Home სხვადასხვა დაიჯესტი Yankee, Go Home!

Yankee, Go Home!

1238
დენი ტამაკი

სექტემბერში იაპონიაში ოკინავას პრეფექტურის გუბერნატორის არჩევნების შედეგებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა განლაგება რეგიონში, რადგან ახალი გუბერნატორი, 58 წლის დენი ტამაკი, ქვეყანაში ამერიკული ბაზების არსებობის კატეგორიული წინააღმდეგია. ტამაკი, რომელიც სანახევროდ ამერიკელია, იმედოვნებს, რომ წარმომავლობა დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.

ოკინავას პრეფექტურაში განლაგებულია ამერიკელების მთავარი სამხედრო ბაზა. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ტამაკის გამარჯვება ისტორიულიც კი არის. წინასაარჩევნოდ გუბერნატორობის კანდიდატი თანამოქალაქეებს დაჰპირდა, რომ აუცილებლად ბარგს აუკრავდა ამერიკელ სამხედროებს.

ტამაკიმ გაიმარჯვა, მას ხმა 400-მა ათასმა ოკინაველმა მისცა, რამაც არჩევნებში მონაწილეთა 55 პროცენტი შეადგინა. მის კონკურენტს აცუსი საკამას მხარი დაუჭირა 316 ათასმა ამომრჩეველმა, ანუ 43 პროცენტმა.

აშშ-ისა და იაპონიის მთავრობების შეთანხმებით საზღვაო ქვეითთა სამხედრო-საჰაერო ბაზა “ფუტენმა”, რომელიც ქალაქ გინოვანის ცენტრში მდებარეობს, უნდა გადავიდეს ოკინავას სამხრეთით ნაკლებად დასახლებულ მხარეში _ ზღვისპირა სოფელ ჰენოკოში.

საკიმა, რომელიც გინოვანის მერი იყო, ამ ინიციატივას მხარს უჭერდა, მაგრამ მისი ოპონენტი უფრო რადიკალური აღმოჩნდა, _ ამერიკელებმა ფეხი უნდა ამოიკვეთონ არა მხოლოდ ოკინავას პროვინციიდან, არამედ, საერთოდ, იაპონიიდანო.

ახალარჩეული გუბერნატორ დენი ტამაკის ასეთი მკვეთრი პოზიციის ასახსნელად აუცილებელია იმ ფაქტების გახსენება, რომლებსაც არაერთხელ მოჰყვა ანტიამერიკული ტალღის აგორება იაპონიაში.

ოკინავაზე განლაგებულ 33 ობიექტზე 25 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც იაპონიაში მყოფი აშშ-ის ჯარების ნახევარია. ეს რეალობა პრეფექტურაში არსებული დაძაბულობის წყაროა და მიზეზი.

ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია ხმაურით, საავიაციო შემთხვევებით და სხვა პრობლემებით, რომლებიც სამხედრო ბაზებთან არის დაკავშირებული. მაგრამ იაპონელების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მაინც არის ამერიკელი სამხედროების მიერ ძალადობის აქტები. ოკინავას პოლიციის სამმართველოს ანგარიშის თანახმად, 1972 წლიდან 2016 წლამდე პრეფექტურაში რეგისტრირებულია 4700 დანაშაული, მათ შორის, მკვლელობის, ძარცვისა და გაუპატიურების ფაქტები, რომლებიც ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ყოველ თვეში ერთ უბედურებას სჩადიოდნენ.

ამ დანაშაულთაგან ზოგიერთი მსოფლიოში გახმაურდა. ასეთი იყო, მაგალითად, 33 წლის ამერიკელი სამხედროს, კენეტ ფრანკლინის მიერ 20 წლის იაპონელი ქალიშვილის მკვლელობა, ვისი გვამიც მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იპოვეს.

ფრანკლინის მანქანაში აღმოაჩინეს მსხვერპლის დნმ, რაც მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ დაახრჩო ქალიშვილი, დაჭრა და გვამი გადააგდო. სასამართლო სხდომის დროს ამერიკელმა განაცხადა, რომ მისი ქცევა წინასწარგანზრახული არ ყოფილა, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ტამაკის ანტიამერიკული რიტორიკა პრეფექტურის მხოლოდ თანამედროვე პრობლემებს არ ეფუძნება. ოკინავას ახალი გუბერნატორი ერთერთია იმ იაპონელ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ვაშინგტონგთან მეგობრობა იაპონიას ასიათასობით იაპონელის სიცოცხლედ დაუჯდა.

იაპონიის ქალაქების ჰორისიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის ტრაგედიაზე ლაპარაკისას იაპონური ოფიციოზი არ ასახელებს ქვეყანას, რომელმაც ეს უბედურება დაატეხა ქვეყანას. დატალიზაცია დააზარალებს აშშ-სთან იაპონიის მეგობრულ ურთიერთობას. არჩევნებში ტამაკის გამარჯვება მნიშნველოვნად განპირობებულია მისი წარმომავლობითაც.

ათწლეულების განმავლობაში პრეფექტურაში ამერიკელების ყოფნისას ათასობით “ნაჯვარი” ბავშვი დაიბადა, ხშირად _ არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად. ტამაკი თავს “ომისშემდგომი ოკინავის სიმბოლოს” უწოდებს. “მამაჩემი ამერიკელია, დედა _ ოკინაველი, _ აცხადებს ეს კაცი, რომელსაც მამა არასოდეს უნახავს.

ოკინავას ახალი გუბერნატორი იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს მთავრობისათვის ფრიად უხერხული ფიგურაა. სინძოს პარტიამ მხარი დაუჭირა აცუსი საკიმს, რომელმაც არჩევნები წააგო, მიუხედავად იმისა, რომ მის მომხრეთა კამპანიაში ჩართულები იყვნენ იაპონიის ყოფილი პრემიერის ვაჟი და ტოკიოს გუბერნატორი.

იაპონიის დღევანდელ პრემიერმინისტრს შეუძლია ახალი გუბერნატორის დაპირების განეიტრალება იმით, რომ უბიძგოს იაპონიის უზენაეს სასამართლოს, ძალადაკარგულად ჩათვალოს ტამაკის ნებისმიერი გადაწყვეტილება ამერიკელების სამხედრო ბაზების შესახებ.

თუ აბეს ამ ფანდმა არ გაჭრა, იგი ტამაკიზე ზემოქმედებას ეკონომიკური ბერკეტებით შეეცდება. ოკინავა იაპონიის უღარიბესი რეგიონია, რომელიც მთავრობის სუბსიდიებით არსებობს. ამ დახმარებას იგი თავის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განლაგების სანაცვლოდ იღებს. აშშ-ის სამხედროების გაყვანა პრეფექტურის მოსახლეობის კეთილდღეობას ფრიად დააზარალებს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here