Home რუბრიკები ისტორია დასაძრახი უმადურობა, პოლიტიკური სიბეცე თუ საკუთარი ქვეყნისადმი სიძულვილი…

დასაძრახი უმადურობა, პოლიტიკური სიბეცე თუ საკუთარი ქვეყნისადმი სიძულვილი…

ილია ჭავჭავაძე

როგორ დამოკიდებულებას იჩენდა რუსეთი საქართველოსადმი?

ეს იყო მეტად რთული საკითხი, რადგან რუსულ საზოგადოებაში შეხედულებათა სხვადასხვაობა იყო როგორც საქართველოზე, ისე სხვა ქვეყნებსა და თვით რუსეთზეც კი. ილია ჭავჭავაძე სამართლიანად მიუთითებდა: რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე, რომ თავიანთ მამაპაპეულ მიწაწყალზედ შეჯგუფებულნი არიან და არა შიგა და შიგ გაფანტულნი. ამიტომაც ერთს უდიდესს საპოლიტიკო საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვადასხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე _ როგორ უნდა მოთავსდენ სახელმწიფოსთან (ტ. V, გვ. 20).

ჩვენი სამოციანელებისა და ხალხოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი შესანიშნავად ერკვეოდნენ ამ რთულ საკითხებში. მართალია, მათ ნაწერებში არსად არ გვხვდება გამოთქმა “ორი რუსეთი”, “ორი კულტურა”, მაგრამ მთელი მათი მოღვაწეობა და შემოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მკვეთრად განასხვავებდნენ მეფის რუსეთსა და უბრალო რუს ხალხს.

XIX საუკუნის სამოციან წლებში ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ეროვნული და სოციალური მოძრაობის ისტორიაში, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და თვით პატრიოტიზმის გაგებაში.

აი რას წერს ამის თაობაზე ვანო შადური წიგნში რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ”:

“თერგდალეულთა და ხალხოსანთა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამოვლინდა არა მარტო სამშობლოს აწმყოსადმი, თანამედროვეობისადმი დამოკიდებულებაში, არამედ საქართველოს წარსულისა და მომავლის გაშუქებაშიც. გარდასულ ჟამთა ამბებს ისინი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის თვალსაზრისით განიხილავდნენ. ისტორია მათ აინტერესებდათ არა ძველდაწყობილებათა რესტავრაციისადამკვდრის აღდგენისმიზნით, არამედცოცხლის გამოყვანისათვის ჭაობიდან”. წინაპართა ვაჟკაცობისა და მამულისათვის თავდადების აღწერა სამოციანელთა თხზულებებში მიმართული იყო იმ თანამედროვეთა წინააღმდეგ, რომელთა ინტერესები ეგოისტური, პირადი კეთილდღეობით იყო შემოფარგლული. წინაპართა საქმენი საგმირონი იმის კარგ მაგალითს იძლეოდა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ნამდვილი პატრიოტი თავისი სამშობლოსა და ხალხის უკეთესი მერმისისათვის”.

ეს მაგალითი წინ უდევთ დღევანდელ ვაიპატრიოტებს, რომლებიც უტიფრად, უსირცხვილოდ საკუთარი ინტერესებს ანაცვალებენ საქართველოს, მშობელი ხალხის კეთილდღეობას, ხელს უშლიან ერის წინსვლასა და განვითარებას. წარსულში იმ მიზნით იქექებიან, რათა როგორმე რაც შეიძლება მეტი ნაგავი ამოკრიბონ რუსეთის დასამუნათებლად და არად დაგიდევენ, რა გავლენას იქონიებს ეს სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე. სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ “ცოცხლის გამოყვანა ჭაობიდან”. და, როგორც ამ სიტუაციის შემყურე ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა, “მორევში ვართ ცოდვების დიდის……გახდა ქვეყანა მოღალატის, გამცემის, ფლიდის”, “არავინ გვივის, ვინც იღვწის ხსნისთვის”… შედეგად ეს ქვეყანა “ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!”

ერი, _ წერდა ილია, _ როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთსულ და ერთხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება _ დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა(ტ. VIII, გვ. 97).

