Home რუბრიკები საზოგადოება არ გათეთრდება ყორანი

არ გათეთრდება ყორანი

გივი სომხიშვილი

არ დასრულდა ქართველი ხალხის უბედურებად მოვლენილი ედუარდ შევარდნაძის მიერ დანთხეულ სამსალის აქაიქ ამონთხევა, იმჟამინდელ წამებულთა შეუხორცებლად დარჩნილ ჭრილობებში ცილისწამების სიმყრალით ბოდიალი და სატანის ანგელოზის ფრთებით გამოპრანჭვის სურვილით მომავლის შეცდენის მცდელობა. მაგრამ, რაც დრო გადის, ისტორიის ფურცლებზე ჭეშმარიტება მყარად იდგამს ფესვებს, მოძალადე მიზანთროპის მიერ დაგროვილ ბინძურ ცილისწამებას ფანტავს და მომავალ თაობებს შეახსენებს, რომ ბედნიერია ის, ვინც ამ წუთისოფელში სიკეთითა და სიყვარულით გაიელვა.

უფალს მადლობა როგორ არ უნდა შევწიროთ, როცა ქართველი ხალხის პირდორბლიანი მტრის, ნიკიტა ხრუშჩოვის, მძვინვარების ჟამს, რომელმაც საქართელოს ღრღნა ქლუხორის რაიონითა და ყიზლარის საძოვრების ჩამოჭრით დაიწყო, არყით გამობრუჟვას კი ქართველთა გადასახლებაზე ბოდვით ამთავრებდა, ხელმძღვანელად ვასილ მჟავანაძე რომ გვყავდა. ის მკერდით გადაეღობა გაცოფებულ ნადირს და მის დამხობაშიც თვისი ღირსეული წვლილი შეიტანა. თაფლის სიტკბოს არ დააფასებ, თუ ბალღამის სიმწარე არ გიგემიაო. ეს დაგვემართა და საშინლადაც დავისაჯეთ. დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს რამხელა სიკეთით, ერის სიყვარულით და მის ბედნიერებაზე ზრუნვით აღვსილი მამულიშვილის ღვაწლი არ დავაფასეთ; ყველა მანკიერებით გატენილთა მიერ ცილდაწამებული უკანასკნელ გზაზე არც კი გავაცილეთ, ქართველთა უბედურებად დაბადებული ბოროტების გუდა კი, თაფლზე უტკბესი მომავლის იმედად, ტაშ-ფანდურით წამოსკუპდა ქვეყნის მართვის საჭესთან; გაგვიწყრებოდა უფალი, აბა, რა?!

პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად ვმუშაობდი, კომკავშირის რაიკომის მძიმედ დაავადებული პირველი მდივნის ადგილზე რომ გადამიყვანეს. აქედან გავეცანი ქართელი ახალგაზრდობის ბრწყინვალე წარმომადგენლებს და მათ სიკეთეს, სიყვარულს, პატიოსნებას, მეგობრობას და ზნეკეთილობას ვეზიარე. ახალგაზრდობის ამ ბრწყინვალე თაიგულს ამშვენებდნენ; ოთარ ჩერქეზია, როინ მეტრეველი, უსპეტაკესი გოგონა ნათელა ლაღიძე, რესან კონცელიძე, ნუგზარ ფოფხაძე, სოლიკო ხაბეიშვილიჯუმბერ პატიაშვილიც მაშინ გავიცანი და მასაც ისეთივე პატივს ვცემდი, როგორც ყველა დანარჩენს, ამ დროს მოხდა ტრაგედია, მყინვაწვერის დასალაშქრავად წასულ ახალგაზრდებს ქარბუქმა მოუსწრო, ვეღარ ჩამოვიდნენ და გაიყინნენ. სოლიკო ხაბეიშვილი ალპინისტური კლუბის ხელმძღვანელიც ყოფილა, ახალგაზრდების სათანადო აღჭურვილობის გარეშე გაშვების გამო კომკავშირის ცეკას მეორე მდივნობიდან გაათავისუფლეს. ცოტა ხანს მინისტრთა საბჭოში იმუშავა და ლენინგრადის კომკავშირის მდივანმა თამარა კუცენკომ იმხანად საკავშირო ცეკაში რომ მუშაობდა და ხაბეიშვილთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ეს მჟავანაძეზე განაწყენებული კაცი, მოსკოვში წაიყვანა. მე კი თურმე პატიაშვილის მეგობარი ვყოფილვარ და ნათელმირონობა მაკავშირებდა. არადა, მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობდი და მათზე დღესაც არ მაქვს არავითარი წარმოდგენა. თანაც მაშინდელ კომკავშირში ნათელმირონობაზე ლაპარაკი?.. შევუნდოთ ამის შემთხზველს ეს გამოგონება, რადგან ცრუპენტელობის უფრო დიდი სანაგვეები აქვს გამოქექილი. მეგობრობით კი ხაბეიშვილთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე პატიაშვილთან, ჩემი გამოგონილი ქვევრის სარეცხი მანქანის გამოცდის შემდეგ ქებას რომ არ მაკლებდა. რაიონში დიდი ავტორიტეტით გამორჩეულ და ქიზიყური პირდაპირობით ნაკურთხ პარტიის რაიკომის მდივანთან მიწევდა მუშაობა, მართალი სიტყვის თქმისგან ვიღაცა ბღენძის გამო თავის შეკავებით სინდისს საყვედურს რომ არ ათქმევინებდა. ამგვარი პირდაპირობით ნათქვამი სიმართლე შინაგან საქმეთა მინისტრ შევარდნაძესაც მწარე აბივით გადააყლაპა. მანაც ქიზიყი სამეგრელოსავით შეიძულა და მტრობა თავისი ბოროტების პირქუშ შესაფერის დრომდე გადაინახა. ბილწი მაქინაციებით საქართველოს თავკაცად წამომჯდარმა ამ ხალხის მოამაგე კაცს ღვარძლი ბოლომდე დაანთხია ისე, როგორც ყველა სხვა ღირსეულ ქართველ მამულიშვილს; ამის შემდეგ ქიზიყს ადგილობრივი რაიკომის მდივანი არ ღირსებია. ქვაბი დაგორდა და საფარობელი ნახაო, _ ხაბეიშვილის მოსკოვში წასვლის შემდეგ გაღრმავდა მისი ძმობა შევარდნაძესთან. დაიწყო საქართველოდან ცილისმწამებლური წერილების ქარბუქი და მოსკოვში მჟავანაძის წინააღმდეგ აბლაბუდების ხლართვა. რით შეიძლებოდა მოეჯადოებინა შევარდნაძეს საქვეყნოდ ცნობილი მექრთამე, მომხვეჭელი საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრი, ლეონიდ ბრეჟნევთნ უაღრესად დაახლოებული შჩოლოკოვი?! მან თავისი გაიტანა და საქართველოში ბოროტებამ უბედურების ჩარხი დაატრიალა. ადრე მჟავანაძეს ქებითა და ლიქნით თავს რომ აბეზრებდა, ახლა დაგესვლა დაუწყო. ვაი მას, ვინც მჟავანაძეს დაელაპარაკებოდა. შეშინებული ყოფილი ნაცნობ-მეგობრები ახლოს ვეღარ ეკარებოდნენ. ცეკას მდივან გოგიჩაიშვილს მოსკოვში ყოფნისას მისი მონახულება თვითმკვლელობამდე მიყვანად და ოჯახის განადგურებად დაუჯდა. დაარბიეს, მოხსნეს, დააწიოკეს, მოსპეს ქვეყნისა და საქმის ერთგული საუკეთესო კადრები; დაიწყო არნახული თვალთმაქცობით, სიყალბით, მიწერებით, შევარდნაძის ბრეჟნევთან ბინძური, გულისამრევი ლაქუცით გარდამავალ დროშებზე ნადირობა. ყოველივე ამან პიკს მაშინ მიაღწია, როცა შევარდნაძეს შრომის გმირის ოქროს მედლის მოპოვების ფსიქოზი შეეყარა

