Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი ტახტი და შვიდი ათასი პრინცი

ერთი ტახტი და შვიდი ათასი პრინცი

მუჰამად იბნ სალმანი

საუდის არაბეთში ათეულობით გავლენიანი სახელმწიფო მოხელე და ბიზნესმენი, მათ შორის 11 პრინცი, დააპატიმრეს. რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან?

დაპატიმრებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მეფე სალმანმა გააკეთა განცხადება ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის თაობაზე, რომლის ხელმძღვანელად ტახტის მემკვიდრე, მუჰამად იბნ სალმანი, დაინიშნა. ეს ორგანო არ არის ანგარიშვალდებული არავის წინაშე, მეფის გარდა. მას არ სჭირდება სხვა ინსტანციის სანქცია იმისთვის, რომ პიროვნება დააპატიმროს ან მისი ქონება დააყადაღოს. შესაბამისად, ის შეიძლება იქცეს იარაღად, რომელსაც მუჰამად იბნ სალმანი თავისი კონკურენტების წინააღმდეგ გამოიყენებს.

კრონპრინცი მუჰამადი ტახტის მემკვიდრედ ამა წლის 21 ივნისს დაინიშნა. მმართველ დინასტიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა _ ადრე ტახტი საუდის არაბეთის დამაარსებლის, აბდულ-აზიზის, ჯერ უფროს, შემდეგ შესაბამისად მომდევნო ვაჟებზე გადადიოდა, ახლა კი ასპარეზზე “შვილიშვილების თაობა” გამოვიდა, რომელსაც 32 წლის მუჰამადი განასახიერებს. საუდიტების მრავალრიცხოვან დინასტიასა და მის განშტოებებში პრინცების რაოდენობა 7 ათასს აღწევს, რომელთა შორის განსაკუთრებული გავლენით დაახლოებით 2 ათასი სარგებლობს. ოჯახი 1,5 ტრილიონ დოლარს ფლობს.

2015-ში, როდესაც სალმანი მეფე გახდა, შვილი თავდაცვის მინისტრად და ეკონომიკური საკითხების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო (მეტწილად წარუმატებელი) ინტერვენცია იემენში და ყატარის ბლოკადა, შეიქმნა ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმა “ხედვა-2030”. კრონპრინცი ბევრ ყურადღებას უთმობს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს, მან საუკეთესო უცხოელი მრჩევლები დაიქირავა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომლის პრეზენტაცია მან მოახდინა, იყო “ქალაქი ნეომი”. მის შექმნას 500 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

არასწორი იქნებოდა, გავლენიანი პირების დაპატიმრება მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან ან პრინცის პიართან დაგვეკავშირებინა, სიტუაცია უფრო რთულია. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა ნავთობიდან ზებუნებრივად მაღალი შემოსავლების მიღება დაიწყო, ბიუროკრატია ამ ფულის განაწილების სისტემად იქცა. მეფე აბდულ-აზიზის 37 შვილმა, მათმა ნათესავებმა და კლიენტებმა სხვადასხვა სახელისუფლო სტრუქტურებში ერთგვარი “სამფლობელოები” შექმნეს. ზოგიერთი სამინისტრო გარკვეულ კლანებსა და ტომებზე “მიამაგრეს”. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ტრადიციულად ანაზას ტომი აკონტროლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ ალ-შეიხის კლანი, თუმცა მისი ძლიერება აგრარულ სექტორს როდი ეფუძნება.

ალ-შეიხის კლანი XVIII საუკუნის ცნობილი რელიგიური რეფორმატორის, მუჰამად იბნ აბდულ-ვაჰაბის, შთამომავლობას აერთიანებს. მან შექმნა ვაჰაბიზმი, რომელიც საუდის არაბეთის სახელმწიფო იდეოლოგიას წარმოადგენს. მისმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ აბდულ-აზიზმა განსხვავებული ტომების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება მოახერხა. სხვადასხვა უწყების გარდა, ალ-შეიხის წარმომადგენლები აკონტროლებენ საუდის არაბეთი უმაღლესი მუფტის პოსტს და რელიგიური ლიდერების დიდ ნაწილს, ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალოდ არიან ჩართულნი – ამტკიცებენ ტახტის მემკვიდრის კანდიდატურას და მეფის განკარგულებებს, აკონტროლებენ განათლების სისტემას, სასამართლოს და ა.შ.

