Home რუბრიკები ისტორია ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია

ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია

ილია ჭავჭავაძე

თუ წინათ ილია ჭავჭავაძის საქართველოს ისტორიისადმი დამოკიდებულების საკითხის შესახებ მსჯელობა მხოლოდ მისი ისტორიული პოემების მიხედვით შეიძლებოდა, 1927 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი დიდებული მოღვაწის ნაწერების სრული კრებულის მე-5 ტომი გამოვიდა, მკვლევარს სრული საშუალება მიეცა, ეს საკითხი უკვე ვრცლად და ბევრი სხვა მისი ნაშრომის მიხედვითაც განეხილა.

მე მგონია, რომ ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციისა და მისი მოღვაწეობის ამ დარგში მნიშვნელობის გასათვალისწინებლად ჩვენი მგოსნის ისტორიული პოემების გამოყენება არც საჭიროა და არც მართებული. პოემები ხომ არსებითად მხატვრული ნაწარმოებებია და მიზნადაც იქ ავტორს საქართველოს ისტორიის დაწერა არ ჰქონია დასახული. ამიტომაც ილია ჭავჭვაძის შეხედულებათა გამოსარკვევად და იმ წვლილის ცხადსაყოფელად, რომელიც მას საქართველოს ისტორიის გაშუქებაში შეტანილი აქვს, მისი ისტორიული პოემები არც გამომიყენებია. უამისოდაც ეხლა საკმაო და მრავალფეროვანი მასალა მოგვეპოვება, რომ ზემოდასახული ამოცანის განხორციელება შევძლოთ. სრულებით ბუნებრივია, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ჯერ ილია ჭავჭავაძის ზოგადი კონცეფციის განხილვით დავიწყოთ, ხოლო შემდეგ უკვე მისი მეთოდოლოგიის განხილვაზე გადავიდეთ.

ილიას არა ერთხელ, მაგ., თუნდაც 1888 წელს, უთქვამს: “როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა”, რომელსაც, “აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისე ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც… თავისი ისტორია არ ახსოვს”-ო (V, 207).

1888 წელს, დ. ბაქრაძის ნაშრომის “ისტორია საქართველოსი”-ს პროგრამის გამოქვეყნების შემდგომ, ამავე საკითხს ჩვენი მგოსანი კვლავ უბრუნდება და ამბობს: წინათაც არა ერთი იყო ისეთი ხალხი, რომელსაც თავისი ისტორია არ ჰქონია და ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის, ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება”. ჩვენი მგოსნის სიტყვით, “ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში”- (V, 240). “თუ ესეთი არა, ბევრით მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ”- (V, 240).

ამიტომაც არის, რომ ილია ამბობდა: არ ვიცით, სხვა როგორ ფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”- (V, 207).

ამგვარად, ილ. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით, ყოველმა კულტურულმა ერმა თავისი წარსული კარგად და სრული შეგნებით უნდა იცოდეს. ქართველებსაც, თუ წარმატებული არსებობა სურდათ, ეს დებულება უნდა კარგად ჰქონოდათ შეგნებული.

მაგრამ ჩვენ დაუვიწყარს მოამაგეს საქართველოს ისტორია ეროვნული თავმომწონეობის თვალსაზრისითა და ეროვნული სიამაყის გრძნობის ჩასანერგავად კი არ უნდოდა და სჭირდებოდა, არამედ მას წარსულის მხოლოდ უტყუარი და დაუნდობელი, მაგრამ პირუთვნელი შეფასება აინტერესებდა. ილია ჭავჭავაძე მაგ. 1888 . წერდა: “ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდვია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამისი საბუთი თვალწინა გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორი ათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედვა. ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით _ რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყლოდ სხვა ქვეყნებსა და განათლებასა, ან გამდიდრებაში თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას. რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელია სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია. და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ _ დაგვავიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ესეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?”- (V, 241-242).

რა იყო ჩვენი წარსულის სიმაგრე და რა იყო სისუსტე, სიფუყე, ამის გამორკვევა ხომ ისტორიული პროცესის შეგნებით შეიძლება.