სიღნაღში კი რაიკომის მდივნების კარუსელი ტრიალებდა. შევარდნაძემ ერთი წაიყვანა და მეორე, რუსეთიდან წამოყვანილი ხაბეიშვილის რჩეული პარტიულ აქტივს წარუდგინა; ქალის გაუპატიურებასა და სამეურნეო საქმიანობაში დარღვევებისთვის ორი სასტიკი საყვედურით დამშვენებული სიღნაღის რაიკომის მდივნად დანიშვნით დაღუპეს. ამას იმიტომ ვამბობ რომ რომელიმე მეურნეობის ხელმძღვანელობას უფრო მოირგებდა, რადგან ანთებულ ნათურაზე დასეულ ფარვანებით გარშემორტყმული მაამებლების ლიქნის სამსალამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა. მის სასაცილოდ ქცეულ უამრავი უცნაურობიდან ზოგიერთს შეგახსენებთ: *რაიკომის პირველი მდივნებისთვის განკუთვილ ბინაში ცხოვრობდა. ერთ დილით მანქანის საყვირის ხმამ გააღიზიანა და ქუჩა გარდიგარდმო გადაღობა. საღამოთი სამუშაოდან დაბრუნებული მცხოვრებლები ღობემ სახლამდე რომ არ მიუშვა, ატყდა ყაყანი და გაწევ-გამოწევა; ბუჩუკური კი ღობეს იცავდა. ბოლოს კი ღობის ნგრევაში თვითონაც მონაწილეობდა. *რაიკომის წინ მდებარე მოედანზე მიცვალებულის გატარება აიკრძალა. არადა, სასფლაოსთან ახლოს გარდაცვლილებსაც კი მოედანზე ატარებდნენ ამ პატარა ქალაქთან გამომშვიდობების ტრადიციით. მიცვალებული მოედანზე რომ არ შემოეყვანათ, სატვირთო ავტომობილებით კეტავდა. მძღოლები პროცესიის გამოჩენისთანავე გზას ათავისუფლებდნენ. ის კი ქანჩის გასაღებით, “კლუჩით”, დარბოდა ამ მანქანებისთვის ნომრების ასახსნელად. ერთხელ თანამშრომლები მოცვივდნენ, _ გვიშველე, ბუჩუკურს ვეღარ ვაკავებთო. მოედანზე მიცვალებულს დოლ-გარმონის სამგლოვიარო ხმაზე მიაცილებდნენ. ეს კიდევ რაიკომის ფანჯრიდან ხელებს იქნევდა და ყვიროდა, _ დოლ-გარმონით დაკრძალვა სად გაგონილაო. დაბლიდან მედოლემ საფეთქელთან თითის მიტანით დაუძახა, შენ დარეხვილი ხომ არა ხარო?! გაცეცხლდა. გინებით გამოვარდა, მეორე სართულზე დავიჭირე და ძალით შევიყვანე თავის კაბინეტში; ძალიან არასასიამოვნო კამათი მოგვივიდა. მაშინ რომ გამეშვა, ჭირისუფლები და მუსიკოსები ისე გაწეწავდნენ, სრულიად საქართელო დაგვცინებდა.

* რაიკომის საერთო ტუალეტში სიარული იუკადრისა, შიგ თავისთვის ჯიხურის მსგავსი რაღაც ააშენებინა, ჩაკეტა და გასაღებით დადიოდა. ერთხელ მდივანმა გოგომ გასაღები საზეიმოდ გადმომცა, ბუჩუკურმა გამომიგზავნა, შეუძლია იმ ტუალეტში იაროსო, გასაღები ფანჯრიდან მოვისროლე და ჩემთავად მანდ შემსვლელის-მეთქი,_ ძარღვიანი კახური გინებაც დავაყოლე. არაფერი უთქვამს, ალბათ, მადლობას ელოდებოდა; სიძულვილის ბოღმა კი უგროვდებოდა. საქართველოში მიწერებისა და თვალთმაქცობის ცეცხლი ძლიერდებოდა. კეთილშობილებით, პატიოსნებით, ქართული რაინდული სულის ადამიანური სიკეთითა და სიმართლით შემკული მთავრობის ხელმძღვანელი _ ზურაბ პატარიძე ამ ბოროტების ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ, რადგან მის გაძლიერებას შევარდნაძის ბანდა უწყობდა ხელს. პარტიის ცეკაში პატიაშვილი, თათბირებზე თუ პირად შეხვედრებში რისხვის ცეცხლს ანთებდა მიწერებისა და სიყალბის ამოსაშანთავად, მაგრამ რა შეეძლო, როცა შევარდნაძე ყალბი დიდების შარავანდედისთვის იყო გადარეული.

