Home რუბრიკები საზოგადოება გურამ კაპანაძე: დღეს ჭიათურის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა

გურამ კაპანაძე: დღეს ჭიათურის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა

429
გურამ კაპანაძე: დღეს ჭიათურის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა

ჭიათურა ბოლო პერიოდში არაერთხელ მოხვდა მოვლენების ეპიცენტრში, როცა იმართებოდაჭიათურმანგანუმისმშრომელთა აქციები ხელფასის მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ჭიათურელთა უკმაყოფილებას იწვევს ქალაქსა და მის შემოგარენში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაც. “საქართველო და მსოფლიოხშირად აქვეყნებს ისტორიებს საქართველოს უახლეს წარსულზეამჯერად გაზეთის სტუმარია ჭიათურელი გურამ კაპანაძე:

_ 1954 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით. პროფილით ვიმუშავე სამი წლის განმავლობაში, შემდგომ ამირჩიეს ჭიათურის მაღაროთა სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივნად. ორი წლის შემდეგ გადამიყვანეს საწარმოო გაერთიანება “ჭიათურმანგანუმის” კომკავშირის კომიტეტის მდივნად, კიდევ ორი წლის შემდეგ _ კომუნისტური პარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორად. 1989 წლის თებერვალში დამნიშნეს ბუნების დაცვის სარაიონთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარედ _ ჩვენს დაქვემდებარებაში იყო ჭიათურისა და საჩხერის რაიონები. 1995-დან 2010 წლამდე ვმუშაობდი გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ტყუილია, რომ საბჭოთა პერიოდში კომუნისტური პარტია არ იყო პატიოსანი ადამიანების პარტია. პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა რწმენით ემსახურებოდა სოციალიზმის იდეას და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს. კომკავშირისა და კომუნისტური პარტიის რიგებში მეც მრწამსის გამო შევედი. მჯეროდა და დღესაც მჯერა სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეების პროგრესულობის, პერსპექტიულობის და დარწმუნებული ვარ მის საბოლოო გამარჯვებაში. ამ რწმენით ვემსახურებოდი სოციალიზმის სისტემას და მშრომელთა ქალაქ ჭიათურას.

_ როგორც ვიცი, კარგად ერკვევით საბჭოთა პერიოდისდროინდელი და დღევანდელი ჭიათურის პრობლემებში

_ დიახ, სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია მქონდა საბჭოთა წყობილების პერიოდში ჭიათურაში სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამედიცინო სფეროს განვითარების და, საზოგადოდ, ხალხის სოციალური მდგომარეობის შესახებ. კარგად ვერკვევი ჭიათურის დღევანდელ პრობლემებშიც.

საბჭოთა პერიოდში ქალაქ ჭიათურის მოსახლეობა იყო დაახლოებით 27 ათასი, ხოლო მთლიანად ჭიათურის ზონაში ცხოვრობდა 68 ათასი ადამიანი. ახლა მოსახლეობის ნახევარიც აღარ არის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 10 საშუალო სკოლიდან ჭიათურაში მხოლოდ 4 სკოლაა დარჩენილი.

სახალხო მეურნეობის დარგებიდან საბჭოთა ჭიათურაში მუშაობდა:

14 სამრეწველო საწარმო; 5 სამშენებლო ორგანიზაცია; 5 სატრანსპორტო მეურნეობა; 23 (320 ობიექტით) სავაჭრო ორგანიზაცია; 14 (127 ობიექტით) საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია; 81 სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის _ 2 საავადმყოფო ქალაქში 700 საწოლზე გათვლილი, 5 საავადმყოფო კი _ სოფლებში, თითოეული 25 საწოლზე გათვლილი; ასევე 2 პოლიკლინიკა ქალაქში, დანარჩენი კი იყო სამედიცინო პუნქტები; 104 სასწავლო დაწესებულება; კულტურის 153 ობიექტი; 4 სპორტული ორგანიზაცია.

_ გთხოვთ, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ჭიათურის მთავარი სამრეწველო საწარმოსა და საქართველოს მრეწველობის ფლაგმანჭიათურმანგანუმისშესახებ

_ “ჭიათურმანგანუმი” შედიოდა საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რის გამოც ქალაქი ჭიათურა იყო მომარაგების პირველ კატეგორიაში. ადგილობრივი ბინათმშენებლობის 80-90% ფინანსდებოდა “ჭიათურმანგანუმიდან”. მას ჰქონდა საკუთარი სოციალური ინფრასტრუქტურა საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეებისათვის _ ბაღები, სამედიცინო და კულტურული ობიექტები, ფეხბურთის მოედანი, ჰყავდა ფეხბურთის გუნდი “მაღაროელი”. საწარმოს დაფინანსებით აშენდა ფეხბურთის სტადიონი 10 000 მაყურებელზე. ცალკეულ მაღაროთა სამმართველოებს ჰქონდათ თავიანთი კულტურის სახლები. ჭიათურის აკაკი წერეთლი სახელობის თეატრის შენობა დიდი სამამულო ომის პერიოდში აშენდა, 1944 წელს. საბჭოთა ხელისუფლებამ უმძიმეს პირობებშიც კი მოიცალა და იზრუნა ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის თეატრი 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა.

