„ღვინის სამშობლო“, „ყურძნის უნიკალური ჯიშების ქვეყანა“ – საქართველოზე ამ და სხვა ეპითეტების მოსმენისას სიამაყით აღვსილვართ, მაგრამ, ახლა რასაც გეტყვით, სიამაყეს ნამდვილად ვერ გაგვიღვივებს.
საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე ყურძნის წარმოებით, რეგიონში კი არა, მსოფლიოშია მოწინავე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში, წესითა და რიგით, სუფრის ყურძნის პრობლემა წელიწადის არც ერთ დროს არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ბედის ირონიით, ჩვენთან რთველის დასრულებიდან ორ-სამ კვირაში ყურძნის შეძენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მოდი, სტატისტიკას გადავხედოთ.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 1,614 მლნ (!) დოლარის ღირებულების 1 363 ტონა ყურძენი შემოვიტანეთ. საინტერესოა, სად ყიდულობს საქართველო ყურძენს და როგორი „ტრადიციული“ ქვეყნებიდან მოგვაქვს პროდუქტი, რომლის სამშობლოდაც საქართველოა მიჩნეული. პირველ ადგილზეა სომხეთი – 767.5 ათასი დოლარის ღირებულების 823 ტონა, შემდეგ მოდიან: უზბეკეთი – 572,2 ათასი დოლარის ღირებულების 355 ტონა; ნიდერლანდები – 99,3 ათასი დოლარის ღირებულების 23 ტონა; თურქეთი – 88 ათასი დოლარის ღირებულების 94 ტონა; ირანი – 59 ათასი დოლარის ღირებულების 37 ტონა.
როგორია? საქართველოსთვის ყურძნის მთავარი მომწოდებელია სომხეთი, ქვეყანა, რომელიც იმის მეათედ ყურძენსაც არ აწარმოებს, რამდენსაც საქართველო და, რეალურად, არც იმდენ მოსავალს იღებს, იმპორტზე გაჰქონდეს, მაგრამ ფულის კეთება ჩვენზე ისწავლეს (ისე, როდის არ იცოდნენ?!) და ჩვენს ყურძენს ისევ ჩვენზე ჰყიდიან. საქართველოში სეზონზე სუფრის ყურძენი, თუ დიდ რაოდენობას აიღებ, დაახლოებით 1,20 ლარი ღირს, ახლა კი… ახლ, შემოტანილ ყურძენს 1,30 დოლარად ვყიდულობთ, ანუ 2,5-ჯერ მეტს ვიხდით და ეს გადასახადების გარეშე. საქმე ის არის, რომ წლების წინათ სომხეთის მთავრობამ გაიჭირვა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაში დიდძალი თანხა დახარჯა, ახლა კი… ახლა სწორედ ამ სამაცივრე მეურნეობებით მიღებული შემოსავლებიდან ავსებს ბიუჯეტს და, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ყველა ბედნიერია. საქართველოში კი… მოდით, ბოლომდე ვთქვათ: როცა ხელისუფლებამ დაიანგარიშა, რომ საქართველოში სამაცივრე მეურნეობის განვითარება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ, ზოგადად, ეკონომიკას წასწევდა წინ, გაირკვა, რომ ამ საქმისთვის დაახლოებით 12-15 მილიარდი ლარი იყო საჭირო, ანუ იმდენი მაცივარი უნდა აშენებულიყო, რომ მთელი მოსავალი (ყურძენი, ვაშლი, ვაშლატამა, მოცვი და ა.