Home რუბრიკები ისტორია ილია ჭავჭავაძე: მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა

ილია ჭავჭავაძე: მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა

3484
ილია ჭავჭავაძე

ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა კი თავის დღეში არა”, _ ამბობს ილია საპროგრამო წერილში, რომელიცსაქართველოს მოამბისპირველ ნომერს წარუმძღვარა. “ამ აზრის უკვდავებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელიამეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა”, _ დასძენს ის. “მგზავრის წერილებშიკი ვკითხულობთ: “ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე”.

ილია ჭავჭავაძეს პროგრესი წარმოდგენილი ჰქონდა არა როგორც მარტოდენ ტექნიკისა და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, არამედ როგორც ადამიანის გონებრივი ჩამორჩენილობისა და მორალური სიდუხჭირის გადალახვა და წინსვლა სრულქმნილი ადამიანობისა და სოციალური ჰარმონიისკენ. XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრებაში არ წარმომდგარა არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ილია არ შეხებოდეს ან თავის მხატვრულ შემოქმედებაში, ან თავის პუბლიცისტურ წერილებში.

ილია ჭავჭავაძე ნამდვილი ჩრდილოდასავლეთელი იყო თავისი კულტურული ორიენტაციით. მას მოსწონდა არა სლავიანოფილებისა და მილიტარისტების რუსეთი, არამედ პროგრესის გზით მიმავალი, დემოკრატიული და რევოლუციური რუსეთი, რომლის საუკეთესო გამომხატველად ის რუსულ მწერლობასა და მეცნიერებას სთვლიდა”, _ ეს ციტატა გერონტი ქიქოძის წერილიდანაა, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა სათაურითქართული კულტურის ტრადიციები და ილია ჭავჭავაძე”. ამ წერილში ილია ხაზს უსვამს, რომ დაწინაურებული ევროპიდან რუსეთმა საკუთარ ნიადაგზე გადმონერგა სწავლამეცნიერება და დღესაც იქიდან ეზიდებაწყალსა და ჯავარს განათლებისასო”. ჩვენ კი დღეს ევროპიდან ვეზიდებით მხოლოდ იმ ჭუჭყსა და ნაგავს, რომელსაც გარყვნილების, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების, ოჯახის ინსტიტუტის უპატივცემულობის სახელი ჰქვია.

ჩვენი გზა ილიას გზააო.

ილიას კი მიაჩნდა, რომ ქართული კულტურის ტრადიციების გაფრთხილება გააბრწყინებს საქართველოს. ვფიქრობთ, გერონტი ქიქოძის ეს წერილი ამ მხრივ საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

ქართული კულტურის ტრადიციები და ილია ჭავჭავაძე

XIX საუკუნეში რუსეთის კულტურის ასპარეზზე ისეთი ოსტატები გამოვიდნენ, როგორიც რეალისტური ლიტერატურის დარგში პუშკინი და გოგოლი იყვნენ, კრიტიკაში _ ბელინსკი და დობროლუბოვი, პუბლიცისტიკაში _ ჩერნიშევსკი და გერცენი, მეცნიერებაში _ კოსტომაროვი, კაველინი და სხვ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა, რომ ქართველ ახალგაზრდას თერგი გადაელახა არა რუსული ზარბაზნების გრგვინვის მოსასმენად, რუსული ჯვრის სამთხვევად და ლაზარეს პურის მისაღებად, არამედ დიდი საერთაშორისო კულტურის საზიარებლად.

