Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკაშენკო, RYANAIR-ის თვითმფრინავი და დასავლეთი

ლუკაშენკო, RYANAIR-ის თვითმფრინავი და დასავლეთი

რომან პროტასევიჩი და მისი დაკავება

ლუკაშენკო, RYANAIR-ის თვითმფრინავი და დასავლეთი

2021 წლის 23 მაისს ბელარუსის საავიაციო ხელისუფლებამ, რომელმაც თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე ინფორმაცია მიიღო, ავიაგამანადგურებლის თანხლებით აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო ირლანდიური ავიაკომპანია Ryanairის თვითმფრინავი, რომელიც ათენივილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დასავლეთმა ეს ინციდენტისახელმწიფოს მიერ გატაცებადდასახელმწიფო მეკობრეობადშეაფასა.

რომან პროტასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, Telegram-ის პოპულარული ოპოზიციური არხის, Nexta-ს, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორია. მან ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი. პროტასევიჩს ბელარუსში ბრალი ედება ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

Nexta-ს ტელეგრამ-არხი მინსკში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მთავარი საინფორმაციო და მაკოორდინირებელი საშუალება იყო. მოკლე ვადაში არხის გამომწერების რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა. Nexta-ს თანამშრომლები პოლონეთის დედაქალაქში ცხოვრობენ და იქიდან მუშაობენ. 2020 წლის ოქტომბერში მინსკის რაიონული სასამართლოს მიერ Nexta-ს არხი და მისი ლოგო ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს, ამის მიზეზად კი აღნიშნული მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ძალადობრივი მოწოდებები და მასობრივი არეულობების წახალისება სახელდებოდა. ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, შეიძლება ბევრი ჩვენგანისთვის მიუღებელი იყოს ის, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა და ის ფორმა, რომლითაც Nexta-ს დამფუძნებელი დააკავეს. მით უმეტეს, არსებობს გარკვეული პრეტენზიები ბელარუსში მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდა სხვადასხვა საერთაშორისო ნორმისა და სამართლის ინტერპრეტაცია ამ საკითხზე. უფრო მნიშვნელოვანი კი იმის გაანალიზებაა, რამდენად ადეკვატური იყო დასავლეთის რეაქცია ამ ფაქტის მიმართ. ამ ინცინდენტიდან მოკლე დროში გულმხურვალე ევროპელი დემოკრატების აღშფოთება ვიხილეთ. ევროკავშირმა ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბელარუსის ავიასივრცე იზოლაციაში მოაქცია. ასევე ფრენები აუკრძალეს მთავარ ბელარუსულ ავიაკომპანია “ბელავიას”.

ევო მორალესის თვითმფრინავი იძულებით დასვეს ვენაში
ევო მორალესის თვითმფრინავი იძულებით დასვეს ვენაში

რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს!

დღევანდელი მსოფლიოს საერთაშორისო სამართალსა თუ საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი მოვლენის შეფასება პრეცედენტული მიდგომებიდან გამომდინარე ხდება. სხვათა შორის, პრეცედენტულ სამართალს ანგლო-ამერიკული ფესვები აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. დავუბრუნდეთ ისევ განსახილველ საკითხს. ევროპის საჰაერო სივრცეში საგანგებო ვითარებისას თვითმფრინავის იძულებით დაშვება ზემოაღნიშნული ფორმით პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის ივლისში ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესის თვითმფრინავიც იძულებით დასვეს ავსტრიის დედაქალ ვენაში. ეს 3.5-საათიანი ფრენის შემდეგ მოხდა, როდესაც იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ სუვერენული ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ პირს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრეს. როგორც შემდგომში გაირკვა, ევროპული ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი იყო ის, რომ ამერიკელები ეჭვობდნენ, რომ ბორტზე იმყოფებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი, რომელსაც საიდუმლო მონაცემების გამჟღავნებაში ადანაშაულებდნენ. ევო მორალესის თვითმფრინავი აიძულეს, ვენის აეროპორტში დაფრენილიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბორტზე სნოუდენი არ იმყოფებოდა. ეს ავსტრიის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმაც დაადასტურა. ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებამ ევო მორალესის თვითმფრინავის იძულებით დაფრენის შესახებ, რომელიც აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული, ლათინური ამერიკის ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევო მორალესი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეულწილად დიმპლომატიური ეტიკეტი და პოლიტიკური ხელშეუხებლობის პრინიციპიც დაარღვიეს სხვა დანარჩენთან ერთად, თუმცა იმხანად ჩვენ ვერ ვიხილეთ გაშმაგებული დასავლელი ლიდერები, რომლებიც საჯაროდ დაგმობდნენ მომხდარს.

ევო მორალესი
ევო მორალესი
რომან პროტასევიჩი
რომან პროტასევიჩი

რაც ეპატიება კოლექტიურ დასავლეთს, არ ეპატიება ლუკაშენკოს?

ლათინური ქვეყნების ლიდერებმა პროტესტი გამოთქვეს ვენის აეროპორტში ევო მორალესის თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის გამო. ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი მორალესი “იმპერიალიზმმა გაიტაცა” და “ლათინური ამერიკა ფეხქვეშ გათელეს”, ევროპა კი “ობსკურანტიზმში ჩაეფლო” და “ისე იქცევა, როგორც ერთი სახელმწიფოს კოლონია”. ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა რუბენ საავედრამ პირდაპირ დაადანაშაულა აშშ, რომ სწორედ მისი მითითებით მოხდა თვითმფრინავის იძულებით დაშვება და შემდგომი სამარცხვინო გაჩხრეკა. არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა კი განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების მოქმედება “წარმოუდგენელი დაუსჯელობაა”, ხოლო ეკვადორის ლიდერი რაფაელ კორეა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლივიის პრეზიდენტი შეურაცხყვეს, დაემუქრა, რომ ელჩებს გამოიწვევდა.

დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?!

ლათინური ამერიკის ქვეყნები და დანარჩენი მსოფლიოს პროგრესული ნაწილი სამართლიანად აღშფოთდა ევო მორალესის თვითმფრინავის იძულებით დაფრენის გამო, მაგრამ ევროპისა და აშშის მიმართ რაიმე სერიოზული ზემოქმედების ბერკეტი მათ არ ჰქონდათ. ასე რომ, ამ ინცინდენტმა საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული საპასუხო ქმედებების გარეშე ჩაიარა.

“პრესის თავისუფლების” კუთხით ლუკაშენკოს საქციელი შეიძლება ბევრმა არ მოიწონოს, მაგრამ Ryanair-ის თვითმფრინავის ამბავმა დასავლეთი კიდევ ერთხელ ჩაახედა სარკეში და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითა _ დასავლეთმა დაგმო ლუკაშენკოს საქციელი, მაგრამ მსგავსი რამ 2013 წელს თვითონ ჩაიდინა.

ეს იყო ერთგვარი სილის გაწვნა აშშ-ევროკავშირის ტანდემისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა. დასავლეთის პოლიტიკური ელიტა უფრო გულწრფელი უნდა იყოს საკუთარი მოქმედებებისას, მით უფრო, რომ დასავლეთის განუზომელი ძალაუფლება, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ჟანდარმისა, თანმიმდევრულად მცირდება, იქმნება ძალთა ახალი ცენტრები და იცვლება მოსახლეობის განწყობაც.

POLITICANO.BLOG

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here