Home რუბრიკები პოლიტიკა დღისით, მზისით, ჩვენ გვერდით ნარკოტიკი სააღდგომო კვერცხზე იცვლება და ხმას არავინ იღებს

დღისით, მზისით, ჩვენ გვერდით ნარკოტიკი სააღდგომო კვერცხზე იცვლება და ხმას არავინ იღებს

კანონები, რომლებითაც ქვეყანამ უნდა იცხოვროს, დაბოლილმა ადამიანებმა მიიღონ?!

201
დღისით, მზისით, ჩვენ გვერდით ნარკოტიკი სააღდგომო კვერცხზე იცვლება და ხმას არავინ იღებს

წარმოიდგინეთ, შეხვედით ერთერთი მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდზე და წერია შემდეგი: “ორგანული საჩითილე ღრუბელი. იდეალურია თესლის გასახეთქად და ჩითილის გამოსაყვანად, რომელიც მომავალში შეიძლება გადატანილ იქნას ჰიდროფონიკაში ან ნებისმიერ სხვა ნიადაგში (მიწა, ქოქოსი) გასაზრდელად. იგი 100%-ით ბიოდეგრადირებადია. მაღალი დრენაჟისა და აერაციის სისტემა უზრუნველყოფს კაკლის სწრაფ და ჯანსაღ ზრდას…”

ალბათ, იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი ოთახის ყვავილებს ეხება, რომ იქ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და იყიდოთ კარგი ქოთანი, კარგი ორგანული მიწა… თანაც თბილისის ცენტრში ან ქუთაისში, ან ბათუმში, ფილიალები მაღაზიას ლამის ყველა დიდ ქალაქში აქვს. მაგრამ ნურას უკაცრავად, მაღაზიათა ქსელი “გროუგროუ” (ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც აქვს) მხოლოდ მარიხუანას ყიდის, მარიხუანას და მთელ იმ ატრიბუტიკას, რომლებიც ამ “კულტურის” დათესვას, გაზრდას, მოყვანასა და მოხმარებას სჭირდება. ეს არის შედეგი იმ ე.წ. ლიბერალური პოლიტიკისა, რომელიც ხელისუფლებამ ვითომ არ მიიღო, მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად ისეთი რაღაცები დაუშვა და დააკანონა, რომ პროცესების კონტროლი შეუძლებელი შეიქნა. ჩვენ შეგნებულად არ ვწერთ თბილისის მაღაზიის მისამართს, არც ოფიციალურ ვებგვერდს, მაგრამ გვერწმუნეთ, ასეთი მაღაზია თბილისში არაერთია, “გროუგროუ” კი მათ შორის ერთ-ერთი პოპულარულია.

სამწუხაროდ, იმავე სოციალურ ქსელში, აღნიშნული მაღაზიის გვერდზე დევს ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ მაღაზიას საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები სტუმრობენ _ ტელეწამყვანები, შოუბიზნესის წარმომადგენლებიშესაბამისად, როცა ამას რიგითი ადამიანი ხედავს, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი აკრძალული და, რაც მთავარია, ცუდი არ არის, ამიტომ თამამად ადგება იმ გზას, რომელსაც .. სელებრითები გადიან. ყველაზე საშინელი კი აღდგომას მოხდა. რა აქცია შეიძლება შესთავაზოს აღდგომას მაღაზიამ მომხმარებელს? როგორც ჩანს, “გროუგროუს” წარმომადგენლები ფანტაზიას არ უჩივიან და… აღდგომას მაღაზიაში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მიეტანა ამ დღის სიმბოლო _ შეღებილი კვერცხი, გაეტეხა მაღაზიის მეპატრონეთა ასევე შეღებილი კვერცხი და სანაცვლოდ საჩუქრად იღებდამარიხუანის თესლს. ჰო, ეს ხდებოდა აღდგომას, მაშინ, როცა მოქალაქეთა უმრავლესობა იმას წუხდა, რომ წინაპართა საფლავებზე შესვლას ვერ ახერხებდა, ახალგაზრდების ნაწილი კი აღნიშნულ მაღაზიასთან კვერცხებით ხელში იდგა და იმაზე ნერვიულობდა, მაღაზიის მეპატრონეთა კვერცხი რომ ვერ გავტეხო, სანუკვარი თესლის გარეშე დავრჩებიო. ამ აქციის ვიდეო სოციალურ ქსელშიც დევს და მართალია, სახეები დამალულია, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მარიხუანის თესლის მსურველთა შორის, ბიჭებთან ერთად, მოზარდი გოგონებიც არიან. როგორც გვითხრეს, აქციაში მონაწილეობის იმდენი მსურველი იყო, რომ ოთხი საათისთვის თესლები გათავდა და აქციაც სწორედ ამ მიზეზით დასრულდა. ახლა მოგებულ თესლს დათესავენ, თვენახევარში (თესლი ჰიბრიდულია) მოსავალსაც მიიღებენ და გააბოლებენ კიდეც.

