გასულ კვირას იუსტიციის საბჭოში კონფლიქტი მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააბრუნა დღის წესრიგში მნიშვნელოვანი კითხვა: შესაძლებელია თუ არა სასამართლო სისტემის გაწმენდა სააკაშვილის ზონდერ–მოსამართლეებისგან?
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის საბჭოს ახალმა წევრმა ანა დოლიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ადეიშვილის ნარჩენები დღეს ცდილობენ სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ, ეს არის ადეიშვილის მიერ გამოზრდილი სისტემა… ადეიშვილის ნარჩენებში ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც შექმნა ადეიშვილმა, რომელთაც პროფესიული ბიოგრაფია შეუქმნა, მის ხელის ბიჭებს. ეს ადამიანები კვლავაც არიან სისტემაში და სისტემის გარეთ”.
ამას საბჭოს წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი საპასუხო განცხადება დიმიტრი გვრიტიშვილს ეკუთვნოდა (2017 წლის 20 ოქტომბრიდან ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა): “შევახსენებ ქალბატონ ანა დოლიძეს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, არამედ იგი უკვე არის სასამართლოს ნაწილი. ის ვალდებულია, იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც არ ვიცი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ან თანამდებობის პირმა დაუკვეთა”.
დიმიტრი გვრიტიშვილს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ლევან მურუსიძისგან და სხვა ზონდერ–მოსამართლეებისგან განსხვავებით, გახმაურებულ პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მის კარიერაში ნამდვილად იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მის უფლებას, იუსტიციის საბჭოში იჯდეს და მოსამართლის მანტიას ატარებდეს. ასე მაგალითად, 2012 წლის 21-22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგნენ დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი. მოსამართლეები მირანდა ერემაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გახლდნენ. პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით, ფაცაციას ადმინისტრაციული პატიმრობა 40 დღით, ცაგურიას და ალადოშვილს კი 10 დღით მიუსაჯეს. საადვოკატო დახმარებას მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა, რომლის განცხადებაში ნათქვამია: “საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას… მოსამართლეთა განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვისას არც დაკავებულ პირს და არც მის ადვოკატს უფლება არ აქვს, შეკითხვით მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს, რადგან ვითომ ამას კანონმდებლომა არ ითვალისწინებს. სასამართლოს ეს განმარტება ცალსახად უკანონოა და ეწინააღმდეგება, როგორც საპროცესო კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმებს, ასევე ფუძემდებლურ პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “დაცვის უფლება გარანტირებულია”. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს დაცვის უფლების გარანტირება, თუ პასუხისგებაში მიცემულ პირს ან მის ადვოკატს სასამართლო იმ პოლიციელისთვის შეკითხვის დასმის უფლებასაც კი არ მისცემს, რომელიც დაკავებულს ბოროტ დაუმორჩილებლობა, ან სხვა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას აბრალებს… ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ არ გამოითხოვა დაკავების ადგილას დამონტაჟებულ ვიდეო კამერათა ჩანაწერები, რომლებზეც, მაღალი ალბათობით, აღბეჭდილი იქნებოდა დაკავების ამსახველი კადრები”… და ა.შ.
დღეს დიმიტრი გვრიტიშვილი აღშფოთებულია “ადეიშვილის ხელის ბიჭებზე” თუ “ნარჩენებზე” გაკეთებული განცხადების გამო _ გამორიცხული არაა, რომ ნათქვამი საკუთარ თავზე მიიღო. საინტერესოა, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში, უფრო ზუსტად კი 2008-12-ში, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი რიგითი მოსამართლე იყო. მისი კარიერული წინსვლა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დაიწყო და ლევან მურუსიძის აღზევების ხანას დაემთხვა. 2012-2016 წლებში ის იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2015-2016 წლებში დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
რაც შეეხება საია-ს მიერ ნახსენებ კიდევ ერთ მოსამართლეს _ მირანდა ერემაძეს _ ის იუსტიციის საბჭომ 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დანიშნა.
6 თებერვალს, როდესაც იუსტიციის საბჭოში კონფლიქტი მოხდა, გასაუბრებაზე (უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით), სხვებთან ერთად, უნდა გასულიყო მოსამართლე ილონა თოდუა. ის ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში, ხუთ სხვა მოსამართლესთან ერთად, მოხვდა ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ რუსთაველის გამზირზე გამოკრულ პლაკატებზე, როგორც ხელისუფლების დაკვეთის გამორჩეული შემსრულებელი. რაც შეეხება მის კომპეტენციას, 2008 წელს, ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული პროცესების პერიოდში, სახალხო დამცველის ანგარიშში შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: “მოსამართლე ილონა თოდუას მხრიდან დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა… ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსამართლის არაკომპეტენტურობაზე, რომელმაც კანონის არცოდნის გამო 26 დღით გააჭიანურა სარჩელის წარმოებაში მიღება”. 2012 წელს ილონა თოდუამ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა. ამასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ მაშინ ასეთი განცხადება გააკეთა: “მოსამართლის გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს, სასამართლო კი აბსურდულ ლოგიკას ავითარებს. სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, აჯარიმებს პოლიტიკურ პარტიებს ისე, რომ ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატა უკანონო შემოწირულობა” (რეზონანსი).