და აი, ასეთ თერგდალეულთა ბელადი ილია ჭავჭავაძე იყო. ის ნამდვილი ჩრდილო-დასავლეთელი იყო თავისი კულტურული ორიენტაციით. მას მოსწონდა არა სლავიანოფილებისა და მილიტარისტების რუსეთი, არამედ პროგრესის გზით მიმავალი, დემოკრატიული და რევოლუციური რუსეთი, რომლის საუკეთესო გამომხატველად ის რუსულ მწერლობასა და მეცნიერებას სთვლიდა. ის სავსებით ეთანხმებოდა იმ აზრს, რომთერგდალეული აღიზარდა რუსულს მწერლობასა და მეცნიერებაზე და შეითვისა, შეიხორცა ნათელი აზრები რუსეთის განათლებულის საზოგადოებისა და ხელსავსე მოვიდა სამშობლო ქვეყანაში”. ამ ახალი რუსეთის მასწავლებელი კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დაწინაურებული ევროპა იყო, საიდანაც რუსეთმა გადმონერგა საკუთარ ნიადაგზე სწავლამეცნიერება და საიდანაც დღესაც ეზიდება წყალსა და ჯავარს განათლებისას (“თერგდალეულნი და ახალი თაობა”). ამრიგად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში ქართული აზროვნება ხელახლად დაუკავშირდა კლასიკური კულტურის საფუძველზე დაყრდნობილ ევროპის მოწინავე კაცობრიობას, რომელთანაც ის ახლო იდგა, როგორც თავისი ნორჩობისა, ისე ვაჟკაცური სიმწიფის ასაკში…

თავის მეცნიერულპოლემიკური წერილებით ილიამ დაამტკიცა, რომ მეცნიერების მრავალ დარგში, განსაკუთრებით ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიის, სამართლისმცოდნეობის, პედაგოგიკისა და სხვს დარგებში ის არ ყოფილა დილეტანტი, მით უმეტეს ის დილეტანტი არ ყოფილა საქართველოს წარსულის და აწმყოს ცოდნის დარგში, რომლის მნიშვნელობას, მისი თქმისა არ იყოს, ვერავინ უარყოფს, “რადგანაც ის მწერლობა უქმი და მკვდრად შობილია, რომელსაც საძირკვლად საკუთარის ვითარების შესწავლა არ დაუდვია” (“თერგდალეულნი და ახალი თაობა”).

ეს სრულიადაც შემთხვევითი მოვლენა არ არის, ეს ილია ჭავჭავაძის ყოველმხრივი გონებრივი ინტერესით, ჭეშმარიტების სიყვარულით და რეალური ცხოვრების ცოდნით აიხსნება, რომ მას კლასთა ბრძოლის როლზე თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში საერთოდ უფრო ნათელი და სწორი წარმოდგენა ჰქონდა, ვიდრე მისი ახალგაზრდობის დროის მასწავლებლებს. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ნაციონალური ინტერესების კარნახით, საქართველოსთვის მას საჭიროდ მიაჩნდა კლასთა ბრძოლის შენელება და წოდებათა შორის “ჩატეხილი ხიდის” აღდგენა.

ილია ამბობდა, ცარიელი უარმყოფელობა კრიტიკული აზროვნების დამოუკიდებლად დიდი უაზრობაა, რომ ერთადერთი გზა ცდომილებიდან ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ჰოს და არას დაპირისპირებააო. “არისტოტელი არამცთუ სწუნობდა დღეს სამართლიანად გაკიცხულსა და მოსპობილს ბატონყმობას, არამედ იგი უფრო უარესის მონობის მომხრეც იყო. და განა აქედან ის გამოდის, რომ არისტოტელი სულელი იყო და ქვეყნის მუხანათი?” (“უარმყოფელობა ჩვენში”). ამ კრიტიკული აზროვნებიდან გამომდინარეობდა ილიას მიდგომა რევოლუციის იდეისადმი; თვით სიტყვა რევოლუცია, თუ არ ვცდებით, მან პირველმა იხმარა XIX საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში. მას რევოლუცია სწამდა არა როგორც თვითმიზანი, არა როგორც პერმანენტული პროცესი, არამედ როგორც ცხოვრების განახლების და განწმენდის საწყისი. “ესეა ყოლიფერი ამ ქვეყანაზედ: ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე”, _ ამბობს ის “მგზავრის წერილებში”.