ვებგვერდზე მიმოწერიდან ჩანს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი თესლს საჩუქრად ისეც იღებს, უბრალოდ, ჯიგრულად, და მარკეტინგულად ესეც სწორი გათვლაა. თესლს შესაბამისი მოვლა სჭირდება, ნიადაგი, სასუქი, განათებაც კი და ეს ყველაფერი სწორედ აღნიშნულ მაღაზიაში იყიდება. გამორიცხულია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ იცოდნენ ასეთი მაღაზიების არსებობა, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამის შესაძლებლობას კანონი არ აძლევთ _ ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე კიარავის გასჩენია სურვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ნარკოტიკზე შეამოწმონ, თუნდაც მარიხუანაზე? და, თუ რომელიმეს დაუდგინდება მოხმარება (და გვერწმუნეთ, როგორც ოპოზიციაში, ისე საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრს დაუდგინდება), ეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. რატომ? იმიტომ, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, კანონები, რომლითაც ქვეყანამ უნდა იცხოვროს, დაბოლილმა ადამიანებმა მიიღონ. ისე ხომ სასწაულებს ახდენენ და მარიხუანით გაბრუებულები, საერთოდ, რას იზამენ, ხვდებით?! ერთი კაციც არ აპროტესტებს, რომ მომავალი თაობა გვეღუპება და ვითომ უწყინარი მარიხუანა ისე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, ვერც კი შევნიშნეთ. იმავე გვერდზე დევს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მდელოზე მარიხუანას ჯგუფურად ეწევა, უხარიათ, არანორმალურად იქცევიან, მაგრამ ეს ხომ “კაიფია”, ეს ხომ “პრიხოდია” და ამიტომ ყველას ბედნიერი სახე აქვს. მართალია, ცოტა გამოთაყვანებული გამომეტყველება აქვთ, არეული თვალები და არაადეკვატური საქციელი, მაგრამ მაინც ბედნიერი.

* მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;

* მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას; მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;

* მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;

* მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;

* მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;

* მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;

* მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;

* მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (დიდი დოზა);

* მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე;

* მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით, შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი. მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება;

 * მარიხუანამ შეიძლება ტოქსიკურად იმოქმედოს ფეხმძიმობის პერიოდში ნაყოფის განვითარებასა და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, ეგრეთ წოდებულიმარიხუანის ფეტალური შედეგიგამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში. ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.

* მარიხუანას შეუძლია, გავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე. იგი არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის ხანგრძლივობას. ამ დროს ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლის და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრული მოქმედებებისა და აღქმის უნარი. ზოგ შემთხვევაში ჩნდება მოძრაობის, სიარულის, საუბრის ძლიერი მოთხოვნის სურვილი. დამახასიათებელია მშვიდ მდგომარეობაში არაბუნებრივი პოზები. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოჰყვეს მარიხუანის მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება მოჰყვეს მარიხუანის მოხმარებას. ეს დავაკანონეთ და ეს იყიდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოფიციალურად, იცვლება აღდგომის კვერცხზე და… თუნდაც საპატრიარქოს რომ გაეპროტესტებინა ეს საკითხი, ვინმე შეედავებოდა? აღდგომის ერთერთი მთავარი სიმბოლოს აბუჩად აგდება, ნარკოტიკზე გაცვლა არ არის, სულ ცოტა, პროტესტის მიზეზი?

