Home რუბრიკები ისტორია ზემელი

ზემელი

3726
ზემელი

რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხეს დღემდე ზემელად მოიხსენიებენ, მაგრამ ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, ვინ იყო ზემელი. ევგენი ზემელი აფთიაქარი გახლდათ. მისი ჰომეოპათიური აფთიაქი ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა. არსებობს მცდარი ვერსია, რომ თითქოს ეს აფთიაქი მელიქაზარიანცისშემოსავლიანი სახლისპირველ სართულზე იყო განთავსებული.

XIX საუკუნის თბილისში სააფთიაქო ბიზნესით, ძირითადად, გერმანელები იყვნენ დაკავებულნი: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები. ზემელსა და ოტენს სამი აფთიაქი ეკუთვნოდათ, სულ კი 1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: ზემელის აფთიაქი!”.

XX საუკუნის 70-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, მაგრამ სახელი “ზემელი” ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

“თბილისი პლანეტის მართლაც ორიგინალური ქალაქი, ყოველთვის იყო მეგობრობის, ძმობის, სიყვარულის სიმბოლო და ასეთად რჩება იგი ყოველი კეთილი სტუმრის მოგონებაში”, _ ვკითხულობთ მამია ჩორგოლაშვილის წიგნშიმთწმინდა”, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა დროს თბილისში სტუმრად ჩამოსული არაერთი უცხოელის შთაბეჭდილებები.

რად ღირს თუნდაც XX საუკუნის ცნობილი რუსი პოეტის _ ევგენი ევტუშენკოს ეს გულწრფელი სიტყვები:

ვიცი, რუსად რომ

არ ვშობილიყავ,

ქართველ კაცობას

ვარჩევდი ქვეყნად!”

თბილისის სილამაზით მოხიბლული ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი საქართველოს დედაქალაქს გულისტკივილით ეთხოვება და იმედს გამოთქვამს, რომ იგი კვლავ ეწვევა ამ მომაჯადოებელ ქალაქს, რამეთუ მას მტკვრის წყალი დაულევია. ეს კი, მისი აზრით, საკმარისია ნატვრის ასასრულებლად. “ვიქტორიის” ავტორი წერდა: მაშ, ეს არის თბილისი, ქალაქი, რომელზეც მრავალ რუს პოეტს დაუწერია და სადაც ბევრი რუსული რომანის მოქმედება თამაშდებაეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქმალე ჩვენ ამ ქვეყნიდან წავალთ, მაგრამ მუდამ მექნება უკან დაბრუნების ნატვრა, მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია”.

ძველ თბილისზე საყურადღებო მოგონებები შემოგვინახეს რუსმა მწერლებმა, ხელოვნების მოღვაწეებმა, მოგზაურებმა.

აი რამდენიმე ჩანაწერიც:

ევგენი მარკოვი:

“თბილისი ყოველ შემთხვევაში არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი არამც თუ რუსეთის იმპერიაში, არამედ მთელს ევროპაში. კიევისა და ნოვგოროდის სიძველენი ახალგაზრდაა თბილისზე მთელი ასეული წლებით”.

ვასილი სიდოროვი:

“ქუჩებში ცხოვრება გამოჩნდა და მე ვიგრძენი დიდი ქალაქის მაჯისცემა. საღამოვდებოდა, ყველგან ანთებდნენ ფარნებს. დიახ, ეს იყო ტფილისი, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ორიგინალური ქალაქი. მე ყოველთვის ვოცნებობდი, ერთხელ კიდევ მოვხვედრილიყავი ამ კურიოზულ, ჭრელ, საქართველოს ძველ დედაქალაქში, დედაქალაქში, რომელსაც მე გადავყავდი ზღაპრების სამყაროში _ ათას ერთი ღამიდან “სინდბად მეზღვაურისა” და “ალადინის ლამპრის ზღაპრებში”.

კონსტანტინე პაუსტოვსკი:

“ამ შუქმა და ჰაერის ყინულივით ბრწყინვა-ციმციმმა შემიქმნეს სწორედ პირველი შთაბეჭდილება თბილისზე; როგორც იდუმალებით მოცულ და ხალისიან ქალაქზე. წამით ისიც კი ვთქვი გულში: თბილისი აღმოსავლეთის ფლორენცია ყოფილა-მეთქი. იმხანად რუსეთის უკვე მრავალ ადგილსა და ქალაქს ვიცნობდი. ზოგიერთ ქალაქს დატყვევებულიც ვყავდი თავისი ეშხითა და შნოთი, მაგრამ არასოდეს თვალით არ მენახა ისეთი დაქსაქსული, ჭრელი, თანაც ლაღი და უმშვენიერესი ქალაქი, როგორიც თბილისი იყო”.

