Home რუბრიკები პოლიტიკა რაში გამოიხატება “დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობა”, იქნებ ვინმემ აგვიხსნას?

რაში გამოიხატება “დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობა”, იქნებ ვინმემ აგვიხსნას?

ფრთხილად მირაჟია

2019 წლის 28 ოტომბერს საქართველოს ხელისუფლების ვებგვერდებს ჰაკერებმა შეუტიეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კიბერშეტევა თურმე რუსეთიდან განხორციელდა. უფრო კონკრეტულად კი:

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობით მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ”, _ ეს განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ.

ხომ ლოგიკურია, რომ ამ ბრალდების შემდეგ რუსულ მხარეს უმწვავესი რეაქცია უნდა ჰქონოდა და როგორც ქართული მხარე, ისე ამერიკა და ევროპა მოუთმენლად ელოდა რუსეთის პასუხს. ამ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი ევროპული ქვეყნების რუსეთის მისამართით ბრალდებებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ ქართულ ინტერნეტგვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე, გვინდა, აღვნიშნოთ შემდეგი: ეს არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაციის გავრცელება. არავითარი მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ელექტრონულ ქსელებში დამაზიანებელ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ყურადღებას იქცევს სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვათა მიერ. ოთხი თვე დასჭირდა რუსეთის მონაწილეობის დადგენას ინციდენტში, რომელიც თითქოს გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება კვლავაც წამოსულია ყბადაღებული ჰიგჰლყ ლიკელყის ფარგლებში. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ უარის თქმა რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილის სწავლა. ეს ყველაფერი დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც არამარტივ ურთიერთობებს. კვლავ დარწმუნებულნი ვართ, არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება ქართველი და რუსი ხალხების ძირეულ ინტერესებს შეესაბამება; გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს სრულიად არ აძლევთ ხელს”.

რუსეთის საგარეო უწყებამ ის კი არ თქვა, მტერი ხარ ჩემი, ამას რომ აკეთებო, არამედ ქართველ კოლეგებს ჭკუა დაარიგა და, რბილად რომ ვთქვათ, ყური აუწია. ქართული მხარის განცხადებების შემდეგ არ დააყოვნეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, რუსეთის ქმედებები ისე დაგმეს, არც კი უკითხავთ, რა მტკიცებულებები ჰქონდა ქართულ მხარეს ან რის საფუძველზე გაკეთდა აღნიშნული განცხადება. დავსვათ ძალიან მარტივი კითხვა _ რისთვის სჭირდება რუსეთს საქართველოს სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა _ სახელისუფლო ორგანოების პარალიზებისთვის? _ გამორიცხულია, რადგან ეს ორგანოები ისედაც პარალიზებულია.

რამე საიდუმლო ინფორმაცია რომ შეიტყოს? _ ესეც გამორიცხულია, რადგან, სამწუხაროდ, ისე უმნიშვნელო ვართ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ სერიოზულ საიდუმლოს არ გვანდობენ.

აბა, რისთვის დასჭირდათ ამის გაკეთება?! პასუხი მარტივია: არ სჭირდებოდათ, მაგრამ…

საზოგადოდ, საქართველოში მოდურია, როცა რამე არ გამოგდის, როცა რამე ფუჭდება, ადგე და რუსეთს დააბრალო. არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციის წარმომადგენელი ხარ თუ ხელისუფლების, ჩინიანი თუ უჩინო, საკმარისია, ხელი რუსეთისკენ გაიშვირო და უცებ იმდენი მხარდამჭერი გამოგიჩნდებათ შინ თუ გარეთ, თავადაც გაოცდებით. აგერ, ვინ იფიქრებდა, რომ ციხიდან ახალგათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი თავისუფლების პირველივე დღეს იტყოდა, რომ, როცა ორ გვამს ითხოვდა, რუს გენერლებს გულისხმობდა, რომლებიც თურმე მუხროვანის ამბოხში მონაწილეობდნენ.

გესმით, ხალხო? მოქმედი ხელისუფლება ამბობს, მუხროვანის ამბოხი დადგმული და თითიდან გამოწოვილი თემა იყოო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი გაიძახის: რა თითიდან გამოწოვილი თემა, ორი რუსი გენერალი აწყობდა ამბოხსო. რაც მთავარია, პროცესის ასე შემობრუნება ძალიან მოეწონათ ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს. თურმე, ვანო ქართველებზე კი არ ნადირობდა, რუსეთს ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მერაბიშვილის ხალხმა სწორედ ქართველები ჩახოცა დაიმ მომენტში რუსული კვალი არავის უხსენებია და არც გენერლებზე თქმულა რამე. 6 წელი და 9 თვე საკმარისი აღმოჩნდა ახალი ვერსიის მოსაფიქრებლად და თანაც როგორი ვერსიის, ყველამ ტაში რომ დაუკრა.

სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აჰყვა ყველა, ვისაც არ დაეზარა. ეგ კი არა, ჟურნალისტებმა (უფრო ზუსტად, “დამოუკიდებელმა” ჟურნალისტებმა), შინაგან საქმეთა მინისტრს ისიც ჰკითხეს, რუსეთთან საერთაშორისო სამართლებრივ დავას ხომ არ იწყებთო, რაზეც ბატონმა ვახტანგ გომელაურმა მიუგო: “დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავებთ კოლეგებთან და პარტნიორებთან. ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი არამხოლოდ საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოლოგიები ვითარდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ, მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა ან, თუ მოხდება, სივრცეში ჩაკეტვა მოხდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება”.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, იჩივლებს თუ არა სახელმწიფო და, ჩვენი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს _ საერთაშორისო სასამართლოში საერთაშორისო სტანდარტების მტკიცებულებებს მოითხოვენ და არა მშრალ განცხადებას. ამ მტკიცებულებების წარდგენა კი ძალიან რთული იქნება, რადგან იმავე განვითარებული ტექნოლოგიების მეშვეობით სრულიად შესაძლებელია კიბერშეტევა განახორციელოს ერთმა ქვეყანამ და გამოძიება გავიდეს მეორე ქვეყანაზე. მომხდარა ასე ადრე, მომავალში უფრო ხშირად მოხდება და ეს არის ის რეალობა, რომელშიც თანამედროვე მსოფლიოს მოუწევს ცხოვრება.

უკვე მერამდენედ ბოლო ერთ თვეში გიორგი გახარიას რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთება კვლავ აიძულეს. ფაქტია, რომ საქართველოს საგარეო უწყება მუშაობდა ჩვენი და რუსეთის უმაღლესი პირების შეხვედრის ორგანიზებაზე და, როგორც ჩანს, დასავლელმა “პარტნიორებმა” ბოლო გზაც ჩაკეტეს. კიბერშეტევაზე ოფიციალური განცხადება ხომ სწორედ საგარეო უწყებას გააკეთებინეს და შემდეგ პრემიერიც იძლებული შეიქნა, ხელი სწორედ ჩრდილოელი მეზობლისკენ გაეშვირა.

“დავამთავრეთ ამაზე საუბარი. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცველი. ეს არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება. იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიებითა და გამოძიებით… დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან”, _ განაცხადა გახარიამ.

რაში გამოიხატება “დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობა”, იქნებ ვინმემ აგვიხსნას? მხოლოდ იმაში, რომ უცხოეთში ვიზიტებისას ქართული დელეგაცია “ჰაი-კლასის” სასტუმროებში ჩერდება და კომფორტს არ იკლებს? დასავლეთის შესაბამისი ხელფასები გვაქვს ან დემოკრატია გვაქვს იქაური დონის შესაბამისი? _ არაფერი, ბატონებო, სრულიად არაფერი.

მწარე რეალობა კი ასეთია: საქართველო დასავლეთს მძევლად ჰყავს აყვანილი და აიძულებს, ის იმღეროს, რასაც დაუკრავს. ვერ გეტყვით, გამოვალთ თუ არა ამ ჩაკეტილი წრიდან ოდესმე, რადგან არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ამის სურვილი არ აქვთ. აი, როგორც კი სურვილი გაჩნდება ხოლმე, დასავლელი პარტნიორები მას ჩანასახშივე კლავენ. გავა ორიოდე კვირა, ეს განცხადება მიავიწყდება რიგით მოქალაქეებს, მაგრამ არ დაავიწყდებათ პოლიტკურ წრეებში და ძნელი იქნება ერთ მაგიდასთან დასვა ორი მხარე, რომლიდანაც ერთ-ერთი მუდმივად იმეორებს, რომ მეზობელი მტერია და მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არადა, სწორედ ეს მეზობელი ამბობს, _ გველაპარაკეთო. როდიდან შეიქნა საუბარი სიცოცხლისთვის საშიში?!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა ბატონო ბესო. როგორც ყოველთვის, შესანიშნავი ანალიზია!!! ჭკვიანი, განათლებული და ეროვნული ღირსების მქონე ხალხია საჭირო ხელისუფლებაში (ყველა დონეზე) მდგომარეობის გამოსასწორებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here