
„დიდ სამამულო ომში“ დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას ისტორია და ასევე მათ მიერ ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები ინახავს, რომლებიც დიდი სიყვარულით არის დაწერილი. ამ წერილებში ჩვენ ამოვიკითხავთ გაუსაძლის მონატრებას, ტკივილს, სიყვარულს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის, ოჯახის მიმართ. ასევე უდიდეს შიშს იმისა, რომ ისინი ვეღარ იხილავენ საქართველოს ლაჟვარდოვან ცას. მათი ნუგეში მხოლოდ იმედი იყო – იმედი იმისა, რომ ისინი ოდესმე შესძლებდნენ კვლავ დაბრუნებოდნენ ქართულ მიწა-წყალს. კაცმა არ იცის ის თუ, რომ არა ეს გმირები რა იქნებოდა დღეს, ვინ ვიქნებოდით ან ვიქნებოდით კი საერთოდ.
სახსოვრად ტატიანას
ვზივარ მარტო და ფიქრის ტალღები, სულის არეში დაიარებიან.
როს მაგონდება ახლო წარსული, გუშინდელი დღე კვლავ აღმიდგება,
ვნანობ იმ დღეებს და თანაც ვფიქრობ აწ ასეთი დღე როდის იქნება?
ამხანაგებთან ტოლ-მეგობრებთან თქმა-საუბარი გაბაასება.
დედის ალერსი, მამის ნუგეში და შენს თვალებთან დაახლოვება.
როს მაგონდება გამოთხოვება, დედის თვალები კვლავ აღმიდგება,
მისი ცრემლები და შენი სახე მამის ნაღვლიან ხმაში იღვრება.
მაგრამ ნუგეში ჩემთვის დიდია, სამშობლოსათვის თავის დადება.
მე მარტო არ ვარ, ჩემთან ხალხია, ჩემი ვალია იმათთან ბრძოლა.
ჩვენი იმედი შაშხანა არის, და გარანტია მიზანში სროლა.
დღეს რომ სამშობლო განსაცდელშია, საზიზღარია იქ სახლში ჯდომა.
ჩემი მიზანი ორში ერთია, ან სიკვდილი ან გამარჯვება,
ეს რომ არ იქნეს, თქვენც არ მიმიღოთ, და დამიბნელდეს მე აქ ნათელი…
თუ კი დავეცი გმირულ ბრძოლაში, არ დაივიწყოთ ჩემი სახელი…
კაკო
18-08-1941 წელი
11 საათი
ეს წერილი აღმოვაჩინე ბებიაჩემის დავთარში და დავინტერესდი ამ წერილის ადრესატისა და ავტორის ბედით. წერილი ბებიაჩემის დას – ტატიანას მისმა მეუღლემ კაკო სურმავამ ფრონტიდან გამოუგზავნა..
მამაჩემის თქმით, დეიდამისი ტატიანა და მისი მეუღლე კაკო 2 დღის დაქორწინებულები ყოფილან, როცა კაკო სამამულო ომში გაუწვიევიათ. მას შემდეგ მისგან არაფერი სმენიათ, ისიც სხვა 300 000-ზე მეტ დაღუპულთან ერთად უკვალოდ გაქრა. ტატიანაც ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა.
აი ასეთი გმირები ყავს საქართველოს. სწორედ ასეთი ქართველი პატრიოტი გმირების მამაცობამ მოგვაპოვებინა ეს დიდი გამარჯვება.
ნათია თათარიშვილი






