ეროვნული ვალუტა აგონიაშია, ლარი სულს ღაფავს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთავრობის წევრები თუ ის ადამიანები, რომლებსაც ეროვნული ვალუტის (ვიმეორებთ, ეროვნული ვალუტის) სიმყარეზე კონტროლი ევალებათ, ვითარების შეუსაბამო განცხადებებს აკეთებენ.
დიახ, სწორედ შეუსაბამოს, რადგან მათი მონაყოლი ეროტიკული ზღაპრის აღწერას უფრო ჰგავს _ რომ არ იცოდე, ლარზე საუბრობენ, გეგონება, მხედველობაში სხვა რამ აქვთ. პრინციპში, ვინ იცის, ეგებ მართლაც სხვა რამ აქვთ მხედველობაში, მაგრამ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რაც ლარის სიძლიერეზე პირდაპირ არის მიბმული, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებას ეს მიმართულება, უბრალოდ, არ აინტერესებს…
სოციალურ ქსელში გავრცელდა კიტრის მწნილის ფოტო. შეფუთვას გარედან Georgian Village, ანუ “ქართული სოფელი” აწერია და ზედ ქართულ-ამერიკული დროშებია გამოსახული. ეს ყველაფერი კარგი და მისასალმებელია, რადგან ამერიკელებმა ის მაინც იციან, რომ, სრულიად ნატურალური თუ არა, ნატურალურთან ყველაზე ახლოს ქართული სოფლის პროდუქტია და, შესაბამისად, შეფუთვაზე წარწერაც აშკარად კარგად არის მოგონილი, თუმცა, ბოლომდე თუ ჩაიკითხავთ, ნახავთ, რომ კუთხეში არანაკლებ ლამაზი ასოებით აწერია: “წარმოებულია სომხეთში”.
ახლა, იმას კი არ ვიჩემებთ, გინდა თუ არა, კიტრის მწნილი პირველად ქართველებმა მოვიგონეთ და ლობიოსთანაც პირველად ჩვენ მივირთვითო, მაგრამ ფოტოს ავტორი იმასაც წერს, ამერიკაში ყველაზე პოპულარული ქართული მინერალური წყლები იყიდება და მასაც “წარმოებულია სომხეთში” აწერიაო. ანუ, მწნილი სომხური (მერე რა, რომ ქართული სოფლიდან), “ბორჯომი” _ სომხური, “ნაბეღლავი” _ სომხური და რაღა დარჩა ქართული?! მე გეტყვით _ ქართული მებრძოლი სული დარჩა ნატოს სხვადასხვა მისიაში.
ჰო, ქართველი ვაჟკაცები! იმის გამო, რომ ჩვენთან, ეგებ ინებოს და, თავისუფალი ვაჭრობის ფორმა აამოქმედოს, ამერიკას, პრაქტიკულად, ფეხქვეშ ვეგებით, ყველა ხუშტურს ვუსრულებთ, ჩვენი ბიჭები ტყვიას უშვერენ შუბლს და ამით მარტივად სარგებლობენ სომხები. ერთი მინერალური წყლები გვაქვს შერჩენილი და ისიც სხვას გადავაბარეთ. არადა, სომხებმა ყველაზე კარგად იციან ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ამბავი და ამიტომ ჭკვიანურად იქცევიან, იმას კი არ ამბობენ, ტოლმა მიირთვითო, არამედ ქართულ სახელებს ტენიან, ოღონდ სომხური წარმოშობისას.
მას შემდეგ, რაც სომხეთი რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობაშია და ამ ურთიერთობის გაფუჭებას არც აპირებს, ამერიკა მთავარ საყრდენად კავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანს განიხილავს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ აზერბაიჯანიც არ წვავს მწვადსა და შამფურს ერთად და ამიტომ აქეთ ამერიკის ოფიციალური ვასლობა და იქით რუსეთის გაბრაზება საქართველოს აქვს “შეტენილი”. და ვეძახით რუსებს ოკუპანტებს, ვუპროტესტებთ მავთულხლართებს, ამერიკის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს პერიოდულად და ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკაში ქართული პროდუქტის გატანის შესაძლებლობა არ გვაქვს. სამაგიეროდ, სომხებს აქვთ, რომლებიც არც ნატოს მისიებში მონაწილეობენ, არც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გაბმა უნდათ ამერიკელებთან და ასე, მარტივად ყიდიან ქართულ სახელს. სამაგიეროდ, რუსეთის ბაზარია სომხეთისთვის ღია და მთავარი გამსაღებელიც სწორედ ჩრდილოელი მეზობელი ჰყავს. ალბათ, იფიქრებთ, ჩვენ ხომ ამერიკის ბაზარზე ვართ ჩამოკიდებულ–დამოკიდებულიო, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ოფიციალური მონაცემები სულ სხვა რამეს გვეუბნება.
“საქსტატის” 2016 წლის მონაცემებით, რუსეთში საქართველომ 182 მლნ დოლარზე ცოტა მეტი პროდუქტი გაიტანა. სამაგიეროდ, “ოკუპანტი მეზობლისგან” 598 მლნ დოლარის პროდუქცია იყიდა, ანუ 182 მლნ დოლარზე მეტი ქართული პროდუქტი რუსულმა ბაზარმა აითვისა იმ პირობებსა და რეალობაში, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მოძმე და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, ამერიკიდან, კი იმავე 2016 წელს 188 მლნ-ის პროდუქტი შემოვიტანეთ, გატანით კი 64 მლნ-ის პროდუქტი გავიტანეთ, ანუ 118 მლნ დოლარით ნაკლები, ვიდრე რუსეთში. და აქ მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს _ რუსეთი დღეს ოკუპანტია და მასთან, პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობა გვაქვს, ამერიკა კი _ სტრატეგიული პარტნიორი და მისი მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში სწორედ საქართველოა. გაგეცინებათ და, 140 მილიონი დოლარის პროდუქტი 2016 წელს სომხეთშიც გვაქვს გაყიდული, ანუ სომხეთის ბაზარი გაცილებით მომგებიანია ჩვენთვის, ვიდრე ამერიკის.
