Home რუბრიკები საზოგადოება ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა _ თვალში ნაცრის შეყრა მერიის მხრიდან

ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა _ თვალში ნაცრის შეყრა მერიის მხრიდან

754
ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა _ თვალში ნაცრის შეყრა მერიის მხრიდან

წინა ხელისუფლება ერთერთ მონაპოვრად ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გაუქმებას თვლიდა. მართლაც, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირობებში, მანქანების ტექდათვალიერება რეალურად კორუფციის ბუდე იყო, წელიწადში ერთხელ ავტომობილს ტექდათვალიერება უნდა გაევლო და მის მფლობელს ხარკი გადაეხადა. სინამდვილეში კი მანქანას არავინ ამოწმებდა. ამ მხრივ კორუფცია რომ დასრულდა, ძალიან კარგი კი იყო, მაგრამ ამ პროცესს უკუჩვენებაც ჰქონდა _ ვისაც სახლში ოთხი ბორბალი და საჭე ჰქონდა, მოწყობილობას ყველამ მანქანა დაარქვა, რომელსაც რეალურად ავტომობილთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდა და ქუჩაში გავიდა. შესაბამისად, ტექნიკური გაუმართაობის გამო ავტოავარიებიც გახშირდა.

მოქმედმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა ავტომობილების ტექდათვალიერების კვლავ დაწესების შესახებ, მაგრამ იმდენჯერვე გადადო. არ გეგონოთ, მათი მიზანი გულისხმიერება და ბიუჯეტის გაფრთხილება იყო, უბრალოდ, ზედიზედ მიეწყო არჩევნები და, როგორც კი ერთწლიანი პაუზა გამონახეს (მომდევნო არჩევნები გაისად არის), მაშინვე ამოქმედდა ტექდათვალიერება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თავდაპირველი პროექტით, ტექდათვალიერება სავალდებულო მხოლოდ “ტაქსებისთვის”, ანუ იმ ავტომობილებისთვის უნდა ყოფილიყო, რომლებიც მოსახლეობას ემსახურება, მაგრამ მერე დათვალეს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ “ტაქსი” ბიუჯეტის დამატებით შესავსებად საკმარისი არ იქნებოდა. ბიუჯეტის დამატებით შევსება კი იმისთვის შეიქნა საჭირო, რომ 2012 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურებში ხელფასებმა, სულ ცოტა, ოთხჯერ მოიმატა, თუმცა, მაშინ, როცა სპეციალისტების, ანუ ქვედა რგოლის ჯამაგირი 15%-ით იმატებს, ზემდგომები 100 და 200-პროცენტიან მატებასაც არ ერიდებიან. არ თქვათ ახლა, აბა, სადო, თორემ კონკრეტულ ციფრებს დავწერთ და შეგრცხვებათ (ან არ შეგრცხვებათ). დავწერთ, მაგალითად, იმას, გამგებლის, ანუ მერის ჯამაგირი თვეში 1500 ლარი რომ იყო, როგორ გახდა 4500, ანუ მოიმატა 300%-ით

“ტაქსებზე” მოგახსენებდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერად არჩევის შემდეგ კახა კალაძის მთავარი პრიორიტეტი საქალაქო ტრანსპორტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია და დედაქალაქის მცხოვრებთათვის გადაადგილების გაიოლება თითქოს მთავარი მიზანია, მაგრამ… ცვლილებების ძირითადმა ტალღამტაქსისმძღოლებზე გადაიარა. ვაღიაროთ, რომ “ტაქსისტობა” დღეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ სრულიად საქართველოში ყველაზე პოპულარული პროფესიაა და, რაც მთავარია, ბევრი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროც. რამდენი ორდიპლომიანი თუ უდიპლომო ატარებს “ტაქსის”, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მგზავრობა გაძვირდა. რატომ? მიზეზი მარტივია _ ლიცენზია, რომელიც ასი ლარი ღირს; ტექდათვალიერება წელიწადში ორჯერ, რაც დამატებით 120 ლარია; სტანდარტები, ანუ სალონის ქიმიურად დამუშავება წელიწადში ორჯერ, ეგ კიდევ დამატებით 160 ლარი; ამას დაუმატეთ გაძვირებული საწვავი, დაამატეთ ისიც, რომ მალე აკრძალავენ ბუნებრივ აირზე მომუშავეტაქსებსდა ნახავთ, რომ მგზავრობის ფასით ევროპასთან მართლა ახლოს ვართ.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა გამართულ “ტაქსიში” ზიხარ, როცა სალონი სუფთაა, როცა მძღოლი ცხვირ-პირში არ გაბოლებს, მაგრამ, როგორც იმავე მერიის სამსახურები ამბობენ, “ტაქსი” უნდა იქცეს ფუფუნების საგნად და მოსახლეობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში _ მეტროპოლიტენში, ავტობუსებში, მიკროავტობუსებში _ უნდა გადაინაცვლოს. აი, ძაღლის თავიც მანდ მარხია.

