იბადებოდა ქვეყნის სიცოცხლე,
თითქოს იმ აკვანს ფესვით მიება,
იბადებოდა ქალდეველ მონის
რომის პლებეის შურისძიება.
გიორგი ლეონიძე
დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთა შორის გავრცელებულია რწმენა, რომ დიდი ეროვნული გმირები თუ მთავარსარდლები კი არ კვდებიან, არამედ სიცოცხლეს აჩრდილისამებრ განაგრძობენ იმისთვის, რომ, როცა ცოცხალ თაობებს გაუჭირდებათ, დახმარება გაუწიონ სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მართალია ვაჟა: “ცოცხლების მისაშველებლად მკვდრებიდან გამოყოფილნი”.
დღეს ქართველი ერი ფარულად თუ ხილულად დიდ რუს ხალხთან ერთად მოიხმობს ჩვენს დიდ წინაპრებს, რათა მხარში ამოგვიდგნენ და მხნეობა შეგვმატონ მორალური თუ ფიზიკური ბრძოლის ფრონტზე. ჩვენი დიდი წინაპრები იმიტომ ვახსენე, რომ შევადაროთ ჩვენი ბოლო გმირი წინაპარი იმ გმირებს, რომლებიც მეფის შთამომავლები იყვნენ, ჰქონდათ ტახტი და ჰქონდათ სახელმწიფო ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმული. ჩვენს ბოლო გმირს არ ჰქონდა არაფერი, არათუ სამეფო, არამედ დასაწოლი ტახტიც კი. მშიერ-მწყურვალს, ათი წლის განმავლობაში ტუსაღსა და დევნილს განგებამ მისცა საშუალება, რომ 30 წლის განმავლობაში ხელში სჭეროდა დედამიწის სფერო ზღვითა და ხმელეთით, ამიტომ მოვიყვან მისი და მისი წინაპრების გავლენისა და ძალის დემონსტრირების უამრავ მაგალითს. როდემდე უნდა ვიყოთ სიბნელეში? როდემდე უნდა გვჯეროდეს მტრებისა და ჯადოქარ მასონთა ზღაპრების?
ორ ზღვას შუა, ორი რელიგიის გამძვინვარებულ ტალღებს შორის, ხან ღრმად იძირებოდა და ხან კი ამოტივტივდებოდა ოდითგანვე ზღაპრულ ქვეყნად აღქმული, ზოგჯერ ფრთაშეკვეცილი, ზოგჯერ კი ფრთაგაშლილი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო”. ოვსთა და ჰუნთა მიერ აოხრებული საქართველო 8 წლის მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხელში აღმოჩნდა და ქვეყანას, ფაქტობრივად, დედამისი საგდუხტი განაგებდა. მერე ყმაწვილი ვახტანგი თავისი ჯარით შაჰინშაჰ ჰეროზს მიჰგვარეს ჰუნებთან დაწყებულ ომებში მისახმარებლად. ვახტანგ გორგასალი საქართველოში 446 წელს დაბრუნდა საქართველოში ჰუნ-სარაგურთა და სხვა ჩრდილო-კავკასიელ მომთაბარე ტომთა შემოსევის გამო. მეფემ ხმლის უბადლო ქნევით გაარღვია კავკასიონის კლდე-კარი და დაამარცხა ოსთა დიდი ლაშქარი. მან დარიალის ხეობა მტკიცედ ჩარაზა, რასაც მოჰყვა საქართველოს საშინაო საქმეების დაწყობა-მოწესრიგება. სწორუპოვარ ვახტანგ მეფეს ლექსი მიუძღვნა ხალხმა:
“ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
მთიდან ჩამოესმა რეკვა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა”.
გაიხარა მამის სულმა იმ ქვეყნად, როდესაც მისმა შვილმა ქვეყანა შეჰკრა და გააერთიანა. საქართველო გააერთიანა ძალამ, გამბედაობამ და სამართლიანობამ. დიდხანს არ გაგრძელებულა ვახტანგ მეფის შემდეგ საქართველოს გაფართოება–აღმშენებლობა, მაგრამ ვახტანგ მეფის სახელი, 15 საუკუნეა, მოჰყვება საქართველოს გვირგვინად _ ძალისა და ძლიერების სიმბოლოდ.
