სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულმა, ღრმა პატრიოტულმა გრძნობამ ილია ჭავჭავაძისა და მის თანამებრძოლთა მემკვიდრეობას ისეთი ძალა მისცა, რომ ერთბაშად აპოვნინა ფართო მკითხველის სავსებით დამსახურებული სიყვარული. სწორედ პატრიოტიზმმა გააშლევინა ფრთა მათ დიდ გონებას, დაკვირვებით ჩაახედა ისინი ცხოვრების მდინარებაში, ამოაცნობინა მრავალი დამარხული ჭეშმარიტება და კი არ შეზღუდა, ყოველმხრივ განუვითარა აზროვნების სისტემა; შეაჭიდა ისინი თავისი დროის პრობლემებს და იმავე პატრიოტიზმმა უკარნახა მათ, ეთქვათ ის, რაც სწამდათ, სჯეროდათ, ეთქვათ გულწრფელად, მოურიდებლად, ძალ–ღონის დაუზოგავად. ერთ–ერთი მათგანია ალექსანდრე ნანეიშვილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა “დროებასა” და “ივერიაში”. ის ჟურნალ–გაზეთების გამოცემას ადარებდა იმ ბრძოლის ველს, რომელზეც იღვრება სისხლი და ცრემლი და რომელიც აპოხიერებს სამომავლოდ უკეთესი მოაზროვნის აღსაზრდელ ნიადაგს.
ქართველი ერის წინაშე მიუტევებელ ცოდვად მიაჩნდათ მათ თვით უფლისგან ბოძებული საცხოვრისის ხელაღებით გაყიდვა. თავზარდამცემია სულმნათი ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვები:
“იყიდება საქართველო. მინდორ–ველით, მთა–გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე–ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა–ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ–მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ–მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ–მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ–ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ–პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!”
ნაცნობი სურათია, არა, მკითხველო? თითქოს ნიკო ლორთქიფანიძე წამოდგა საფლავიდან და ჩვენს დღევანდელ ყოფას აღწერს, მაგრამ ის, რომ იმ პერიოდშიაც ამ პრობლემის წინაშე იდგა ჩვენი სამშობლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმედს გვიტოვებს, რომ ამჯერადაც “გამოვძვრებით”.
დღეს ქართულ მიწას, პირდაპირი გაგებით, გულშემატკივარი და ჭირისუფალი აღარ ჰყავს. ძველი აღმოსავლეთის იმპერიებით დაწყებული, დღემდე ვერც ერთმა ბარბაროსმა ვერ შეძლო ქართული მიწის დაუფლება, ადგილის დედის ფესვიდან ქართველი ეთნოსის მოწყვეტა. მოვიგერიეთ და დავამარცხეთ ასირიელები, ირანელები, ბიზანტიელები, რომაელები, არაბები, თურქ–სელჯუკები, მონღოლები, ოსმალები… რომლებიც გვხოცავდნენ, გვთელავდნენ, მაგრამ ტყეებსა და კლდე–ღრეში გახიზნული ქართველობა სასწაულებრივად გადარჩა. სულმნათმა ილიამ ეს სასწაული ასე ახსნა:
ქართველი ერი გადაარჩინა მშობლიური მიწის, მამულის, სამშობლოს ღვთაებრივმა სიყვარულმა, მკვიდრისა და მოსულის ურთიერთდამოკიდებულების სიბრძნემ და მრავალათასწლოვანმა უაღრესად რაციონალურმა, ეროვნულმა სოფლის მეურნეობამო.
ეს სულისკვეთება “ივერიის” ავტორთა პუბლიკაციებშიც იგრძნობა. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ალექსანდრე ნანეიშვილის პუბლიკაციას, რომელიც 1887 წელს გაზეთ “ივერიაში” დაიბეჭდა მეთაურ წერილად, და რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ჩვენმა ხალხმა ეკონომიკური განსაცდელი თავიდან რომ აიცილოს, უნდა ეცადოს, ხელიდან არ გაუშვას მიწა, მამული; ისარგებლოს სხვათა გამოცდილებით და ამ მიწაზე ააგოს თავისი ეკონომიკური წარმატება.
