სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვიდან მხოლოდ ერთი კვირა გვაშორებს, მაგრამ უკვე წამოვიდა ექო, რომელიც მოსალოდნელი იყო.
ეს არ არის ექო გლოვისა და გულისტკივილისა;
ეს არც ლოცვის ექოა, ღვთიური მადლით მოსილი პატრიარქის მიერ მიწიერი ცხოვრებიდან გასვლის აღსანიშნავად ერის მიერ ცად აღვლენილი;
არც მომავალზე საერთო ფიქრის ექოა ეს;
არც საეკლესიო გალობისა.
ეს პოლიტიკური გნიასისა და ღრიანცელის ექოა, რომელიც წამითაც არ ჩამცხრალა საყოველთაო ამაღლებული განწყობის ფონზე.
გალობის ექოდ ჯოჯოხეთის ხმაური გვიბრუნდება;
ლოცვის ექოდ – წყევლა და ანათემა;
გლოვისა და ტირილის ექოდ – დამცინავი ხითხითი;
ვედრების ექოდ – ქვეწარმავალთა სისინი;
იმედის ექოდ – არეულობისა და საეკლესიო განხეთქილების მსურველთა ყაყანი.
რადიოსადგური „თავისუფლების” კორესპონდენტის მასალაში ვკითხულობთ: „პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთობასა და ერთიანობის განცდაზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, მოკავშირეები და მისი მხარდამჭერები. ეს აქცენტი იყო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, სიტყვაშიც, რომელიც მან სამების ტაძარში წარმოთქვა: “ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას – მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს… წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის სულიერ შვილებად, შვილებად მოძღვრისა, რომელმაც, როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს – ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა”.
ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის ციტირების შემდეგ კორესპონდენტი გვეუბნება: „ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები – ცოლი, შვილი და რძალი, ტაძრის კართან ავტომანქანებით მივიდნენ. გრძელ რიგში დგომა არც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს მოუწიათ, რომელთა ნაწილიც, ასევე, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა სამების საკათედრო ტაძარში”.
ამ სიტყვებში „თავისუფლებისა” და მისი კორესპონდენტის პოზიცია გამოსჭვივის; ხომ ხედავთ, რა საძაგელი მთავრობა და მმართველი პარტია გვყავს, ისინი პატრიარქის დაკრძალვაზე გრძელი რიგის გავლით კი არ მივიდნენ, პირდაპირ ავტომანქანებით მისრიალდნენ.
„თავისუფლება” და მისი კორესპონდენტი, პარალელურად, ბოკუჩავას განცხადებაზე ამახვილებენ ყურადღებას: „23 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდა პარტიის სახელით ყოფილიყო სამების ტაძარში, მაგრამ, საპატრიარქოს თანხმობის მიუხედავად, უარი სახელმწიფო კომისიამ განაცხადა. ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ეს მძიმე დღეებიც კი საკუთარი პროპაგანდისა და ქულების დასაწერად გამოიყენა და ე.წ. ხელისუფლებამ ეს დღე არ გამოიყენა ერის გასამთლიანებლად და გასაერთიანებლად“.