ილია ჭავჭავაძე კმაყოფილების გრძნობით აღნიშნავს, რომ ამ ჯანსაღ და კეთილშობილ აზრს ეროვნულ საკითხზე იზიარებს თვით “რუსეთის დაწინაურებული საზოგადოება”, რომ “ეს აზრი თანდათან ფეხს იდგამს და ფრთასა ჰშლის თითონ რუსეთშიაც. ამას გვიმტკიცებს თითონ რუსეთის ლიტერატურაცა” (ტ. V, გვ. 81-83).

აქ ილია, პირველ რიგში, რუს რევოლუციონერ დემოკრატებს გულისხმობს, მაგრამ საცენზურო პირობების გამო მათ არ ასახელებს. ილია თვითონვე მიუთითებდა: “ამ წერილს თირკმლები განგებ ამოვაცალეთ და შუა წელი გამოვსჭერით, რომ თავსა და ბოლოს მაინც ნება ჰქონოდა ქვეყანაში გამოსვლისა” (ტ. V, გვ. 84).

დავუბრუნდეთ ისევ ვანო შადურს: “თავის სამშობლოს აწმყოსა და მომავალს თერგდალეულები და ხალხოსნები ამ პროგრესულ-კულტურულ რუსეთს უკავშირებდნენ. მასში ხედავდნენ კეთილმოსურნე და კეთილშობილ ძალას და ამიტომ ყოველთვის მგზნებარე სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით ლაპარაკობდნენ მასზე. ი. ჭავჭავაძის თქმით, აქედან წარმომდგარი ღრმა მადლიერების გრძნობა წარმოადგენს იმ დაუშრეტელ წყაროს, რომელსაც შეუძლია რუსეთისადმი კეთილგრძნობათა ყლორტები გადააქციოს სიცოცხლის მშვენიერ ხედ, რომელიც ყველას და ყოველივეს გადააფარებს თავის გაშლილ რტოებს”.

“დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”, _ წერდა ი. ჭავჭავაძე.

ასეთივე აზრისაა ა. წერეთელიც. მისი ღრმა რწმენით, საქართველო რუსეთთან შეკავშირებული უნდა იყოს “სიყვარულის ოქროს ჯაჭვით”. (შვიდტ., ტ. VI, გვ. 264).

ჩვენ დიდად ვაფასებთ, _ ამბობდა იგი, _ ძმობას, ერთობას და მეგობრობას რუსეთის ერებთან. მართალია, რუსთა შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ეჯავრებათ ჩვენი ასეთი ძმური კავშირი, მაგრამ არის სამაგიეროდ ახალგაზრდა რუსეთი, რომელთანაც ჩვენ გვსურს ხელიხელჩაკიდებული სიარული არა მარტო ეროვნული, არამედ საკაცობრიო იდეალების განსახორციელებლად, იმ იდეალებისა, რომელთაც ეწოდება ძმობა, ერთობა, თანასწორობა (თხუთმეტტომ. ტ. XV, გვ. 562).

ნიკო ნიკოლაძე

რაც შეეხება ნიკო ნიკოლაძეს, მან ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის “კოლოკოლში” აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან კავშირშიუფრო მალე მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება (აღარაფერს ვამბობთ მფლობელობაზე) ევროპის რომელიმე ერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებისაც საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის”.

უფრო მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძემ წერილში “კავკასიის უნივერსიტეტი” ჩინებულად ჩამოაყალიბა თავისი აზრი “ორი რუსეთის” შესახებ. რუსეთი, _ წერდა იგი, _ და ბნელი მოხელეები, რომლებიც მივარდნილ კუთხეებში მისი სახელით იმუქრებიან, ერთი და იგივე არაა, ოფიციალური რუსეთის უკან დგას ნამდვილი რუსეთი, რომელსაც წინსვლის უნარი შესწევს, რომელსაც შეუძლია განვითარების გზით ადამიანური წესები დაამყაროს(ტ. V, გვ. 483).