ჰუმანისტური და სოციალისტური აზროვნების ზეგავლენით ილია ჭავჭავაძეს პროგრესი წარმოდგენილი ჰქონდა არა როგორც მარტოდენ ტექნიკისა და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, არამედ როგორც ადამიანის გონებრივი ჩამორჩენილობისა და მორალური სიდუხჭირის გადალახვა და წინსვლა სრულქმნილი ადამიანობისა და სოციალური ჰარმონიისკენ. “ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა კი თავის დღეში არა”, _ ამბობს ის საპროგრამო წერილში, რომელიც “საქართველოს მოამბის” პირველ ნომერს წარუმძღვარა: ამ აზრის უკვდავებაში არის მთელი იმედი კაცობრიობის უკვდავებისა, იმიტომ, რომ გრეხილი აზრისა გაუწყვეტელიამეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა”. თვით მომავალი წესწყობილება, როცა შრომას ბორკილები აეხსნება, როცა ცად მიღწეული მძლავრი კავკასიის ტომნი ერთი აზრით განდიდდებიან, ხოლო ქართველობის სახელი საამაყოდ ექნება საქართველოს ყოველ ერთგულ შვილს, ილია ჭავჭავაძეს წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ჭეშმარიტების გულისთვის აღძრული ბრძოლის შედეგი. ეს იდეები მან პოეტურად გამოთქვა თავის “აჩრდილში”.

ილია

ამ რაციონალისტურ აზროვნებასთანაა დაკავშირებული ილიას ბრძოლა ასკეტიზმისა, მისტიციზმისა, ფატალიზმისა, პესიმიზმისა და ყველა იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელნიც, მისი შეხედულებით, ადამიანს ხელს უშლის, მის ბუნებაში დამარხული ნიჭი და შესაძლებლობანი ყოველმხრივად განავითარონ. “მგზავრის წერილებში” ის შეჩვენებას უგზავნის ბნელ ღამეს, მისი სიზმრებითა და ადამიანის გონების დამაფრთხობელი მოჩვენებებით და ჰიმნს მიუძღვნის დღის სინათლეს; ეს მზის ჰიმნი დიდათ დამახასიათებელია ილიასათვის, როგორც ერთი მხრით დასავლეთ ევროპის და რუსეთის გამანათლებლების მიმდევრისათვის, ხოლო მეორე მხრით რუსთაველის და გურამიშვილის მემკვიდრისთვის. “განდეგილში” მან ბუდისტურ-ქრისტიანულ სპირიტიკალიზმს და ასკეტიზმს, რომელიც ყველაზე უკეთ გამოითქვა ბუდას ქადაგებაში, რომ სხეული არ არის ჩემი. ის არ არის მე ან ჩემი მეო, ან ჩვენი “სიბრძნე ბალავარის” სიტყვებში, რომ ცხოვრება არის ჩრდილი, რომელიც წარვალს, და კვამლი, რომელიც განქარდებისო; ბოლოს, გურამიშვილის სენტენციაში “ამად სჯობს ხორცი უარჰყო, სულსა უწირო, ულოცოო” _ დაუპირისპირა ელინიზმიდან და საქართველოს ეროვნული ტრადიციებიდან მომავალი ჰუმანიზმი და ბედნიერების მორალი და ამ უკანასკნელს გაამარჯვებინა.

ამ მხრივაც ილია ჭავჭავაძის აზროვნება სრულიად ეთანხმება დასავლეთ ევროპის XIX საუკუნის მოწინავე ადამიანების აზროვნებას, რომელიც ამ საკითხში საუკეთესოდ ტეოფილ გოტიემ გამოხატა: “ქრისტე ჩემთვის ამ ქვეყნად არ მოსულა და მე წარმართი ვარ, როგორც ალკიბიადე: გოლგოთის მწვერვალზე ვნების ყვავილები არასოდეს არ დამიკრეფია და არც ოდესმე იმ მდინარეში მიბანავია, რომელიც ჯვარცმულის მკერდიდან მთელ მსოფლიოს თავს გადაესხა. ჩემს ამბოხებულ სხეულს არ სურს სულის ბატონობის აღიარება, ჩემს ხორცს არ სწადიან თავისი ჯვარცმა. მე ქანდაკება უფრო მომწონს, ვიდრე მოჩვენება; ნათელი დღე უფრო, ვიდრე საღამოს მწუხრი”.