იაკობ პოლონსკი თბილისით მოხიბლული ლექსების ციკლს უძღვნის საქართველოს დედაქალაქს:

როგორ დავიწყო? ვხეტიალობ ზევით, ხან _ ქვევით,

მაგრამ არ ვიცი, თუ სადა ვარ, ვეღარ ვერკვევი,

ვხედავ, თბილისი ქალაქია ორგინალური

ან კიდევ:

უნდა თბილისში თვით ცხოვრობდე, გიყვარდეს, გძულდეს

და მოკრძალებით, დაკვირვებით წვრთნიდე გონებას,

ან დაელოდო სანეტარო ზეშთაგონებას

გენიალური რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, რომელიც თბილისს 1886 წლის აპრილში ესტუმრა, შთაბეჭდილებებით სავსე წერილს უგზავნის მ. ი. ჩაიკოვსკაიას. იგი სწერდა: ვიყავი მამადავითის მონასტერში, აქ დაკრძალულია გრიბოედოვი. აქედან თბილისის მომხიბლავი ხედი იშლებაქალაქი საოცრად ლამაზია. ბაღებში (ისევე, როგორც რომში, შევხვდი მხოლოდ მწვანე მცენარეებს) თავს გაწონებთ ყვავილთა ჯარიმთავარ ქუჩებზე სიცოცხლე დუღს. მდიდრული მაღაზიები ეროვნული სურნელით გათრობთქალაქი ძალზე საინტერესო და ორიგინალურიასაერთოდ, თბილისზე პირველი შთაბეჭდილება უაღრესად სასიამოვნოა”.

დიახ, თბილისი მართლაც, რომ პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი და ორიგინალური ქალაქია.

არაბი პოეტი რიზკალაჰ ჰასუნი წერდა:

დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,

აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან, ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად

_ “ტფილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია”.

ასეთი თბილი სიტყვების შემდეგ მოდი და გაამტყუნე გრიგოლ ორბელიანი, კადნიერება როგორ გამოიჩინა და მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს თბილისი როგორ არჩიაო. გრიგოლ ორბელიანმა ხომ თქვა: კაცს ყველგან შეუძლია იყოს, თუნდა იაპონიაში, თუნდ შვეიცარიაში, თუნდ ინგლისში, მაგრამ ცხოვრებით კი მარტო თბილისში უნდა იცხოვროსო”.

ფრანგი მოგზაური და ნეგოციანტი ჟან შარდენი თავის მოგონებების წიგნში ყველაფერს შეეხო, აღუწერელი არც ქართველი ქალების სილამაზე დარჩენია:

“თბილისი… ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია… საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული… თბილისში რამდენიმე ლამაზი საკრებულო შენობაა, ბაზრები, ე. ი. სავაჭრო ადგილები, არის დიდი ქვით ნაშენი და კარგად მოვლილი. ასეთივეა ქარვასლებიც, უცხოელების საცხოვრებელი ადგილები… თბილისის გარეუბნებს მრავალი სალაღობო სახლი და საუცხოო ბაღი ამშვენებს. ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია, ვთქვა _ მთელს ქვეყანაზედ. იქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვედრია. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია, თვალი მოჰკრათ იქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება, დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა”.

თბილისთან პირველმა ნაცნობობამ მოაჯადოვა დიდი ფრანგი რომანისტი “გრაფ მონტე-კრისტოს” ავტორი ალექსანდრე დიუმა:

“ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, _ იგონებს ა. დიუმა, _ როცა ჩვენმა მეეტლემ ერთი მთის წვერიდან დაგვანახვა მოლურჯო ორთქლი და გვითხრა: _ აი, თბილისიც.

ისე გამიკვირდა, თითქოს ვისმეს ეთქვას, “აი, სატურნი ან აი, მერკურიო”. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისი ისეთი პლანეტაა, რომელსაც ვერასდროს ვეღარ მივაღწევთ, მითუმეტეს, არაფერი გვაუწყებდა, თუ რომელიმე  ქალაქს და განსაკუთრებით დედაქალაქს ვუახლოვდებოდით… ნუთუ ეს თბილისია, ეს ქართული სამოთხე, რომელსაც ამდენხანს ველოდით, მხოლოდ ოცნებაში დარჩა? _ ამოვიოხრეთ უნებურად, მაგრამ, აი, უეცრად სიხარულისგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უფსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი. მთის ფერდობზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, თავისი სახლებით მსგავსი დაწიოკებული ჩიტების გუნდისა, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ. ყოველ ნაბიჯზე აღტაცებული შეძახილები ისმოდა:

_ აქეთ მოიხედეთ!.. იმ კაცს შეხედეთ! აგერ ხიდი!.. ციხე! იქით, იქით უყურეთ!..

