სანიმუშო დემოკრატიის ციტადელი, როგორც ჩანს, მონათმფლობელობაზეა აგებული, მძლავრი ეკონომიკა _ დამონებული ერების გენოციდზე, ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნეები კი აქტიურად ამუშავებენ “მეცნიერული რასიზმის” იდეებს. ეს ყველაფერი ბრიტანეთის მოქალაქეების ახალი აღმოჩენაა თავიანთი ქვეყნის ისტორიაში. ვის უნდა უმადლოდნენ ამ მოულოდნელ აღმოჩენას?
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული ბუნტი ჯერ ამერიკას მოედო, შემდეგ _ კონტინენტურ ევროპას, იქიდან კი _ დიდ ბრიტანეთს. სანიმუშოდ პოლიტკორექტულ ლონდონელ “ბობის” (პოლიციელს) ქუჩაში სცემენ შავკანიანები, გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ძეგლებს დაუნდობლად აგდებენ კვარცხლბეკებიდან ან ასხამენ საღებავებს.
ადგილობრივი ხელისუფლებები _ “ფერადი რევოლუციების” ეპოქის ყველა ხელისუფლების მსგავსად _ ცდილობენ, როგორმე მართონ პროცესები. ლონდონის მერმა სადიკ ხანმა (წარმოშობით პაკისტანელმა) განკარგულება გასცა, შეადგინონ სია იმ ძეგლებისა, რომლებიც უნდა აიღონ. ქვეყნის პრემიერმინისტრმა დაიცვა ჩერჩილის ძეგლი, დაგმო ვანდალიზმი, მაგრამ აღიარა, რომ რასიზმთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.
ხელისუფლების უნიათო მოქმედებებმა გამოიწვია ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაგრძეს სადიკ ხანს დაქვემდებარებული ლონდონის დარბევა და დაუნინგ-სტრიტზე ბრიტანეთის რეზიდენციაზე შტურმი. სკეპტიკოსებს, რომლებიც არ იზიარებენ აფროამერიკელი ფლოიდის დაღუპვით გამოწვეულ გლობალურ მწუხარებას, მიაჩნიათ, რომ ბრიტანულ ბუნტში ბევრი რამ გადაჭარბებულია.
გაზეთ Spectator-ის ფელეტონისტმა მთავრობას უკვე შესთავაზა სია ძეგლებისა, რომელთა დემონტაჟიც სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ამ სიაშია ტაუერიც, ბუკინგემის სასახლეც და ადმირალ ნელსონის კოლონაც. ეს ღირსშესანიშნაობები ხომ, ასე თუ ისე, დაკავშირებულია მონათმფლობელობასთან, რასიზმთან, მხეცურ კოლონიურ პოლიტიკასა და სხვა პოლიტიკურ ცოდვებთან, თუმცა ფელეტონმა მხოლოდ ხაზი გაუსვა რეალობას. საპროტესტო აქციებმა ბრიტანელებს თვალი აუხილა იმაზე, რეალურად თუ როგორი იყო მათი ქვეყნის მრავალჯერ გადაწერილი და რედაქტირებული ისტორია. ასეთ ბრიტანეთზე მათ არაფერი იცოდნენ.
გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს ე.წ. გარდაქმნის (“პერესტროიკის”) კამპანიას სსრკ-ში, როცა არქივების გახსნას ითხოვდნენ.
Blac Lives Matter-ის აქტივისტები და მათთან დაახლოებული დემოკრატები, აგრეთვე, მოითხოვენ გვარების გამოქვეყნებას იმ ბრიტანელებისა, რომლებიც მონებით ვაჭრობით გამდიდრდნენ XVII საუკუნეში.
არქივებში ასეთი ჩანაწერები არსებობს და რამდენიმე მონათმფლობელის გვარი ორი წლის წინათ გამოქვეყნდა სპეციალურ ვებგვერდსა და “ვიკიპედიაში” _ მათ შორის არის არისტოკრატიული ოჯახების ბევრი წარმომადგენელი, აგრეთვე, ნათან მაიერ როტშილდი.