ერთხელ ბუჩუკური თბილისიდან დაბოღმილი ჩამოვიდა, პატიაშვილს მკაცრად გაეკრიტიკებინა და გვარიანად დაეუთოებინა. რაიკომის ვიწრო ჭორბიუროში ბუჩუკურმა პატიაშვილზე უკმაყოფილობის ბოღმა გადმოანთხია მლიქვნელთა ვახვახის აკომპანიმენტით. მაშინ მე იდეოლოგიის დარგის მდივანი ვიყავი. განვაცხადე, მაგ საყვედურებს სჯობს, საქმეს მივხედოთ, თორემ პატიაშვილი დანაშაულის ჩამდენს ძმასაც არ დაინდობს-მეთქი. არც კი ვიცოდი პატიაშვილს ძმა თუ ჰყავდა, უბრალოდ, ასეთი გამოთქმა არსებობს. შეიძლება ასეთი რამ ვთქვი სხვა დროსაც, ამიტომ პატიაშვილის კაცად ჩამთვალეს.

საქართველო კი მიწერებისა და პომპეზური ბაქიბუქის ორომტრიალში იხრჩობოდა. უკვე დამთავრებული ჰქონდათ გაუგონარი მიწერებით და თვალთმაქცობით გმირის ოქროს მედლის შევარდნაძისთვის სამარცხვინოდ მონადირების გაწამაწია. შვებულებიდან გამომიძახეს და შევარდნაძეს შემახვედრეს როგორც ვითომ ახლებურად მომუშავე აგროპრომის თავმჯდომარე. ყურებში კი სატანის ბოდვასავით მიწიოდა, _ ახლაც ილაპარაკოს მიწერები და თვალთმაქცობა არ შეიძლებაო. პარტიის რიგებიდან დარღვევადანაშაულის ჩადენას გავალებდნენ, თვითონ პასუხს არ აგებდნენ, თუ საჭირო შეიქნებოდა ამ დანაშაულისთვის ისევ ისინი დაგსჯიდნენ. ყოველგვარი მიწერა ავკრძალე და სასტიკად დაიძაბა პარტიის რაიკომთან ურთიერთობა. უკუღმართი დავალების მისაცემად აგროპრომში ცხვირს ვეღარ ყოფდნენ. წელი მთავრდებოდა და დაძაბულობამ იმატა. გაბერილ გეგმებს ვერ ვასრულებდით, მაგრამ რეალურად წარმოებული პროდუქციით წინა წელს საგრძნობლად ვუსწრებდით. ვიხვეწებოდი, ეს ერთი წელი გვადროვეთ, მომავალ წელს ყველაფერს რეალურად შევასრულებთ-მეთქი. ვის დაკარგვიხარ, როცა შევარდნაძე მიწერებით ყოველ წელს მეტსა და მეტს ითხოვდა. მე ვერაფერს მიბედავდნენ, მაგრამ მთავარ ზოოტექნიკოსს იბარებდნენ, შემდეგ კი მუქარითა და ლანძღვით გულგახეთქილს ისევ ჩემთან გზავნიდნენ, მაგრამ მიწერა ვერ მოახერხეს და სულადობის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე არ შესრულდა მიწერის იმედზე დამყარებული სხვა გეგმებიც. ამგვარ პირობებში ჩემი აგროპრომში მუშაობა აღარ შეიძლებოდა.

ბუჩუკური შევარდნაძესთან ჩავიდა თბილისში. დიდხანს ისუბრეს. ბიუროს სხვა წევრებიც დამოძღვრეს და ჩემი საკითხის განხილვა შეიტანეს დღის წესრიგში. მანამდე უკვე მოვითხოვე გათავისუფლება. სასაცილოდ შეთითხნილ პროექტში ჩემ მიერ გეგმის შეუსრულებლობა დომინირებდა. სხვების წვრილმანი ბრალდებებიც მე მომაწერეს და ჩემი გათავისუფლების თხოვნა დააკმაყოფილეს. რას წარმოვიდგენდი, ჩემ ირგვლივ რა ცილისწამების ქსელიც იხლართებოდა ჯუმბერ პატიაშვილის გზიდან ჩამოსაცილებლად. მერე გაირკვა, რომ შევარდნაძე-ხაბეიშვილის კაცთმოძულე სამზარეულოში მოხარშული ეს სიბილწე გამოიტანეს.

მალე ცეკაში გამომიძახეს რაიონში შეთითხნილი, სასაცილო პროექტის გადამღერებით. მოვითხოვე ყველაფერი შეემოწმებინათ. შევარდნაძემ გამოაცხადა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ ყველაფერი გადაამოწმოსო. მე გულუბრყვილობით ველოდი კომისიის დასკვნას. მალეკომუნისტშიგამოქვეყნდა, ცეკას ბიუროზე ადრე უკვე გათავისუფლებული სომხიშვილი პარტიიდან გარიცხესო. არავითარი კომისიის დასკვნა. ამის შემდეგიორწყალმშენისტრესტში დავიწყე ფიზიკურად მუშაობა.