მაგრამ ისტორიის გაგება და სისწორით წარმოდგენა ახლაც ადვილი საქმე არ არის, მით უფრო ძნელი საქმე იყო მაშინ, წარსული საუკუნის იმ ხანაში, როცა ილია ჭავჭავაძე ჩვენი კულტურის სწორუპოვარი ბელადი და ხელმძღვანელი იყო.

როდესაც რომელიმე ერის ისტორია შესწავლილი არ არის, ისტორიის მაგიერ ხშირად, ერთი მხრით, უგეგმოდ წარმოებული კვლევა-ძიებაა ხოლმე გაბატონებული, მეორე მხრით კი მიმბაძველობასა და რწმენაზე დამყარებული სქემატიზმი იპყრობს ხოლმე ასპარეზს. პირველი დამაღონებელია თავისი უსისტემობითაც და თანაც არც გულსა და გონებას არას ეუბნება. მეორემ კი, თუმც შესაძლებელია გამოუცდელი მკითხველი თავისი აღნაგობითა და გარკვეულობით უფრო მოხიბლოს, მაგრამ მავნებელია იმდენად, რამდენადაც, წარსული ცხოვრების ხორცშესხმული სურათის მაგიერ, რეალურ შინაარსს მოკლებული სქემა არის ხოლმე წარმოდგენილი. ასე იყო საქართველოშიც. ჩვენში წარსული საუკუნის 90-იანი წლების დამლევამდე და შემდეგაც არსებითად უგეგმო, შემთხვევითი ხასიათის ისტორიოგრაფია ბატონობდა, რომელიც, რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძეს ვერც მოეწონებოდა და ვერც დააკმაყოფილებდა. აი, მაგალითად, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე 1880 წ.: ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენის ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის კანტიკუნტად სადმე, ისიც მეტად საეჭვოა, ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზე, რომელშიაც ერთობ ხალხი იჩენს თავის თავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობასა ისტორიაში. ერთის სიტყვით, ჩვენის შიდაცხოვრების ისტორია ჯერ ფარდააუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენიქართლის ცხოვრებახალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული. თითქოს ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა საქმეთა”- (V, 201).

სწორედ ასეთი უსისტემო და უმეთოდო ისტორიის საწინააღმდეგოდ 1889 წ. “Северный Вестник ” (“ჩრდილოეთის მოამბე”)-ში ნ.დ.-ს ფსევდონიმით ივ. ჯაბადარის წერილები გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ (“писъма о Грузии”). ავტორი იქ, მისივე განცხადებით, საქართველოს ისტორიაზე ისტორიული კრიტიკისა და შედარებითი მეთოდის გამოყენებით მსჯელობდა: ამ თავის წერილებში, ვითომც სწორედ ამ ორი მძლავრი მეთოდით აღჭურვილმა, საქართველოს ისტორიაც განიხილა და, მისი წარსულის შეფასების შემდგომ, თავისი მსჯავრიც დასდო. მაგრამ საფუძვლიანი, დინჯი კვლევა-ძიების მაგიერ, ივ. ჯაბადარის წერილებში სწორედ ისეთი სქემატიზმი აღმოჩნდა, რომელიც, ავტორის სრული მოუმზადებლობის გამო, მთლიანად მცდარი გამოდგა. ამისდა მიუხედავად, მაინც, ვითარცა თითქოს ისტორიის უმაღლესი და მკვეთრი მეთოდებით მომარჯვებული ადამიანის ნამუშევარსა და ნასიბრძნს, ქართული საისტორიო წყაროების უცოდინარსა და გამოუცდელს ჩვეულებრივ მკითხველზე ივ. ჯაბადარის კატეგორიულს დასკვნებს დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო. ხოლო, რამდენადაც მთელი მისი მსჯელობა თავაშვებული ნიჰილისტური მსოფლმხედველობით იყო გამსჭვალული, იგი მკითხველს დიდს ვნებას მოუტანდა. ამიტომაც ივ. ჯაბადარის წერილების უყურადღებოდ და განუხილველად დატოვება არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად ქართველ ისტორიკოსთა მოვალეობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რაკი ისინი სდუმდნენ, ვითარცა ქართული საზოგადოებრივი აზრის მესაჭეს, ისტორიკოსის მოვალეობის ასრულებაც უნებლიეთ ისევ ილია ჭავჭავაძეს მოუხდა. მან ივ. ჯაბადარის ნაშრომი ვრცლად განიხილა თავის წერილებში, რომელთაც სათაურად აი ისტორია უწოდა. ფრიად საგულისხმოა, თუ როგორ მოეპყრო იგი ამ საქმეს და რა გააკეთა მან ამ დარგში.