საუდის არაბეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვაჰაბიტური რელიგიური ელიტა, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის გაერთიანება უზრუნველყო, ამ ეტაპზე მოდერნიზაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. მსგავსი პროცესები საუდის არაბეთის მთავარ მოწინააღმდეგე სახელმწიფოში, ირანშიც, განვითარდა, მაგრამ იქ ისლამური რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, ნაწილობრივი ლიბერალიზაცია მოხდა. საუდის არაბეთი ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ქალაქ ნეომის საპრეზენტაციო რგოლში ქალები გაცილებით თავისუფლად იყვნენ ჩაცმულნი, ვიდრე ამას საუდის არაბეთში დამკვიდრებული ნორმები ითვალისწინებს. კრონპრინცმა მუჰამადმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სექტემბერში კომერციული საკითხების სასამართლოები შეიქმნა. ადრე უცხოელი ინვესტორები ხშირად ჩიოდნენ იმის გამო, რომ ისლამური სასამართლოები კანონმდებლობის ზედმეტად თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენდნენ. სექტემბერშივე ქალებს ავტომობილების ტარების უფლება მისცეს. “ჩვენ გვინდა, ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც ჩვენს ტოლერანტობას, ჩვენს კეთილ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ასახავს”, _ განაცხადა ტახტის მემკვიდრემ. ეს ნაბიჯები და განცხადებები ზოგს შეიძლება მეტისმეტად ზომიერად მოეჩვენოს, მაგრამ ალ-შეიხის რელიგიური კლანისთვის ეს ომის გამოცხადების ტოლფასია.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საუდის არაბეთის მოსახლეობის უმრავლესობა მომთაბარე-მესაქონლე იყო. სანავთობო ბუმის პირობებში ქალაქების მოსახლეობა 23%-დან (1970 წ.) 80%-მდე (2003 წ.) გაიზარდა. ვაჰაბიზმი, რომელიც სავსებით მიესადაგებოდა ბედუინების ცხოვრებასა და მსოფლმხედველობას, ურბანიზებული საზოგადოებისთვის არასაკმარისად ლიბერალური გამოდგა. სწრაფი ურბანიზაციის ფონზე ღირებულებათა ტრადიციული სისტემის რღვევის პრობლემას XX საუკუნეში თითქმის ყველა ისლამური სახელმწიფო შეეჯახა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მაღალი შემოსავლები საუდის არაბეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა, პრობლემები “დაეკონსერვებინა”. საინტერესოა, რომ მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში _ ის სამუშაო ადგილების 30%-ს ქმნის და არსებითად სანავთობო რენტის განაწილების სისტემას წარმოადგენს. კერძო სექტორში დასაქამებულთა უმრავლესობა შრომითი მიგრანტია (9 მილიონი 31-მილიონიანი მოსახლეობიდან). ქალების შრომა ბევრი შემზღუდავი ნორმით რეგულირდება, უმუშევარობა ქალებში 32,8%-ს აღწევს, მაშინ, როდესაც საერთო მაჩვენებელი 11,6%-ია. ყველაზე მეტად ხელისუფლებას უმუშევარი ახალგაზრდა მამაკაცების ეშინია, რადგან “არაბული გაზაფხულის” “ძრავად” სწორედ ისინი იქცნენ. 2011-ში, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყნებში არეულობა დაიწყო, ხელისუფლებამ დამატებით გამოყო 130 მილიარდი დოლარი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ ფულის დიდი ნაწილი ახალგაზრდობის დასაქამებაზე დაიხარჯა, ამასთანავე, ახალდაქორწინებულთა სუბსიდირებაზე (ბინის გადაცემა და ა.შ.), რადგან საუდიტები მიიჩნევენ, რომ დაოჯახებული მამაკაცები უცოლოებზე ნაკლებად რადიკალურები არიან.

საუდის არაბეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის წარმომავლობას; სამეფო და ზოგიერთი სხვა პრივილეგირებული ოჯახისა და მათი საახლობლოს მრავალრიცხოვნების გამო, სოციალური ლიფტი პრაქტიკულად გაჩერებულია, უფრო სწორად, “მაღალ სართულებამდე” არ ადის. XXI საუკუნეში საუდის არაბეთშიც კი ჩვეულებრივ მოქალაქეს უჭირს შეგუება იმ აზრთან, რომ ვიღაცას უდიდესი სოციალური უპირატესობა მხოლოდ წარმომავლობის გამო აქვს. ამ პირობებში საშუალო ფენის განათლებულ წამომადგენლებს დასავლეთიდან იმპორტირებული ლიბერალური იდეები იზიდავს, სხვებს კი _ “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგია, რომელიც მუსლიმთა თანასწორობაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ეს, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტი.