მაგრამ იყო ერთი დარგი, სადაც ილია ჭავჭავაძე შუა საუკუნეების ასკეტებს უახლოვდებოდა თუ თავისი იდეოლოგიით არა, ყოველ შემთხვევაში თავისი განცდებით; ეს იყო ეროვნული მოღვაწეობის დარგი, მისი პატრიოტიზმი ასკეტური ხასიათისა იყო, სამშობლოს სამსახური მას ისე ჰქონდა წარმოდგენილი როგორც მსხვერპლთ შეწირვა. ის ამბობდა, რომ “ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული, რომ დიდი არის ღვთის წინაშე იგი ცხოვრება, რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი ქვეყანასავე შეეწირება”. ის იმეორებდა ერთი გამოჩენილი მწერლის სიტყვებს, რომ, რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში მას მაინც დიდი ადგილი უჭირავსო. თუმცა ილიას უახლოესი თანამშრომელი და პირველი ბიოგრაფი გიგა ყიფშიძე გვარწმუნებს, ბავშვობაში ის ბერად შედგომაზე ოცნებობდაო, მაგრამ შემდეგ არც თავის აზროვნებაში, არც თავის ბუნებაში არაფერი გამოუმჟღავნებია განდეგილობის შესაფერი. პირიქით, სტუდენტობის დროს ის იტალიაშიც კი აპირებდა წასვლას გარიბალდის რაზმში ჩასაწერად. ცნობილია, რომ მისი სუფრა არა ჰგავდა სამონასტრო ტრაპეზს; მას უყვარდა ქალები, შეიძლება ახალგაზრდობაში უფრო პლატონურად, ვიდრე სიბერეში. მას უყვარდა აზარტული თამაშობა. რამდენჯერმე ის ბარიერთან მდგარა, როგორც ვნებიანი დუელისტი, მაგრამ როგორც მებრძოლ პატრიოტს მას მღვიძარე სული ჰქონდა ექვთიმე მთაწმინდელივით:

მას აქეთ რაკი შენდამი

ვცან მე სიყვარული,

ჰოი, მამულო, გამიკრთა

მე ძილი და შვება!

შენს ძარცვის ცემას მე

ყურს ვუგდებ

სულგანაბული,

ღამე თენდება ეგრედ

ჩემი და დღე ღამდება.

ეს მღვიძარე პატრიოტიზმი სრულიადაც არ გულისხმობდა სხვა ერების დაჩაგვრას ან უპატივცემულობას: ის მხოლოდ თავდაცვის იარაღი იყო კატკოვების, იანოვსკების, რუსი ექსარხოსების, პატკანოვების, მუხრან ბატონების შემოტევისაგან.

სხვისი ნუ გინდა რა, შენი იკმარე, _ ეს არის კაცთა ურთიერთობის ქვაკუთხედი, ეს არის დედაბოძი ზნეობისა, _ ამბობს ილია ჭავჭავაძექვათა ღაღადში”, _ ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთსულ და ერთხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუით მყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება დიდად სათაკილო საქციელია”. ისეთ ისტორიულ მოღვაწეებში, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო, ილია ჭავჭავაძეს ისე არაფერი არ აკვირვებდა, როგორცმისი კაცთმოყვარეობა, პატივისცემა სხვისი ეროვნებისა, სხვისი სარწმუნოებისა, საკვირველი და საოცარი მაგალითი მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან”. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ილიას აზროვნება სრულიად თავისუფალი იყო ყოველი განყენებული კოსმოპოლიტიზმისა, ყოველი გულისამაჩუყებელი სენტიმენტალობისაგან, მას ისე არაფერი ეჯავრებოდა, როგორცცრუპენტელა ლიბერალები”, “ლიბერალობის ბერიკები”, რომელნიც მზად იყვნენ, თავიანთი ეროვნული ვინაობის და ინტერესების დაცვაზე ხელი აეღოთ იმის შიშით, ვაითუ ნაციონალისტობა და შოვინისტობა დაგვწამონო.