რაკი ილია ჭავჭავაძეს ისტორიის უაღრესი მნიშვნელობა კარგად ესმოდა და შეგნებული ჰქონდა, ცხადია, მას არ შეეძლო საქართველოს წარსულის შესწავლის სავალალო მდგომარეობისათვის ყურადღება არ მიექცია. და მართლაც, ჩვენს დიდებულს მგოსანსა და პუბლიცისტს წინათაც და შემდეგშიც არა ერთხელ თავისი პირდაპირი მოვალეობისათვის თავი დაუნებებია და ისტორიული კვლევა-ძიების საკითხებში ჩარეულა.

ვინც ილია ჭავჭავაძის ამ დარგის საკმაოდ მრავალრიცხოვან წერილებს გულდასმით გადაიკითხავს, მას საშუალება ექმნება, როგორც მისი კონცეფცია გამოარკვიოს ისტორიის ზოგადს საკითხებზე, ისევე ისიც გაითვალისწინოს, თუ რა წვლილი აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს ისტორიის შესწავლაშიც შეტანილი. სწორედ ეს მიზანი გვაქვს ჩვენ ამ ჩვენს მოხსენებაში დასახული.

ივ. ჯაბადარის უკვე ძირითადი რწმენა სქემატიზმისა და მონური მიმბაძველობის გამამჟღავნებელი იყო. იგი დრეპერის ოდესღაც გავრცელებულს აზრს ემყარებოდა, ვითომც ყოველ ერს, თავისი ბავშვობისა, ყრმობისა და ჭაბუკობის შემდგომ, აუცილებლად სიბერე ეწეოდეს ხოლმე. ამიტომ იყო, რომ ჯაბადარს ერთს თავის წერილთაგანში ნათქვამი ჰქონდა: მართალია, თუ არა, რომ ქართველი ერი უკვე მოხუცებულია და ღონე გამოელია, თუ მას ჯერ კიდევ სრული ინტენსიური ცხოვრება არც კი დაუწყია და თავის ძალღონე მერმისისათვის შეუნახავსო? და თითონვე პასუხს აძლევდა მკითხველს: არა, ჯერ ინტენსიური ცხოვრება არც კი დაუწყიაო. ილია ჭავჭავაძე ამ მცდარსა და ასე უცნაურად გამოთქმულ დებულებას სასტიკად შეებრძოლა. იგი ირონიულად ამბობდა: “ავტორი (ე.ი. ჯაბადარი) მერე დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენ სრულის ინტენსიური ცხოვრებით არ გვიცხოვრია და (გვიხაროდეს!) ღონე შეგვინახავს მერმისისათვის”-ო (V, 8). ასეთი რამის თქმა შეეძლო მხოლოდ იმას, ვისაც სწამდა, რომსრული ინტენსიური ცხოვრებაღონისაგან სცლის ერსა, .. ასუსტებს, აუძლურებს, ხოლოარაინტენსიური ცხოვრება კი ანახვინებს ღონეს მერმისისათვის”- (V, 8). ამაზე ილია ჭავჭავაძე სამართლიანად წერდა: “დღეს აქამომდე გვეგონა, რომ ხსნა ერისა სწორედ მაგ ინტენსიურ ცხოვრებაშია და, თურმე ნუ იტყვით, დასარჩობი ფონი-კი სწორედ ეგ ინტენსიური ცხოვრება ყოფილა”-ო (V, 9). აქეთგან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომბედნიერი ერი ისა ყოფილა, ვინც ამ ინტენსიური ცხოვრების მაცდურობას არ აჰყოლია, მისგან არ გაბრიყვებულა და ღონე შეუნახავს მერმისისათვის”- (V, 9).