ვახტანგ ორგასლის ზეობიდან 5 საუკუნის შემდეგ საქართველოს სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გიორგი II გადააყენეს, მისი ადგილი მისმა ძემ _ დავით IV-მ დაიკავა “ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმა სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღვთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით” (აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ისტორია, ტომი II, თავი მე-15, გვ. 332).
დავითმა რკინის ხელით გააერთიანა ურჩი ფეოდალები და მოსპო ქვეყანაში მოთარეშე თურქ-სელჩუკთა რაზმები, რომელთა გამოც დაცლილი იყო ქალაქები და სოფლები _ მოსახლეობა მთებსა და ტყეებში იყო გახიზნული. ქვეყანამ სიმშვიდე დაიბრუნა და დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. სწორედ დავითმა თავისი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათით ჩაუყარა საძირკველი საქართველოში ოქროს ხანას. დღესაც, 9 საუკუნის შემდეგ, საქართველოს მთებსა და ველებს ატყვია დიდი დავითის ნატერფალი.
დავითი ებრძოდა არა რომელიმე ერთ ქვეყანასა და ერთ მტერს, არამედ ქრისტიანობისა და კავკასიის წინააღმდეგ მებრძოლ უზარმაზარ კოალიციას, რისთვისაც ამ ბრძოლას მტერმაც და მოყვარემაც “ბრძოლაი საკვირველი” უწოდეს.
“დიდგორის ბრძოლის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი იყო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოდან თურქ–სელჩუკების განდევნა, დამოუკიდებელი ქალაქების დამორჩილებისათვის წარმატებული ბრძოლა და შექმნილი საგარეო ვითარება, რომელიც აიძულებდა მუსლიმური სამყაროს მესვეურთ, ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს სახით თავიანთი დიდი მტერი დაენახათ და ერთად შეკავშირებულთ სამკვდრო–სასიცოცხლო ომი გამოეცხადებინათ “ (აკადემიკოსი როინ მეტრეველი,საქართველოს ისტორია, ტომი II, თავი მე-16, გვ. 362).
გიორგი III-ის ცოლი ოსთა მეფის, ხუნდანის, ასული ბურდუხანი იყო. ეს გიორგის პოლიტიკური წინდახედულება გახლდათ: კავშირ-ურთიერთობა განემტკიცებინა ჩრდილოელ მეზობელთან. გიორგისა და ბურდუხანს გარკვეული ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, რაც ძლიერ აწუხებდათ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერი დროც დაუდგათ და მეფის ოჯახში ქალიშვილი დაიბადა _ უნაკლო და მშვენიერი. მეფე გიორგის დიდი გავლენა ჰქონდა თავის ქვეყანაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. მისი ავტორიტეტი დიდად ეხმარებოდა ქვეყნის აღმშენებლობას. ქალიშვილს მემკვიდრედ ზრდიდა და ასწავლიდა ქვეყნის მართვა-გამგებლობას. მეფემ ის თავის სიცოცხლეშივე აკურთხა მეფედ და თამარი 5 წლის განმავლობაში ინაწილებდა მეფის მოვალეობას მამასთან ერთად. 1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. “ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა”. მამის სიკვდილი თამარს თბილისში, ისნის ციხესიმაგრეში შეატყობინეს. გლოვითა და დიდი მწუხარებით დამარხეს მცხეთაში და იმავე წელს გადაასვენეს მეფეთა ტრადიციულ საძვალეთში _ გელათში.