ილიას ინტელექტურ პატიოსნებას მოწმობს ის გარემოება, რომ ის სრულიადაც თავისი დროის ქართველობის იდეალიზაციას არ ახდენდა ზოგიერთი გონებაშეზღუდული ნაციონალისტივით. საკმაოა ამის საილუსტრაციოდ მისი “ბედნიერი ერი” ან “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით” გავიხსენოთ, ეს უმძაფრესი სატირა, რომელიც ოდესმე რომელიმე პოეტს თავისი ერის ზნეობრივი მანკიერების წინააღმდეგ დაუწერია. ის ებრძოდა მოღალატეობას, ქვემძრომლობას, ენატანიაობას, სოციალური ინსტინქტების დაშლას, ერთი სიტყვით, იმ ზნეობრივ ანარქიას, რომელმაც XIX საუკუნის ქართველობის მაღალი წრეები მოიცვა, ის მათ სულიერი სიმტკიცის და ხასიათის მთლიანობის იდეალს უყენებდა თვალწინ. მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდ ხასიათის კაცნი არიან, ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთა სრულობა, დიდ ხასიათობა, იმისდა მიუხედავად ტრიალი ემარჯვებათ თუ ემარცხებათ”, _ ამბობს ის თავის წერილში დიმიტრი ყიფიანის შესახებ. “მხოლოდ დიდ ბუნებიანთა კაცთა თვისება ერთხელ რწმენილი და აღიარებული, გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და, თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თავისიცა ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირთ, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე”, _ წერს ის ლუარსაბ მეფის დღესასწაულის გამო.

თუ ილია ჭავჭავაძე მოწინავე ევროპულ აზროვნებას დაუკავშირდა თავისი ძირითადი იდეებით, სახელდობრ პროგრესის ანტიასკეტური მორალის, ჰუმანიზმის, საღად გაგებული პატრიოტიზმის იდეებით, მით უმეტეს ის მას დაუკავშირდა იმ იდეით, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს მის მსოფლმხედველობასა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში: ესაა იდეა დემოკრატიისა არა ვიწრო კლასობრივი, არამედ ფართო ჰუმანისტური და კულტურულ-ეთიკური გაგებით. მას სწამდა, რომ ჩაგრული ერების განთავისუფლება მოხდებოდა შრომის განთავისუფლებასთან ერთად, ეს რწმენა მან თავის “აჩრდილში” გამოხატა. მას სწამდა, რომ “ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშის გაშლა” შეაფერხებდა ისტორიას. ეს რწმენა მან გამოსთქვა თავის ლექსში “1871 წლის 23 მაისი” (“პარიზის კომუნა”). ილიას პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიზმი დღეს უდავოდ არის ცნობილი და ზედმეტ განმარტებას აღარ საჭიროებს, მაგრამ შეიძლება ბევრისთვის ასევე ნათელი არ იყოს ის როლი, რომელიც მან წმინდა მხატვრული აზროვნების დემოკრატიზაციის საქმეში შეასრულა. მან შეურიგებელი ტერორი გამოუცხადა დაძველებულ ორთოგრაფიას და გილიოტინაზე გაგზავნა ყველა ეს დრომოჭმული უბრჯგვილები, ჰიები და ჰოები, ვინაიდან მას კარგად ესმოდა, რომ არქაული მეტყველება არქაული აზროვნების საფარი იყო. ძნელია მეორე ქართველი მწერლის დასახელება, რომელსაც ჩვენი სალიტერატურო ენა ასე გაემდიდრებინოს ხალხური გამოთქმებით, ანდაზებით და სიტყვის მასალით, როგორც ეს მან ჰქმნაოთარაანთ ქვრივში”, “ქვათა ღაღადშიდა სხვ.

ქართული ლიტერატურის ევოლუციის თვალსაზრისით არანაკლებ საგულისხმოა ის, რომ მან სალიტერატურო ჟანრების და ტიპების დემოკრატიზაცია მოახდინა: ძველ ქართულ მწერლობაში გაბატონებულ ისტორიულ და რომანტიულ ეპოსს, რელიგიურ ჰიმნებს და ოდებს, სადაც მაღალი ფეოდალური საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, სულიერი მისწრაფება და გემოვნება იყო გამოხატული, მან რეალისტური მოთხრობის, რეალისტური ლირიკის და ფილოსოფიური პოემის ჟანრი დაუპირდაპირა, სადაც თანამედროვე საზოგადოების წრეებია ასახული, თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებითა და თავიანთი აზროვნებით, ან მათი ზნეობრივი იდეალებია გამოხატული. თვით ილიას, რასაკვირველია, ძალიან კარგად ესმოდა თავისი როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში: “სამოციან წლებამდეო, _ წერს ის თავის წერილებში ქართულ ლიტერატურაზე, _ ჩვენი პოეზია, თითოოროლა მაგალითებს გარდა, დაჰფუფუნებდა ჩვენის დიდკაცობის გულისთქმას, თითქო უკადრისობდა, ამათ გარე რაიმე საგანი ეპოვნა პოეზიისთვის. სამოციან წლებში იმ ვიწროდ შემოღობილს სარბიელს ჩვენი პოეზიისას თავისი ტალღა გადაჰკრეს და შემოამტვრიეს ღობეები. ამ ხანაში მოღვაწეებმა მიაგნეს, რომ მდაბიოთა ცხოვრებაშიც არის ადამიანური გულისთქმა; რომ ამ მდაბიოთა გული იგივე ზღვაა, საცა თუ არა მეტი, ნაკლები მარგალიტი არ არის გლოვისა და სიხარულისა, ჭირისა და ლხინისა, ძულებისა და სიყვარულისა, რომ ამ მდაბიოთაცა აქვთ თავისი იდეალები, თავისი სანატრელები, ოღონდ კი კაცს მადლი ჰქონდეს ამაების დანახვისა, ამაების გამოხატვისა”.