გამოჩენილმა ქართველმა პუბლიცისტმა, ჩერნიშევსკის თაყვანისმცემელმა და მოწაფემ, კარგად იცოდა, რომ “ჩვენი მამულის ბედი და მომავალი მტკიცედ გადასკვნილია რუსეთის მდგომარეობაზე” და ღრმად სწამდა, რომ “ჩვენი მხარის დაწინაურება დამოკიდებულია მთელი რუსეთის პროგრესზე, ჩვენ გულწრფელად გაგვახარებს ამ პროგრესის მიერ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მხურვალედ ვისურვებთ, რომ ჩვენი მხარეც მას შეუერთდეს” (ტ. V, გვ. 278).

“…ნუ დავივიწყებთ, _ წერდა ი. მანსვეტაშვილი თავის მოგონებებში, _ რომ ილიაც და ჩვენ, ყველა იმისი თანამოკალმენი, გაზრდილნი ვიყავით რუსეთის მწერლობაზე. ვინ იყვნენ მასწავლებელნი, ჩვენი ჭკუისა და გონების გამწვრთნელნი? ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი და რუსეთის მეცნიერნი; ვინ გვაძლევდა საკვებს გრძნობისას და გემოვნების გაღვიძების და განვითარებისათვის? _ პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენევი, დოსტოევსკი, ტოლსტოი და სხვანი. ჩვენ ვიყავით იმათი ღვიძლნი სულიერნი შვილნი. და განა დასაგმობი არ იქნებოდა ისეთი შვილი, რომელიც შეაგინებს, შეურაცხყოფს თავის დედას, იმ დედას, რომელმაც იგი თავისი ძუძუთი გამოზარდა? ჩვენ ამას ვერ ვიზამდით, რადგან, უმადურობა კი არა, უგუნურობაც იქნებოდა”.

ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები კარგად ხედავდნენ, რომ ორი ძირითადი მიმართულება _ ჯანსაღი და ყალბი პატრიოტიზმი _ არსებობდა არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც. იქაც და აქაც ეს აშკარად მჟღავნდებოდა როგორც საკუთარი სამშობლოს, ისე სხვა ერებისადმი დამოკიდებულებაში.

როგორც ვიცით, გასული საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით “მამათა და შვილთა” შორის ბრძოლის გამწვავების დროს, ქართულ პრესაში ხშირად იმართებოდა კამათი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაითვლება ნამდვილ მამულიშვილად.

იაკობ გოგებაშვილი სამართლიანად მიუთითებს, რომ ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები “მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათი დამცირებით ჩვენი თავი ავამაღლოთ”, ან ძველ, დრომოჭმულ “დაწყობილობათა რესტავრაცია” მოვახდინოთ. არა. მათ “სურთ არა მკვიდრის აღდგენა, არამედ ცოცხლის გამოყვანა ჭაობიდგან. იგინი ნატრობენ იმასვე, რასაც მოისურვებდნენ, ჩვენს ქვეყანაში რომ ემოქმედნათ, რუსეთის უნიჭიერესნი მოდასავლეთენი (ზაპადნიკები) ბელინსკი, დობროლიუბოვი, ავტორები რომანებისა: “ვინ სტყუვის” (გერცენი) და “რა ვქნათ?” (ჩერნიშევსკი), შჩედრინი და სხვანი. ჩვენის პატრიოტების მოქმედება იმ ეროვნულს გზასავე ადგია, რომელიც ხსენებულის მეორე რომანის ავტორმა ჩერნიშევსკიმ ვალად დაადო უკრაინელებს. სახელდობრ _ ეროვნული ენის, ლიტერატურის და მეცნიერების აყვავება” (ტ. I, გვ. 375).

ნამდვილ პატრიოტად ჩაითვლება, _ ამბობს ი. გოგებაშვილი, ის, “ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიურის ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლოს ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია” (ტ. I, გვ. 371). ასეთი პატრიოტები, ავტორის რწმენით, არიან რუსი რევოლუციონერი დემოკრატები და ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები (იგულისხმებიან, ცხადია, პირველ ყოვლისა, ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი).