დიდგვაროვანი ფეოდალები, რომლებსაც გიორგი III-ის სიცოცხლეშიც არ მოსწონდათ თამარის გამეფება, მეფის სიკვდილის შემდეგ პრინციპულად მოითხოვდნენ თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიის განმეორებით ჩატარებას _ ფეოდალებს ბოროტი განზრახვის აღსრულება ეწადათ. საკმაოდ ნიჭიერმა და გამოცდილმა, მაგრამ ყმაწვილმა ქალმა ბრწყინვალედ გაართვა თავი გვირგვინის განმეორებით დადგმას და მეფედ კურთხევის ცერემონიამ გართულების გარეშე ჩაიარა. თამარის მეფობის პერიოდში კიდევ უფრო განმტკიცდა ქვეყნის ძლიერება. თამარის სახელთანაა დაკავშირებული რუქნადინთან ბასიანის საარაკო ბრძოლა, რომელიც, საუკუნეებია, დიდების შარავანდედად მოჰყვება საქართველოსა და თამარის სახელს. XI-XII საუკუნეებში ქართველი ერის გაერთიანებასა და ერთი ძლიერი ფეოდალური მონარქიის შექმნას ხელი შეუწყო არა მხოლოდ მისი მთავარი შემადგენელი ეთნიკური ელემენტების სისხლით ნათესაობამ და ბაგრატიონთა დინასტიისა და მღვდელმსახურების შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ, არამედ იმანაც, რომ კოლხეთსა და იბერიაში ძლიერი იყო ხმელთაშუა ზღვის აუზიდან მომდინარე კულტურის ტრადიციები. ამ ტრადიციების ჯაჭვის თავი იკარგება იმ ეპოქაში, რომელშიც არგონავტებისა და პრომეთეს მითები შეიქმნა და როდესაც რიონისა და ჭოროხის ხეობებში და შავი ზღვის სანაპიროებზე წინააზიელი ბერძნების ახალშენები გაჩნდა.
ბოლო წლებში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ბრწყინვალე ნივთების მზის სინათლეზე გამოტანამ, რომლებზეც არა მხოლოდ მითოლოგიური სიუჟეტები და პერსონაჟები არიან გამოხატულნი, არამედ იბერიისა და კოლხეთის პიტიახშების პორტრეტებსაც ვხედავთ, ცხადყო, რომ წინაისტორიული პერიოდიდან მომავალი კულტურული ტრადიციის ჯაჭვი არ შეწყვეტილა ქართველი ერის ისტორიის გარიჟრაჟზეც. ეს ტრადიცია ძლიერდება IV-V საუკუნიდან, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა მკვიდრდებოდა და ქართველი ერი ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი აქტიური წევრი ხდებოდა. ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე არსებითად იმავე პოლიტიკის წარმოებას განაგრძობდნენ, რომელსაც რომის იმპერატორების მეგობარი იბერიელი მეფეები და ბიზანტიის ორიენტაციის კოლხი მეფები. ამ კულტურული ტრადიციების კალაპოტიდან ქართველი ერი ამოაგდო არა მისი ხელმძღვანელების პოლიტიკის შეცვლამ, არამედ საშინელმა საერთაშორისო კატასტროფამ, რომელიც გამოწვეული იყო სტიქიური სოციალური ძალებით, ხალხთა დაძვრით, ძველი იმპერიების დაშლითა და ახლის წარმოშობით. ჯერ ჩინგიზ–ყაენისა და თემურ–ლენგის ურდოების შემოსევის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დამხობისა და თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად საქართველო მოსწყდა იმ კულტურულ წრეს, რომელსაც მანამდე ეკუთვნოდა და დაემსგავსა განმარტოებულ კუნძულს, რომლის ნაპირებსაც მღელვარე ოკეანის ტალღები ეხეთქება. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან საქართველოს დიდი ფეოდალური მონარქია დანაწევრდა, კერძოდ, ქართლ–კახეთი ირანის პერიფერიად იქცა, უკანასკნელი გამოჩენილი ბაგრატიონები _ ალექსანდრე კახთა მეფე, თეიმურაზ I, ვახტანგ VI, ერეკლე II შეუპოვრად განაგრძობდნენ თავიანთი წინამორბედების პოლიტიკას. რუსეთთან დაახლოება მათთვის წინმიმავალი კულტურის წრეში დაბრუნებას ნიშნავდა. ამრიგად, ტრაგიკული გათიშვების მიუხედავად, ქართველი ხალხის პოლიტიკური ისტორია მრავალი საუკუნის განმავლობაში მოკლებული არ არის თანმიმდევრობას და საკმაოდ ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ძნელია მეორე ისტორიული გმირის დასახელება, რომელიც ქართველ ერს ისე უყვარდეს, როგორც ერეკლე II. რასაკვირველია, მისი არაჩვეულებრივი პოპულარობა მარტოდენ სტრატეგიული გენიით არ აიხსნება. ის აღჭურვილი იყო ზნეობრივი ვალდებულების შეგნებით, რომელიც დღესაც მისაბაძად უნდა ჩაითვალოს ჩვენთვის, ის იჩენდა გასაოცარ ინტერესს მეცნიერებისა და ტექნიკისადმი, მოულოდნელს ფეოდალური წეს-წყობილების მიჯნაზე მდგომი ადამიანისათვის. ის დაჯილდოებული იყო სწორი პოლიტიკური ალღოთი, რომლითაც არანაკლებ შეუწყო ხელი ქართველი ერის გადარჩენას, ვიდრე თავისი ხმლით.
