Home ახალი ამბები საქართველო ზურაბიშვილს ქართველი  ერი ნაკლებად ადარდებს, მისთვის მთავარი პირადი ინტერესებია  და მერე რა,...

ზურაბიშვილს ქართველი  ერი ნაკლებად ადარდებს, მისთვის მთავარი პირადი ინტერესებია  და მერე რა, რომ მის ინტერესებს შეიძლება მთელი ერი და ქვეყანა შეეწიროს

მადამ პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთი ნაბიჯი დაგვაშორებს როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ისე მეორე ფრონტის გახსნასა და საქართველოს ომში ჩართვას... მთავარია, ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და შემდეგ ქვეყანა დასავლეთის დაკრულზე იცეკვებს

252

„ქართული ოცნების“ და პირადად მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, მონდომება და საკუთარ თავზე მაღლა ახტომის მცდელობა რომ არა, სალომე ზურაბიშვილი ვერც დეპუტატი გახდებოდა, შემდეგ კი ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ალბათ, საუკუნის გამოცანად დარჩება, რისთვის სჭირდებოდა ბატონ ბიძინას 1%-იანი რეიტინგის მქონე ქალის პრეზიდენტობა, მაგრამ  ჩანდა, პირველი ტურის დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ არასწორი გათვლა გააკეთა, მაგრამ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა, რადგან სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებდა. ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მთლიანად მმართველი ძალის დამსახურება რომ იყო, იქიდანაც გამოჩნდა, რომ მეორე ტურის წინ ქალბატონ სალომეს გამოსახულებიანი ბაანერები  სრულიად საქართველოში გაქრა და მის ნაცვლად „ოცნების“ ლიდერთა ბანერები გამოჩნდა, აქაოდა, მხარი ჩვენ დაგვიჭირეთ და არა ზურაბიშვილსო. როგორც იქნა, სალომე პრეზიდენტად ავირჩიეთ და აგერ მეექვსე წელმა დაიწყო ათვლა, რაც მას,  პრეზიდენტის გარდა, ქვეყნის მთავარსარდალიც ჰქვია…

გასულ კვირას  პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  პრეზიდენტი არ მიიწვიეს, რის გამოც მან უკმაყოფილება არ დამალა.  ჯერ ის ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიციას ისე  ჰქონდა  შელახული იმიჯი, რომ იმხანად  პოლიციელის დღედ 6 მაისი, ანუ გიორგობა გამოგვიცხადეს, აქაოდა, ამ საეკლესიო დღესასწაულს ხალხი მაინც აღნიშნავს და მოდი, ეს  პოლიციას მივაწეროთო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიციელის დღედ 31 მაისი  დადგინდა… მოკლედ, არ მიიპატიჟეს სალომე და მანაც „ქოში უკუღმა ჰყარა“, აქაოდა, ქვეყნის მთავარსარდალს ძალოვანი უწყების ზეიმზე რომ არ ეახიან, ცუდიაო. მის არყოფნაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა აიღო.

„დიახ, მე გადავწყვიტე, რომ ზურაბიშვილი ზეიმზე არ უნდა მოსულიყო, რადგან არ მსურდა, მისი დაპატიჟებით პოლიციელებისთვის  შეურაცხყოფა მიმეყენებინა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ზურაბიშვილი ვერ  მიხვდა, რატომ იქნებოდა ზეიმზე მისი გამოჩენა პოლიციის შეურაცხყოფა და ჩვენ შევახსენებთ: ქალბატონმა სალომემ დასავლეთისა და ოპოზიციის მოთხოვნით შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა პირი, რომელმაც სამართალდამცველების ცოცხლად დაწვა სცადა, მათი მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ცეცხლიც გააჩინაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალოვნები გადარჩნენ. ჰოდა, პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულ პირს რომ შეიწყალებ და მერე პოლიციელთა ზეიმზე გინდა მისვლა, ცოტა არ იყოს, ლოგიკაში არ ჯდება. საერთოდ, ცუდი არ იქნება, თუ ზურაბიშვილს ფსიქიკურად შეამოწმებენ. ამას ხუმრობის  გარეშე ვამბობ. მას არ აქვს ისეთი წლოვანება, როგორიც, მაგალითად, ჯო ბაიდენს (ეგეც ბევრ სისულელეს აკეთებს ხოლმე), მაგრამ ხომ შეიძლება, უბრალოდ, ფსიქიკურად შეამოწმონ, შემდეგ გამოაქვეყნონ დასკვნა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ფსიქიკურად ჯანმრთელია და იმაზე მეტ სისულელეს არ იტყვის და გააკეთებს, რაც გააკეთა. სახელისუფლო გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა აზრზე არიან. უბრალოდ, ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რათა არაადეკვატური სალომე თანამდებობაზე დარჩენილიყო და მათი და დასავლეთის მითითებები  შეესრულებინა;   აკი ასრულებს კიდეც.  რამდენიმე დღის წინათ ახალგაზრდების  ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბია – ჩაამსხვრიეს მინები, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს კედლებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა ოპოზიციური პარტიები და, რაც მთავარია, პრეზიდენტი კატეგორიულად მოითხოვენ ამ პირების დაკავებასა და გასამართლებას. ყველაზე მეტად აღშფოთებული ზურაბიშვილია და… იქნებ გაგვახსენოთ პრეზიდენტის ერთი განცხადება მაინც, როცა სახლებში მიუცვივდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და დააზიანეს მათი ქონება, როცა დაარბიეს „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ  რეგიონული ორგანიზაციების ოფისები… იმხანად  არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციურ პარტიებსა და არც არასამთავრობოებს ხმა არ ამოუღიათ, ანუ ჩათვალეს, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. კრინტი არ დაუძრავთ არც დასავლელ ელჩებს… 