კრონპრინცი მუჰამადი რეფორმატორის მანტიას ირგებს, მაგრამ თამამი რეფორმების გატარება შეუძლებელია, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თითქმის ოფიციალურად დაყოფილია სხვადასხვა კლანის თუ ტომის გავლენის სფეროებად და ამ სისტემის არსებობა სანქცირებულია რელიგიური ავტორიტეტების მიერ. მუჰამადს ძალაუფლების კონცენტრაცია სჭირდება და ბოლო დღეების დაპატიმრებები ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ამავე დროს, ეს იყო ერთგვარი სიგნალიც _ პრინცმა ელიტისგან მორჩილება მოითხოვა და აჩვენა, რომ შეუძლია მისი ნებისმიერი წევრი დააპატიმროს, მითუმეტეს, რომ საუდის არაბეთი ტოტალურად კორუმპირებული ნეპოტისტური სახელმწიფოა, ხოლო ანტიკორუფციული კომიტეტის უფლებები პრაქტიკულად შეუზღუდავია.

დაპატიმრებულთა შორის არიან სუნაიანის კლანის პირველი პირები, რომელთა პოზიციები ტრადიციულად ძლიერია სპეცსამსახურებსა და საფინანსო სექტორში, აგრეთვე, პრინცი მიტაბი ბენ აბდალა. ის ხელმძღვანელობდა ეროვნულ გვარდიას, რომელიც ძალოვან უწყებებში ერთგვარ “ავტონომიურობას” ინარჩუნებდა და შამარის ტომის კონტროლს ექვემდებარებოდა. დაკავებულნი არიან უმსხვილესი მედიაჰოლდინგების ხელმძღვანელებიც, მათ შორის “არაბ უორენ ბაფეტად” წოდებული ალ-ვალიდ იბნ ტალალი, რომელიც 18 მილიარდ დოლარს ფლობს. “უოლ სტრიტ ჯორნალის” წყაროების ინფორმაციით, მთავრობა დაწყებული კამპანიის ფარგლებში 800 მილიარდამდე დოლარის კონფისკაციას გეგმავს.

დაპატიმრებებიდან მომდევნო დღეს ვერტმფრენის კატასტროფაში დაიღუპა პრინცი მანსურ ბენ მუკრინი. მისი მამა 2015 წლის იანვარ-აპრილში ტახტის მემკვიდრე გახლდათ, შემდეგ ის მუჰამად ბინ ნაეფმა შეცვალა, შემდეგ კი მეფე სალმანმა არჩევანი დღევანდელი მემკვიდრის სასარგებლოდ გააკეთა. მოულოდნელად დაღუპული პრინცი მანსური მიეკუთვნებოდა ჯგუფს, რომელსაც შეეძლო მუჰამადის უფლებები ეჭვქვეშ დაეყენებინა. იმ შემთხვევაში, თუ მეფე სალმანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გადაწყვეტს, ტახტი შვილს დაუყონებლივ გადასცეს, მისი გადაწყვეტილება “გვირგვინის საბჭომ” უნდა დაამტკიცოს და ბოლოდროინედელი მოვლენები გამაფრთხილებელ სიგნალად შეიძლება მისმა წევრებმაც აღიქვან.

მუჰამადს ამერიკელების მხარდაჭერის იმედი აქვს _ ტრამპის ადმინისტრაცია მის მიმართ ხაზგასმულ სიმპათიას გამოხატავს, ხოლო საუდის არაბეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კრონპრინცი “არაბული ნატოს” პროექტის მთავარი კურატორი გახდება. ვაშინგტონში, სავარაუდოდ, ესმით, რომ საუდის არაბეთი დამანგრეველი კრიზისის ზღურბლზეა და რეფორმების გატარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად კარგად გააზრებული აქვთ ამერიკელებს ამ რეფორმების არსი _ ისლამურ სამყაროში მათი წინა ექსპერიმენტების უმრავლესობა კრახითა და არეულობით დასრულდა.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here