ჭიათურა იყო ინტელექტუალთა ქალაქი. აქ ჩამოდიოდნენ სპეციალისტები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან, მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვოსიბირსკისა და სხვა სამეცნიერო ცენტრებიდან. იწერებოდა სამეცნიერო ნაშრომები. იქმნებოდა და გამოცდას გადიოდა სამთო-მომპოვებელი ახალი მანქანა-მექანიზმები. საწარმოებში დასაქმებული იყო 12 000 კაცი.

გურამ კაპანაძე: დღეს ჭიათურის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჭიათურაში სხვა მნიშვნელოვანი საწარმოებიც ფუნქციობდა

_ დიახ, ჭიათურაში, აგრეთვე, მოქმედებდა საკავშირო დაქვემდებარების საწარმო _ მექანიკური ქარხანა, რომელიც სამხედრო დანიშნულების დეტალებსა და მექანიზმებს ამზადებდა.

ქალაქში მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკა, რომელშიც დასაქმებული იყო 1700 მუშა-მოსამსახურე. აღსანიშნავია მრავალპროფილიანი საქალაქო-სამრეწველო კომბინატი, რომელიც ყოველწლიურად 12 მილიონი მანეთის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებდა. მუშაობდა რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების კომბინატი, პურის ქარხანა, ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა და სხვ.

ყოველწლიურად საშუალოდ მზადდებოდა 1240 ტონა ხორცი, 1220 ტონა რძე და რძის პროდუქტები, 1250 ტონა ჩაი და სხვ.

სამშენებლო ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია მშენებლობის სამინისტროს Nმე-8 სამშენებლო ტრესტი (შედიოდა რესპუბლიკის ხუთი უმსხვილესი ტრესტის სიაში), რომელიც აერთიანებდა ექვს სამმართველოს თავიანთი ინფრასტრუქტურით. გარდა ჭიათურისა, მე-8 ტრესტი სამუშაოებს აწარმოებდა მის მოსაზღვრე 5 რაიონში. დასაქმებული ჰყავდა 6000 ადამიანი.

ქალაქში მუშაობდა ავტოსატრანსპორტო გაერთიანება, რომელშიც შედიოდა 3 ავტოსატრანსპორტო საწარმო. დასაქმებული ჰყავდა 3000 ადამიანი. ასევე მუშაობდა ელექტროტრანსპორტის 2 ორგანიზაცია _ საბაგირო გზები, ტროლეიბუსების სამმართველო.

სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაციებში წლიური საქონელბრუნვა აღემატებოდა 12 მილიონ საბჭოთა მანეთს.

_ დღეს ბევრს საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე. ამდენი საწარმოს ერთ ქალაქში არსებობა არ ქმნიდა ეკოლოგიურ პრობლემებს? როგორი იყო ეკოლოგიური მდგომარეობა ჭიათურაში?

_ საბჭოთა ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა ქალაქსა და მისი ზონის სოფლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საწარმოო გაერთიანება “ჭიათურმანგანუმმა” 1970-იან წლებში ააშენა მექანიკური გამწმენდი ნაგებობა (55 მილიონი მანეთის ღირებულების), რითაც გამოირიცხა მდინარე ყვირილაში დაბინძურებული წყლის ჩადინება. საწარმოსთან არსებობდა კარიერების მიერ დაზიანებული ნიადაგების აღდგენის განყოფილება, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ბიოლოგიურ აღდგენასაც კი აწარმოებდა. აღდგენილი ნიადაგები უკან უბრუნდებოდა კოლმეურნეობებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად ვარგისი სავარგულები. საბჭოთა პერიოდში აღდგენილ ნიადაგებზე გაშენებულია სოფლები ბაღ-ვენახებით.

_ რა მდგომარეობაა დღეს ჭიათურაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა წყობა დაინგრა და ქვეყანა ახალ, კაპიტალისტურ რელსებზე გადავიდა?

_ 14 სამრეწველო საწარმოდან დარჩენილია მხოლოდ ერთი, კაპიტალისტებისთვის ჩალის ფასად მიყიდული მანგანუმის წარმოება.