ეს მრავალმხრივ საყურადღებო წერილია, რომელშიც ი. გოგებაშვილმა სწორად დაახასიათა დამყაყებული ნაციონალიზმი და ჯანსაღი პატრიოტიზმი, განსაკუთრებით გახაზა ქართველ და რუს სამოციანელთა ეროვნული კონცეფციების მსგავსება. აქ საქმე გვაქვს ფრიად საინტერესო და სამართლიან ანალოგიასთან.

ცნობილია, რომ “სრულიად რუსეთის დემოკრატ-რევოლუციონერი ჩერნიშევსკი და მისი თანამოაზრენი შეუპოვრად იბრძოდნენ როგორც რუსი, ისე სხვა ხალხების სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის. …სწორედ სამშობლოს ამ ნამდვილი სიყვარულისათვის სწამებდნენ ჩერნიშევსკის რუსეთისადმი სიძულვილს კატკოვი და სხვა რეაქციონერები თუ ფსევდოპატრიოტები.

თითქმის მსგავსი სიტუაცია შეიქმნა საქართველოშიც (თუმცა აქ სპეციფიკური პირობების გამო წინა პლანზე ეროვნულმა საკითხმა წამოიწია). ქართველი კონსერვატორები და ნაციონალისტებიც ხომ ამტკიცებდნენ, რომ თერგდალეულები “რუსოფილები” არიან და საქართველო სძულთო… ერთი (ზერელე) შეხედვით ასეთი ბრალდებისათვის მათ საბუთებიც საკმაოდ მოეპოვებოდათ, გავიხსენოთ, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის “ბედნიერი ერი” და “კაცია ადამიანი?!”, აკაკი წერეთლის სატირული ლექსები და დაუმთავრებელი რომანი “იმერლები”, რომელშიაც საქართველო შედარებულია “დიდსა და ბნელ აკლდამასთან, სადაც ძველი აზრების კაცნი დაბოდიალობენ”. თუ ჩერნიშევსკიმ რუსებს “მონების ერი” უწოდა, ილიამ თავისი ერი ისეთი ეპითეტებით შეამკო, როგორიცაა: “უწყინარი”, “უჩინარი”, “ქედდრეკილი”, “უშფოთველი”, “ყოვლად მთმენი”, “მუნჯი”, “თვალაბმული”, “უზრუნველი” და სხვ., მაგრამ ეს ეპითეტებიც, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსადმი ნამდვილი სიყვარულით, კაეშნით შეპყრობილი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. გავიხსენოთ “აჩრდილის” ავტორის გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები:

ჩემზედ ამბობენ: “ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია”.

აქ მკვეთრად გამოვლინდა ი. ჭავჭავაძის “სიძულვილი სიყვარულიდან”, მისი ჯანსაღი, გონივრული, ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, მისი მაღალი და კეთილშობილი აზრები და გრძნობები. ნამდვილი მამულიშვილობა, დიდი ილიას ღრმა რწმენით, იმას როდი ნიშნავს, რომ გიყვარდეს ყველა ქართველი _ მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, პარაზიტიც და მშრომელიც, რადგან იგი შენი თანამემამულეა, რომ მოგწონდეს ყველაფერი ქართული _ ავიც და კარგიც, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართულია. თათქარიძეებს და მის მსგავს ცოცხალ ლეშებს “ოთარაანთ ქვრივის” ავტორი, გასაგებია, კაცურკაცებად ვერ ჩათვლიდა.

საქართველოსადმი ასეთი გონივრული დამოკიდებულება ახასიათებდა თითქმის ყველა ჩვენს სამოციანელს და ხალხოსანს. აი, მაგალითად, რას წერდა ანტონ ფურცელაძე:

“…თავისი ინტერესების დაცვა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ წაეჭიდო ყველა, თუმცა დამკვიდრებულს, მაგრამ წამხდარს ანუ უსარგებლო ნიჭს, გარემოებას, წყობილებას, ზნეს, ინტერესების დაცვა უნდა ისახებოდეს იმაში, რომ ასწონოს ერმა, რაც შეუძენია და რაც შეადგენს მისს წარმატების სახსარს და დაიცვას; რაც არის სავნო და უვარგისი, ის მოჰკვეთოს და აღმოფხვრას”.

