Home რუბრიკები პოლიტიკა ისევ გვატყუებენ და თანაც ძალიან მწარედ

ისევ გვატყუებენ და თანაც ძალიან მწარედ

სად არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა, ეს არის მეგობრობა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში ხელშეწყობა?

245

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ქართული სინამდვილისთვის უცხო ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუ საარჩევნო წელია, ყველა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ბიუჯეტი ისეთ სფეროს მოარგოს, ეფექტი რომ ჰქონდეს და ამომრჩევლის გული მოიგოს. ასე იყო ამჯერადაც, პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ლამის ერთხმად დაამტკიცეს კომიტეტებზე და არც საპარლამენტო ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს. როგორც წესი, ჩვენ ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულება გვაინტერესებს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებაგანვითარება ქვეყანას ფეხზე წამოაყენებს. შესაბამისად, ძალიან გაგვახარა ჩანაწერმა: “2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება მეწარმოების ხელშეწყობის პროგრამებისთვის 55 მილიონი ლარით, 357 მილიონ ლარამდე იზრდება”, მაგრამ დეტალებს გავყევით დაისევ გვატყუებენ და თანაც ძალიან მწარედ.

პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, ერთი შეხედვით, წარმატებული იყო. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ არაერთ ისეთ ადამიანს ჩამოურიგეს პროგრამით გათვალისწინებული თანხები, მიწა მხოლოდ ქოთანში რომ უნახავს. ხელისუფლების დახმარება შემდეგში გამოიხატებოდა: ფერმერი წარადგენდა პროექტს, ბანკიდან იღებდა სესხს 12%-ად და ამ 12%-დან 3%-ს თვითონ ფარავდა, დანარჩენ 9%-ს კი _ სახელმწიფო. რაღა თქმა უნდა, ძირ თანხას მსესხებელი ფარავდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისე გამოდიოდა, რომ, მაგალითად, ასიათასლარიანი სესხი ფერმერს 3%-ად ეძლეოდა. ბევრი მცოდნე ამ პროგრამით წელში გაიმართა, უცოდინარებმა გვარიანად იზარალეს და ახლა სწორედ ამ პროგრამის 55 მილიონით გაზრდამ გაგვახარა, მაგრამ…

მომავალში ასე იქნება _ 12%-იანი სესხიდან სახელმწიფო, ცხრის ნაცვლად, 6%- დაფარავს, ფერმერი _ დანარჩენ 6%-, .., სახელმწიფომ სესხის პროცენტი შუაზე გაყო და მსესხებელს, რბილად რომ ვთქვათ, პროცენტი გაუორმაგა. შედეგად, პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი არ დაამატეს ის 55 მილიონი ლარი, არამედ სწორედ სახელმწიფოსთვის დაწეული პროცენტიდან და ომახიანად განაცხადეს, პროგრამის დაფინანსება იზრდებაო, რეალურად კი ეს თანხა პოტენციური მსესხებლის ჯიბიდან ამოიღეს.