კარგა ხნის შემდეგ ისევ გამომიძახეს ცეკაში, _ რა ფულს აგროვებდიო? საშინლად გავმწარდი. დაკითხვის ოქმი შეადგინეს და წამოვედი. მაშინ შევიტყვე, თურმე ბუჩუკური იბარებდა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და აძალებდა, დაეწერათ, სომხიშვილი ფულს აგროვებდა პატიაშვილთან მისატანადო. თუ ვერ ითანხმებდა, მილიციის უფროსთან გზავნიდა. ის საკანში შეაგდებდა და მეორე დღეს ისევ უღერებდა მუშტებს. საქმე გართულდა. მილიციის უფროსს აქეთ შეუტიეს და ცეკაში დასმენით დაემუქრნენ. შეშინებულმა მათ დაასწრო, ცეკაში განაცხადა რას ავალებდა ბუჩუკური. ამის დაფარვა აღარ შეიძლებოდა. კომისიამ მკაცრად შეისწავლა ეს საკითხი, ამ დანაშაულისათვის ბუჩუკური მოხსნეს და პარტიიდან გარიცხეს. გამწარებული ბუჩუკური ხაბეიშვილს კაბინეტში შეუვარდა,_ ეს რა ჩამადენინე, რატომ დამღუპეო?! მაგ ბიუროზე მე ვერ მოგეხმარებოდი, _ ქაღალდები მიაწოდა, _ აქ ყველა დანაშაულზე წერია, შევარდნაძეს მოხსნიან და გიშველიო.

ბუჩუკურმა ეს საჩივარი საკავშირო ცეკაში მიიტანა. ბუჩუკურის მეუღლეზე ამბობდნენ, ანდროპოვის ახლობელიაო. ანდროპოვი უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა, ჩერნენკომ კი შევარდნაძეს გამოუგზავნა დოკუმენტები ზომების მისაღებად. ბუჩუკური მაშინვე დააპატიმრეს. საპატიმროდან ერთხელ კიდევ მოახერხა ხაბეიშვილისთვის წერილის გაგზავნა, დამეხმარე, თორემ ყველაფერს ვიტყვიო. “ჩვენ უძლიერესი მტრები გაგვიჩნდა, რადგან სოლიკო ხდებოდა შევარდნაძის უპირობო შემცვლელი.” _ წერს “ნიჭიერი ანალიტიკოსი”. მოსკოვში როგორ ჩააწყვეს საქმე არ ვიცი, ისე კი, საქართველოში ფრიად არასახარბიელო ავტორიტეტი ჰქონდა. იგრძნობოდა კიდეც, რომ ხელსაყრელ მომენტში სოლიკო ედუარდს დაჩრდილავდა და გვერდით მოისროდაო. მოსკოვში გადახვეწილი ჩამოიყვანა და საქართველოში აღვირახსნილი ჯირითის განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვა; ისეთი ფონდი ჩააბარა, არც კი დაესიზმრებოდა.

ეს “ანალიტიკოსი” წერს, დაკავების სანქციას ბარაბაძემ ხელი არ მოაწერაო. რატომ მოაწერდა ხელს, როცა შევარდნაძე-ხაბეიშვილის დანაშაულებრივი ალიანსის წევრი იყო. ჩემზე შეთხზული ბრალდების შემსწავლელმა კომისიამ ამ დანაშაულისთვის ბუჩუკური დასაჯა. ბარაბაძემ კი ალიანსის დავალებით ჩემი დაპატიმრების სანქცია გასცა და შემდეგ შეუდგა ცრუ ბრალდებების შეკოწიწებას; თანაც მემუქრებოდნენ, ბარაბაძე დაგკითხავს და იმას გაღიარებინებს, რაც კომისიამ უარყოო. მსურველს შეუძლია მაშინდელი გენერალური პროკურორის, რაზმაძის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ამოიკითხოს, შევარდნაძემ დაგვავალა სომხიშვილს ათქმევინეთ, რომ პატიაშვილისთვის ფულს აგროვებდაო. გარეთ რომ ვერაფერს გავხდით, დავაპატიმრეთ მაგრამ ვერაფერი ვათქმევინეთო. ისე საზიზღარი და ბინძურია ეს ცილისწამება, რომ მისი გახსენება დღესაც მზარავს. კაცის მოკვლა რომ დაებრალებინათ ისე არ შემაშფოთებდა, როგორც ეს სატანის ქურაში გამოტარებული ცილისწამება. “ეს რამ მოაფიქრებინათ, კაცო?!”_ დათა თუთაშხიას მწარე ტკივილით შენელებული სიტყვები მახსენდება ხოლმე. სასამართლოზე ბუჩუკურს ნათქვამი სრულიად საქართველომ მოისმინა: ამან მომიყვანა, ამან დამაწინაურა და ციხეში ამის წყალობით მოვხვდი; ეს ცეკას პირველი მდივნის ჩოხის მორგებისთვის ემზადებოდაო. _ აი თანამდებობისთვის გამძვინვარებული კარიერისტის დახასიათება.