…სამოციან წლებში ახალი ეტაპი დაიწყო როგორც ეროვნული და სოციალური მოძრაობის ისტორიაში, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და თვით პატრიოტიზმის გაგებაში.

წინაპართა ვაჟკაცობისა და მამულისათვის თავდადების აღწერა სამოციანელთა თხზულებებში მიმართული იყო იმ თანამედროვეთა წინააღმდეგ, რომელთა ინტერესები ეგოისტური, პირადი კეთილდღეობით იყო შემოფარგლული. წინაპართა საქმენი საგმირონი იმის კარგ მაგალითს იძლეოდა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ნამდვილი პატრიოტი თავისი სამშობლოსა და ხალხის უკეთესი მერმისისათვის.

“როდესაც პოეზია ცდილობს, გამოსახოს ძველნი გმირნი, ის უნდა ცდილობდეს, იპოვოს და აჩვენოს იმათში ის მხარეები, რომელნიც დღესაც სახმარნი იყვნენ კაცის წარმატებისა და ბედნიერებისათვის”, _ წერს ანტონ ფურცელაძე.

ანალოგიურ შეხედულებას ვხვდებით შესანიშნავი ხალხოსანი პუბლიცისტისა და კრიტიკოსის _ გიორგი მაიაშვილის (ზდანოვიჩის) წერილში “ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო”. იგი სამართლიანად მიუთითებდა, რომ წარსული მომავლის ნიმუშად არ გამოდგება, მისი დაბრუნება არც სასურველია და არც შესაძლებელი. ვინც “რუსების სლავიანოფილების მსგავსად” მოუწოდებს, “დავბრუნდეთ უკანო”, დიდად სცდება. “ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფით უნდა ვეკიდებოდეთ ჩვენს წარსულს მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულიაო, გავლილი გზაა, თავისი დრო მოჭმული აქვსო. სრულიადაც არა: თუ გნებავთ, წარსულში შესაძლოა ვეძებოთ, ასე გასინჯეთ ზოგიერთი ისეთი რამაც, რაც მერმისისათვის გამოგვადგება, მხოლოდ იმ აზრით კი არა, რომ აღვადგინოთ იგი წარსული, _ ეს, როგორცა ვსთქვით, ყოვლად შეუძლებელი და დონ-კიხოტური საქმეა, _ არამედ იმ აზრით, რომ დავიცვათ და კვლავ დავიბრუნოთ ცნობილი ტიპი, ცნობილი მეთოდი საზოგადოებრივი ზრდა-წარმატებისა”…

“…ჩემი აზრით, _ განაგრძობს ავტორი, _ ის კაცი მერმისის კაცი არ არის, ვინც ოცნებობს, აწმყოს ადგილას პირდაპირ წარსული გაამეფოს და თვის იდეალებს ეძებს ძველ საფლავებსა და აკლდამებში. მხოლოდ რეაქციის კაცს, ისეთს კაცს, რომელსაც შეუძლიან ასეთი, რამდენადაც აუსრულებელი, იმოდენად მავნებელი და დამღუპველი იმედები იქონიოს”.

საპროგრამო მოწოდებად გაისმოდა ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი სიტყვები:

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი.

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.

სამოციანელთა სახელოვან ბელადს მშვენივრად ჰქონდა შეგნებული ის საპატიო მისია, რომელიც მის თაობას ისტორიამ დააკისრა ხალხის ბედნიერებისათვის ბრძოლაში, დიდ მამულიშვილს მტკიცედ სწამდა, რომ “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”, რომ

ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი

განახლებულის გრიგალის ქროლას,

ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი

ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, _

და დაიმსხვრევა იგი ბორკილი,

შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,

და ახალ ნერგზედ ახალ შობილი

ესე ქვეყანა კვლავ აჰყვავდების

შრომის სუფევა მოვა მაშინა”.

