Home რუბრიკები პოლიტიკა გვჭირდება 150 დეპუტატი?

გვჭირდება 150 დეპუტატი?

449
გვჭირდება 150 დეპუტატი?

გნებავთ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ქუჩაში გამვლელ ნებისმიერ ათ, ოც ან ოცდაათ ადამიანს ვკითხოთ, რომელი კანონპროექტი დაამახსოვრდა, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო ან წინა პარლამენტმა, ან იმის წინამ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერავინ ვერაფერს გაიხსენებს, გარდაბუსუსებიან პრეზერვატივზე მსჯელობისა. ჰო, ეს იყო კანონპროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტში შევიდა და რომელზეც სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ პარლამენტარები და ამტკიცებდნენ, ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა იმიტომ არის აუცილებელი, მისგან სიამოვნებას იღებენ ადამიანები, პრეზერვატივი კი თავისი არსით სულ სხვა რამისთვის არის გათვლილი და არასასურველი ორსულობისგან თავის არიდების მიზნით გამოიყენებაო

“კანონპროექტზე მსჯელობის გაგრძელება მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ. ვთვლი, რომ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები ჰქონდათ ინიციატორებს თავის დროზე, საზოგადოდ, მორალთან და სხვა კუთხით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური არ არის, მით უმეტეს დღეს”, _ განაცხადა მაშინ აკაკი ზოიძემ, ამჟამად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბუსუსებიან პრეზერვატივს თუ რამე გადაფარავდა, ნამდვილად არ გვეგონა, მაგრამ მერე პარლამენტმა ძაღლების ყეფისთვის მოიცალა. პრინციპში, სწორედ პარლამენტის მიმართ იმდენჯერ ახსენეს, “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო”, რომ კანონმდებლებმა რაღაცის მოფიქრება გადაწყვიტეს. მეორე ვერსიით, ერთ-ერთი დეპუტატი ღამით მეზობლის ძაღლმა არ დააძინა და გადაწყვიტა, რამე რეგულაცია შემოეღო. მოკლედ, პარლამენტში სრული სერიოზულობით განიხილება პროექტი, რომლის მიხედვით, ძაღლის ყეფა დაისჯება და სასჯელი 50 ლარით შეფასდება. მართალია, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, ერთ დაყეფებაზე იქნება გადასახდელი 50 ლარი თუ 50 ლარად შეგიძლიათ მთელი დღე აყეფოთ ძაღლი, მაგრამ ამასაც დახვეწენ, იმსჯელებენ, იმუშავებენ, ოფლს დაღვრიან, მეტი რა საქმე აქვთ?! ჰო, აუცილებლად გაამართლებს ძაღლების სკოლის გახსნა, იმიტომ, ვიღაც რომ მოადგება ჭიშკარს, რომ არ დაგაზარალოს, ძაღლმა არ უნდა დაუყეფოს, უნდა მოვიდეს, კარზე მოგიკაკუნოს და განიშნოს, ვიღაც არისოეს ან თვალის ჩაკვრით უნდა გააკეთოს, ან კუდის ქიცინით; ქალზე _ თვალის ჩაკვრით, კაცზე _ კუდის ქიცინით, რადგან ბოლო პერიოდში კაცების კუდის ქიცინიც არანაკლებ აქტუალური თემაა.

ვიტყოდით მარტივად, ვაი, ჩვენს პატრონსო და დავსვამდით წერტილს, მაგრამ არც ასე მარტივად არის საქმე. ახლა აჟიოტაჟი რომ არის ამტყდარი, მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები თუ შერეული სისტემით, რატომ არავინ სვამს კითხვას _ საერთოდ, უნდა ჩატარდეს კი არჩევნები და გვჭირდება 150 დეპუტატი? ეს იმიტომ, რომ ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ზუსტად აქვს გათვლილ-დათვლილი, ვინ სად უნდა ჰყავდეს და ვინ რამდენი უნდა ჭამოს. ისიც გათვლილია, რამდენი დაიხარჯება ამ აქციებზე, ვისი ჯიბიდან დაიხარჯება და შემდეგ ის “ვიღაც” როგორ ამოიღებს ამ თანხას ორმაგად. ახლა არ მითხრათ, რუსთაველზე მიტანილი შეშა მოქალაქეებისგან აგროვებული ფულით იყიდესო. ფული ვიღაცამ გაიმეტა და გაიმეტა იმის იმედად, რომ ხელისუფლების ცვლილება მის წისქვილზე დაასხამს წყალს. ახლა მთავარი _ ოპოზიციამ არაერთხელ ახსენა, რომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, სადაც მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, სურთ თუ არა მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ვერ გეტყვით, რამდენჯერ დავწერეთ ის, რომ რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია და ხელისუფლებასაც კი მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, რეფერენდუმი ძვირი ჯდება და ამის შესაძლებლობა არ გვაქვსო. ახლა კი ის შემთხვევაა, როცა ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფერენდუმის ჩატარებას მხოლოდ ერთი პირობით _ ჩაიწეროს კითხვა: როგორი საგარეო კურსი სურს საქართველოს მოსახლეობას _ სურს დასავლეთი და ევროინტეგრაცია თუ მოსწყინდა ნატოს კარზე კაკუნი და სურს მეზობლებთან ურთიერთობის დათბობა, უვიზო რეჟიმის აღდგენა რუსეთთან? არ ვამტკიცებთ, რომ მოსახლეობა ამ ან იმ არჩევანს გააკეთებს, ჩვენ ვამბობთ, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ეს კითხვაც ჩავდოთ და ვნახოთ ხალხის განწყობა. ჰოდა, იმ განწყობის შესაბამისად იმოქმედოს შემდეგ ხელისუფლებამ და სწორედ ხალხის არჩევანის მიხედვით განავითაროს საგარეო კურსი.