ახლა კი გადავიდეთ ქართველთა ბოლო გმირზე, იოსებ ჯუღაშვილსა და მის წინაპრებზე.
ჯუღაშვილების გვარი ქართულია და იგი დასაბამს იღებს საუკუნეების სიღრმიდან. მთიულების შეიარაღებული აჯანყების მეთაურად სწორედ ზაზა ჯუღაშვილია მოხსენიებული. მემატიანე იმასაც გვამცნობს, რომ ზაზა ჯუღაშვილი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა აღმოსავლეთის მთიანეთში. იყო კრწანისის ბრძოლის გმირი და ერთადერთი დასაყრდენი მეფე ერეკლეს შვილის _ იულონის მებრძოლთა შორის. მთიელთა აჯანყების ჩასახშობად მეფისნაცვალმა, გენერალმა კარლ კნორინგმა 1802 წლის 19 თებერვალს სიმონოვიჩს უბრძანა, აჯანყების ჩასახშობად ექსპედიცია წაეყვანა ლიახვის ხეობის ასაოხრებლად. სიმონოვიჩმა მოლაპარაკებებით დაიწყო ხეობაში შესვლა და ზაზა ჯუღაშვილს შუამავლად კუდააზნაური მიუგზავნა. ქართლის სოფლები ზაზა ჯუღაშვილს უკვე ტყეში ჰყავდა გახიზნული და სიმონოვიჩს დაუმორჩილებლობა შეუთვალა. გაბრაზებულმა სიმონოვიჩმა ჯავის ზემოთ გადაინაცვლა და ჯარი საომრად გააწყო.
ზაზა ჯუღაშვილმა პირველივე შეტაკებაში სიმონოვიჩს მწარე დამარცხება აგემა და იქიდან ქუდმოგლეჯილი უკან გააქცია. სიმონოვიჩმა სასწრაფოდ კაცი აფრინა მეფისნაცვალთან ძალების მოსაშველებლად. მეფისნაცვალმა არ დააყოვნა და დიდი ძალები გაგზავნა ლიახვის ხეობაში. ღალატით თუ უთანასწორო ძალთა თანაფარდობით გატეხეს მთიელთა აჯანყების ხერხემალი, ზაზა ჯუღაშვილი ტყვედ აიყვანეს და ანანურის ციხეში გამოკეტეს. არ არის ცნობა იმის შესახებ, რამდენ ხანს იმყოფებოდა ზაზა ჯუღაშვილი ანანურის ციხეში, მაგრამ ჟამთაღმწერელი გვამცნობს, რომ 1804 წელს ზაზა ჯუღაშვილი კვლავ გამოჩნდა ლიახვის ხეობაში.
1807 წელს ზაზა ჯუღაშვილის დიდი ოჯახი გაიყო და მისი ერთი შვილი, გიორგი, მამის რჩევით, დიდ ლილოში დასახლდა. გიორგის ოჯახის მონახულების შემდეგ ლილოსკენ დაიძრა ჯუღაშვილების გვარი და ნათესაობა.
გოდერძაულები (გოდერძიშვილები) ფშავიდან არიან, დუშეთის რაიონის სოფელ ახაწიდან, ანუ შუაფხოდან. ახმეტის რაიონის სოფელ ინძეთიდან წამოვიდნენ ჯუღაშვილების სისხლით ნათესავები: ხელაშვილები, გორელაშვილები, ჭროლაშვილები, ბეროშვილები, კულალაშვილები, ღარიბაშვილები (ზოგიერთი სომხებად რომ აღიქვამს ღარიბაშვილების გვარს _ გრ. ონიანი), ბურქვალიშვილები. ჯუღაშვილების ბიძაშვილები არიან ტურაშვილები, ახმეტის რაიონის სოფელ მატანიდან. ოჯახის უფროსი ივანე ჯუღაშვილი (ბესოს მამა) შვილებთან ერთად მყარად დასახლდა სოფელ ლილოში. ლილოში გადმოსახლებული ივანე ჯუღაშვილი თავს იწონებდა თავისი პაპის, ზაზა ჯუღაშვილის, სახელით და სოფლის მოსახლეობაც დიდ პატივს მიაგებდა, როგორც ივანეს, ასევე მისი პაპის ხსოვნას, როგორც მთიელთა აჯანყების ერთ-ერთ სახელოვან მეთაურს.