შ.) გასაყიდად კი არ გაგვეტანა სეზონზე, ანუ მაშინ, როცა იაფია, არამედ შეგვენახა და შემდეგ, სულ ცოტა, ორმაგ ფასად გაგვეყიდა. რაღა თქმა უნდა, საქმეში სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც ჩაერთო და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაშიც შეიტანა სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიმართულება… მეგობარმა გადაწყვიტა, ხილის შესანახი ორი მაცივარი სწორედ შეღავათიანი აგროკრედიტით აეშენებინა, თითო – 1500 კვადრატულ მეტრზე (ეს ფართობი საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ სოლიდურია). ჰოდა, როცა სამინისტროს მიაკითხა, იქ თითი ბანკისკენ გაიშვირეს, ბანკმა კი მოითხოვა, რომ ჩემს მეგობარს, ამ მაცივრების ასაშენებელი ადგილის გარდა, ის ტერიტორიაც ჰქონოდა, რომელზეც ხილს მოიწევდა, შემდეგ კი ამ მაცივარში შეინახავდა. საუბარი დაახლოებით 100 ჰექტარ მიწაზე იყო და, როცა შევეცადეთ, ბანკისთვის აგვეხსნა, რომ ხილის შესანახი მაცივრის ფლობა არ ნიშნავს, ხილი მაინცდამაინც მაცივრის მეპატრონემ უნდა აწარმოოს, არავინ მოგვისმინა. ამ პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შევჩივლეთ, მაგრამ იქ მხრები აიჩეჩეს: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ბანკს უნდა მოელაპარაკოთო. ეს მოლაპარაკებები როგორც ხდებოდა, მოგვიანებით მივხვდით, როცა სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავა და ეს შარშან მოხდა, მაგრამ ამით არაფერს ეშველა, უბრალოდ, მორიგი გაქსუებული მაღალჩინოსანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, ფული კი უაზროდ გაიფლანგა თუ დაიკარგა. სამაგიეროდ, ისევ ვერ ხვდება ბანკი, რომ სამაცივრე მეურნეობის მოწყობა დაკავშირებული არ არის ხილის მოყვანასთან, რომ შეგიძლია მწარმოებლებისგან იყიდო ხილი და შეინახო, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მეზობელი სომხები აკეთებენ, მაგრამ იქ ვიღაცები აზროვნებენ, მათ უჯერებენ და საქმეც ააწყვეს, ჩვენთან კი ყველა ცალ-ცალკე პროფესორობს და ვითარება წლიდან წლამდე უარესდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფროში ყველაზე მეტად რატომ დგას გამოცდილი, მცოდნე აგრონომის პრობლემა? აღარავის უნდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩაბარება, აღარავის უნდა ვეტექიმობა, ყველის ტექნოლოგიის შესწავლა და… კარგი ყველის გაკეთება თუ გსურს, ტექნოლოგი საზღვარგარეთიდან უნდა მოიწვიო, ამიტომ ქვემო ქართლში ხეხილის ბაღის გასასხვლელად სპეციალისტები აზერბაიჯანიდან ან თურქეთიდან ჩამოჰყავთ და 1 კვირის სამუშაოში 10 ათას დოლარს უხდიან. ჩვენთან სხვა „მოდაა“ – შვილმა აუცილებლად პრესტიჟულ ფაკულტეტზე უნდა ისწავლოს, დიპლომი აიღოს და მერე რა, თუ იმ დიპლომს თაროზე შემოდებს და რომელიმე ქსელურ მარკეტში მოლარედ ან კონსულტანტად იმუშავებს, მთავარია, დიპლომი ადგილზეა მშობლების გულის დასამშვიდებლად.