ილია ჭავჭავაძეს ეს მოძღვრება სლავიანოფილების მსოფლმხედველობის ანარეკლად მიაჩნდა: “ესეც გამოვიდა სლავიანოფილების მოძღვრება, მერე მარტო იგი ნაწილი ამ მოძღვრებისა, რომელიც დიდისა და პატარისაგან სასაცილოდ აგდებულია”-ო (V, 11).

 

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

ჩვენმა დიდებულმა მოღვაწემ ამ მოძღვრებას თავისი შემდეგი მსჯელობა და რწმენა დაუპირისპირა: ინტენსიური ცხოვრება ერთსა და იმავე დროს სათავეც არის და შედეგიც კულტურისა, რომელიც ათასის წლობით შენებულა, აგებულა, მართალია, კაცობრიობის დაუღალავ და დაუძინებელ ჯაფით, გარჯითა და მხნეობით, მაგრამ იმისათვის კი არა, რომ ღონისაგან დაიცალოს, არამედ იმისთვის, რომ უფრო გაღონიერდეს, გაძლიერდეს, გამოფოლადდეს, გამოჯიქდეს არსებობისათვის საჭიდაოდ. ამიტომაც კულტურა და მასთან განუყოფელი ინტენსიური ცხოვრება კაცობრიობის ღონისა და სიმკვიდრის დედაბოძია, ქვაკუთხედია”-ო (V, 9). “ღონე შეინახება მერმისისათვისაო, გვანუგეშებს ავტორი. კაი ნუგეშია, კაცმა პური აღარა ჭამოს, რომ კბილები არ გაუცვდეს და მერმისისათვის შეინახოს. რა ოხრობისთვის-ღაა საჭირო, რიღას მაქნისია ის შენახული ღონე, თუ არ იმავ ინტენსიურ ცხოვრებისთვის. თუ ასეა, ან თითონ ინტენსიური ცხოვრება რის მაქნისია, თუ ღონისაგან სცლის ერსა, ასუსტებს, აუძლურებს”-ო (V, 9-10).

ასეთ სქემატიზმსა და გაზეპირებულ აზრებს ილ. ჭავჭავაძემ სულ სხვანაირი შეგნება დაუპირისპირა. მაგრამ ილია ჭავჭავაძე ასეთ აკვიატებულ აზრს რომ წინაღუდგა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ისტორიის ღრმად გაშუქება არ ენატრებოდა. მისთვისაც ისტორია მარტო ფაქტების გროვა არ იყო. მას ისტორიული პროცესის საფუძველი და ამამოძრავებელი ძალა აინტერესებდა, ხოლო შემდეგ მოვლენათა შეფასებაც, ამასთანავე მისი რწმენით მთავარი ყურადღება შინაგანს, .. სოციალეკონომიურსა და კულტურის პრობლემებს უნდა მიჰქცეოდა.

ილ. ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციით, კაცობრიობის პროგრესის სათავე შემოქმედების წყურვილი და ნიჭია, რომელიც წინათ ზოგჯერ ისეთს დარგში და იმ სახითაც იჩენდა ხოლმე თავს, რომელიც თანამედროვე შეხედულებას უკვე ვეღარ აკმაყოფილებს, მაგრამ, ისტორიკოსს უნდა ესმოდეს, რომ მაშინ დრო იყო ამისთანა”. აი თუნდაც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, ტაძრებისა და მონასტრების ნაგებობანი რომ ავიღოთო, რომელსაც ყურადღების ღირსად არ სთვლიდა და საძრახისადაც კი მიაჩნდა მათ ამგებელთათვის ივ. ჯაბადარს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეკლესიები და ტაძრებია. ილია ასეთ მსჯელობის საწინააღმდეგოდ ამბობდა: “ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს ხუროთმოძღვრებას საბერძნეთისა და რომისთანა მნიშვნელობას არ ვაძლევთ”-ო, “მხოლოდ ვამბობთ, რომ ერს შეხვდება ხოლმე დრო, როცა, თუნდ მონასტრებისა და ტაძრების შენებით, _ წყურვილს სულისას იკლავს ხოლმე. ეს საპატიო წყურვილია, იმიტომ რომ სათავე წარმატებისა ეს წყურვილია და სხვა არა რა”- (V, 67).