იმის მიუხედავად, რომ მეტროპოლიტენის ყველა სადგურის რემონტი მიმდინარეობს, ყველამ ვნახეთ კადრები იმ საშინელებისა, რომელიც ვარკეთილის სადგურში მოხდა, როცა სახურავი ჩამოიშალა. კი გარემონტდა რამდენიმე სადგური და მერიაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი უმაღლესი სტანდარტებით გაკეთდა, მაგრამ, ბატონებო, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: რამდენჯერ ხართ ნამყოფი მეტროპოლიტენში მაგ “უმაღლესი სტანდარტების” სანახავად? ევროპაში უვიზო მიმოსვლა რომ გვიხარია ძალიან, სწორედ ევროპაში ნანახით ზომავს უმრავლესობა და, ყოველგვარი შელამაზების გარეშე თუ ვიტყვით, ევროპასთან შედარებით აქ კატასტროფაა. ევროპა იმიტომ ვახსენეთ, რომ თვითონ დაეტოლეთ “ტაქსების” ტარიფებით, მაგრამ, თუ მაინცდამაინც ჩვენი ტოლი და სწორი გნებავთ, აგერ, ბატონებო, რეგიონის ქვეყანა აზერბაიჯანი და მისი დედაქალაქი ბაქო, რომელშიც მეტროპოლიტენის მოწყობაზე მილიონები დაიხარჯა და სასახლეებს დაემსგავსა. მოსახლეობა იქ სიამოვნებით ჩადის, რადგან ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები გაკეთდა. იგივე ითქმის მიწისზედა ტრანსპორტზეც _ ავტობუსებსა და სამარშრუტოტაქსებზედა, როგორ გგონიათ, ბატონებო, ევროპაში პაპანაქება სიცხეში მგზავრები ეხვეწებიან მძღოლებს _ კონდინციონერი ჩართეთო? ან ზამთარში გათბობის ჩართვას სთხოვენ? ან იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ევროპაში ტრანსპორტი წამი წამზე მოდისმიდის და არა ისე, როგორც ჩვენთან _ დაგვიანებით და თანაც გვარიანი დაგვიანებით?

ყველაზე მთავარიც ვთქვათ: საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მოხერხებულობა. ამ მხრივაც სულ კატასტროფაა. ზედახორა მეტროში, ზედახორა ავტობუსში, ზედახორა სამარშრუტო ტაქსტში. თანაც, ავტობუსი ისე კუს ნაბიჯებით დაღოღავს, გული შეგიწუხდება: გაჩერება ყოველ ას მეტრში! გაგონილა? მერე ცოტა შეგვიანებულზე ხომ საერთოდ ვერ ნახავთ “მარშრუტკას” ან ავტობუსს (ერთი-ორი ცენტრალური მარშრუტის გარდა, ისიც ტურისტების, ე.ი. უცხოელების საამებლად. დროა, ბატონებო, ქართველების საამებლადაც გააკეთოთ რამე, დროა!).

სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი პრობლემა _ მისით სარგებლობის მოხერხებულობა _ არ გამოსწორდება, ფუჭია ყველა სხვა მცდელობა. ამ მხრივ კი რაიმე ზომები არ ჩანს და არც გვპირდებიან. აქცენტს რომ მაინცდამაინც რემონტზე ან ახალი ავტობუსის ყიდვაზე (ე.ი. ბიუჯეტის ათვისებაზე) აკეთებთ, ტრანსპორტით სარგებლობის მოხერხებულობას ამით რა ემატება?

კიდევ ერთი: მერია ვითომ რაღაც ზომებს ატარებს საავტომობილო მოძრაობის მოსაწესრიგებლად, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი არის ერთი: ქალაქში საცობებმა იმატა და პერმანენტული გახდა.

ისევ “ტაქსებს” დავუბრუნდეთ. მერიამ გამოაცხადა, ყველა “ტაქსი” თეთრი უნდა იყოს. ვისაც სურვილი არ აქვს, ავტომობილი გადაღებოს, პრობლემა არ არის, მათ “ბ” კატეგორია მიენიჭებათ, მაშინ, როცა თეთრი ტაქსები “ა” კატეგორიით ისარგებლებენო. გადაღებვა ხარჯებთან არის დაკავშირებული და მერიამ “გამოსავალი აქაც იპოვა”. მძღოლებს 700-ლარიან ვაუჩერებს ურიგებს, აქაოდა, გადაღებვის ფულს ჩვენ ვიხდითო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ყველამ იცის, რომ 700 ლარად მანქანას მთლიანად არავინ გადაუღებავს და მძღოლებიც ამბობენ: არ გვინდა ვაუჩერი, ისე გადაღებონო. ეს “ისე” კი არ გამოდის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ავტომობილის თავიდან ბოლომდე შეღებვა, სულ ცოტა, 1000 ლარი ჯდება, ანუ 300 ლარის დამატება მძღოლებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. ეს _ რაც შეეხება “ა” კატეგორიას, თორემ ვისაც მანქანის გადაღებვა არ სურს, ანუ უნდა სხვა ფერის ავტომობილით “იტაქსაოს” და “ბ” კატეგორია ჰქონდეს, პრობლემა არ არის, თუმცა…