“…თვით ჩვენმა ცხოვრებამ გვიჩვენა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მიწას, საზოგადოდ, ადამიანისათვის. სხვა ერთა მაგალითები გვიმტკიცებენ იმას, თუ რაოდენად საშიში და არა-სანატრელია მიწასთან კავშირის მოსპობა, მიწის მოუვლელობა, და, რასაკვირველია, ჩვენც ვალდებულნი ვართ, ვისარგებლოთ სხვათა გამოცდილებით. არ უნდა დავივიწყოთ, რამდენად სასტიკი ეკონომიური ბრძოლა არსებობს სხვა ქვეყნებში წოდებათა და ადამიანთა შორის მიწის გამო. ეს ბრძოლა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დროთა ვითარებამ ხელიდგან მიწა გამოაცალა ადამიანთა უმრავლესობას და ამიტომაც იგი სამართლიანია იმათის მხრით, ვინც იმ დროთა ვითარებას დაუსჯია. აი, რამდენი ხანია, რაც მეცნიერთა და სახელმწიფო კაცთა ყურადღება იმაზეა მოქცეული, რომ რაიმე საშუალებით ან დააცხრონ იგი ბრძოლა, ან და სრულიად მოსპონ, მაგრამ დღემდის ვერ მოუსპიათ მიზეზი იმ ბრძოლისა, რომელიც ამდენს განსაცდელს უქადის მთელს განათლებულს ქვეყნიერებას…
რასაკვირველია, ჩვენი ხალხიც უნდა ეცადოს, თავიდგან აიცდინოს ეკონომიური განსაცდელი, რომ მიწა, მამული, ხელიდგან არ გაუშვას და ამ მიწაზედ ააგოს თავისი ეკონომიური წარმატება. მაგრამ რა გზით შეგვიძლიან შევინარჩუნოთ მიწა, მამული? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ხალხისა და იმის მითხოვნილებათა რაოდენობა თან-და-თან მატულობს, ამიტომაც, რათა ადამიანთა და იმათ მოთხოვნილებათა რაოდენობა დროთა ვითარების შესაფერად დაკმაყოფილებული იყოს, საჭიროა, რომ მიწისა და ბუნების მოქმედება თან–და–თან მატულობდეს. ამისათვის საჭიროა სწავლა, ცოდნა, ურომლოდაც დღეს ადამიანური ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ევროპიული სამეურნეო სწავლა–ცოდნა იმოდენად ძლიერი და მოხერხებელია, რომ იმის შემწეობით მიწა, ბუნება მისცემს ადამიანს ბევრად მეტს იმაზე, რასაც უსწავლა–ცოდნოდ მიიღვაწებს ადამიანი. სწავლა–ცოდნას მოკლებული ადამიანი ვერ ამოქმედებს ყოველ გვარს ძალას მიწისას, ვერ გამოიწვევს მათ, და, მაშასადამე, მიწისა, ბუნების სიმდიდრე გამოუყენებელი დარჩება; ამას–კი მოზდევს ადამიანის სიღატაკე და ამასთან ერთად ყოველ გვარი უბედურობა. დღეს ისეთი დროებაა, რომ თუ მიწის მოქმედებას სწავლა-ცოდნა ზედ არ დაერთო, მიწა, ბუნების სიმდიდრე, გახდება მძიმე ტვირთად ადამიანისათვის. მიწა შეიქმნება არა სიმდიდრის წყაროდ, არამედ მეტ ბარგად, რადგანაც იგი ვერ აუვა იმასა, რომ დროთა ვითარების შესაფერად გაუძღვეს ადამიანთა საჭიროებას.