ნეტავ, ახალგაზრდებს ვინმე თუ ეუბნება, რომ დღეს კარგი ვეტექიმის ხელფასი თვეში 2000 ლარიდან იწყება და ერთი ვეტექიმი მხოლოდ ერთ ფერმას არ ემსახურება. მათ ხშირად 3-4 ფერმა აქვთ აღებული, მაგრამ საქმეს იოლად უმკლავდებიან, კმაყოფილი არიან და ოჯახებიც მშვიდად ცხოვრობენ, მომავლის შიშის გარეშე. საქონელი და ფრინველი კიდევ ისეთი მიმართულებაა, ყოველთვის რომ იქნება, რადგან მათ გარეშე საკვები არ გვექნება. ის თუ იცით, ფერმაში ძროხის ჩლიქებს დამუშავება რომ სჭირდება 6 თვეში ერთხელ და ერთკვირიან სამუშაოში 4-5 ათასს იხდიან? მაგრამ ჩლიქს ხელს როგორ მოჰკიდებენ „დედა ენაცვალოს“ თაობის წარმომადგენლები?! ურჩევნიათ, თვეების განმავლობაში რუსთაველზე იარონ და ვიღაცის სამადლოდ გადმოგდებული 50 თუ მეტი ლარი ჩაიკუჭონ ჯიბეში…
შრომას გადავეჩვიეთ ქართველები და ეს არის მწარე რეალობა. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, სინამდვილეში ჩვენზე ზარმაცი ერი რეგიონში არ არის. გადახედეთ ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებს, ყველამ თავს უშველა, ყველა რაღაც მიმართულებით მიდის წინ, მსოფლიო ბაზარზე ცდილობენ შესვლას, ჩვენ კი წლიდან წლამდე ვზრდით შემოტანილი პროდუქტების რაოდენობას და მეორად ქვეყანად ვიქეცით – მეორადი ტანსაცმლით, მანქანებით, სუნამოებითაც კი, გახსნილი სუნამოებით, ე.წ. „ტესტერებით“ „ვკაიფობთ“ და გვიხარია. მალე, ალბათ, მეორად საკვებზე გადავალთ, თუმცა, რაღა გადავალთ, გადასული ვართ პალმის ზეთით გაჯერებულ ქიმიურ დანამატებზე. ორმუზის სრუტე რომ ჩაიკეტა, იმას კი არ დარდობდნენ, საწვავი გაძვირდებაო, არამედ შხამ-ქიმიკატები ლამის მთლიანად ირანიდან შემოდიოდა და ახლა რაღა გვეშველებაო. ჰო, მარილიც ირანიდან შემოგვქონდა თურმე და აქ აფასოებდნენ. ისე, როდის უნდა მიიღოს სახელმწიფომ კანონი იმის შესახებ, რომ საკვებ პროდუქტებს მაინც ეწეროს დიდი ასოებით, სად, როგორ და რით არის დამზადებული, თორემ გამადიდებელი შუშა გვჭირდება იმის წასაკითხავად, რომ პროდუქტი შემოტანილია, მაგალითად, ჩინეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან და შეფუთულია საქართველოში. ეტიკეტი ქართული წარწერებით არის დატვირთული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ქართულია, სინამდვილეში კი ქართულთან საერთო არაფერი აქვს.
როდემდე უნდა ვითმინოთ დამამცირებელი წარწერები სოსისისა და სარდელის შეფუთვებზე – „შეიძლება საქონლისა და ღორის ხორცს შეიცავდეს“-ო, ან რას ნიშნავს, ერთ-ერთი „ბრენდული“ კომპანიის სოსისს რომ აწერია – დამზადებულია საქონლის ხორცითო, შემადგენლობაში კი წერია, რომ საქონლის ხორცის წილი 5-7%-ია, დანარჩენი კი არის მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი, სახამებელი, საღებავი, ემულგატორი, გემოს სტაბილიზატორი და ა.შ.
ბატონებო, ასე ვერ განვითარდება სოფლის მეურნეობა და მით უმეტეს – ქვეყნის ეკონომიკა. ყველა გადასულია მომხმარებლის მოტყუებაზე და ამას არც მალავენ. ფასების მარეგულირებელ კომისიაზე დასმულ კითხვებს უტიფრად პასუხობდნენ და იქედნურად იღიმოდნენ – აბა, როგორ გინდათ, სხვანაირად არ გამოვაო; ზუსტად იციან, რომ მანამდე შეჭმულ მილიონებზე პასუხს ვერავინ მოსთხოვთ, ხვალ კი… „ხვალემ იზრუნოს ხვალისა!“
ბესო ბარბაქაძე