“ბ” კატეგორიის მანქანებს არ ექნებათ უფლება, ავტომობილზე დაამაგრონ “ტაქსის” ამოსაცნობი ნიშანი და მგზავრი აიყვანონ ქუჩიდან”, _ წერია მერიის განკარგულებაში.

რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ, ვინც მანქანას არ შეღებავს, ვერც “იტაქსავებს”, რადგან, თუ ავტომობილს არცტაქსისნიშანი აქვს და არც მგზავრის აყვანის უფლება, გამოდის, რომ, “კატეგორიის მანქანების გარდა, დანარჩენიკატეგორიაა, მათ შორის ის ავტომობილებიც, თქვენ და ჩვენ რომ გვყავს და რომ არ გვიტაქსავია არასდროს. მართლა, რას ნიშნავს კატეგორიებად ავტომობილების დაყოფა, როცა რეალურად, “კატეგორიის მანქანების მძღოლებს, პრაქტიკულად, “ტაქსაობისუფლება არ აქვთ? ეს, უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა მერიის მხრიდან, აქაოდა, რამეს კი არ გაიძულებთ, არჩევანს გიტოვებთ და დანარჩენი თქვენ იცითო.

საზოგადოდ, ამჟამინდელ ხელისუფლებას დასჩემდა თვალში ნაცრის შეყრა და თანაც ისე, რომ გაოცებული სახეებით გვიყურებენ: რატომ არ გჯერათ ჩვენი ტყუილიო?! ტყუილის გარდა სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვათ ამ კატეგორიებად დაყოფას, ნამდვილად ვერ გეტყვით. გამოდის, რომ ყველა სწორედ “ა” კატეგორიაში უნდა გაერთიანდეს, ანუ ყველამ თეთრად უნდა გადაღებოს, ვისაც მუშაობა სურს, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ არ არის. მომავალი წლიდანტაქსაობამარჯვენასაჭიანი ავტომობილებითაც აიკრძალება, მიუხედავად იმისა, რა ფერის იქნება მანქანა. შედეგად, მძღოლები ცდილობენ, მარჯვენასაჭიანი მანქანები თავიდან მოიცილონ, რადგან თეთრად გადაღებვა, ტექდათვალიერება და მერიის მიერ დაწესებული სხვასიკეთეებიიმ ავტომობილებზე გაატარონ, რომლებიც გაისადაც გამოადგებათ. სამწუხაროდ, ეს ავტობაზრობაზეც კარგად იციან და მარჯვენასაჭიანი მანქანების ფასი საგრძნობლად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ტაქსისტები” იძულებულნი არიან, მანქანები იაფად დათმონ, ახალი ავტოები კი ძვირად იყიდონ და “ტაქსაობა” გამინუსებული ბიუჯეტით განაახლონ.

დასასრულ, მივმართავ თბილისის მერს: ბატონო კახა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახლეობის მიზიდვის უმარტივესი სქემა გითხრათ? აგერ, ლუქსემბურგში, მომავალი წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება, “ტაქსის” გარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ტაქსი” გაიაფდება და, რაც მთავარია, მოსახლეობის ხელფასის მიუხედავად, მათი უმრავლესობა სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის. აი, მაგას თუ გააკეთებთ, გვერწმუნეთ, რომ მართლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის მოსახლეობა და თანაც ეს კარგი მაგალითი (უპრეცედენტოც) იქნება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ხელისუფლება რაღაცის გაკეთებას, ხალხის კი არა, საკუთარი თავისთვის ქამრების შემოჭერის ხარჯზე აპირებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს _ ათასობით “ტაქსის” მოუწევს გაჩერება, რაც ათასობით ოჯახის დამშევას ნიშნავს, ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ და ის კი არ უნდა იფიქროთ, მოსახლეობას რომ მოვატყუებთ, ვერ მიხვდებაო, არამედ იმაზე, რომ არ მოატყუოთ და სწორედ მოსახლეობაზე მორგებული რეგულაცია შექმნათ. სხვანაირად ევროპას ვერ დავეწევით…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here