გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიას
ვცხოვრობ წალენჯიხაში, ვარ პედაგოგი, პენსიონერი. ჩემი ცხოვრების კრედოა მშვიდობა და უღრუბლო ზეცა, საამაყო წარსული დავუტოვოთ ჩვენს მოზარდებს და გამარჯვება ვუსურვოთ.
ჩემი ოჯახისთვის სურსათის შემდეგ მაპურებელია პრესა, განსაკუთრებით თქვენი გაზეთი, რომლის წყალობით ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებ.
ეს გაზეთი არის ქართველი ერის ცხოვრების მეკვლე და მეგზური, გზის მანათობელი ჩირაღდანი, რომლითაც სამყარო ცისკროვნდება.
ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის დიდი მწუხარების მომგვრელი იყო უნიჭიერესი, გონიერი, ყველასთვის საყვარელი რედაქტორის, ირაკლი თოდუას, გარდაცვალება. იმ დღეებში თითქმის ყველა დამწუხრებული იცრემლებოდა, რითაც პატივსა და სიყვარულს მიაგებდა ბატონ ირაკლის. მაქვს პატივი, მოგმართოთ სამადლობელი ბარათით.
ულევი სიხარული და სითბო თქვენს უძლიერეს სარედაქციო კოლეგიას წალენჯიხელთა სახელით.
მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ შეიძლება ეს მოგონება საჭირო იყოს.
წარსულის გახსენება ლამაზი, მშვენიერი რამ არის. არიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლეშივე ხელთუქმნელი ძეგლი უნდა დავუდგათ. ასეთი ადამიანი გახლავთ ლეგენდარული პიროვნება ალექსანდრე ნადირაძე, რომლის სახელი ენციკლოპედიაში უდიდესი მეცნიერის ტიტულითაა შესული. მე მაქვს მცირედი მოსაგონარი ამ სახელოვან ადამიანთან ურთიერთობისა და ამ პატარა ისტორიას ფოტოსთან ერთად გიგზავნით.
შემოდგომაზე, ოქტომბერში, დაიწყო თბილისში თბილისობის დღესასწაულის გამართვა, რომელშიც მონაწილეობდა ჩემი საყვარელი წალენჯიხა _ საქართველოს ულამაზესი კუთხე, ბაჯაღლოში ჩასმული ზურმუხტთვალი. წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით ზღაპრული სურნელების აღმძვრელია ბუნებაში და მას ემატებოდა მეგრული კულინარიული სურნელება. რიყეზე აღმართული მეგრული ოდის დიასახლისი გახლდით და ვინ მოთვლის, რამდენ საპატიო სტუმარს გავმასპინძლებივარ. სხვადასხვა წელს ჩვენი ოდის სტუმრები იყვნენ ბატონები: ედუარდ შევარდნაძე, ჯუმბერ პატიაშვილი, გივი გუმბარიძე, პავლე გილაშვილი, ნინა ჟვანია და უცხოელთა დელეგაციის უამრავი წარმომადგენელი.
ერთხელაც ჩვენს ეზოში ედუარდ შევარდნაძე შემოვიდა თანმხლები პირებით. გავბედე და ვთხოვე, ჩვენთან მოსულიყო. მან შემომხედა, მადლობა გადამიხადა და მითხრა: მაოცებს მეგრელი დიასახლისის გაბედული სტუმართმოყვარეობაო. ცოტა გავთამამდი და მეც შევეპასუხე: _ ბატონო ედუარდ, სამეგრელოს ოჯახში შემოსული სტუმარი, შუაგულ ეზოში შეჩერებული, მეგრელი დიასახლისის დიდი შეურაცხყოფაა-მეთქი. ეტყობა, დიდი თხოვნით ამომივიდა ბაგეებიდან ეს სიტყვები და შემობრძანდა. ასე მივიწვიე სტუმრები ჩემს მეგრულ ქოხში, რომლის შუაგულში გიზგიზებდა ცეცხლი და მეგრული სურნელება იფრქვეოდა, ყველა დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა. თურმე სტუმართა შორის იყო ადამიანი-ლეგენდა _ საპატიო პიროვნება, დიდი მეცნიერი ალექსანდრე ნადირაძე. ეს შევიტყვე გაცილებისას, როცა მან ჩემთან ფოტოს გადაღება ისურვა. მასთან გაღებული ფოტო დღემდე შემომრჩა. რამდენიმე ხნის წინათ თქვენს გაზეთში, რომლის აქტური მკითხველია ჩემი ოჯახი, წავიკითხე ქრისტინე ტოგონიძის სტატია მასზე და ვიფიქრე თქვენთვის ამ ფოტოსა და მოსაგონარი წერილის გამოგზავნა, რადგან დღემდე მეამაყება, ასეთ გამოჩენილ პიროვნებას რომ ვმასპინძლობდი.
ბატონ ალექსანდრე ნადირაძეს ძალიან მოეწონა მეგრული სამზარეულოს კერძები. მისი სურნელება, შებოლილი, დაწნული ყველი და ყველა სანელებელი, რომლებითაც მზადდებოდა ჩვენი კერძები, დაწყებული ჩვენებური ამოლესილი კოტოს ლობიოთი (ასე აუხსნეს), დამთავრებული ხაჭაპურითა და საცივით.
მაქვს დიდ ფოტო, რომელიც ჩემი ოჯახის რელიკვიაა და საჭიროების შემთხვევაში შემიძლია გადავცე ნებისმიერ მუზეუმს.
ინეზა გოგინავა,
წალენჯიხა