ილია ჭავჭავაძეს მჭმუნვარე და ვნებიანი სული ჰქონდა, მისი პოეტური ტემპერამენტი იმდენად სტიქიონისებრ ძლიერი იყო, რომ მკითხველი ადვილად ვერ ამჩნევს მის ნაკლს, მუსიკალური სმენის სისუსტეს, თუმცა მისი მხატვრული ნაწარმოებნი რაიმე სოციალური, მორალური ან ფილოსოფიური პრობლემის გარშემო ტრიალებენ, მაგრამ რადგან მას გასაოცარი პლასტიკური ხილვის ნიჭი აქვს, ის იძლევა სრულიად გამოკვეთილ და ნათელ კონტურებს, გამჭვირვალე ატმოსფეროში გახვეულთ. ის პეიზაჟის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია ქართულ ლიტერატურაში. ამ მხრივ წინამორბედთაგან მხოლოდ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი, მემკვიდრეთაგან მხოლოდ ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა შეედრებიან. მის პეიზაჟს ქართული აზროვნების დამახასიათებელი ბუნების კულტი ახლავს თან. საკმაოა, ამის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ბუნების აღწერა “კაკო ყაჩაღის” დასაწყისში ან “ელეგიაში”, ირემზე ნადირობა “გლახის ნაამბობის” შესავალში, “განდეგილის” და “აჩრდილის” მონუმენტური ფონი, ბოლოს პეპიას სიკვდილი კავკასიონის მთების კალთებზე, სადაც მზე სანთლისა და კელაპტრის მაგიერობას სწევს, ხოლო დილის ნამის ორთქლი _ საკმევლისა. მას იშვიათად ღალატობს მხატვრული ზომიერების გრძნობა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ის სოციალური უსამართლობის ან მორალური დეფექტების წინააღმდეგ ილაშქრებს, ან რაიმე აჩემებული აზრის მხატვრულად ასახვას ცდილობს. სხვაფრივ მას ესმის, რომ ადამიანი რთული მოვლენაა, რომ ყოველს სულიერში ღვთაებრივი ნაპერწკალი ღვივის, რომ სიკეთე და ბოროტება ამ ქვეყანაზე თანაბრადაა შეწონილი, თუ ლუარსაბის და დარეჯანის სახეები ცოტა არ იყოს გაშარჟებულია, ვინაიდან “კაცია ადამიანში” ილია, უწინარეს ყოვლისა, სოციალური სატირის შექმნას ცდილობს, ბასრი იარაღის გაჭედვას დრომოჭმული საზოგადოებრივი წყობილების შესამუსრავად. სამაგიეროდ დათიკოს სახე “გლახის ნაამბობში” დიდი მხატვრული მიუდგომლობითაა გადმოცემული. დათიკოს რაინდული ქცევა მის მიერვე დაღუპული პეპიას და გაბოს მიმართ, მისი ვაჟკაცური სიკვდილი გაბოსთან შეტაკების დროს გასაოცარი დამაჯერებელი სიძლიერითაა აღწერილი, და ეს გარემოება მკითხველს რამდენიმედ მაინც არიგებს მასთან.