15 წლის ბესო დიდი ლილოდან ქალაქში ჩავიდა და სრულიად შემთხვევით გრიგოლ ორბელიანთან შესახვედრად გამოსულ ამბოხებულ ბრბოში გაერია. ხმაურისა და შეძახილების ფონზე ქვების სროლაც მოჰყვა ჟანდარმერიის მიმართულებით. ამბოხებულების ერთი ჯგუფი ძველი სახლების ერთ კუთხეში მიიმწყვდიეს და მათრახებით სცემეს, ბოლოს კი მეტეხის ციხეში შეყარეს. ერთ კვირას აყურყუტეს ბესარიონ ჯუღაშვილი მეტეხის ციხეში, შემდეგ კი, როგორც მცირეწლოვანი, გაათავისუფლეს. ციხის მესაკნე პეტრე ხარაზი, რომელიც ადელხანოვის ქარხანაში მუშაობდა, დაჰპირდა, რომ მასაც მოაწყობდა სამაუშაოდ. პეტრემ დანაპირები შეასრულა _ ბესო ძმებ ადელხანოვებთან მიიყვანა და უშუამდგომლა, სამსახურში აეყვანათ. ბესო შეგირდად მიიღეს, მაგრამ მისმა სიბეჯითემ და სპეციალობის ხარისხიანად და სწრაფად ათვისებამ მალე ქარგლად აქცია. ბევრ მუშას არ მოწონდა ბესოს საქმისადმი ასეთი ერთგულება და ბეჯითი შრომა, რადგან სხვებისგანაც ბესოს მსგავს ბეჯითობას მოითხოვდნენ. ერთხელ ადელხანოვების ქარხანაში მოხდა ბუნტი. ზოგიერთმა შურიანმა მუშამ ხელი ბესოს დაადო, როგორც ბუნტის წამომწყებს, და კიდევ ერთხელ უკრეს თავი მეტეხის ციხეში. საქმის გარჩევისას ქალაქის თავმა ბესოს თბილისში ცხოვრება აუკრძალა და სხვა ქალაქში გადასახლება უბრძანა _ ეს ქალაქი იყო გორი. ბესო ჯუღაშვილი ჟანდარმერიამ გორში ჩაიყვანა და პოლიციის უფროს გაბუნიას ჩააბარა. როგორც ბოროტს, კეთილსაც რა გამოლევს ამ ქვეყანაზე და, ვიღაცის დახმარებით, ახალგაზრდა ბესოს მოუხსნეს ზედამხედველობა და სახელოსნოში მოაწყვეს სამუშაოდ. ასე მოხვდა სრულიად ახალგაზრდა ბესო ჯუღაშვილი დიდი ლილოდან ქალაქ გორში. მკითხველისთვის ასევე საინტერესო იქნება, საიდან მოხვდა სტალინის დედის, გელაძეების ოჯახი, გორში.
ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის მონათხრობიდან ცნობილია, რომ მისი მამა _ გიორგი გელაძე ამილახვრიანთა შინაყმა ყოფილა სოფელ სვენეთიდან (გორთან ახლოს). უკვე დავაჟკაცებულ გიორგის მოსწონებია და ცოლობა შეუთავაზებია ბატონიანთ კნეინას მოახლე მელანოსთვის, სოფელ ფლავიდან (გორის რაიონი). ბატონი დიდად განრისხებულა შინაყმის ასეთი “თავხედობით” და გიორგის პირველი ღამის უფლებით დამუქრებია. მეორე ღამით გიორგი და მელანო ლიახვის ხეობის ქისტეთის გზას დადგომიან და მალე ჩასულან ქისტების სოფელში. ქისტებს დიდად გახარებიათ ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმრის გამოჩენა და ყველას თავისი წილი გაუღია ახალგაზრდა წყვილის ნორმალურად დასაბინავებლად. გიორგისა და მელანოს ბედნიერი ოჯახი შეუქმნიათ.