სიტუაცია იუსტიციის საბჭოში, როგორც ჩანს, ძალზე მძიმეა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას ასე აღწერს: “საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის… სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეა, ამავე დროს საბჭოს წევრიც არის, ჩემგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მივეცი მედიას კომენტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ… ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავე დროს კრიტიკულები არიან” (ინტერპრესნიუსი). გამორიცხული არაა, რომ “ხელის ბიჭებს” იუსტიციის საბჭოში, ჩვეულებისამებრ, პატარა გესტაპოს შექმნა სურთ.
როგორც ცნობილია, სტენლი კუბრიკის 1961 წლის შესანიშნავი ფილმი “ნიურნბერგის პროცესი” ასახავს არა ნაცისტი ლიდერების ან საკონცენტრაციო ბანაკების ჯალათების, არამედ იმ მოსამართლეების გასამართლებას, რომლებიც რეპრესიებს იურიდიულად უზრუნველყოფდნენ. ფილმის ფინალში ბრალდებული ერნსტ იანინგი ამერიკელ მოსამართლეს, დენ ჰეივუდს, შეხვედრას სთხოვს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ არაფერი იცოდა ნაცისტების საზარელი დანაშაულის შესახებ: “ის ადამიანები, მილიონობით ადამიანი… მე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა”. ჰეივუდი უპასუხებს: “ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი ხომ მაშინ დაიწყო, როდესაც უდანაშაულო ადამიანს განაჩენი პირველად გამოუტანეთ”.
არაერთმა გერმანელმა მოსამართლემ გულწრფელად მოინანია ის, რაც ჰიტლერის მმართველობის წლებში ჩაიდინა. იგივე ეხება სხვა ქვეყნებს, რომელთა მოსამართლეები დიქტატორული რეჟიმების დაკვეთებს ასრულებდნენ. მაგრამ საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი(!) მოსამართლე, რომელმაც მომხდარის გამო სინანული გამოთქვა ან თუნდაც სასამართლოდან წავიდა. პირიქით, გირგვლიანის საქმის მოსამართლემ გიორგი ჩემიამ 2016-ში სცადა, მოსამართლე მეორედ ვადით გამხდარიყო, ხოლო ლევან მურუსიძე თავის თითოეულ გადაწყვეტილებას ამართლებს. როდესაც მათ “ზონდერ-მოსამართლეებს” უწოდებენ, სწყინთ, მეტიც, შარშან ამისთვის გარკვეული სანქციების დაწესებაც კი დააპირეს (ევა გოცირიძის ინიციატივა). მონანიებასა და კათარზისზე აქ საუბარი ზედმეტია.
“ადეიშვილის ხელის ბიჭები”, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიხვდნენ, რომ არაფერი ემუქრებათ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის დეკემბერში განაცხადა: “სისტემის მსხვერპლი გახლდათ გირგვლიანი და არა ისე, როგორც დღეს ხატავენ, რომ ეს ლამის თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო, იმხელა აჟიოტაჟია აწეული”. ეს იყო საკმაოდ მკაფიო გზავნილი, სავსებით გასაგები ქვეტექსტით _ ახალი ხელისუფლების ერთგულება მოსამართლეების ძველ ცოდვებს აუქმებს. “ქართულ ოცნებას” არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ სასამართლოში “დიდი წმენდა” მოეწყო, შემდგომ კი ნათლად გამოჩნდა, რომ ეს საერთოდ არ სჭირდებოდა, ალბათ, იმიტომ, რომ გასვრილი ადამიანის მართვა ძალზე იოლია.
გასულ კვირას სასამართლომ დამნაშავედ სცნო პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები. ეს იმდენად რეზონანსული საქმეა, რომ “ადეიშვილის ნარჩენები” მასში ჩარევას, სავარაუდოდ, ვერ გაბედავენ. ადვოკატმა ნანა რევაზიშვილმა განაჩენს უსამართლო უწოდა და თქვა: “2011-12 წლებში, მაშინ, როდესაც ასეთი განუკითხაობა იყო, სულს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, და მაქსიმალურს აკეთებინებდნენ თანამშრომლებს, ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, ზომბირებული მიდიოდა სახლში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი…”. ამგვარად, ზეწოლა და “ზომბირებულობა” (ახალი სიტყვა იურიდიულ ლექსიკონში) წარმოდგენილია, როგორც შემარბილებელი ფაქტორი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ზონდერების გამართლება. ალბათ, ლოგიკური იქნება, “ქართულმა ოცნებამ” ეს ტერმინი კანონში გადაიტანოს და ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი თუ ილონა თოდუა ამა და ამ დროს ზომბირებული იყვნენ და ეს მათ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. შეუძლიათ, ცნობაც მისცენ: “2003-2012 წლებში ზომბი იყო” _ ხელმოწერა, ბეჭედი. გიჟი თავისუფალია, ზომბიც თავისუფალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ იკავებენ ეს ადამიანები მაღალ პოზიციებს სასამართლო სისტემაში.
ლუკა ნემსაძე