სხვაგვარად კი რა გამოდის? 30 წელია, ჩაგვჩიჩინებენ: გინდათ თუ არა, ნატოში უნდა შევიდეთ, აგერ ახლა გაგვიღებენ კარს, აგერ ახლაო. და იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ პირდაპირ გვითხრეს: უახლოეს 30 წელში მაგაზე არც იოცნებოთო, მაინც ჯიუტად იმავესვაწვებით”. ხომ ამბობს ხელისუფლება, ხალხის მსახური ვარო? ხომ იმეორებს ოპოზიციაც: ხელისუფლებაში რომ მოვალ, მხოლოდ ხალხზე ვიზრუნებო? ჰოდა, გაითვალისწინეთ, ბატონებო, ხალხის აზრი და, რასაც მოსახლეობა აირჩევს, ის გააკეთეთ, ისე იმოქმედეთ, თუმცა

არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ამჟამინდელ საგარეო კურსზე ამომრჩევლის უმრავლესობა უარს იტყვის. ეს კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა დაუქნიოს დასავლეთს და იქიდან მიღებული ინსტრუქციები არ შეასრულოს, რაც დასავლეთს ხელს არ აძლევს, ამიტომ მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხის აზრი დოკუმენტში არ აისახოს და მსოფლიოს გასაგონად იყვირონ, რომ რასაც აკეთებენ, ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა.

სხვათა შორის, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, მთავრობის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ საქართველოში, რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა, ევროკომისარმა, ევროპარლამენტარებმა. რაც მთავარია, მათი უმრავლესობა პირდაპირ ამბობდა, რომ ეს არის ვლადიმერ პუტინისთვის ლანგრით მირთმეული საჩუქარი. მაგრამ რა შუაშია პუტინი და ის, როგორი სისტემით ჩატარდება საქართველოში არჩევნები?! მით უმეტეს, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ მაღალჩინოსანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი არ გაუკეთებია, ანუ ისინი ქვეყნის საშინაო საქმეებში, უბრალოდ, არ ერევიან. სამაგიეროდ, ვისაც არ დაეზარა ევროპიდან თუ ამერიკიდან, ყველამ ჭკუა გვასწავლა, მითითებები მოგვცა და, რაც მთავარია, მათმა უმრავლესობამ გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩრდილოელი მეზობლის დუმილი და დიპლომატია გადაეფარათ. აბა, თავად განსაჯეთ: ამერიკის ან ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა რომ გააპროტესტონ, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ცუდის მთქმელს დაიბარებენ და იმ კანონს, რომელსაც გააპროტესტებს, თავზე გადაახევენ და პოლიტიკურ კარიერასაც დაასრულებინებენ. ჰო, იმ ქვეყნის ელჩი, საპროტესტო ნოტას კი არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმხელა არზას გაუგზავნის, წაკითხვას რამდენიმე დღე დასჭირდება. ამ პირობებში ხმა არავის ამოუღია იმაზე, რომ ამერიკამ და ევროპამ თითი ატაკეს თვალში საქართველოს ხელისუფლებას _ არავის უკითხავს, რას აკეთებთ და რატომ აკეთებთ, საშინაო საქმეებში რატომ ერევითო; საარჩევნო სისტემა კი სწორედ რომ საშინაო საქმეა. საარჩევნო სისტემა არ არის არც საგარეო კურსი, არც სხვა ისეთი რამ, რომელზეც შეიძლება ყველა უცხოელმა პოლიტიკოსმა კომენტარი აკეთოს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, რომელიმე რუს პოლიტიკოსს რომ წამოსცდენოდა, პროექტი მომწონს ან არ მომწონსო?! მაშინვე ჯვარზე გააკრავდნენ, ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავდნენ, შავ სიაში შეიყვანდნენ და ამას სატელევიზიო შოუები მიეძღვნებოდა. ახლა კი ვითომ არაფერი, ისე მარტივად ვიტანთ საშინაო საქმეებში უცხოთა ჩარევას, მაგალითად, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელიც “გულისტკივილით” ამბობს, რომ თურმე “პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა საკუთარ ამომრჩეველს ვერ მოუსმინა…” ეს კაცი ევროპარლამენტარია დახომ არ იცით, საიდან დაასკვნა, რომ ეს ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო? თუ იმ რამდენიმე ასეული ადამიანის მოთხოვნას, რომელიც რუსთაველზე იდგა, მთელი ერის პოზიციად თვლის? ასე, რამდენიმე ათეული ადამიანი გეიაღლუმის ჩატარებასაც ცდილობდა და ვაღიაროთ ეს ქართველი ხალხის მოთხოვნად?!

არ გამოვა ასე, ბატონებო, არა! სანამ კანონმდებლები პრეზერვატივებზე ბუსუსების თვლით, ძაღლის ყეფის სიხშირითა და სხვა არაფრისმომცემი ამბებით იქნებიან დაკავებულნი, არაფერი გვეშველება. დროა, ყველამ ერთად, პოზიციამ და ოპოზიციამთქვას, რომ ეს საშინაო საქმეა და სწორედაც რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, რანი ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რადგან კომპასდაკარგულ გემს ვგავართ, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here