. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად შემოიღეს ბარათები საკვებ პროდუქტებზე.
ამერიკული გაზეთის _ The Huffington Post-ის იტალიურმა ვერსიამ დაბეჭდა თავისი კორესპონდენტის რეპორტაჟი იტალიის სამხრეთიდან “შიში მრისხანებად იქცევა”. ჟურნალისტი წერს:
*”ჩვენ გვინდა ჭამა, _ ისმის ზოგის ყვირილით, ზოგის ჩურჩულით, ზოგის მრისხანებით ნათქვამი, ვინც მოითხოვს პროდუქტებს, მაგრამ ფული არ ჰყოფნით. როგორ უნდა იკვებოთ, თუ ხელფასი არ გაქვთ? შენ, სახელმწიფოვ, უნდა მომცე ეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მაქვს უფლება, გავიტაცო პროდუქტები თაროებიდან და დახლებიდან. გაფრთხილდით! იცვლება არა მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ვითარებაც. ჩვენმა ქვეყანამ შეწყვიტა აივნებიდან სიმღერა…”
* “ბევრი ადამიანი უსახსროდ დარჩა, უიმედო მდგომარეობაში. ისინი გადასარჩენად იბრძვიან, _ ამბობს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დირექტორი სარდინიაზე ანჯელო ტანჯარო, _ ისინი ვერ ყიდულობენ პროდუქტებს, უიმედოდ არიან. მეგობარი ქვეყნების დახმარების იმედადღა ვართ, ისეთის, როგორიც რუსეთია, ჩინეთი, კუბა, ალბანეთი…”
* “რადგან საწარმოების დიდი ნაწილი დაიხურა, ბევრი უფულოდ დარჩა, ისინი ვერ ყიდულობენ სურსათ-სანოვაგეს და ამან შეიძლება მშიერი ბუნტი გამოიწვიოს, _ ამბობს სიცილიის ქალაქ სირაკუზის ბავშვთა საკვები პროდუქტების მწარმოებელი ფაბრიკის მფლობელი ფაბრიციო ლო ბელო. _ როგორც ჩანს, მთავრობამ შექმნა ფონდები საგანგებო ვითარებაში მყოფი კომუნებისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროდუქტები მიაღწევს დანიშნულების ადგილებამდე, თანაც ვიცით, რომ რუსეთიც ახლოსაა!”
* “იტალიაში კრიტიკული ვითარებაა, _ ამბობს რომში რუსული ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი კარლო ფრედუცი. _ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი თავდაპირველად ქვეყნის ჩრდილოეთში გავრცელდა, პროტესტი სამხრეთ ოლქებში იწყება. წერენ, რომ სხვადასხვა მაფია მილიარდებს აკეთებს დამცავი ნიღბებით, სამედიცინო მოწყობილობებით, ანტივირუსული სპრეებით, ჟანგბადის ბალონებითა და მედიკამენტებით, ამ ყველაფერს სხვადასხვა მაქინაციის შედეგად შავ ბაზარზე ყიდიან ზღაპრულ ფასად ან გააქვთ საზღვარგარეთ… ყველა გაზეთი, სამთავრობო თუ ოპოზიციური, უტევს ევროკავშირს. მე და ჩემი ცოლი რომის გარეუბანში, საკუთარ სახლში ჩავიკეტეთ და გარეთ მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გამოვდივართ. აუცილებლად თან უნდა გვქონდეს სპეციალური სერტიფიკატი, რომელსაც გამუდმებით ცვლიან. თუ პოლიცია გაგაჩერებს და ეს სერტიფიკატი არ გექნება, 5 ათასი ევროთი დაგაჯარიმებენ”.
პრობლემის წინაშე მხოლოდ იტალია არ არის. გაერომ გამოაცხადა, რომ საზღვრების საყოველთაო დახურვის შედეგად ევროკავშირს პროდუქტების დეფიციტის საფრთხე დაემუქრება. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ საწარმოების გაჩერება ბევრი მათგანის გაკოტრებას გამოიწვევს, არამედ ისიც, რომ მდიდარი ქვეყნის ფერმერები იყენებდნენ იაფ მუშახელს აღმოსავლეთ ევროპიდან _ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. ახლა გასტერბაიტერების ნაკადი შეწყვეტილია. არადა, პირველი მოსავლის აღების დრო მოახლოვდა. იტალიაში უკვე ამ ზაფხულს 50 ათასი მუშახელის დეფიციტს წინასწარმეტყველებენ, საფრანგეთში 200 ათასი სეზონურად მომუშავეა საჭირო, გერმანიაში _ 300 ათასი.
“ჩვენ ომში ვართ ჩართული, _ განაცხადა პარტიის “წინ, იტალია!” ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, _ ევროკავშირის მომავალს საფრთხე ემუქრება!”
“კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროპის კრახზე მიუთითებს, _ ამბობს ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი გი ვერჰოფსტადტი გაზეთ “სტამპასთვის” მიცემულ ინტერვიუში. _ ამის მტკიცებულებებს ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ იანვრის ბოლოდან, ე.ი., ჩინური ქალაქის _ უჰანის დახურვის მომენტიდან. ევროპის მოქალაქეები ტელეეკრანებზე უყურებდნენ კრიზისის განვითარებას, ეროვნული მთავრობები კი ნახევარზომებს ატარებდნენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ პანდემიის მომენტში საჭიროა ერთი ცენტრი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს. პანდემია “ომივით” კი არ არის, ის ომია. ჩვენ კი ბოლო 8 კვირის განმავლობაში ვხედავდით, რომ 28 ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებებს, ცდილობდნენ, 28 ცენტრიდან ემართათ ვითარება”.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის ყოფილი პრემიერი ზუსტად ისე მსჯელობს, როგორც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი, რომელსაც “გლობალური ელიტის განწყობების გამხმოვანებლად” მიიჩნევენ.
ამასთანავე, სულ უფრო მეტი ევროპელი პოლიტიკოსი იმეორებს იტალიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ჯულიო ტრემონტის, სიტყვებს: “გლობალიზაცია დასრულდა. იმას, რაც ადრე იყო, მსოფლიო წესრიგს უწოდებდნენ, ახლა გლობალურ უწესრიგობაზე გადასვლის რისკი წარმოიქმნა”.
ამ სიტყვების უკანაც მსოფლიო მთავრობის შექმნის მოწოდებაა, რომელიც დაიქვემდებარებს სუვერენულ (ყოფილ) ეროვნულ სახელმწიფოებს. აი საით ექაჩებიან გლობალიზაციის მესვეურები მსოფლიოს მისი კრახის შემდეგ.
ამასობაში, რუსი მედიკოსების რაზმი განაგრძობს ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას იტალიის ლომბარდიის ოლქის სამედიცინო დაწესებულებებში. რუსმა სამხედრო ექიმებმა იტალიელ სამხედროებთან ერთად სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს შემდეგ ქალაქებში: კლუზონე, ჩენი და ვერტილა.
რუსეთმა რამდენიმე დღის წინათ გადაისროლა იტალიაში სამედიცინო დესანტი სამედიცინო მოწყობილობებსა და მედიკამენტებთან ერთად. მადლიერი იტალიელები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ რუსების მიმართ.
fopcok.ru–სა და fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