აკაკი წერეთელმაც ხომ ასევე გონების თვალით განჭვრიტა სამშობლოს მომავალი, ის ბედნიერი დრო, როცა ეროვნულ და სოციალურ ჩაგვრას შეცვლის “ძმობა, თანასწორობა და სიყვარული”.

ასეთი იყო თერგდალეულთა და ხალხოსანთა დამოკიდებულება სამშობლოს აწმყოს, წარსულისა და მომავლისადმი. ასევე მკვეთრად გამოვლინდა მათი ჯანსაღი პატრიოტიზმი სხვა ერების, კერძოდ რუსეთის მიმართ.

გავიხსენოთ აკაკი წერეთლის სიტყვები: “სამშობლოს უკუღმართი სიყვარული, როცა იმას ანაცვლებენ სხვის კეთილდღეობას და ბედნიერებას, საძაგლობაა”. სხვანი კი არ უნდა “დავთრგუნოთ და ამით ჩვენი ვალი ავიმაღლოთ” (ი. გოგებაშვილი), არამედ პირიქით. ყველა ერი “ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს”, _ ამბობდა ი. ჭავჭავაძე, შემდეგ დასძენდა: დიდი უსამართლობა და სიბრიყვე იქნება, რომ სხვისგან მოვითხოვდეთ ჩვენი ერისადმი პატივისცემას და ამავე დროს ჩვენ თვითონ უპატივცემულოდ ვექცეოდეთ სხვა ერებს. თუ შენ საქართველო გიყვარს და მოითხოვ, რომ სიყვარულის ეს ბუნებრივი და კანონიერი გრძნობა გაგებული და პატივცემული იყოს სხვის მიერ, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს, რომ ასევე ბუნებრივი და კანონიერია სხვა ერის შვილის სიყვარული საკუთარი სამშობლოსადმი და მასაც პატივი უნდა სცე. საქართველოსადმი ნამდვილი სიყვარული შეუთავსებელია სიძულვილთან სხვა ერებისადმი, მით უმეტეს რუსეთისადმი. არ გიყვარდეს რუსეთი, რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არა მარტო დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილიც. ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო, მის ბედზე გული შესტკივა და მისი კეთილდღეობა სურს, მას არ შეიძლება არ უყვარდეს რუსეთი.

ეს აზრი წითელ ხაზად გასდევს თერგდალეულთა და ხალხოსანთა შემოქმედებასა და მოღვაწეობას. განსაკუთრებით მკვეთრადაა იგი ჩამოყალიბებული ი. ჭავჭავაძის ე. ლ. მარკოვისადმი მიძღვნილ სიტყვაში და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორისადმი მიწერილ წერილში.

რუსეთთან ურყევი და მეგობრული კავშირი, ი. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით, საქართველოს არსებობისა და პროგრესის აუცილებელი პირობაა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლის საწინდარია. ერთი სიტყვით, ქართველების რუსეთისადმი სიყვარული განპირობებული და გამოწვეულია საკუთარი სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარულით.

“რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ სწერდა ი. ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან”.

ამაზე უფრო ზუსტად და ნათლად, ძნელია, კაცმა ჩამოაყალიბოს თერგდალეულთა შეხედულება ჩვენთვის საინტერესო საკითხზე”.

თუ ილიას ეპოქაში “რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი”, მით უმეტეს დღეს ის გაცილებით ძლიერი და ღონიერი სახელმწიფოა, რომლის ინტერესებსაც ანგარიშს უწევენ ჩვენზე ბევრად წელგამართული ქვეყნები და პრობლემებსაც არ იქმნიან. ჩვენ კი, თუ ისევ ილიას დავესესხებით, ვამჟღავნებთ არა მარტო დასაძრახ უმადურობასა და პოლიტიკურ სიბეცეს, არამედ საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილსაც.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

2 COMMENTS

  1. წინა წერილთან ერთად, ეს წერილიც ბრწყინვალე და აქტუალურია. აი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და პატრიოტიზმის ერთმანეთზე გადაჯაჭვული გაგება. მადლობა ქ-ნ დარეჯანს ასეთი კარგი წერილებისათვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here