6 გამამდიდრებელი ფაბრიკა, 6 მაღარო 110-120 კმის სიგრძის კაპიტალური მიწისქვეშა კომუნიკაციებით, 2 ასეული ავტოტრანსპორტით, 10 ერთეული რკინიგზის თბომავლით (თითოეულის ღირებულება 4-5 მილიონი მანეთი), რამდენიმე ათეული რკინიგზის ვაგონითა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურით, გაიყიდა მხოლოდ 112 მილიონ დოლარად. სახელმწიფომ 112 მილიონ დოლარად გაასხვისა არა მარტო საწარმოო გაერთიანებაჭიათურმანგანუმი”, მასთან ერთად ერთ პაკეტში ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა და ვარციხეჰესიც. ეს იგივეა, დღეს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაში სიმბოლურ თანხას, 1 ლარს, რომ ახდევინებენ.

_ როგორ გამოსტყუა ბიზნესმა აღნიშნული საწარმოები კოლექტივს?

_ ჯერ ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება და თითოეულ აქციონერს გადასცეს გარკვეული ღირებულების ვაუჩერები. შეჰპირდნენ, რომ საწარმოს მოგებიდან თითოეული აქციონერი მიიღებდა დივიდენდს. ბევრი გაბრიყვებული სხვა ჭიათურელიც კი, რომლებიც არ მუშაობდნენ საწარმოში, მომავალში მოგების იმედით გახდნენ “ჭიათურმანგანუმის” აქციონერები.

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო _ შეგნებულად, ხელოვნურად გააკოტრეს საწარმო და აქციონერებს განუცხადეს _ თქვენი აქციები გაუფასურდა და დივიდენდებს ვერ მიიღებთო. გაკოტრებული საწარმო მიჰყიდეს უცხოელებს. ეგრეთ წოდებულმა ინვესტორებმა მოსვლისთანავე მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა 3000 კაცამდე შეამცირეს. ადამიანების ექსპლუატაციისა და ბუნების განადგურების ხარჯზე, როგორც ყველა კაპიტალისტი ინვესტორი იქცევა განვითარებად ქვეყანაში, შეუდგნენ მანგანუმის მტაცებლურ მოპოვებას. საწარმოში გადახდილი თანხები უახლოეს დროში ამოიღეს. გაყიდეს რამდენიმე კილომეტრი სიგრძის 500 მმ-იანი ლითონის მილები, რომლის საშუალებითაც ჩამდინარე წყლების გადატუმბვა ხდებოდა გამწმენდ ნაგებობამდე. სამი გამამდიდრებელი ფაბრიკა დაშალეს და ჯართად გაყიდეს. აგერ უკვე 2 ათეული წელია, დამუშავების წესების გარეშე მიმდინარეობს მანგანუმის გავრცელების ზონაში მყოფი სოფლების გადათხრა-გაპარტახება. მოსახლეობა იძულებულია, გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მიატოვოს სოფელი და გადაიხვეწოს თბილისში ან უცხოეთში.

სამრეწველო ორგანიზაციებთან ერთად განადგურდა ყველა სამშენებლო და სატრანსპორტო ორგანიზაცია. აღარ არსებობს არც ერთი მსხვილი სავაჭრო და საყოფაცხოვრებო ორგანიზაცია.

800 საწოლის მქონე საავადმყოფოების ნაცვლად (2 ქალაქში, 5 კი სოფლად) დღეს არსებობს თაბაშირმუყაოთი გაწყობილი ერთი კერძო “ჯეო-ჰოსპიტალი” 25 საწოლზე. ჭიათურიდან ავადმყოფები სხვა რაიონებში დაჰყავთ. საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობების გარდა ჭიათურაში მუშაობდა სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებები. ისეთ მსხვილ საწარმოებთან, როგორიც იყო საწარმოო გაერთიანება “ჭიათურმანგანუმი” და ავტოსატრანსპორტო გაერთიანება, არსებობდა სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის კომპლექსები, სასათბურე მეურნეობები. ეს მეურნეობები მოწეული პროდუქტებით თავიანთ მუშა-მოსამსახურეებს უზრუნველყოფდნენ. დღეს ეს ყველაფერი განადგურებულია.

დღეს ჭიათურის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. ასობით ჰექტარზე განადგურებულია ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, რომლის აღდგენაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ცნობისათვის: 1 სმ სისქის ნაყოფიერი ფენის შესაქმნელად ბუნებას 1000 წელიწადი სჭირდება. ეს არის მიუტევებელი დანაშაული არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი თაობების წინაშე.

საზოგადოდ, როგორც სრულიად საქართველოში, ჭიათურაშიც მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ქალაქში მეზობელ რაიონებთან შედარებით ძვირია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო და სამრეწველო პროდუქცია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here