ამის შემდეგ „თავისუფლება” და მისი კორესპონდენტი იმოწმებენ, როგორც ისინი უწოდებენ, თეოლოგსა და მთარგმნელს, ვინმე შოთა კინწურაშვილს, რომელიც ამბობს: „მართალია, ხელისუფალთაგან პოლიტიკური ქულების დაწერა არ მიკვირს, მაგრამ, რაც 22 მარტს მოხდა, უხერხულთან ერთად, უსამართლოც იყო. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ მოირგო, თითქოს მისი საკუთრება იყო მთლიანი დღე, მხოლოდ ისინი პოზიციონირებდნენ. თითქოს არ გვყოლია პოლიტიკური ძალა ან სხვა პოლიტიკური ხელისუფალი აქამომდე, რომელიც ეკლესიასთან თანამშრომლობდა… ეს ხომ ისტორიული მომენტია, ამას ხომ პირადი, მერკანტილური საზომებით არ უნდა მივუდგეთ?!“
„თავისუფლება” უფრო შორსაც მიდის და მასალის ერთ-ერთ ქვესათაურად გამოაქვს სიტყვები: „პატრიარქის მისაკუთრება”. მათი აზრით, მმართველმა პარტიამ გარდაცვლილი პატრიარქი მიისაკუთრა. გარდა იმისა, რომ, ქრისტიანული მორალის მიხედვით, ეს ნათქვამი მკრეხელობაა, ლოგიკის თვალსაზრისითაც სრული აბსურდია. რას ნიშნავს (ღმერთო, მომიტევე!) გარდაცვლილი პატრიარქის მისაკუთრება? პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას მთავრობა (ანუ მმართველი პარტია) არ უნდა დაესწროს? ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვაი-უშველებელს დაატრიალებდნენ ოპოზიცია და მათი საინფორმაციო საშუალებები, ეს ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ პატრიარქს უკანასკნელ გზაზე გაცილებისას განსაკუთრებული პატივი რაკი მიაგო, ოპოზიცია გაჰკივის, გარდაცვლილი პატრიარქი მიისაკუთრესო, რაც თურმე იმით გამოიხატა, რომ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გრძელი სახალხო რიგის გვერდის ავლით მივიდნენ. ე.ი. ჯერ ამბობენ, რომ მთავრობა რიგში უნდა ჩამდგარიყოო და იქვე აცხადებენ, რომ საშვები ჩვენთვისაც უნდა გამოეწერათო. ამათ საშვს თუ გამოუწერდნენ, საშვების სისტემა, მათი აზრით, ნორმალური (დემოკრატიული) მოვლენა იქნებოდა, მაგრამ, რაკი ეს არ გააკეთეს და საშვები მხოლოდ მთავრობამ გამოიყენა, ამ სისტემას უკვე მიუღებლად აცხადებენ. როდესაც, ათასობით ადამიანი კი არა, პრაქტიკულად ქვეყნის მთელი მოსახლეობა გამოთქვამს სურვილს, ერთ კონკრეტულ ტაძარში მოიყაროს თავი, მთავრობას ერთადერთი გზა რჩება (საშვით თუ საშვის გარეშე), საერთო რიგის გვერდის ავლით შევიდეს ტაძარში. სააკაშვილი თავისი უწმინდური სხეულით პატრირქის სავარძელში რომ ჩაეშვა (იმედია, გახსოვთ), ჰკითხეთ, როგორ შევიდა იმ დღეს ტაძარში – ხალხთან ერთად რიგში დგომით თუ მისთვის გვერდის ავლით? იმ დროს „თავისუფლებას” ეს შეკითხვა არ დაუსვამს, ახლა კი ძალიან შეუწუხებია იმას, რომ მთავრობის წევრები პატრიარქის დაკრძალვის დღეს თურმე მილიონიან რიგში არ მდგარან, რას ემსახურება „თავისუფლება” – დემოკრატიას თუ დემაგოგიას?!
