Home ახალი ამბები საქართველო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა, ეუთო შეუმდგარი ორგანიზაციააო, რას იტყოდა ოპოზიცია ან...

ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა, ეუთო შეუმდგარი ორგანიზაციააო, რას იტყოდა ოპოზიცია ან რას იტყოდნენ დასავლელი პარტნიორები?

ოპოზიცია იმას კი არ ამბობს, ბლინკენს ან ბორელს რა უნდოდათ მინისტერიალზე, ან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რას აკეთებდნენ სკოპიეშიო, არამედ აქცენტი მხოლოდ დარჩიაშვილზე გაკეთდა, რომელსაც თურმე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი ბალტიისპირელი კოლეგებისთვის უნდა მიებაძა

272

გასულ კვირას  ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში  ეუთოს მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და,  რაღა თქმა უნდა, იქ იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რასაც ოპოზიციონერთა   მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათი გაბრაზების მიზეზი კი იყო ის, რომ მინისტერიალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, იქ, სადაც რუსეთის წარმომადგენელია, საქართველოს არც ერთი მინისტრი არ უნდა იმყოფებოდეს და მინისტერიალისთვის ბოიკოტი უნდა გამოგვეცხადებინა, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთესო.

„სერგეი ლავროვი მონაწილეობდა  ეუთოს მინისტერიალში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს ამ, პრინციპში, შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში  მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთოს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა. ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში ეუთოს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსი ჯაშუშებით იყო სავსე. მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი, ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა, მაგრამ  ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ. ომის დროს ეუთომ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა. ასევე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს მოხსენება  იყო სამარცხვინო და აშკარად ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი. მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით სასარგებლო იყო“, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

დავიწყოთ ტყუილით, რომელიც სააკაშვილს თავის განცხადებაში გაეპარა, როცა თქვა:  „1992 წლის თებერვალში მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთოს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა…“ საქმე ის არის, რომ 1990 წლამდე, ეუთო ფუნქციობდა,  როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, ხოლო იმ ფორმით, როგორიც ახლაა, მუშაობა დაიწყო 1995 წლიდან და სად სურდა გაერთიანება 1992 წელს სააკაშვილს, ვერ გეტყვით. ეუთო ასე იშიფრება: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. სააკაშვილი ამბობს, ევროპის უშიშროება მოშლილი და შეუმდგარიაო და ამაზე  ხმას არავინ იღებს – არც ევროპელი ელჩები, არც ამერიკელი დიპლომატებიო… ამასთანავე,  ბიოგრაფიაში უწერია, რომ 1992 წელს  დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი და ჩაირიცხა  კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ლავროვის გარდა, მინისტერიალზე საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ჯოზეფ ბორელი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც იმყოფებოდნენ, მაგრამ სააკაშვილი და ოპოზიცია იმას კი არ ამბობენ, ბლინკენსა და ბორელს იქ რა უნდოდათო, არამედ აქცენტს მხოლოდ დარჩიაშვილზე აკეთებენ, არ უნდა წასულიყოო და მერე რა, რომ ბლინკენიცა და ბორელიც ლავროვს თბილად შეხვდნენ, დარჩიაშვილს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხება არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, ეს ხომ ნორმალურია – როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ბლინკენი და ბორელი, ასევე სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებიან, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა?! აქ ხომ კითხვებიც არ არის, ობიექტურად, მაგრამ აქაც კი ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ (უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები), მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ჯერ ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, კონკრეტული ქვეყნები ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულები და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი. ეს ასე უნდა იყოს. აქ სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ისე, როგორ გგონიათ, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა, ეუთო შეუმდგარი ორგანიზაციააო, რას იტყოდა ოპოზიცია და რას იტყოდნენ დასავლელი პარტნიორები?   რას იტყოდნენ, „ოცნების“ რომელიმე ლიდერს იმ ორგანიზაციის კრიტიკა რომ დაეწყო, რომლის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე უსაფრთხოების საკითხებში ევროპისა და ამერიკის, პრაქტიკულად, პირველი პირები იყვნენ მიწვეულნი? რა თქმა უნდა, მაშინვე რუსეთუმეობას დასწამებდნენ, რუსეთის აგენტებს დაუძახებდნენ და მერე რა, რომ სააკაშვილმა არამხოლოდ  ეუთო გაასწორა მიწასთან, არამედ მისი წევრები რუსეთის აგენტებად მონათლა და იქით ბრიტანეთს შეუთვალა: ეუთოს მისიებში თქვენი წარმომადგენელი  რუსეთის ჯაშუში იყოო. ბრიტანეთმა ამ შეურაცხყოფას, უბრალოდ, წაუყრუა, რადგან საქართველოში არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა და  სააკაშვილის კრიტიკა დასავლეთს ხელს არ აძლევს,  ამიტომ მიშას ზუსტად ისევე აქვს ყველაფრის თქმის უფლება, როგორც პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც ამერიკა (ბლინკენის სახით), ისე ევროპა (ბორელის წარმომადგენლობით)  რუსეთს ეკონტაქტებიან, ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავენ, მაგრამ როგორც კი ამის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს  სხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მაშინვე ამბობენ, რომ ეს რუსეთთან თანამშრომლობას ნიშნავს. ანუ, რაც შეიძლება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის (ყველასთვის არა) და ამერიკისთვის, ის არ შეიძლება საქართველოსთვის. მეტიც, საქართველოში აკრედიტებულმა ევროპელმა ელჩებმა არ მოიწონეს სკოპიეში დარჩიაშვილის ვიზიტი და ეს იმის მიუხედავად, რომ იმავე ელჩების ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ მინისტერიალზე წინა რიგში ისხდნენ და თავსაც იწონებდნენ.