ნამდვილი ისტორიკოსის მოვალეობა, ილ. ჭავჭავაძის რწმენით, იმაში მდგომარეობს, რომ, რაკი “ყველა დროს თავისი ტკივილი აქვს და გაგება ამ ტკივილისა ხვედრია მარტო ჩინებულ კაცებისა”, ამიტომაცჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა გამკითხველი, ჯერ იმ დროების ქერქში უნდა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა. ეს რომ არ იყოს, კაცი ვერც საბუთს უპოვნის, ვერც აზრს, თუნდაც მთელს ჯვაროსნობის ომებს, რომელსაც მთელმა ევროპამ კინაღამ თავი არ შეაკლა”-ო (V, 66). აქვე ჩვენი ავტორი სამართლიანად უმატებს: “ეს ხომ ანბანია ისტორიის ფილოსოფიისა”-ო.

საისტორიო მეცნიერებაში ამას ისტორიული პერსპექტვის აუცილებლობა ეწოდება და მართლაც, ცხადია, რომ უამისოდ წარსულის არც ერთ შეფასებას ღირებულება არ ექმნება.

თუ რა გარემოებას აქცევდა ილ. ჭავჭავაძე ისტორიული პროცესის დროს და რა საფუძვლის გამორკვევა მიაჩნდა საჭიროდ მოვლენათა გასაგებად, ამას მისი ერთი საყურადღებო წერილი გვაგებინებს.

1880 წელს დაბეჭდილს წერილში ილ. ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიას მანამდე სრულებით უცნობი თვალსაზრისით მიუდგა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წარსულში “არის ერთი იმისთანა ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას, ვისაც კი ამ მოვლენისათვის თვალი დაუკვირვებია” (V, 201). ყველამ იცის, რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა. უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისაგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიყოლებით და განუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად”. თითქმის მთელი თავისი ისტორიული არსებობის დროს საქართველო “იარაღით ხელში იდგა”, რადგან “მტერი თითქმის ყოველმხრიდამ მოწოლილი იყო” (V, 202). ყველანი აქ მხოლოლდ გულადობითა და გრძნობით იყვნენ აღტაცებულნი, მაგრამ არავის ფიქრად არ მოსვლია, ამ საგულისხმო მოვლენას ღრმად ჩაჰკირვებოდა. ილ. ჭავჭავაძე კი აქაც საქართველოს ისტორიას სულ სხვა თვალსაზრისით მიუდგა და საჭიროდ სცნო, სულ სხვა მხრით გაეშუქებინა.

“ვთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა”-ო, ნათქვამი აქვს მას ჯერ კიდევ ამ ნახევარი საუკუნის წინათ, ეს კიდევ თუნდაც არაფერი იყოს, უმთავრესად საკვირველი ეს არის, _ რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისაგან მტვრად არ აღგვილიყო, _ და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?-, კითხულობდა ჩვენი დიდებული მგოსანი და პირველი ქართველი პუბლიცისტი (V, 202).

როგორც ხედავთ, საქართველოს ისტორიის ასეთს გაშუქებაშიც ილ. ჭავჭავაძეს პირველობა ეკუთვნის და ამ მხრითაც ის დიდი ღვაწლი მიუძღვის, რომ მან პირველმა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ეკონომიური საფუძვლის გამორკვევის აუცილებლობა აღიარა. საქართველოს ისტორიოგრაფიას მის დროს არამცთუ ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის თავგადასავლის გაშუქება აზრადაც-კი არ მოსვლია, ის მაშინ იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ, ასეთი საკითხის წამოყენების შემდგომაც, პასუხის გაცემა ვერავინ შესძლო. ილია ჭავჭავაძემ ეს გარემოება, ეს უმწეობა თითონაც კარგად იცოდა და ამიტომაც იქვე დამატებული აქვს: “ყოველს ამა საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ხელს ვერაფრით შეგვიწყობს, ერთს იმისთანაც არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისათვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამის პასუხი ჩვენს ეკონომიურ აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი წინანდელი წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში”-ო (V, 202).