ცნობილია, რომ კონკრეტულად მარიხუანის მიმართ მიდგომა და კანონის შერბილება დასავლეთის მოთხოვნა იყო, სწორედ მოთხოვნა და არა თხოვნა. შემდეგ საქართველოში ამისგან ფულის კეთებაც გადაწყვიტეს და, ლეგალიზება კი არა, ლამის დიდ ფართობებზე მისი მოყვანის გადაწყვეტილებაც მიიღეს, თუმცა საზოგადოების უდიდესი პროტესტის ფონზე ეს კანონი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, საზოგადოება უძლური აღმოჩნდა შერბილების პოლიტიკის მიმართ და მართალია, დიდ ფართობებზე მარიხუანა არავის მოჰყავს, მაგრამ აგერ, თესლით მრავლდება და, სამწუხაროდ, დღეს მარიხუანა არც აკრძალულია და არც ძნელად მოსაპოვებელი. ინტერნეტით მისი ყიდვაც შესაძლებელია _ ნახევარლიტრიანი ქილა 400-500 ლარი ღირს, ახალგაზრდები ფულს აგროვებენ, ყიდულობენ და… საჯაროდ, სახალხოდ ეწევიან, ამის ამსახველ ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში ათავსებენ და მას ათი ათასობით ადამიანი ნახულობს, მათ შორის მოზარდებიც, რომლებიც “ერთხელ გავსინჯავ და არაფერი მომივა”-ს პრინციპით მარიხუანის მომხმარებლები ხდებიან. მივდივართ იქამდე, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა დაუსაქმებელია და არც გასართობი აქვთ. ისინი ენერგიას ვერ ხარჯავენ და ცდილობენ, რეალობას დროებით მოსწყდნენ. საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის ფასად ისინი მოიხმარენ მარიხუანას და არ ფიქრობენ იმაზე, რა იქნება ხვალ. სხვათა შორის, ევროპასა და ამერიკაში იმავე მარიხუანის მიმართ კანონს ლამის ყოველდღიურად ამკაცრებენ. მათ გაიარეს ის ეტაპი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ და მიხვდნენ, რომ ლიბერალურ მიდგომაში კარგი არაფერია, რომ თაობები დაეღუპათ და ამის მიუხედავად, საქართველოში ეს კანონი ხელების გადაგრეხვით მიგვაღებინეს, მშობლებს კი შვილებზე ზემოქმედების შესაძლებლობაც მოუსპეს. საკმარისია, მშობელმა ხმას აუწიოს, შვილმა იცის, რომ შეუძლია, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაურეკოს და დედას ან მამას სერიოზული პრობლემები შეექმნება, საქმეში ჩაერევიან ფსიქოლოგები, არასამთავრობოების “დატრენინგებული” გოგო-ბიჭები და… ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან ხოლმე, თითქოს ბავშვის ბედი მშობელზე მეტად აღელვებთ. რეალურად კი, ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება _ ბავშვები თავიდანვე თვითონ მართონ, შემდეგ კი, ზრდასრულ ასაკში, მართვას მიჩვეული ადამიანი წინააღმდეგობას ვეღარ წევს და ყველაფერზე თავს იქნევს. ასე ცვლიან საზოგადეობას, ასე კლავენ პროტესტის მუხტს და… რა ეკონომიკური აღმავლობა და პანდემიის მართვა, ხალხო? დღისით, მზისით, ჩვენ გვერდით ნარკოტიკი აღდგომის კვერცხზე იცვლება და ხმას არავინ იღებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here