30 აგვისტოს ირაკლის დაბადების დღე იყო. საფლავზე გავედით. მზე ისე ბაბანებდა, როგორც მთელი მარიამობისთვის განმავლობაში. თითქოს არც ყოფილაო ფერისცვალება _ გარდატეხის მიჯნა.
ფოთოლიც არ ირხეოდა, თუმცა სად იყო რაიმე ნარგავი ამ ახალგახსნილ, მოშიშვლებულ სასაფლაოზე.
სიმშვიდე იმქვეყნიური.
მარიამობას ხეც არ წაიქცევაო.
ამ მადლის წყალობით ჩვენც ვიდექით, თუმცა ფეხქვეშ სიმყარეგამოცლილები.
სიმბოლურად.
რაც ჩვენი პატარა საძმოს, გაზეთის რედაქციის თავკაცის _ ირაკლი თოდუას გარდაცვალების გამო ვიგრძენით, ვერა და ვერ დაგვეძლია.
ასეც გაგვყვება, ეტყობა.
კი ვმუშაობთ სრული მონდომებით. თითქოს ძალას არ ვიშურებთ, კი, გამოდის გაზეთი დაუბრკოლებლად, არც დონე დაცემულა მისი, არც პოპულარობა შემცირებულა… მაგრამ გვაკლია, ძალიან გვაკლია ირაკლი, თავისი გონების გამობრწყინებით, ზუსტი და მოქნეული ფრაზებით, უმძიმესი პრობლემების კარიკატურის განზომილებაში მოქცევით, სადღაც ზედმეტი აბზაცების ამოგდებით, სხვაგან აქცენტის გასაძლიერებლად ანალიტიკური დასკვნის ჩამატებით.
მისი ყველა შენიშვნა იყო მართალი და გაზეთის დასახვეწად მოწოდებული. მაქსიმალურად ცდილობდა, შეენარჩუნებინა ავტორისეული ხელწერა. თუ არა უკიდურესი აუცილებლობა, ხელს არ ახლებდა მასალას, გულწრფელად უხაროდა კარგი სტატიის გამოჩენა და შექებას არ იშურებდა არასდროს.
ამიტომ არ ჰგავდა “საქართველო და მსოფლიო” ერთი ავტორის მიერ დაწერილ უსახურობას _ არც ფორმით, არც შინაარსით, არც სტილით.
ასე გავიდა წლები…
მამის საფლავთან ოთხი შვილი იდგა. შავებში ჩაცმული დედა ფიქრებში იყო ჩაძირული.
პატარა ბიჭს ხელში ლიმონათიანი ჭიქა ეჭირა და მამის შესანდობარს ამბობდა _ ბავშვურად, რაც მოესმინა და როგორადაც აღექვა უფროსების ნათქვამი.
უფროსი ძმა ქანდაკებას ჰგავდა.
“მკვდრის მზე” ჰორიზონტისკენ იხრებოდა…
ირაკლი თოდუა 30 აგვისტოს 43 წლისა უნდა გამხდარიყო.
გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია







