Home ახალი ამბები საქართველო ყოჩაღ, უკრაინელებო!

ყოჩაღ, უკრაინელებო!

ეროვნული განადგურების ექსკლუზივი

661

კაპიტალიზმი სახეცვლილი მონათმფლობელობაა,  შინაარსით იგივე, მაგრამ ფორმით თითქოს გაკეთილშობილებული საზოგადოებრივეკონომიკური სისტემა. მონათმფლობელობის დროს ადამიანს ადამიანური ღირსებები და უფლებები არ გააჩნდა. იგი ისეთივე საკუთრება იყო მონათმფლობელისა, როგორც რომელიმე ნივთიმაგიდა, სკამი, ტანსაცმელი ან მათრახი. კაპიტალიზმის პირობებში ასე არ არის, ადამიანს თითქოს დაუბრუნდა ადამიანური ღირსება და უფლებები, მაგრამ დარჩა ერთი ნიუანსი, რომელიც ამ ღირსებადაბრუნებულსა და უფლებამოპოვებულ ადამიანს კვლავ მონის მდგომარეობაში ტოვებს. ეს ნიუანსი ადამიანის დაქირავების იურიდიულ ნებადართულობაშია ჩასაიდუმლოებული. ადამიანს უფლება აქვს, სხვას მიქირავდეს და ადამიანს უფლება აქვს სხვა დაიქირავოს. მორჩა, ამის შემდეგ სოციალურ ურთიერთობებს წყვეტს არა ღირსება, არა თავისუფლება, არა თანასწორობა, არამედკაპიტალი.

 ის, ვისაც ფული აქვს, დაიქირავებს იმას, ვისაც ფული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის თვისებრივად ისეთივე ურთიერთობები ჩნდება, როგორიც შორეულ წარსულში მონათმფლობელსა და მონას შორის არსებობდა. ის ფაქტი, რომ ეს ახალი ვითარება იურიდიულად არის მოწესრიგებული, საქმეს, მართალია, არბილებს (თუ გნებავთ, აკეთილშობილებს და ალამაზებს), მაგრამ ვერ ცვლის მის კლასობრივ არსს, რომელიც ერთის გაბატონებასა და მეორის დამონებაში გამოიხატება. დაქირავება, რა იურიდიული მეხამრიდებითაც უნდა აღჭურვონ იგი, საბოლოო ჯამში, დამონებას ნიშნავს. ასე რომ, ვითომ დემოკრატიულ (კაპიტალისტურ) სახელმწიფოთა ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი თავის გაქირავებით მოიპოვებენ არსებობის საშუალებას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი თავიანთი განათლებისა თუ კვალიფიკაციის წყალობით საკმაოდ მაღალ გასამრჯელოს იღებენ და, აქედან გამომდინარე, კარგადაც ცხოვრობენ (ე.წ. საშუალო ფენა), როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, კლასობრივ განზომილებაში მონის სტატუსიდან ვერ გამოდიან.

დაქირავებული შეიძლება ერთი ადამიანიც იყოს და მთელი კოლექტივიც, მაგალითად, მეცნიერთა ჯგუფი, მუსიკალური ჯგუფი, მუშათა ჯგუფი (ე.წ. გასტარბაიტერები), სამშენებლო კომპანიები და სხვები. არსებობს დაქირავებული არმიაც კი, რომლის თითოეულ წევრი (ჯარისკაცი) კონტრაქტის საფუძველზე (ანაზღაურების საფასურად) იღებს სამხედრო ვალდებულებას. ასეთი ჯარისკაცი (მთელი არმია), სამშობლოს კი არა,  კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს იცავს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში უდიდესია პირადი შემადგენლობით და, ამასთანავე, უდიდესია, როგორც დამსაქმებელი ინსტიტუცია. მართალია, აშშ-ში დღემდე მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა, მაგრამ 1973 წლიდან (ვიეტნამიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მომენტიდან) ეს სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს. ამას მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოგახსენებთ, რა უზარმაზარი ადგილი უჭირავს აშშ-ში (მის შეიარაღებულ ძალებშიც კი) დაქირავების ინსტიტუტს. კაპიტალისტურ სისტემაში დაქირავებას, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის ფენომენს, ისე ეფუძნება ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭული, რომ იგი სახელმწიფოს ფუნქციობის საფუძველთა საფუძვლად და სუბსტანციად გვევლინება, რაც შეიძლება ფორმულის სახითაც გამოიხატოს: არის ადამიანის დაქირავების ინსტიტუტი არის კაპიტალიზმი, არ არის ადამიანის დაქირავების ინსტიტუტი არ არის კაპიტალიზმი!

დაქირავებამ ასეთი ხასიათიც მიიღო: კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც არჩევნების ფენომენი გაფეტიშებულია, ხელისუფლებას დაქირავებულს უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში დაქირავება ყველაფერზე მაღლა დგას, თვით არჩევნებზეც კი. ამას ნიშნავს სიტყვა “დაქირავებაზე” აპელირება (მერე რა, რომ აგირჩიე, ამით რამე პრივილეგია კი არ მოგანიჭე, დაგიქირავე. რაკი დაქირავებული ხარ, რაკი ამაში ფულს გიხდი, შენ მაღალ საფეხურზე კი არ აგიყვანე, დაბალ საფეხურზე ჩამოგიყვანე, ამიტომ კეთილი ინებე და მომემსახურე!). ერთი სიტყვით, ქართველი პოეტისა არ იყოს, დაქირავება “უპირველეს ყოვლისა”.

მიუხედავად ამისა, დაქირავების ფენომენში გარკვეული ჩარჩოები მაინც არსებობდა. განუკითხავად ყველას და ყველაფერს ვერ დაიქირავებდი. მაგალითად, საკუთარ ხელისუფლებას თუ დაიქირავებდი, ვერ დაიქირავებდი სხვა ქვეყნის ხელისუფლებას, თუმცა მოგვიანებით, ამერიკელებმა სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ხელის ფათურის ტექნოლოგიები ისე დახვეწეს, რომ ასეთი სახის დაქირავებები დღეს არავის უკვირს. მეტიც, ამ საქმეში გაცილებით შორს წავიდნენ. ახლანდელი თაობა მოწმეა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს არამხოლოდ მთავრობის დაქირავებისა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს დაქირავებისა  ხალხით, ჯარით, ტერიტორიით, სამრეწველო პოტენციალით, ინფრასტრუქტურით, სულით, ხორცით, წარსულით, აწმყოთი და მომავლითამის ნათელი მაგალითია უკრაინა, რომლის მთავრობაც, ხალხიც და სახელმწიფოც ამერიკელებზე გაქირავდნენ, თანაც არამხოლოდ მოხმარებისა და გამოყენების, არამედ სრული განადგურების უფლებით. ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. იყო ერთგვარი ანალოგია ფაშისტური გერმანიის სახით, რომელიც ამერიკელებმა და ინგლისელებმა მეოცე საუკუნეში დაიქირავეს საბჭოთა კავშირთან და სოციალისტურ სისტემასთან საომრად. იმ უშეღავათო და უკომპრომისო ომში, მართალია, საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას უდიდესი ზიანი მიადგა, მაგრამ ფაშისტური გერმანია მთლიანად განადგურდა. განადგურდა გოეთეს, მარქსის, კანტის, ჰეგელის, თომას მანის, შილერის, ბეთჰოვენისა და სხვა ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის გენიოსთა გერმანია იმიტომ, რომ ფაშისტურ იდეოლოგიას აყოლილი ქვეყანა ანგლოსაქსებმა დაიქირავეს, დააფინანსეს, შეაიარაღეს და საბჭოთა კავშირზე დაგეშეს. ფაშისტურმა გერმანიამ ევროპა დაიპყრო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ დაამარცხა. გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა მთელი ევროპა გაათავისუფლა, ფაშისტ-დამპყრობლებს ბერლინამდე სდია და მისივე ბუნაგში ამობუგა. მაღალი რანგის სამხედრო დამნაშავეები კი შეიპყრო და გერმანულ პატარა ქალაქ ნიურნბერგში გამართულ საერთაშორისო სასამართლოზე დამსახურებული განაჩენი გამოუტანა. იმდროინდელი გამოცდილება ამა თუ იმ იდეოლოგიით გაბრუებული და წერას ატანილი ხალხის დაქირავებისა ამერიკელებმა თანამედროვე უკრაინაშიც სცადეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საძრახი საქმე არანაკლებად გამოსდით, ვიდრე გასულ საუკუნეში გამოუვიდათ. უკრაინის არამხოლოდ მთავრობა, არამედ ხალხიც იმ დონეზე გაება გარედან მოსული ბოროტების (ნეოფაშიზმის) ხაფანგში, რომ მონობასაც დათანხმდა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეროვნული განადგურების სრული ექსკლუზივიც დასავლეთს უყოყმანოდ გადასცა. ამ საშინელი გაქირავების პირობებით უკრაინელებს არაფერი მიუღიათ, გარდა რუსეთის დამარცხების თეორიული (ცრუ) შანსისა და საკუთარი ერის განადგურების პრაქტიკული (რეალური) შესაძლებლობისა.

უკრაინას, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებში ევროპის ყველაზე დიდ და მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ოთხი ზემძლავრი ატომური ელექტროსადგურით, გიგანტური მასშტაბის ხუთი მეტალურგიული ქარხნით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჰიდროელექტროსადგურთა კასკადით, უაღრესად ხელსაყრელი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, შავ ზღვაზე გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად მომგებიანი გასასვლელით, უმდიდრესი წიაღისეულით, მსოფლიოში მოწინავე საინჟინრო სკოლით, რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის ევროპაში სატრანზიტო კომუნიკაციითა და უდიდესი სამხედრო (ბირთვული პროგრამის ჩათვლით) პოტენციალით თავისუფლად შეეძლო ევროპის ყველაზე მაღალგანვითარებულ და კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მას ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა. ერთადერთი, რასაც ამ პერსპექტივის დასამარება შეეძლო, დასავლეთის ვასალად ქცევა და რუსეთთან დაპირისპირება,  ანუ პოლიტიკური პროსტიტუციის გზა იყო. ეს იყო გამცემისა და მოღალატის გარედან შეთავაზებული როლი, ისტორიულად, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი და ერთი წარსულიდან მომავალი მოძმე ერისა და ხალხისთვის ზურგში მახვილის ჩამცემის უმძიმესი და უსაშინლესი მისია, დაქირავებული მკვლელის სამარცხვინო ხვედრი. უკრაინელებმა დამოუკიდებელი ცხოვრების, თავისუფალი შრომისა და ეროვნული განვითარების გზის ნაცვლად სწორედ ეს დამღუპველი გზა არჩიეს, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს გზა უმოკლესი სავალი აღმოჩნდა თვითგანადგურებისკენ.

სტატია მონათმფლობელობაზე საუბრით შემთხვევით არ დამიწყია. გლადიატორთა ასპარეზობის შემზარავი სანახაობა მონათმფლობელთა უპირველესი გასართობი და “კულტურული მინაღწევარი” იყო. ამერიკელებმა უკრაინაში ძალიან თამამი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მისგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, გლადიატორული სახელმწიფო შექმნეს. ადრე სირიის ტერიტორიაზე მათ ტერორისტული სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ დანაშაულებრივ საქმეში პირდაპირ ამხილა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ბამა და იმავე პერიოდის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ამგვარ ექსპერიმენტებს ამერიკელები სამომავლოდ უფრო დახვეწენ და გაამდიდრებენ, ვიდრე დღეს ახერხებენ. დაქირავებული სახელმწიფოს, გლადიატორული სახელმწიფოს, ტერორისტული სახელმწიფოს, თვითმკვლელთა სახელმწიფოს გვერდით, ალბათ, გაჩნდება ნარკომანთა სახელმწიფო, შეშლილთა სახელმწიფო, მანიაკთა სახელმწიფო, ზომბთა სახელმწიფო, გარყვნილთა სახელმწიფო და ა.შ. და ა.შ. ეს პლანეტიდან ღმერთის (ჭეშმარიტების, სიყვარულის, სიკეთის, ზნეობის) გაძევებისა და სატანის (სიცრუის, სიძულვილის, ბოროტების, გარყვნილების) დასადგურებისთვის უშეღავათო და უკომპრომისო ბრძოლის შემადგენელი ნაწილია.

ხელისუფლების მოსყიდვა, გადაბირება, მოყვანა (რაც გნებავთ, დაარქვით), როგორც ჩანს, შესაძლებელია, მაგრამ მთელი უკრაინა რატომ წავიდა სახელმწიფოს გაქირავებაზე? ამერიკელებმა რა დონეზე დახვეწეს ადამიანების (ხალხის) “ტვინის რეცხვისტექოლოგია, რომ მათ აყოლილი ერები თვითგადარჩენის ინსტიქტსაც კი კარგავენ და თვითგანადგურებაზე მიდიან?! გასაგებია, რომ ხელისუფლებაში, საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტიტუტებში საკუთარი ხალხის მოყვანა ამ საქმის საფუძველთა საფუძველია, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში იმ დონეზე შეღწევა, რომ ხალხი ამერიკის სატელიტობის მისაღწევად თვითგანადგრებაზე მიდიოდეს, მაინც გაუგებარია და განსაკუთრებულ ახსნას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით ამერიკელებმა ისეთი ვითარება შექმნეს, რომ მსოფლიოს ისტორიაშიც კი ძნელია პრეცედენტი მოეძებნოს. ამის გამო ისინი უდავოდ იმსახურებენ შექებასაც და პატივისცემასაც.

ასეა თუ ისე, ამ უმძიმეს ფაქტს ვერსად გავექცევით: უკრაინამ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის, ანუ აშშ-ის სატელიტობის ბუნდოვანი პერსპექტივისთვის სახელმწიფოსა და ერის ფიზიკური არსებობა სასწორზე დადო. კი, საზოგადოდ, არსებობს მიზანი, რომელიც ღირს იმად, რომ შეეწირო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი მეორის საპირწონედ გამოდგება? საერთოდაც, როგორ შეიძლება სახელმწიფომ და ერმა ისეთი მიზანი დაისახონ, რომლისთვისაც თავის გაწირვა ღირს?! კი ბატონო, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა წმიდათაწმიდა საქმეა, რომელსაც შეიძლება ცალკეული პიროვნებების სიცოცხლე შეეწიროს, მაგრამ მთელი ერი და სახელმწიფოებრიობა რა მიზანს შეიძლება შეეწიროს? ერისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში არსებობს ერისა და სახელმწიფოს ფიზიკურ არსებობაზე უფრო მაღალი მიზანი და იდეალი?! უკრაინა (ხალხი და სახელმწიფო) დაიქირავეს ორთაბრძოლისთვის, რომელიც მას ფიზიკურად სპობს, იმ სახელმწიფოს კი (რუსეთს), რომელსაც ამერიკელები მტრად აღიქვამენ, მხოლოდ ასუსტებს. ამერიკელთა ამ გადაწყვეტილებას ზედსართავი სახელი ვერაგი ესადაგება, მაგრამ, რომელი ზედსართავი სახელი შეეფერება უკრაინელთა საქციელს, ისტორია გაარკვევს – არასრულფასოვანი, ბრიყვი, ლენჩი, რეგვენი… იქნებ, ჯერ არც შექმნილა ის სიტყვა, რომელიც უკრაინელი ხალხის უმრავლესობის იმ ჯერარსმენილ მოქმედებას გამოხატავს და მიესადაგება, რომელსაც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ასე ხსნიან: ამერიკელები რუსებს უკანასკნელ უკრაინელამდე ეომებიან.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ტაში დავუკრათ და სარკასტულად შევძახოთ: ყოჩაღ, უკრაინელებო!

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

P.S. საქართველოშიც ანალოგიური ვითარების შექმნა სურდათ და შექმნეს კიდეც. 2008 წელს სააკაშვილის ლაშქრობა ცხინვალზე სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ ჩვენი მასშტაბი და შესაძლებლობები არ ეყო რუსეთის დასასუსტებლად გამიზნულ ხანგრძლივ ომს. პრაქტიკულად, ერთ დღეში დამთავრდა ყველაფერი.

მიუხედავად ამისა, საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნაზე ისევ ფიქრობენ, თუმცა ამ ბინძურ ჩანაფიქრს კლდესავით აღუდგა საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამერიკელები თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საქართველოში მოქმედიმეხუთე კოლონის” (“ნაციონალური მოძრაობადა მისი სატელიტი პარტიები, ამერიკიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები) ხელით ცდილობენ სიტუაციის არევას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ფაქტია, რომ შემოდგომაზე ამერიკელები ამ ძალების გააქტიურებას აპირებენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ვ.კ.                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here