მელანო დიდად კმაყოფილი ყოფილა ქმრით და პატარა სოფელში ცხოვრების გაგრძელებასაც ფიქრობდა, მაგრამ სულ სხვა აზრი უტრიალებდა თავში გიორგის. სამ წელს გასტანა გიორგისა დ მელანოს ცხოვრებამ ქისტების სოფელში. გიორგიმ კარგად აითვისა მეთუნეობა, შესანიშნავი ჯამ-ჭურჭლით ამარაგებდა სოფელს. სოფელმაც უფრო შეიყვარა გამრჯე ქართველი. სამი წლის შემდეგ, დიდად მადლიერმა, აიყარა გუდა-ნაბადი და მეუღლესთან ერთად გზას ისევ უკან დაადგა. გორში ჩასულმა გარეუბანს მიაშურა და საცხოვრებლად უვარგის ადგილას, ღამბარეულში, პატარა ქოხში დაიდო ბინა. გიორგისთვის ხელსაყრელი იმით იყო ღამბარეული, რომ იქ უხვად მოიპოვებოდა მისთვის ესოდენ საჭირო ნედლეული _ აყალო მიწა. გამრჯე კაცი უმალ შეუდგა მუშაობას და საქმეც წარმატებით წაიყვანა. გიორგიმ წვერი მოუშვა, სახელი შეიცვალა და მეზობლებს გლახოდ გაეცნო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ძველ მეპატრონეს არ ეცნო.
გლახო სამი შვილის მამა გახდა. უფროს შვილებს _ გიოსა და სანდალას _ თავისი ხელობა შეასწავლა და ოჯახმაც სწრაფად დაიწყო წინსვლა. ნებიერად იზრდებოდა უმცროსი ქალიშვილი ეკატერინე, რომელსაც პატარაობიდან კეკეს ეძახდნენ. ოჯახმა კეკესთვის სწავლა-განათლების მიცემა გადაწყვიტა და ურმით ქალაქში გამოამგზავრა. გზაზე კეკე ურმიდან გადმოვარდა. გიორგიმ შემთხვევა ღვთის ნებად აღიქვა და კეკე შინ მოაბრუნა. შემდგომ მის განათლებაზე არავის უზრუნია.
1864 წლის 8 ნოემბერს ღამბარეულში, გელაძეების პატარა ქოხში გაზაფხულის მზემ შეანათა. ზეიმისა და სიხარულის ხმები აყრუებდა არე-მარეს. ხალხი ბატონყმობის გადაგდებს ულოცავდა ერთმანეთს. გიომ და სანდალამ ურემი მოაჩარდახეს, შიგ თავიანთი ავლა-დიდება ჩააწყვეს, ჩასვეს დედა, კეკე და გორისკენ გაემგზავრნენ უშიშრად. გორში არტილერიის მოედანთან ზღვა ხალხმა გადაადგილების საშუალება არ მისცა ურემს. სხვადასხვა ვიწრო გზებით მოახერხეს ძმებმა დანიშნულ ადგილამდე ურმის მიყვანა. საერთო ზეიმს გიორგისა და სანდალას ოჯახიც შეუერთდა.
ზეიმში მონაწილეობდა ქალაქელი ხელოსნების ყაიდაზე გამოწყობილი პიროვნება, შავი ჩოხითა და ჩექმებით, ძეწკვით, კარტუზით, წინ გადმოწეული შუბლის ქვეშ მკვეთრი თვალები უელავდა, როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს. ეს ბესო ჯუღაშვილი იყო. როდესაც გოგონები საქანელაზე ქანაობდნენ, შემთხვევით იმ ადგილას ბესომ გაიარა. მან უმალვე “იცნო” თავისი რჩეული. ნუშისთვალება კეკეს თეთრი კაბა ეცვა, გრძელი შარფი შემოეხვია ყელზე. ქანაობისას შარფი ისე უფრიალებდა, როგორც პეპელას აბრეშუმივით ნაქსოვი ფრთები. კეკე კისკისებდა. ბესო გაშტერებული უყურებდა და ეგონა, კეკეს კბილების ელვარება სახეზე შუქს ჰფენდა. კეკემ უნებურად მოიხედა, მისი თვალები ანთებულ ჩირაღდნებს შეეფეთა და შეთრთოლდა, გაფითრდა და შურდულივით შინ გაიქცა.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)