ყველა მასალის გამოქვეყნება ფიზიკურად რთულია. საქმე ის არის, რომ მონების ყიდვა-გაყიდვითა და კოლონიებში მათი შრომით დააგროვა ქონება ბრიტანეთის ელიტის თითქმის ყველა წარმომადგენელმა. ოჯახების წევრებთან ერთად ისინი ასიათასობით არიან. ბევრი მათგანი მიღებული შემოსავლიდან ნაწილს ტაძრების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაში დებდა. სიმდიდრე, რომელიც დიდ ბრიტანეთში XVIII-XX საუკუნეებში დაგროვდა, “დაბალი დონის ხალხად” ოფიციალურად მიჩნეულთა ოფლითა და სისხლით შეიქმნა. ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად, ბრიტანეთის ისტორიაში ასახული არ არის. თუ ამერიკული კულტურის ისტორია რასიზსა და მის აჩრდილებთან ბრძოლაა “ბიძია თომას ქოხიდან” “ქარწაღებულებამდე”, ინგლისში მონათმლობელობის ყველა უსიამოვნო სიუჟეტი განიხილება პრიზმაში კანონისა “მონობის გაუქმების შესახებ”, რომელიც პარლამენტმა 1833 წელს მიიღო.
ისტორიის სახელმძღვანელოებში სწორედ ამ კანონზეა ყურადღება გამახვილებული. ბიოგრაფიების კრებულებში გამოჩენილი ბრიტანელების ცხოვრებიდან ამოღებულია ყველა დეტალი, რომლებიც მიუთითებს მათ მონათმფლობელობაზე, პერების შესახებ გამოცემულ წიგნებში ასეთი ინფორმაცია არასოდეს დაუბეჭდავთ. ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებებში იშვიათად არის მოხსენიებული მონობა და რასიზმი.
ინგლისელი ჯენტლმენის უმწიკვლო იმიჯი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მისი შემქმნელები კი ყოველთვის გაურბოდნენ იმის არაკორექტულად მოხსენიებას, თუ როგორ დააგროვეს ამ ჯენტლმენებმა ქონება.
აღსანიშნავია სკანდალები, რომლებიც დაიწყო 2015 წლიდან, როცა გამოქვეყნდა მონათმფლობელთა გვარები. მონათმლობელებს სახელმწიფო ხაზინიდან კომპენსაცია გადაუხადეს მონობის გაუქმების შესახებ კანონის მიღების შემდეგ. როგორც ირკვევა, მონათმფლობელთა შთამომავლები დღეს მსოფლიო ელიტას მიეკუთვნებიან. ესენი არიან სუპერვარსკვლავები _ ბენ აფლეკი და ბენედიქტ კამბერბეტჩი, ცნობილი “1984”-ის ავტორი ჯორჯ ორუელი, ბრიტანეთის ექსპრემიერი დევიდ კემერონი.
სინამდვილეში მონობის გაუქმების შესახებ კანონს სულაც არ შეუცვლია შრომის პირობები პლანტაციებში, ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ მონა თავისუფლებააღკვეთილიდან დაქირავებულად გადაიქცა. ამ კანონს ხელი არ შეუშლია ჩინეთში მოსახლეობის განადგურებისთვის (ეს მოხდა ოპიუმით მოვაჭრე ინგლისელების წყალობით) და არც 1940-იან წლებში ბენგალიაში ინდუსების შიმშილით დახოცვისთვის. რაც მთავარია, მას არ შეურყევია რასიზმი ბრიტანელებისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის უმდაბლეს ფორმად მიიჩნევდნენ უცხოელებს. ეს XIX საუკუნეში ფილოსოფიად იქცა.
1840-იან წლებში ინგლისელი საზოგადოება კმაყოფილებით კითხულობდა მაღალი წრის წარმომადგენლის, პეწენიკისა და ლოველასის, დამწყები პოლიტიკოსის _ ბენჯამინ დიზრაელის რომანებს, რომლებიც მართლაც კარგია. მათგან პირველმა “ვივიან გრეის” _ ახალგაზრდა პატივმოყვარე კაცის _ ისტორიამ ოსკარ უაილდს შთააგონა, დაეწერა “დორიან გრეის პორტრეტი”.
“რასა ყველაფერია, სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს”, _ ნათქვამია დიზრაელის რომან “ტანკრედში”. ბელეტრისტმა, ქვეყნის პრემიერმინისტრის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, ეს სლოგანი იმპერიის პოლიტიკად აქცია.