მოქრთამვის მაქინაციებით საქართველოს ხელისუფლების ეშელონებში გამძვრალი შევარდნაძის ყველა ბილწი საქმიანობის უშუალო მონაწილე იყო ხაბეიშვილი, რომელიც თავის ზრახვების თანამოზიარედ მხარში ამოიყენა. ეს ხაბეიშვილს ადევნებული ტურა კი წერს, დაჩრდილავდა და გვერდით მოისროდაო.

ოცდარვა თვის განმავლობაში სუკის დილეგში ჩამწნილებული, უკვე პატიაშვილის პერიოდში გამასამართლეს სასაცილოდ შეთხზული ბრალდებებით. განგებას მაინც არ ვემდური, რადგან იუზა კობახიძის ბედი გარანტირებული მქონდა, პატარიძის მიმართ ცილისწამება რომ ვერ აკისრებინეს და ეს კეთილშობილი, უაღრესად განათლებული და კაცთმოყვარე ვაჟკაცი შეთითხნილი, ყალბი ბრალდებებით დახვრიტეს. ახლა ყველანი იმ გრძელ სოფელში არიან და ინატრონ, რომ უფლის სამსჯავრო არ არსებობდეს.

შევარდნაძე-პატიაშვილი-სააკაშვილის რეჟიმიო, _ წერს წერილის ავტორი. პატიაშვილი შევარდნაძესთან რა დასაკავშირებელია, როცა მოსკოვში დაწინაურებული საქართველოს შხამსა და სამსალას არ აკლებდა პატიაშვილის სიძულვილით. თუნდაც 9 აპრილის ამბავს პატიაშვილს ვინ ეკითხებოდა, როცა გორბაჩოვის მიერ საგანგებო ძალაუფლებით აღჭურვილი შევარდნაძე განაგებდა ყველაფერს. მომიტინგეების დარბევის ბრძანებას მოსკოვიდან გასცემდა თუ აქედან, რა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა ამ ძალაუფლებით მხოლოდ ის იყო აღჭურვილი. პატიაშვილისთვის 9 აპრილის დაბრალება?.. ამით შევარდნაძის მიერ ჩადენილ ცოდვებს ვერ შეამსუბუქებენ. დღევანდელი სავალალო ყოფა სწორედ მისი საშინელი ღალატის გამოძახილია.

რა დააშავა ზვიად გამსახურდიამ, ერთი წელიც რომ არ დააცადეს, სისხლისღვრით დაამხეს და ეს საქართველოს სიყვარულით გულანთებული ბრწყინვალე მამულიშვილი მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ქართველ ერს კი ღვთისმშობლის კუთვნილ სამშობლოში ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს?!

გივი სომხიშვილი, მწერალი

1 COMMENT

  1. ეს წერილი ობიექტური პასუხია „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ცილისმწამებლურ ნიაღვარზე. კითხვა ისმის: რა ხელს აძლევს ზვიადისტების გაზეთს შევარდნაძის გათეთრება და პატიაშვილის გაშავება?! აშკარაა: ხელს არა, მაგრამ ფულს აძლევს შევარდნაძის მდიდარი კლანი, რომელსაც არ ეთანიება შავი ედუარდის ხატი. ჭურნალისტი ხამიცაშვილი კი ნასუფრალისთვის ირჯება. ფული პრინციპებს გავიწყებინებს და ჯოჯოხეთს ანათებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here