ისევ ციფრებს გადავხედოთ, ციფრები ხომ არასდროს ტყუიან. წარმოიდგინეთ, რუსეთთან ზუსტად ისეთივე ურთიერთობა რომ გვქონდეს, როგორიც სომხეთს აქვს. მისი “წარმოებულია სომხეთში” იყიდება ამერიკაშიც და რუსეთშიც და რეალურად სომხეთის ეკონომიკა სწორედ რუსულ ბაზარზე დგას. მაგრამ არა, ჩვენ ას ევერ მოვიქცევით, რადგან ამერიკას გავანაწყენებთ, ქვეყანას, რომელსაც იმპორტ–ექსპორტის მხრივ, პრაქტიკულად ისეთივე ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, როგორც გაერთიანებულ არაბულ საამიროებს, იაპონიას, ირანს… თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, ბულგარეთი, იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკას უსწრებს. რა თქმა უნდა, ამ თანხაში არ არის ის ფული, რომელსაც ქართველი ემიგრანტები გზავნიან ყოველწლიურად საქართველოში ევროპისა თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მართალია, ფული ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგანაც მოდის, მაგრამ რაოდენობით ვერ შეედრება ევროპიდან და რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს.
ახლა მხოლოდ ამერიკისკენ თითის გაშვერა, უფროსი ძმა რას გვიშვრებაო, არ იქნება მართებული. საქართველოს მთავრობამ უმაღლეს დონეზე უნდა დასვას აღნიშნული საკითხი და შტატებში მხოლოდ ე.წ. მეორადი იარაღის სამათხოვროდ არ უნდა იაროს. სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს, რომ თუნდაც ის ლოგო, რომელზეც ქართული და ამერიკული დროშებია გადაჯვარედინებული და, რომელიც ერთობლივ მისიებში მყოფ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმაზე აქვთ, სომხეთში ნაწარმოებ პროდუქტს არ უნდა ეხატოს და, საქართველო–ამერიკის დროშების გამო, სომხური პროდუქცია არ უნდა იყიდებოდეს. ჭკუით გვჯობიან მეზობლებიო, _ რომ ვთქვათ, ესეც არ იქნება საკმარისი. ჭკუით იმიტომ გვჯობიან, რომ ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ ხვდებათ, თორემ, აბა, გაბედოს ვინმემ, დაახატოს პროდუქტს სომხეთ–რუსეთის დროშა, მერე დააწეროს “ნაწარმოებია საქართველოშიო” და რა ამბავს ატეხენ ჩვენი მეზობლები, ნახონ! და მართლებიც იქნებიან, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი ქვეყნისკენ გვაქვს გეზი აღებული და მხოლოდ ერთ ქვეყანას ვებრძვით, იმ ქვეყანას, რომელთან ურთიერთობის მოგვარებაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარს გაუხსნის ქართულ პროდუქტს. აღარც ატამს გადაყრიან მერე გლეხები წყალში და აღარც ყურძნის ჩაბარების პრობლემა იქნებათ, მაგრამ ძია სემს ეს არ მოეწონება და აშშ-დან წამოსული გრანტები შემცირდება. გრანტების შემცირება კი რამდენიმე ათეული ადამიანის ინტერესში არ შედის, სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც ამერიკიდან წამოსულ გრანტებს ინაწილებენ და სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთონ _ მსოფლიოს გასაგონად იძახონ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია. არადა, რამდენიმე ქვეყნის გარდა, სწორედ ეს მტერი უსწრებს ყველას იმპორტში და სწორედ ეს მტერია საუკეთესო ბაზარი საქართველოსთვის.
ისევ სომხეთსა და კიტრის მწნილს დავუბრუნდეთ. არ გეგონოთ, ამერიკა გამონაკლისია. იგივე ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ავსტრიაში, სადაც “ბორჯომს” არა მხოლოდ აწერია, რომ სომხურია, არამედ სომხური წარწერებიც ამშვენებს. ავსტრიაში სომხურად საღდება ქართული სულგუნი, აჯიკა, “ნაბეღლავი” და “საფერავი”. ვენის ცენტრში იყიდება “ხვანჭკარა”. და ეს იმ დროს, როცა შარშან ავსტრიაში საქართველომ საექსპორტოდ მხოლოდ 512 დოლარის საქონელი გაიტანა, ანუ დაახლოებით იმდენი პროდუქტი გაყიდა ერთ წელიწადში, რამდენსაც ვენის ცენტრში მდებარე მაღაზია, სავარაუდოდ, დღეში ყიდის.
ნამდვილად ვერ გეტყვით, საქართველოს მთავრობა მიაქცევს თუ არა ამ ყველაფერს ყურადღებას და, სულ ცოტა, თუ გააპროტესტებს მაინც, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სახელს, დროშას, პროდუქტს სხვები იყენებენ და ძალიან სარფიანადაც. და ეს მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა აგონიაშია და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სულს ღაფავს…
ბესო ბარბაქაძე
საქართველოს მთავრობა არ ჰყავს!!!!!