უფრო იქით, უფრო შორს საუცხოო სანახაობა იშლებოდა. ჩვენ გადავიარეთ ხის ხიდი, რომელიც ვერ გავიგე, როგორ ეკიდა სამოცი ფუტით მდინარეზე. როგორც იქნა, მივედით თბილისში. ახლა დანახულის მიხედვით, უკვე შეგვეძლო, გვეთქვა, რომ თბილისი ამართლებდა ჩვენს მიერ შექმნილ წარმოდჰგენას”.

მოგზაურნი თბილისს მსოფლიოს დედაქალაქად წოდებულ პარიზს ადარებდნენ.

ფრანგი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა:

მაღლიდან (.. მთაწმინდიდან _ . .) ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია. ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულ პარიჟსმეთქი”.

რიგ მოგზაურებს თბილისის კოლორიტი, ტრადიციები, ლამაზი ქალები ხიბლავდა, ზოგსაც _ მისი ეკონომიკა. სწორედ ამ პოზიციდან აღიქვეს იგი საფრანგეთის კაპიტალის აგენტებმა. ერთ-ერთი მათგანი, პესიონელი შენიშნავდა: “გავსინჯოთ ქალაქ თბილისის მდებარეობა… ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის ყველაზე მოხერხებული ადგილი სპარსეთთან შავი ზღვით ვაჭრობის მიზნით… ეს გზა იქნება ყველაზე მოკლე და ნაკლები ხარჯების მომცემი… თბილისის მდებარეობა ხდის მას სპარსეთის ყველა ქალაქის კლიტე-გასაღებად”.

საფრანგეთის კონსულს _ გამბას ასეთი აზრი ჰქონდა თბილისზე: “თბილისში ერთსა და იმავე დღეს მოდიან სოვდაგრები პარიზიდან, შიკრიკები _ პეტერბურგიდან, ვაჭრები _ კონსტანტინეპოლიდან, ინგლისელები _ კალკუტასა და მადრასიდან, სომხები _ სმირნასა და ეზდიდან და უზბეკები _ ბუხარიდან. ასე რომ, ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს საკვანძო ადგილად ევროპასა და აზიას შორის”.

თბილსის ყოფასა და კულტურაზე ბევრი კარგი დაწერილა, მაგრამ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში გვხვდება გულდასაწყვეტი სტრიქონებიც, ისინი მტრისგან აოხრებულ თბილისს ახსენებს მკითხველს. ასეთი თბილისი უნახავს ამბრაზიო კონტარინის: “ტფილისი წინად სახელგანთქმული იყო თავისის სიდიდით და ამჟამად კი დაცემულია, მაგრამ ქალაქის ის უბნები, რომლებიც აოხრებას გადარჩენია, ეხლაც კარგად არის დასახლებული”.

თბილისის სილამაზით მოხიბლული ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი  საქართველოს დედაქალაქს გულისტკივილით ეთხოვება და იმედს გამოთქვამს, რომ იგი კვლავ ეწვევა ამ მომაჯადოებელ ქალაქს, რამეთუ მას მტკვრის წყალი დაულევია. ეს კი, მისი აზრით, საკმარისია ნატვრის ასასრულებლად. “ვიქტორიის” ავტორი წერდა: მაშ, ეს არის თბილისი, ქალაქი, რომელზედაც მრავალ რუს პოეტს დაუწერია და სადაც ბევრი რუსული რომანის მოქმედება თამაშდებაეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქმალე ჩვენ ამ ქვეყნიდან წავალთ, მაგრამ მუდამ მექნება უკან დაბრუნების ნატვრა, მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია”.

თბილისი სტუმრებს მარტო ტრადიციებით, ისტორიული ძეგლებითა და კულტურით როდი ხიბლავდა. ქართველი კაცის ბუნება, სტუმართმოყვარეობა, შემართება ყოველთვის იყო მეგობრობის, სიახლოვის ის წყარო, რომელიც საუკუნეების მანძილზე უშრეტად მოედინება ქართული მიწიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here