Home რუბრიკები პოლიტიკა არეულობა კემნიცში: მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის მარცხი

არეულობა კემნიცში: მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის მარცხი

1354
კემნიცი

გასულ კვირას მკვეთრად დაიძაბა ვითარება გერმანიაში, კერძოდ _ საქსონიის ქალაქ კემნიცში, სადაც მიგრანტებთან ჩხუბისას 35 წლის გერმანელის დაღუპვას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ვითარების განმუხტვა ვერ ხერხდება, ხელისუფლებას აკრიტიკებენ როგორც მემარჯვენეები, ასევე მემარცხენეები, ის კი ცდილობს, შემდგომი ესკალაცია არ დაუშვას და მოიგერიოს ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მომხდარი მისი პოლიტიკის შედეგია.

26 აგვისტოს, ქალაქის დღესასწაულის შემდეგ, ღამის სამ საათზე, კემნიცში მოხდა ჩხუბი დაახლოებით 10 კაცის მონაწილეობით. ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის მამაკაცი, გერმანიის მოქალაქე, მოკლეს; ორი (33 და 38 წლის) _ დაჭრეს. პოლიციამ ცხელ კვალზე 22 წლის ერაყელი და 23 წლის სირიელი დააკავა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ. ერაყელი მთავარ ეჭვიტანილად ითვლება. “შპიგელის” ცნობით, ის გერმანიაში 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს, ე.წ. ბალკანური მარშრუტის გავლით მოხვდა. თავიდან გერმანიის ხელისუფლება აპირებდა, ის ბულგარეთში დაებრუნებინა, მაგრამ, პროცედურული ვადის ამოწურვის გამო, იძულებული გახდა, მისი საკითხი თვითონ გადაეწყვიტა. საიმიგრაციო სამსახურმა ის ორჯერ დაჰკითხა და დაასკვნა, რომ მისი მონათხრობი, რომ თითქოს ერაყში დევნიდნენ, ნაკლებად სარწმუნოა. მან საიმიგრაციო სამსახურს ორი ყალბი საბუთი წარუდგინა, აგრესიულად იქცეოდა ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში _ ორ ადამიანს წიწაკის ცრემლსადენი ბალონით შეუტია. აქედან გამომდინარე, 29 აგვისტოს მას უნდა მიეღო ოფიციალური უარი თავშესაფარზე, თუმცა 26 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიაზე ყოველივე ამან გავლენა, ცხადია, ვერ მოახდინა.

მომდევნო დღეებში კემნიცში რამდენიმე საპროტესტო მიტინგი გაიმართა. თავიდან მათი ორგანიზატორები მემარჯვენე ჯგუფები იყვნენ, რომლებიც მიგრანტების პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვდნენ, თუმცა შემდგომ ქუჩებში მათი მემარცხენე მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ _ ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, ოპონენტები ქსენოფობიისა და აგრესიის გამოვლენისთვის დაესაჯათ. საქსონიის ხელისუფლებამ კემნიცში პოლიციის დამატებითი ძალები გადაისროლა, რის გამოც იძულებული გახდა, უარი ეთქვა სხვა ღონისძიებების დაცვაზე. ამის გამო გაუქმდა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო მატჩი დრეზდენის “დინამოსა” და “ჰამბურგს” შორის. 1 სექტემბრის აქციების მონაწილეთა რაოდენობა (ორივე მხრიდან) 10 ათასამდე გაიზარდა, შეტაკებებში 18 ადამიანი დაშავდა, პოლიციამ დაახლოებით 300 დემონსტრანტი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ საქსონიაში, სხვა ფედერალურ მხარეებთან შედარებით, არც ისე ბევრი ლტოლვილი და, საერთოდ, უცხოელი ცხოვრობს. მათი ხვედრითი წილი 4,2%-ია, მაშინ, როდესაც საშუალოდ გერმანიაში 11,2%-ია. ზოგადად კი, ყოფილი გდრის ტერიტორიაზე (ბერლინის გამოკლებით) გერმანიაში რეგისტრირებული 9 მილიონი უცხოელის მხოლოდ 5,7% ცხოვრობს, მაგრამ რადიკალი მემარჯვენეების რიტორიკა და მიგრაციის შეზღუდვის იდეები განსაკუთრებული პოპულარული სწორედ საქსონიაშია. შარშან სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნებზე “ალტერნატივამ გერმანიისთვის”, შესაბამისი ლოზუნგების გამოყენებით, რეკორდული 27% მოაგროვა. იქამდე, ჯერ კიდევ 2004 წელს, ულტრამემარჯვენე ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ საქსონიაში ძალზე შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და რეგიონი თავის მთავარ საყრდენად აქცია.

მნიშვნელოვან როლს საქსონიის (უპირველესად კი, იმ ნაწილის, რომელშიც კემნიცი მდებარეობს) მოსახლეობის განწყობის ფორმირებაში ის გარემოება ასრულებს, რომ ეს ტერიტორია ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვარზე ერთგვარ დერეფანს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით მიგრანტები აღმოსავლეთ ევროპიდან გერმანიაში ხვდებიან. ამან ხელი შეუწყო მოსახლეობაში “ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის” ფსიქოლოგიის დამკვიდრებას.

ამასთანავე, საქსონიისთვის დამახასიათებელია რეგიონული პატრიოტიზმი _ მოსახლეობა ძლიერი ადგილობრივი სტრუქტურების შექმნისკენ ისწრაფვის და ცენტრის ჩარევისგან შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. ეს პრუსიასა და საქსონიას შორის ძველი კონფლიქტის გამოძახილია, რომელშიც საქსონიამ მარცხი განიცადა. “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში სოციოლოგიის პროფესორმა რაი კოლმორგენმა განაცხადა, რომ “ბერლინს ყველაზე მეტად ვერ იტანენ ლაიფციგსა და დრეზდენში, ხოლო გდრ-ის საქსონელები პრუსიელების სახელმწიფოდ აღიქვამდნენ”. პოლიტოლოგი ფრანც ვალტერი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს _ კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიაში იდეოლოგიური ვაკუუმი შეიქმნა და ის ნაწილობრივ ეკლესიამ შეავსო, მაგრამ საქსონიაში ამას იმ გარემოებამ შეუშალა ხელი, რომ იქ არათუ გერმანიის, არამედ ევროპის მასშტაბით მორწმუნე ადამიანების ხვედრითი წილი რეკორდულად მცირეა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო ქრისტიანული ეთიკა და რიტორიკა ვერ ახდენს საქსონიაში შესამჩნევ “შემარბილებელ” გავლენას დაპირისპირებულ მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზე, რომლებიც სხვა ფედერალური მხარეების ფონზე “სანიმუშო” რადიკალურობით გამოირჩევიან.

კემნიცში განვითარებული კრიზისის ფონზე, 31 აგვიტოს დრეზდენის სასამართლომ 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიკალური ორგანიზაციაპეგიდასყოფილ წევრს, რომელმაც 2016 წლის 26 სექტემბერს დრეზდენში ორი აფეთქება მოაწყო მეჩეთთან და საერთაშორისო კონგრესცენტრთან. ამ აქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ფიგურანტმა დანაშაული მოინანია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის არგუმენტები, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრალდებული არავის მოკვლას არ აპირებდა და მოუწოდებდა სასამართლოს, პატიმრობის ვადა 4,5 წლამდე შეემცირებინა (მაშინ, როდესაც პროკურატურა 10 წელსა და 9 თვეს მოითხოვდა). ულტრამემარჯვენეები განაჩენის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ მოსამართლებს მისი გამკაცრებისკენ კემნიცში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგეს.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, 2016-ში, დრეზდენის აფეთქებიდან სულ რაღაც 2 კვირაში, სამართალდამცველებმა სწორედ კემნიცში ჩაატარეს სპეცოპერაცია _ დააკავეს ერთი პიროვნება და აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერება, ხოლო მთავარი ეჭვმიტანილი, 22 წლის სირიელი ჯაბერ ალ-ბაქრი, რომელიც ერთ-ერთი გერმანული აეროპორტის აფეთქებას გეგმავდა, მიიმალა. ის გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მოხვდა. იმავე წლის ივლისში “ნოე ოსნაბრუკერ ცაიტუნგი”, ფედერალური კრიმინალური პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, წერდა, რომ 410 ლტოლვილს კავშირი აქვს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამის თაობაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა 60-მდე საქმე აღძრეს. მოგვიანებით გერმანიის შსს-მ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

საერთოდ, 2016 წელი გერმანელი სამართალდამცველებისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ის დაიწყო მიგრანტების ჯგუფური თავდასხმით ქალებზე კელნში ახალი წლის ღამეს და გაგრძელდა ინციდენტებით კლაუზენსა და ბაუტცენში (ისევ და ისევ საქსონიაში). პირველ შემთხვევაში დაახლოებით ასმა ადგილობრივმა მოსახლემ ლტოლვილებით სავსე ავტობუსი დაბლოკა, ხოლო მეორეში _ სიხარულს გამოხატავდა ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში ცეცხლის გაჩენის გამო და მეხანძრეებს ხელს უშლიდა. იყო უამრავი სხვა ინციდენტი დრეზდენის აფეთქების და კემნიცის სპეცოპერაციის ჩათვლით, წლის ბოლოს კი, 16 დეკემბერს, 24 წლის ტუნისელი ანის ამრი ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილით შეიჭრა. ტერაქტს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 დაშავდა. ამრი გერმანიის ტერიტორიაზე 2015 წელს მოხვდა, თავშესაფრის მაძიებლად ითვლებოდა და, კემნიცში დაკავებული ერაყელის მსგავსად, საიმიგრაციო სამსახურის მოტყუებას ყალბი საბუთების გამოყენებით ცდილობდა. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე ამრის გვარი პოლიციის 60(!) პროტოკოლში მოხვდა; აგრეთვე დადგინდა, რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მიუხედავად ამისა, გერმანიის ხელისუფლებამ მისი გაძევება ქვეყნიდან ვერ მოახერხა და საბოლოოდ მან საზარელი ტერაქტი განახორციელა.

საგულისხმოა, რომ რადიკალი მემარჯვენეების ოპონენტები მთავარ პრობლემას ქსენოფობიურ ლოზუნგებსა და მოწოდებებში ხედავენ. ისინი სარგებლობენ შექმნილი სიტუაციით და მკაცრად აკრიტიკებენ სამართალდამცველებს იმისთვის, რომ ისინი არასაკმარისად ხისტად მოქმედებენ. მეტიც, ისინი მოითხოვენ, რომ კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა (ეს კონტრდაზვერვითი სტრუქტურა შსს სტრუქტურაში შედის) გააკონტროლოს მიგრაციის მოწინააღმდეგეთა ინტერესების გამომხატველი ბუნდესტაგშიალტერნატივა გერმანიისთვის”. შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი მთელი პარტიის გაკონტროლების წინააღმდეგია, თუმცა აცხადებს, რომ საჭიროა პარტიის წევრთა განცხადებებისა და კონტაქტების (იგულისხმება კონტაქტები ულტრამემარჯვენეებთან) ანალიზი და “კონსტიტუციის დაცვის სამსახური ამას აკეთებს”.

კემნიცში მომხდარი მკვლელობიდან ერთ კვირაში ხელისუფლებამ მემარცხენეების აქტიური დახმარებით საზოგადოების ყურადღება რადიკალი მემარჯვენეების ქსენოფობიაზე გადაიტანა და მთავარ საფრთხედ სწორედ ის წარმოაჩინა. ხელისუფლება ცდილობს, უკანა პლანზე გადაწიოს ის ფაქტი, რომლის გამოც დაიწყო კრიზისი. საუბარი მიგრანტის მიერ გერმანიის მოქალაქის მკვლელობაზე მისთვის წამგებიანია, რადგან გერმანელების არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ანგელა მერკელისა და მისი პარტიის საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქუჩებში დაძრწიან შეიარაღებული პირები გაურკვეველი სტატუსით, რომლებიც მოსახლეობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან.

ამ მხრივ საკმაოდ საგულისხმოა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლებიც “ბილდ ამ სონტაგის” დაკვეთით “ენმიდმა” ჩაატარა. გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის დაწყების (2015) შემდეგ სიტუაცია გაუარესდა; 17% თვლის, რომ გაუმჯობესდა; 82% თვლის, რომ საზოგადოებრივი კლიმატი ამ პერიოდში გაცილებით ცუდი გახდა; საპირისპირო მოსაზრება 11%- აქვს. 27% პროტესტს უცხოელების წინააღმდეგ ნორმალურ მოვლენად თვლის, 66% კი _ არა; მაგრამ, ამავე დროს, 71% იწონებს პროტესტს უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ; არასწორად მას გამოკითხულთა მხოლოდ 21% მიიჩნევს. ეს მონაცემები, ალბათ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გერმანიის ხელისუფლება ამ მიმართულებით შეიძლება სულ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეეჯახოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here