პლასტიკურ ნიჭთან ერთად, ილია ჭავჭავაძეს სოციოლოგიური განზოგადების ნიჭი აქვს თავის მოთხრობაში “საღრჩობელაზედ”, სადაც მან ყალბი კულტურის მიერ შეურყვნელი, გულალალი გლეხის ტიპი მოგვცა, მან დასვა, აგრეთვე, პრობლემა საზოგადოების პასუხისმგებლობისა ინდივიდუალური დანაშაულობისათვის; ამ პრობლემის დასმა და გადაჭრა ამტკიცებს, რომ ის იცნობდა ევროპის მოწინავე ფილოსოფიური და სოციოლოგიური სკოლების შეხედულებას ამ დარგში. ისეთივე, როგორც თავისი “გუთნის დედით” და “ოთარაანთ ქვრივით”, ამ პაწია მოთხრობითაც ილიამ დაამტკიცა, რომ კარგად იცნობდა ქართველი გლეხის ფსიქოლოგიას და მსოფლშეგრძნებას. “განდეგილში”, რომელიც ქართული ხალხური ლეგენდის საფუძველზეა შექმნილი, მაგრამ საერთაშორისო თემის ქართულ პარალელს წარმოადგენს, მან დასვა ზოგადი საკაცობრიო პრობლემა საუკუნო ბედნიერების მიღწევისა და თავისებური პასუხიც გასცა მას. მან აღიარა, რომ წარუვალი ნეტარების მოპოება არ შეიძლება ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფით და განადგურებით.

თავის პუბლიცისტურ ნაწერებში ის ოპტიმიზმისა და აქტივიზმის დამცველად გამოვიდა. ეგრეთ წოდებული ორგანული სოციოლოგიური სკოლის წინააღმდეგ მან ის აზრი გამოთქვა, რომ ეროვნების დაბადება და სიკვდილი უქმი სიტყვაა, რომ მისი საგანი არ არსებობს და წარმოუდგენელიც არის: ინტენსიური კულტურის განვითარებას კაცობრიობა დაძაბუნებისა და დაუძლურებისკენ კი არ მიჰყავს, არამედ ენერგიის გაშლისკენ; ის ადამიანის გაფოლადებასა და გამოჯიქებას იწვევს, ის მას სწვრთნის არსებობისთვის საჭიდაოდ. ამით აიხსნება, რომ ილიას თავისი სამშობლოსთვის ისე არაფერი არ ენატრებოდა, როგორც ყოველმხრივ განვითარებული სულიერი და მატერიალური კულტურა. ერის ბიოლოგიურ ძალას ის განსაკუთრებით გვირისტით შეკერილ, ფოლადივით გამოწრთობილ გლეხკაცობაში ხედავდა, რომლის გრძელი კვნესაც კი სიმღერაში გადადის. მდაბიო ხალხს სთვლიდა ის საქართველოს ისტორიის მთავარ უსახელო გმირად. მას სწამდა, რომ ქართველი ერი გადაშენებას სოფლის დემოკრატიამ გადაარჩინა, ამ დემოკრატიის საღ ეკონომიურ საფუძველს კი საქართველოს ისტორიული წარსულის საუკეთესო ეპოქებში, მისი აზრით, სათემო და საკომლო მიწათმფლობელობის სწორი განაწილება წარმოადგენდა. ის ამბობს, რომ საქართველოს უბედურება დაიწყო იმ დროიდან, როცა “ამ უკეთეს მხარეს ჩვენი ეკონომიური წყობისას ყური აღარ ათხოვეს; გაიდგა ფეხი განსაკუთრებამ და კომლეულობამ, ჩამოვარდა უსწორმასწორობა მიწის მფლობელობაში”

(“ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ”). ილიას სწამდა, რომ ქართულ დემოკრატიას გაცვეთილი არ ჰქონდა თავისი ძალ-ღონე და დიდი შემოქმედებითი ენერგია შესწევდა მომავალი მშენებლობისათვის. “ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა, _ ეუბნებოდა ის თავის ცნობილ სიტყვაში წინამძღვრიანთკარელ გლეხებს, _ არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთ-რჯული, მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონე მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია”.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრებაში არ წარმომდგარა არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ილია არ შეხებოდეს. ილია ჭავჭავაძე ახალი ქართული კულტურის აღორძინების საუკეთესო წარმომადგენელია, ღირსეული მემკვიდრე დიდი ისტორიული ქართველი მოღვაწეებისა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here