რაც დრო გადის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სულ უფრო არაადეკვატურად იქცევა. პრაქტიკულად ყოველ წელს მოსახლეობას ახალ-ახალ პროგრამებს ტენიან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), პრიორიტეტად სხვადასხვა პროდუქტს ასახელებენ, შემდეგ კი აცხადებენ, რომ მათი გათვლები არასწორი იყო. ასე მოხდა მოცვის შემთხვევაშიც. ლამის მთელ საქართველოში მოცვის პლანტაციები გაშენდა და ამ საქმეში ფული არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ჩადო. მოცვის პლანტაციები გურიაში ათეულობით ჰექტარზე ძმებმა არველაძეებმა გააშენეს, ნუშის ბაღების შემდეგ; მოცვი მოსინჯა ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ უგულავამ (მისი ბაღები საგარეჯოში საოცრებაა, თუმცა მან ასპროცენტიანი ინვესტიცია საკუთარი ჯიბიდან ჩადო და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაფერი დაიბრალოს). მოცვის მოსაყვანად საქართველოში მართლაც ყველა პირობაა, მაგრამ, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკლამას აკეთებდა, ორი მნიშვნელოვანი რამ არ გაითვალისწინა (ან დამალა): პირველი ის, რომ მოცვი მალე ფუჭდება და მოკრეფიდან რამდენიმე საათში ან უნდა გადამუშავდეს, ან ექსპორტზე გაიგზავნოს. სამაცივრე მეურნეობების არარსებობის პირობებში მოცვის დიდი რაოდენობით შენახვა გამორიცხულია; მეორე კი ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე მოცვზე გაზრდილი მოთხოვნა მხოლოდ საქართველოში არ გაუგიათ და მოცვის მოყვანა ისეთმა ქვეყნებმაც დაიწყეს, რომლებსაც სავარგულებად ათი საქართველოს ოდენობის მიწები აქვთ.

ახლა კი გაირკვა, რომ მოცვის რეკორდული მოსავალი მოვიდა რუსეთში და რუსულ ბაზარზე მოცვის გატანა შეფერხდა. როგორც წესი, სოფლის მეურნეობის სამინიტრო არ აღიარებს ხოლმე, რომ ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი რუსეთში იყიდება, მაგრამ ახლა იძულებული შეიქნა, დაედასტურებინა _ მოცვის მოსავლის 90%-ზე მეტი შარშან სწორედ რუსულ ბაზარზე გაიყიდა, უმნიშვნელო რაოდენობა კი _ სომხეთში, საამიროებში, უკრაინასა და პოლონეთში გავიდა. ამ ქვეყნებში მოცვის უმნიშვნელო რაოდენობა ახლაც გავიდა, მაგრამ რუსეთში მოცვის ჭარბი მოსავლის გამო ქართული მოცვის შეფერხებამ ქართველი მეწარმეები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თითს ისევ რუსეთისკენ იშვერს, აქაოდა, მათი ჭარბი მოსავლის გამო, თუ შარშან მოცვი 7-9 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 3-4 დოლარამდე დაეცაო. შესაბამისად, მწარმოებლებს ადგილზე მხოლოდ 1.5 დოლარს უხდიან და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გამოჩნდა. სამინისტროს აზრით, რუსეთი ყოფილა დამნაშავე იმიტომ, რომ მსოფლიო ტენდენციას აჰყვა, მოცვის მოყვანა დაიწყო და ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გამოუშვა.

გაგიკვირდებათ და, როცა რუსეთში ერთი კილოგრამი მოცვი 3-4 დოლარი ღირს, ევროპაში მისი ფასი 6-8 ევრომდე მერყეობს, .., მოცვის ევროპაში გატანა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე რუსეთში. ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული _ ევროპას ქართული მოცვი არ მიაქვს და იმიტომ კი არა, რომ ქართული პროდუქტი ცუდია (პირიქით, ძალიან კარგია), არამედ იმიტომ, რომ ქართულ პროდუქტს, უბრალოდ, ბაზარზე არ უშვებენ, რათა იქაური ნაწარმი არ ჩაძიროს და შემთხვევით მისი ადგილი ქართულმა არ დაიკავოს.

ჰოდა, ვეკითხებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო უწყებას: სად არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა? სად არის მეგობრობა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში ხელშეწყობა? რომელ ევროკავშირზეა საუბარი, “დეზერტირების ბაზარში” არ გვიშვებენ, ჩვენი პროდუქცია რომ გავასაღოთ?! გამოვიდეს ახლა მთავრობის რომელიმე წევრი და მოგვიწოდოს: არიქა, მეგობრებო, ქართველ ფერმერებს უჭირთ, ჩადებული ინვესტიციები წყალს მიაქვს, მოცვი იყიდეთ, თანაც საუკეთესო პროდუქციააო. ამას ვერც ერთი ვერ იზამს, იმიტომ, რომ დასავლელი ელჩები მაშინვე თავში წამოარტყამენ, _ შენ ჩვენს ბაზარში ჩარევას როგორ ბედავო?