ისე ჩანს, ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერობას აპირებს და არა მხოლოდ  აპირებს, ამისთვის ყველა წინაპირობას ქმნის. ოპოზიციის ლიდერები კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი მიზეზით არ შეიწყალა – მისი გათავისუფლების შემდეგ ზურაბიშვილის პირველობას დიდი კითხვის ნიშანი დაესმებოდა, ახლა კი… ახლა მას შეუძლია თქვას, რომ ნეიტრალურია, რომ ოპოზიცია მის გარშემო უნდა გაერთიანდეს. მას პრეზიდენტობის ვადა მალე ეწურება,  ამიტომ სურს, პოლიტიკური მოღვაწეობა პარლამენტარის მანდატით გააგრძელოს და მომდევნო ოთხი წელი ისევ სახელმწიფოს ხარჯზე იცხოვროს. ამის წინააღმდეგი არც დასავლეთია,  ის ევროპაში და მით უმეტეს ამერიკაში, არავის სჭირდება, ამიტომ მისი დეპუტატობა გამოსავალია და, თუ ოპოზიცია გაერთიანდება (რისი შანსიც ძალიან მცირეა), პირველ ნომრად შეიძლება ქალბატონი სალომე ვიხილოთ. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ქვეყანაში აფუჭებს საქმეს, საერთაშორისო ასპარეზზეც არანაკლებ გვასხამს თავზე ლაფს. ის ხშირად  იმეორებს, რომ თურმე საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავს და ქვეყნის მთავარი პატრიოტი თვითონ არის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სწორედ მისი განცხადებების შემდეგ სამკურნალოდ წასული არაერთი ქართველი გამოყარეს  ევროპული თუ ამერიკული კლინიკებიდან და ბევრი მათგანი, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილი, გარდაიცვალა. ესეც პრეზიდენტის სინდისზეა, მაგრამ მას ეს არ ადარდებს, არ ადარდებს ისიც, რომ მის მიერ შეწყალებულ ლაზარე გრიგორიადისს  კვლავ შეუძლია, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს პოლიციელების წინააღმდეგ. ჰო, იმ პოლიციელების, რომელთა ზეიმზეც ასე ძალიან უნდოდა მისვლა და უნდოდა ერთადერთი მიზეზით – შს მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ შეურაცხეყო. ზურაბიშვილს ამის გაკეთება არ უჭირს და აღარც არავის უკვირს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი სახელმწიფოს გაშავებით არის დაკავებული.

მოახლოებული არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანოს და სათავეში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს; ის ძალა, რომლის რეპრესიების მსხვერპლი თავადაც იყო, მაგრამ ისე ჩანს, ახლა რაღაც გარანტიები აქვს მიღებული და ნაციონალები მას არ შეეხებიან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მთელ ერზე შურს იძიებენ.  ზურაბიშვილს ქართველი  ერი ნაკლებად ადარდებს, მისთვის მთავარი, დიდი ხანია, პირადი ინტერესია  და მერე რა, რომ მის ინტერესებს, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობა, არამედ მთელი ერი და ქვეყანა შეეწიროს. მადამ პრეზიდენტმაზუსტად იცის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთი ნაბიჯი დაგვაშორებს როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ისე მეორე ფრონტის გახსნასა და ქვეყნის ომში ჩართვას. ჰო, მან იცის, რომ ხელისუფლების ცვლილება, პრაქტიკულად, ომის გამოცხადებასა და დაწყებას ნიშნავს, მაგრამ არც ამის გამო აპირებს უკან დახევას და, თუ მართლა რამე დაიწყება, წავა პარიზულ სახლში და იქიდან დაგვიწყებს ჭკუის დარიგებას. ერთნაირსქესიანთა ქორწინებას რაც შეეხება, აკი პირდაპირ გამოგვიცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთმა: მე მხოლოდ ორი მტერი მყავს – ისლამური რელიგია და ქართული მართლმადიდებლობაო. ეს არ გაუპროტესტებია პრეზიდენტს, რადგან როთი და მისი მსგავსი  „დასავლელი პარტნიორები“ ოპოზიციას, არასამთავრობოებსა და უშუალოდ პრეზიდენტს ლამის წმინდანის დონეზე ჰყავთ აყვანილი და ფეხქვეშ ისე ეგებიან, როგორც მანამდე ეგებოდნენ ნაციონალები ამერიკელებსა თუ ევროპელებს.

მიდგომა, რომ ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, მაგრამ არ დავაბრუნებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სასაცილოც კი აღარ არის, რადგან ყველა ცდილობს, ეს ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს დააჯერონ. მერე რა, რომ  გაიელვებს ხოლმე ნაციონალების ოდიოზური ფიგურების სახელები და სახეები; მერე რა, რომ მათმა ერთ-ერთმა  იდეოლოგმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მითითებით მუშაობდა და ამის გაკეთებას მომავალშიც აპირებს; მერე რა, რომ აქციების მთავარმა ორგანიზატორმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისთვის ავტორიტეტი არც მშობლები ყოფილან არასდროს და არც პატრიარქი… მთავარია, მათ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და შემდეგ უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება არაფერს, ქვეყანა დასავლეთის დაკრულზე იცეკვებს.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here