უკვე მერამდენედ ხდება, რომ ჩნდება შანსი, როცა შეიძლება ამა თუ იმ ფორუმზე რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან საუბარი, მაგრამ  ამის მცირე შესაძლებლობასაც კი კლავს საზღვრებს გარეთ დასავლეთი, ქვეყნის შიგნით – ოპოზიცია. მათ პანიკური შიში აქვთ იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი,  შესაძლოა, პირისპირ დაელაპარაკოს  რუსეთის წარმომადგენელს და რაღაც დონეზე შეთანხმება მოხდეს. ეს იქნება იმ ქაოსის დასასრულის დასაწყისი, რომელშიც, წლებია, გვაცხოვრებენ და  გვიმტკიცებენ, რუსეთთან საუბარი არ შეიძლებაო. უფრო ზუსტად, მათთვის შეიძლება, ჩვენთვის – არა, რადგან რეალური სურათი არ დავინახოთ და არ მივხვდეთ იმას, რომ მოლაპარაკებებში საშიში არაფერია. მეტიც, სწორედ მოლაპარაკებების გზით შეიძლება შეთანხმების მიღწევა იმ საკითხებზე, რომლებიც ამ გადმოსახედიდან თითქოს გადაუჭრელაია.

მეორე მხრივ, იგივე დასავლეთი ოპოზიციას უფლებას აძლევს, ნებისმიერი შინაარსის განცხადება გააკეთოს, თუნდაც დასავლეთი გააკრიტიკოს და ამისთვის  პასუხს არავინ სთხოვს. საკმარისია, მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვას ევროპის ან ამერიკის ქმედებებში, რომ ის მაშინვე ქვეყნის მოღალატედ და რუსეთუმედ ინათლება. მერე იწყება ორკესტრირებული შეტევა როგორც დასავლეთის მხრიდან, ისე ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. თუ გახსოვთ, არცთუ იშვიათად, ოპოზიცია არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და შვილებსაც კი ესხმის თავს. ანალოგიური რამ   ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, უბრალოდ, აკრძალულია, ეს თურმე არაადამიანური და არასწორია. ზუსტად  ასეთი შემთხვევაა ახლაც – ოპოზიცია იმას კი არ ამბობს, ბლინკენს ან ბორელს რა უნდოდათ მინისტერიალზე ან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რას აკეთედნენ სკოპიეშიო, არამედ აქცენტი მხოლოდ დარჩიაშვილზე გაკეთდა, რომელსაც თურმე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და მისი ბალტიისპირელი კოლეგებისთვის უნდა მიებაძა. დარჩიაშვილი არ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის (მინუს ბალტიისპირეთი) საგარეო საქმეთამ მინისტრი, არამედ ამ ოთხი ქვეყნის პირად ამბიციებსა და ჩანაფიქრებს უნდა აჰყოლოდა არაფრისმომცემ პროტესტში.

ჩვენ კი პირიქით გვგონია – არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა წავიდეს და ჩავიდეს იქ, სადაც საქართველოს ინტერესების დაცვა იქნება შესაძლებელი; და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ რას აპროტესტებს, ვის რა მოსწონს, მთავარი და ამოსავალი წერტილი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს. ასე იქცევა ევროპის ყველა ქვეყანა, ასე იქცევა ამერიკა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და უკრაინა კი მინისტერიალზე მხოლოდ იმიტომ არ წავიდნენ, რომ სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის სხვა რამ სურთ, რაზეც ამერიკასა  და ევროპასთან ან თუნდაც რუსეთთან პოლიტიკურ ვაჭრობას ძალიან მალე დაიწყებენ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here