2018 წლის 8 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “რუმსში” გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კვლევითი ორგანიზაცია Heritage Fundation–ის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ოფიციალურად შესთავაზეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ–ის ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები.
ორგანიზაცია Heritage Fundation -მა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის ავტორი ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა შეერთებული შტატების ინტერესებშია. ავტორი იქვე გამოდის იდეით, რომ საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და განიხილავს პირობას, რომლის მიხედვით კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად არ მოგვარდება. კოფი ასევე ამბობს: “საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე”.
თუ ლუკ კოფი მანამდე წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კულუარებში სიხარულით აცხადებენ თანხმობას საქართველოს ნატოში დაკარგული ტერიტორიების გარეშე შესვლაზე, დღეს ამაზე საჯაროდ ლაპარაკობენ: საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ამერიკაში ვიზიტი ახლახან დაასრულა, განაცხადა: “ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს შესვლას ნატოში”.
“ქუდზე კაცი, ხელისუფლება ისტორიული ღალატისთვის ემზადება”, _ წერს აღშფოთებული საზოგადოება სოციალურ ქსელში, თუმცა დიდი გამოხმაურება აღნიშნულ საკითხზე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ ყოფილა, არც სატელევიზიო არხებს გაუშუქებიათ 8 თებერვლის შეხვედრა.
“შესაძლოა, ლუკ კოფის ინიციატივა საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდეს, აშშ-სა და თურქეთს შორის მდგომარეობა იქამდე იძაბება, რომ, არ არის გამორიცხული, თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის შეტაკებაც მოხდეს”, _ ასეთია ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდი.
გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია:
_ ამერიკის ინიციატივისადმი საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ სიფრთხილე გვმართებს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად არ ვუყურებ (წინააღმდეგ შემთხვევაში, 8 თებერვლის შეხვედრას დავესწრებოდი), ჩემი მოსაზრება მაქვს.
სირიაში დაპირისპირების მეორე ტალღა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები და მისი მომხრეები ერთობლივად უტევენ სირიელ ქურთებს. მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები და ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს დასახულ მიზანს. მეტსაც გეტყვით: სირიელმა ქურთებმა თურქეთის ინტერვენცია შეაფერხეს.
თურქეთს სურდა, სწრაფი ომის მეშვეობით დაეკავებინა აფრინის რაიონი და გადასულიყო მანბიჯის მიმართულებით. სწორედ აქ არის კონცენტრირებული სირიის დემოკრატიული ძალებისა და კომუნისტური პარტიის გაერთიანებული დაჯგუფება, ასევე აქ არიან დისლოცირებულნი სირიელი ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ფორმირებები, რომლებიც თურქეთის დაუძინებელი მტრები არიან, თურქეთი კი ჯერჯერობით საწადელს ვერ აღწევს.
ამასთანავე, სიტუაცია დაიძაბა ჯიჰადისტურ დაჯგუფება “ტაჰრირ აშ-შამის” გარშემოც. მას მხარს უჭერენ “ისლამური სახელმწიფოს” ნარჩენები, რომლებმაც დაიწყეს შეტევები რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. სწორედ მათ ჩამოაგდეს რუსული “სუ-25”; ასევე, განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა რუსეთის ჰუმანიტარულ მისიებზე. ეს ნიშნავს, რომ იქ უკვე ფრონტის მეორე ხაზი გაიხსნა.
დაიძაბა მდგომარეობა თურქეთსა და აშშ-ს შორისაც. მეტიც, პირდაპირ ითქვა, რომ, თუ მანბიჯში შევლენ თურქეთის შეიარაღებული ძალები (და ამის ალბათობა დიდია), ისინი არ მოერიდებიან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ლიკვიდაციას. ეს ამერიკისთვის არაფორმალური ომის გამოცხადებას ნიშნავს.
ვეჭვობ, რომ ლუკ კოფის ინიციატივა ნატოში საქართველოს შესვლის შესახებ სწორედ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
ამერიკისთვის თურქეთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, დღეს კი პრობლემები აქვთ ერთმანეთთან, ამიტომ საქართველო თურქეთის ალტერნატიული ვარიანტია ამერიკისთვის შავი ზღვისპირეთისა და კავკასიის მიმართულებით. კოფის ინიციატივას, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეს ნატოში, გეოპოლიტიკური მოტივაცია უდევს საფუძვლად.
_ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გამოდის, ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაერთიანება. რას იზამს ჩვენი ხელისუფლება?
_ ვარაუდი, რომელიც გამოვთქვი, რეალურია. ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ნატოში შესვლის ინიციატივა გამოთქვა, ძალიან გავლენიანია. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლებაც წინააღმდეგი არ არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შესვლის, მაგრამ ევროპამ, შესაძლოა, საქართველოს მწვანე არ აუნთოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენებმა დათმონ ტერიტორიები, წავიდნენ კომპრომისზე, დროებით გააჩერონ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის პირობები, ნიშნავს, აღიარონ ტერიტორიის რღვევა. ეს წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ “არაღიარების” პოლიტიკის ბერკეტების აღდგენას?
მიკვირს ამ საკითხისადმი საზოგადოების დაბალი აქტივობა; მიკვირს, რომ არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს ნატოში სოხუმსა და ცხინვალზე უარის თქმის სანაცვლოდ შესაძლო შესვლის საკითხს, ერთი აბზაციც კი არ დაწერილა 8 თებერვლის შეხვედრის შესახებ არც ერთ საინფორმაციო სააგენტოში. არ ვიცი, ეს რაზე მეტყველებს _ მალავენ ინფორმაციას თუ მნიშვნელოვნად არ თვლიან.
სამაგიეროდ, ჩემდა გასაკვირად, 8 თებერვლის შეხვედრის შემდეგ ამერიკის ელჩმა იან კელიმ გააკეთა საგულისხმო განცხადება, მან თქვა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
_ გამოდის, ეს საუბრები არაფერს ნიშნავს?
_ ამერიკაში მოქმედი ლობისტური დაჯგუფებებისგან მოდის ინიციატივა, რომლითაც ცდილობენ ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვას. ამერიკის პოლიტიკური სისტემა მორყეულია, ტრამპის მოსვლამ გახლიჩა პოლიტიკური ისტებლიშმენტი, პრეზიდენტი ექსტრავაგანტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც პოლიტიკას ხელს არ უწყობს.
“ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაერთიანებას ნატოში”, _ საქართველოს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება საკითხისადმი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დადებითად არ აისახება მის რეიტინგზე, ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ ეს მხოლოდ საუბრებია და არა ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი