საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გასული კვირის შაბათს, ანუ 13 ოქტომბერს, ახტალის პარკში გაიმართა “ღვინის ფესტივალი-2018”-ის დასკვნითი ღონისძიება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქვევრში დაყენებული ღვინის 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ნიმუში, ჭაჭა და სხვა სასმელი, რომლებიც დამზადებული იყო ასამდე ღვინის საწარმოში და ინდივიდუალური მეურნეების მიერ. გამოვლინდა საუკეთესო ღვინოები, გამარჯვებული მეღვინეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ხოლო ქალაქელებს, კარგად რომ გაეგოთ, ღვინის დაყენება ლუდის სმას რომ არ ჰგავს (“დაახსი _ დალიე!”), ანუ ფუჟერებით მოქეიფენი ყურძნის დაწურვაზე მიიწვიეს: გაისარჯე, დალიე და შეგერგებაო. კახელი მეღვინეების ნაამაგარს ქვეყნის სხვა რაიონებიდან ჩამოტანილი პროდუქციაც დაემატა.
სტუმრებს წარუდგინეს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაშლა-გაფართოების, ველისციხის რეაბილიტაციის, ახალი ტურისტული ქალაქი-ცენტრის მშენებლობისა და ღვინის მწარმოებელი ახალი ობიექტების პროექტების გამოფენა, გააცნეს ხალხური რეწვის, ეთნოგრაფიული პავილიონები ფრიად მრავალფეროვანი ექსპოზიციებით.
მოილხინა სტუმარ-მასპინძელმა: იყო ცეკვა-თამაში, სახალისო სპორტული შეჯიბრებები, გუგუნებდა კახური “მრავალჟამიერი” და “ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავო”.
ძმობა იყო და მეგობრობა, რომელსაც უწინ “ინტერნაციონალს” ეტყოდნენ: გურჯაანს სტუმრობდნენ 7 ქვეყნის ელჩები _ პერსონალურად _ და მათი საელჩოების წარმომადგენლები, დელეგაციები საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, ესპანეთიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან.

არ ვიცი, მართალია, თუ არა, მაგრამ, როგორც “თვითმხილველებმა” თქვეს, სადღაც, ვენახის რიგებს შორის, თვალი მოუკრავთ “უდარდელად” წოდებული დიონისესთვის, ფესტივალის მასშტაბითა და მრავალფეროვნებით მოხიბლულ და ცოტა შეზარხოშებულ ღმერთკაცისთვის. რომელსაც მოყირჭებოდა ყოველწლიური ანტიკური ბაკქანალიები და კახეთში შემოპარულა, ფესტივალზე.
“ხომ არ იფარება შუამდინარეთის ფერფლში ღვინის კლასიკური ქვეყნების _ საბერძნეთისა და საქართველოს უძველესი კულტურის საიდუმლო?” (აკაკი გელოვანი).
“ღვინის ფესტივალი 2018-ის” გენერალური სპონსორია სს “M2 უძრავი ქონება”, მხარდამჭერები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტარდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.
დიდი სახალხო დღესასწაული იყო გურჯაანში და იყო ისეთი განწყობილება, როცა გინდა დაიჯერო:
“წუთისოფელი ასეა,
დღეს ღამე უთენებია,
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია”.
არმაზ სანებლიძე