რა გამოდის? რუსეთმა ნებისმიერი პროდუციის მოყვანა რომ დაიწყოს ჭარბად, ქართული ბაზარი კვდება? კარგია, რომ ყურძენსა და ატამს თუ ვაშლატამას, იქაური კლიმატის გამო ვერ მოიყვანენ (თუმცა ესეც ჯერ-ჯერობით), ანუ მთავარი პროდუქტები ისევ აქედან შევა, მაგრამ ეგებ სამომავლოდ ის მაინც გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტულად ერთი პროდუქცია წელს ძვირი თუ ღირს და დეფიციტურია, თავი თქვენს გარდა სხვასაც აბია და მეორე თუ არა, მესამე წელს მაინც, წარმოებას ისიც დაიწყებს, და ქართველი ფერმერები არ შეაკლათ თქვენს მიერვე მოგონილ “ნოუ ჰაუს”.

საინტერესოა, რომ ყოველთვის ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. მუშაობს ბაზარი _ რუსეთი ოკუპანტი და მტერია; არ მუშაობს და, რაღა თქმა უნდა, ისევ ოკუპანტი და მტერია. რეალურად, წინა ხელისუფლებასაც და ამჟამინდელსაც, ხელის შესაწმენდად რუსეთი აქვს არჩეული და ამ ყველაფერს ისე მიეჩვივნენ, ქალმა ვინმეს ცოლად გაყოლაზე უარი რომ უთხრას, იმასაც რუსეთს დააბრალებენ. სამაგიეროდ, დასავლეთია მუდამთეთრი და ფუმფულადა არავინ არ ფიქრობს, ოდესმე, ერთხელ მაინც, მას პასუხი მოსთხოვოს.

შარშანდელი მონაცემებით, მოცვი, ძირითადად, რუსეთში გაიტანეს და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში _ სომხეთში, საამიროებში, უკრაინაში, პოლონეთში. რატომღაც ამ სიაში ვერ ვხედავთ ვერც გერმანიას, ვერც საფრანგეთსა და ჰოლანდიას… სწორედ ამ ქვეყნის ელჩებმა დაიბერეს კისრის ძარღვები 5 ივლისს ლგბტ თემის დაცვით და სწორედ ისინი იყვნენ, ხელისუფლებას რომ ამუნათებდნენ. მაშინ სად ხართ, ბატონებო, როცა საქმე საქართველოში მოწეული პროდუქტების ლპობასა და ფერმერთა ზარალს ეხება?! თუ თქვენ მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით ხართ ელჩები და ადამიანები შიმშლით თუ დაიხოცებიან, თქვენ არ გეხებათ?!

საბედნიეროდ, საქართველოში ტურისტების შემოსვლა ნელ-ნელა ჩვეულ ნიშნულს უბრუნდება, თუმცა, საუბედუროდ, უფრო და უფრო მატულობს ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები. სავარაუდოდ, ესეც რუსეთს დაბრალდება, რადგან ტურისტებს შორის სწორედ რუსები ჭარბობენ. თანაც, ძალიან მარტივია, ყველაფერი ისევ რუსეთს შეტენო, სადაც ამდენი აუტანია, ამასაც აიტანს. სამაგიეროდ, დასავლეთის თვალში გამოვჩნდებით “გმირები” და მერე რა, რომ დასავლეთს საერთოდ არ ადარდებს, საღამოს ქართველი გლეხი მშიერი იძინებს თუ მაძღარი. მათთვის მთავარი ხომ პოლიტიკაა (ხეირის მომტანი მათთვის და არა ჩვენთვის) და არა ადამიანების ყოფა…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here