ეს პრობლემა ილია ჭავჭავაძეს სრულებით სამართლიანად საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან ამოცანად აქვს აღიარებული. ის ამბობს: აი, საგანი ღირსშესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინა ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელ მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმემ, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა”- (V, 202-203);

მაგრამ, ილია ჭავჭავაძის მიერ წამოყენებულ საკითხზე პასუხის გამცემი რომ მაშინ საქართველოში არვინ იყო, ეს მას სხვებზე უკეთ მოეხსენებოდა და, რაკი საქმე ასე იყო, თითონვე სცადა შეძლებისამებრ ამ საგულისხმოსა და დიდმნიშვნელოვანი ამოცანის შესახებ თავისი მოსაზრება გამოეთქვა. თუმცა “ჩვენგან დიდი კადნიერება იქნებოდა, რომ ამ მძიმე საქმის გამოკვლევას შევსდგომოდით, ამისთვის არც მომზადება გვაქვს, არც საჭირო წყარო”-ო, ამბობდა იგი, და მხოლოდ “ფიქრად მოგვდის ორიოდე აზრი, ისიც ვარაუდობით ცნობილი, და ვგონებ მეტი არ იყოს ის ორიოდე აზრი მკითხველსაც გაუზიაროთ”-ო (V, 203).

იმ ეკონომიურ საფუძვლად, რომელმაც ქართველ ერს მრავალრიცხოვან მტრებთან ესოდენ ხანგრძლივი ბრძოლის წარმოება შეაძლებინა, ილია ჭავჭავაძეს მიწისმფლობელობის წესი მიაჩნდა. მისი სიტყვით, “ჩვენს ეკონომიურს” წყობაში ორგვარი მიმდინარეობა იყო, როგორც ყველგან სხვაგან: ერთი სასოფლო და მეორე საკომლო. პირველი მიიზიდებოდა ისე, რომ სოფლის წრეში ყოფილი მამულები, მიწა, მინდორი, ტყე, _ საზოგადო, სასოფლო ხმარებაში ყოფილიყო; მეორე ისე, რომ ყოველივე ეგენი განსაკუთრებულიყო, თუ საკომლო ფეხს გაიდგამდა და გავრცელდებოდა, მაშინ განსაკუთრებას მიწისას და, მაშასადამე, უსწორ-მასწორობას მიწისმფლობელობაში ფართო გზა გაეხსნებოდა. და თუ სასოფლო გაძლიერდებოდა მაშინ იმ უსწორ-მასწორობას გზა შეეკვრებოდა. აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ. როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც, თუ არ მეფენი, თითონ ხალხი მაინცა. ეს იქიდამა სჩანს”-ო, ამბობს ილია, “რომ ჩვეულებამ ფრთა შეაკვეცა საკომლო განვითარებას, რადგანაც ყველგან საკომლო განსაზღვრული იყო ზოგან ოცის დღიურითა, ზოგან ორმოცის დღიურითა, მამულების ნოყიერებისა გვარად”-აო. თანაც ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სამსოფლო”- (V, 203-204).

შემდეგ საუკუნეებში, ილია ჭავჭავაძის სიტყვით, საქართველოს ეკონომიური წესწყობილების ამ კარგს მხარეს “ყური აღარ ათხოვეს; გაიდგა ფეხი განსაკუთრებამ და კომლეულობამ, ჩამოვარდა უსწორ-მასწორობა მიწის მფლობელობაში არამცთუ კომლთა შორისაც, არამედ სოფელთა შორისაც”-ო (V, 204) და, როგორც ეტყობა, საქართველოს მერმინდელი პოლიტიკური დასუსტების ერთ მთავარ მიზეზთაგანად ჩვენ მგოსანს სწორედ ეს გარემოება მიაჩნდა.

საქმე ის კი არ არის, სწორეა თუ არა თვით ილ. ჭავჭავაძის ზემომოყვანილი განმარტება. აქ ყველაზე საყურადღებო ის გარემოებაა, რომ მან ჯერ კიდევ 1880 წ. აღიარა ისტორიული პროცესის გასაგებად ეკონომიური საფუძვლის ცოდნის აუცილებლობა.

რაკი ეხლა უკვე ვიცით ილია ჭავჭავაძის ზოგადი თვალსაზრისი ისტორიისა და ისტორიკოსის უპირველეს მოვალეობაზე, საინტერესოა გაგვეგო. საქართველოს ისტორიის კიდევ რომელი საკითხები იპყრობდა მის ყურადღებას.

ივანე ჯავახიშვილი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here