ახლა ისიც ვიკითხოთ: დასავლეთის აგენტურა რატომ უნდა დასწრებოდა პატრიარქის გასვენების ცერემონიას, ვისთვის ან რისთვის უნდა მიეგოთ მათ პატივი – პატრიარქისთვის, რომლის ლანძღვისა და შეურაცხყოფის გარდა მთელი ცხოვრება არაფერი უკეთებიათ, თუ მართლმადიდებლობისთვის, რომლის დაუძინებელი მტრებიც არიან, როგორც სიტყვით, ასევე საქმით? რა მიზნით მიდიოდნენ იქ? სატანის მოციქულებს რა ესაქმებოდათ ქრისტიანულ ეკლესიაში?! თუკი ვინმეს სურდა (ღმერთო, ერთხელ კიდევ ვითხოვ პატიებას) გარდაცვლილი პატრიარქის მისაკუთრება, ეს სწორედ დასავლეთის აგენტურაა, რომლის მიერ იქ ნიანგის ცრემლის დაღვრა შეურაცხყოფა იქნებოდა არა მხოლოდ პატრიარქის ხსოვნის, არამედ ქართველი ხალხის უწმინდესი გრძნობებისა. „თავისუფლების” კორესპონდენტი მოსთქვამს: „და ვინ დაარიგა საშვები, ანუ ვინ გადაწყვიტა, ვინ დადგებოდა ტაძარში და ვინ ვერა? რადიო „თავისუფლებამ” განმარტებები ვერც საპატრიარქოში მიიღო და ვერც მთავრობის ადმინისტრაციაში”. სხვებისგან რაკი ვერ მიგიღიათ, მე განგიმარტავთ: აშშ-ში დიდი აგრესიაა დაგროვებული, რომელიც არასწორად ან მცდარად გაშუქებული ახალი ამბებით არის გამოწვეული. ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია ხალხის ნამდვილი მტერია. დაფინანსება უნდა შეუწყდეს „ამერიკის ხმასა” და რადიო „თავისუფლებას”. მათ უნდა შეწყვიტონ ღია და პირდაპირი მტრობა და ახალი ამბები სწორად და სამართლიანად გააშუქონ. ეს აგრესიასა და სიძულვილის თესვას დაასრულებს, ყალბი ინფორმაციის გავრცელება უნდა დამთავრდეს!
რადიო ,,თავისუფლების“ მესვეურებს გეკითხებით: ეთანხმებით ჩემს ამ განმარტებას და თქვენი საქმიანობის ამგვარ შეფასებას? თქვენი ნება რომ იყოს, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმებით, მაგრამ საქმე რთულად არის. ეს სიტყვები, რომლებიც შეგნებულად არ ჩავსვი წინწკლებში, მე კი არა, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოსთქვა. მართალია, თქვენ მსოფლიოში დიდი წივილ-კივილი ატეხეთ და სასამართლოშიც გაიქეცით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ იმსჯელა ან მომავალში როგორ იმსჯელებს ამერიკული სასამართლო. ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვენ (რადიო „თავისუფლებას”) ხალხის მტრები გიწოდათ. მიუხედავად ამისა, თქვენ მაუწყებლობას განაგრძობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის მტრობასაც განაგრძობთ. წადით ახლა და, სადაც თქვენს პრეზიდენტს უჩივლეთ, მეც იქ მიჩივლეთ. განაჩენს თქვენ, ამერიკული სასამართლო ან აშშ-ის პრეზიდენტი კი არა, ის აუდიტორია გამოგიტანთ, რომელსაც სამოცდაათ წელიწადზე მეტია, წამლავთ, ატყუებთ და შეურაცხყოფთ.
პროვოკატორი მედიასაშუალებები, პროვოკატორი პოლიტიკოსები, პროვოკატორი ასოები (არასამთავრობო ორგანიზაციები) და დასავლეთის მთელი აგენტურა გადართულია პატრიარქის არჩევნებისკენ და გაჰყვირის, რომ საქართველო იღუპება, ვინაიდან რუსეთისკენ ორიენტირებულ პატრიარქს ირჩევენო. მათ ის მუცლის გვრემა აქვთ, რომ ვაითუ ისეთი პატრიარქი მოვიდეს, რომელიც ილია მეორის გზის გამგრძელებელი ანუ მართლმადიდებელი რწმენის, კულტურისა და ტრადიციების დამცველი იქნება. მათ ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ხელში ჩაგდება აქვთ განზრახული ან, მათთვის უარეს შემთხვევაში, ამ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა და დანგრევა, ისევე, როგორც უკრაინაში. ამ ბრძოლის, ამ ხმაურის ექო ილია მეორეს სიცოცხლეშივე გვესმოდა, მაგრამ დღეს იგი გაცილებით უფრო ხმამაღლა გვიბრუნდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უსიამოვნო და შემაწუხებელი ექო კიდევ უფრო გაძლიერდება, არჩევნების წინ კი პიკს მიაღწევს…
იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდის წევრები წყალქვეშა დინებებზე მაღლა დადგებიან და იხელმძღვანელებენ საქართველოს, საზოგადოდ მართლმადიდებლობისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვალერი კვარაცხელია