აი, ეს გარემოება ჩვენც მოგველის, თუ რომ დროზე არ ვიზრუნეთ მასზე, რომ თავიდგან ავიცდინოთ ეკონომიური განსაცდელი. სწორედ ეხლა ისეთი დრო შეგვესწრო, როცა აუცილებლად საჭიროა დღევანდელს დროთა–ვითარებას და ჩვენს გარემოებასაც ჩაუკვირდეთ. დღეს ისეთი დროა, რომ სწორედ დიდ დანაშაულად, მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაგვეთვალოს გულ–გრილობა და უზრუნველობა.
ჩვენის ქვეყნის ძლიერმა და უხვმა ბუნებამ, მისმა აუარებელმა სიმდიდრემ უკვე მიიქცია ევროპიულ კაპიტალიზმის ყურადღება. ეს კაპიტალიზმი უკვე დაეწაფა ჩვენს სიმდიდრეს, და ამოსწოვს და შემოიკრებს, ყოველს სიმდიდრეს, რომელიც ხელიდგან გამოეცლება უმრავლესობას და რომლისამე დასის ან წოდების ხელში მოიქცევა. კაპიტალისტური წარმოება იმ ქვეყნებში, რომლის მცხოვრებნი ღარიბნი და უმეცარნი არიან, მცხოვრებთ მიწას გამოაცლის და თვითონვე ამუშავებს, ამოქმედებს მიწის ძალ-ღონეს, სიმდიდრეს. აი, ამიტომაც ჩვენთვის მეტად საჭიროა, აღვიჭურვნეთ, სხვათა შორის, ისეთის სწავლა-ცოდნით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ბრძოლა გავუწიოთ კაპიტალისტურ წარმოების მავნე მხარეს. თუ კაპიტალისტური წარმოება, უცხო კაპიტალების შემოსევა აუცილებელი საჭიროა, საქმე ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ ჩვენი სიმდიდრე არც ჩვენთვის დარჩეს გამოუყენებელი. ცხადია, რომ ჩვენში ფართო გზა უნდა მიეცეს სამეურნეო სწავლა–ცოდნას, რათა ამ საშუალებით ხალხს ხელში მიეცეს ისეთი სახსარი, რომელიც ეკონომიურს ბრძოლას გაუადვილებს და ბუნებას, მიწის სიუხვეს და სიმდიდრეს არ დაუკარგავს”.
დაიბეჭდა გაზეთ “ივერიის” მეთაურ წერილად
(1887 წელი, #177), ფსევდონიმით _ ა. ნა–ლი
ცნობისთვის: “დროებისა” და “ივერიის” აქტიური პუბლიცისტი ალექსანდრე ნანეიშვილი (1857-1904) ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში შევიდა, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.
“წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ინიციატივითა და ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციით კეთილსინდისიერებითა და ცოდნით გამორჩეული ახალგაზრდა ბათუმში გაგზავნეს იმ პირველი ქართული სკოლის გასამართავად, რომელიც აჭარის შემოერთების შემდეგ (1878) უნდა გახსნიჰლიყო. წინააღმდეგობათა მიუხედავად, 1881 წლის 23 მარტს ალ. ნანეიშვილმა ბათუმში პირველი ქართული სკოლა გახსნა. გამგე–მასწავლებელი _ ალექსანდრე ნანეიშვილი _ ამ დროს 24 წლისა იყო. პირველ ქართულ სასწავლებელში იგი ასწავლიდა ქართულ ენას, არითმეტიკას, საღვთო რჯულს, სუფთა წერას. ამით აჭარაში მან დაიწყო ბრძოლა ქართული ცნობიერების დამკვიდრებისათვის.
1882-1884 წლებში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში მოლარედ გადმოიყვანეს, 1884 წლის ბოლოს სხვა ქართველ ხალხოსნებთან ერთად (გ. მაიაშვილი, გ. გამყრელიძე) ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1887 წლის ბოლოს დაბრუნდა. 1893 წელს ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს მდივნად აირჩიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.