ებრაელ გრაფ ბიკონსფილდს სჯეროდა, რომ ინგლისი იქნებოდა მეორე ისრაელი; ინგლისელები _ რჩეული უმაღლესი რასა, მოწოდებული სხვა ხალხების წინამძღოლობისთვის.
დიზრაელი პირველი იყო, რომელმაც ჭეშმარიტი არიული რასის არსის ფორმულა ჩამოაყალიბა. მან აღნიშნა, რომ თავისი რჩეულობის შესანარჩუნებლად ინგლისელებმა არ უნდა დაუშვან შერეული ქორწინებები და ურჩევდა მათ, რომაელების მსგავსად, თავიდან მოეშორებინათ ავადმყოფი ბავშვები. ის მწვავედ აკრიტიკებდა “ადამიანების თანასწორობის დამღუპველ სწავლებას” და ამტკიცებდა, რომ “რასა _ ეს არის ის, რაც აერთიანებს ერს”. პრემიერმინისტრის რასობრივი უპირატესობის თეორიამ საფუძველი დაუდო იმპერიის დამპყრობლურ პოლიტიკასა და სასტიკ კოლონიურ ომებს.
დღეს დიზრაელის ძეგლი ლონდონის პარლამენტის მოედანზე დგას და მას ჯერჯერობით არავინ ემუქრება. მისი იდეური მემკვიდრეობა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დიზრაელის თეორია არიული რასის სისუფთავესა და უპირატესობაზე აიტაცა ბრიტანული არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელმა ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენმა.
ბრიტანელი ისტორიკოსები მას გერმანელ ფილოსოფოსს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ჩემბერლენი ინგლისის ელიტის “ხორცი ხორცთაგანია”. სხვათა შორის, მისმა ბაბუამ ქონება ბრისტოლში მონების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა.
სწორედ ამ ინგლისელმა არისტოკრატმა შეიმუშავა რასიზმის თეორია, რომელიც შემდეგ გადააკეთეს მისმა გერმანელმა მოსწავლეებმა _ ჰიტლერმა და გებელსმა. ჩემბერლენის წიგნმა “XIX საუკუნის საფუძვლები”, რომელიც 1899 წელს გამოიცა, საფუძველი ჩაუყარა რასისტულ პროპაგანდას და გავრცელდა 1930-იანი წლების ევროპაში. ის ბიბლიად იქცა ნაციონალ-სოციალისტებისთვის, ამ წიგნიდან ამოღებული ციტატებით სავსეა ჰიტლერის “მაინ კამპფი”. “ჩვენო სულიერების მამავ, მოგესალმები”, _ ასე მიმართავდა ჩემბერლენს იოზეფ გებელსი, რომელსაც ჰიტლერი თავის იდეურ მასწავლებლად მიიჩნევდა, ჩემბერლენის ზოოლოგიური რასიზმი კი დღეს სიგიჟედ მოგეჩვენებათ. “ადამიანის სახე წამსვე დადის ცხოველის სახემდე, როგორც კი მას ვაერთიანებთ წარმოდგენასთან ზანგზე”, _ წერდა ეს ინგლისელი ჯენტლმენი.
დღეს ბრიტანეთში აგორებული საპროტესტო აქციები გვახსენებს იმ საშინელ ჩონჩხს (“ჩონჩხი კარადაში” _ ინგლისური იდიომატური გამოთქმა, რომელიც ნიშნავს ბიოგრაფიაში გარკვეული დამალული ფაქტის გამჟღავნებას, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავს რეპუტაციას _ გ.გ.), რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ კარადაში. ძნელია, არ დაეთანხმო შავკანიან აქტივისტ დევაინ ელიოტს, რომელიც ლონდონში მიტინგებს მართავდა. “ბავშვებს მართალი ისტორია უნდა ვასწავლოთ და პატიოსნად მოვუთხროთ მონობაზე”, _ ამბობს დევაისი ჟურნალ Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში. რაც უფრო კარგად იციან ადამიანებმა ისტორია, მით უკეთ მიხვდებიან, რაც დღეს ხდება მსოფლიოში”.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