Home რუბრიკები პოლიტიკა ხალხი “ოცნებას” რომ აღარ უჭერს მხარს, ეს “ოცნების” მოქმედებების, უფრო სწორად, უმოქმედობის...

ხალხი “ოცნებას” რომ აღარ უჭერს მხარს, ეს “ოცნების” მოქმედებების, უფრო სწორად, უმოქმედობის ბრალია

156

“წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით. რაც შეეხება “ოცნების” კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ!” _ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს პოსტი ბევრ რამეზე მეტყველებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველაზე კარგად სწორედ ქალბატონმა თეამ იცის ის, რომ ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ გაიარა დანის პირზე (და არა ბეწვის ხიდზე) და ისევ გადარჩა. ოღონდ გადარჩა იმ ხალხის დახმარებით, რომელიც რეალურად არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ ზუსტად იცის, რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ. ის, რომ ნაციონალები სულ უფრო ახლოს არიან გამარჯვებასთან, იქიდანაც ჩანს, რომ მეორე ტურში 20 ქალაქიდან ერთში, წალენჯიხაში, სწორედ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა და არ გამორიცხოთ, რომ ეს იყოს პირველი რეალური აგური, რომელიც “ოცნებას” გამოაცალეს და ხელისუფლება შეურყიეს.

2012 წლით დავიწყოთ, როცა “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა და გამოაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დასრულდა. რეალურად მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, ლამის ყველა ნაცმაღალჩინოსანი საზღვარგარეთ გარბოდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა ჰქონდათ ჩადენილი და ისიც იცოდნენ, რომ თვითონ ამას არავის აპატიებდნენ. დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ “განგვანათლეს”, გვასწავლეს სიტყვა “კოაბიტაცია” და სასიკვდილო აგონიაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ რეანიმაციაში გადაიყვანეს, შემდეგ _ პალატაში, ახლა კი… ახლა “ნაცმოძრაობა” მთავარი ექიმის როლის მორგებასაც ცდილობს. რაღა ცდილობს, აკი წალენჯიხაში გამოუვიდა კიდეც. შემდეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა, ნაცებს დავასრულებო, შემდეგ გიორგი გახარიასი და მოვედით აქამდე. დღეს “ნაციონალური მოძრაობა” იმაზე ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო, უბრალოდ, ახლა ძალაუფლება არ აქვს და, როცა ხელში ჩაიგდებს, ეს იქნება კარგად ორგანიზებული, შეცდომებგამოვლილი, ჭკუანასწავლი მონსტრი, რომელსაც ივანიშვილის მილიარდებიც ვეღარ წააქცევს. მით უმეტეს, რომ, ახლავე შეიძლება თქმა _ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, “ნაციონალურ მოძრაობას” ექნება ევროპა-ამერიკის მხარდაჭერა, აუცილებლად გამოცხადდება ნადირობა კუდიანებზე და ნახევარი საქართველო შეირაცხება რუსეთის აგენტად. არც მორიგი ომი იქნება უცხო ხილი და, საზოგადოდ, ნაციონალები ისე მყარად დაგვასხდებიან თავზე, როგორც არსად არასდროს მომხდარა.

ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, ეს ოქმის მონაცემებია, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მგონი, არც მოუწევთ ლოდინი, “ნაცმოძრაობა” მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი “ნაცმოძრაობაზე”, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება არის მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე, თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას”, _ ეს განცხადება კი ირაკლი კობახიძემ გააკეთა და ისიც აცდენილია რეალობას.

განცხადება, რომ 2024 წლამდე დასრულდება “ნაციონალური მოძრაობა”, უკვე სასაცილოდ ისმის. რას აკეთებს ხელისუფლება საამისოდ? დაასახელონ ერთი რამ, რაც ამის საფუძველს იძლევა, მაგრამ ვერაფერს დაასახელებენ იმიტომ, რომ მხოლოდ განცხადებით არაფერი სრულდება. ყველაფერთან ერთად ხელისუფლებას უდიდეს პრობლემად ექცა მიხეილ სააკაშვილის ჩასმა ციხეში. ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ წლების წინათ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერში მართლაც უარი თქვა მიშას ექსტრადირებაზე და უარი თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ერჩივნა, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით გასამართლებული სააკაშვილი საზღვარგარეთ თავისუფალი ყოფილიყო, ვიდრე საქართველოს ციხეში მჯდარიყო. სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩართვებითა და განცხადებებით შეარყია ერთმა კაცმა სახელმწიფო, რომელსაც სიძლიერეზე აქვს პრეტენზია, მაგრამ…

თუ ასე გაგრძელდება (და სხვანაირად რატომ უნდა გაგრძელდეს?), საუკეთესო შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” იძულებული იქნება, კოალიცია შექმნას, ანუ მთავრობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, ეს მომაკვდინებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მომაკვდინებელი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს, საბოლოოდ მივალთ ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე, ან რევოლუციამდე და წავალთ ზუსტად იმ წრეზე, რომელზეც სიარული 1990-იანებში დავიწყეთ და ეს ჯადოსნური წრე ვერაფრით გავარღვიეთ. არ გეგონოთ, “ქართულ ოცნებას” ადვოკატად ვუდგებოდეთ. არა, ამ პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ეტაპზეც კი ვერ მოახერხა, რიგითი ადამიანებისთვის შვება მიეცა, ვერ მოახერხა პოლიტიკური პოლარიზაციიდან გასვლა, ვერ მოახერხა, მთავარი თემა პოლიტიკა არ ყოფილიყო და არ ჰყოლოდა ათასობით მშიერი ბავშვი და ასიათასობით მშიერი მოქალაქე. და ეს ხალხმა იცის, იციან იმ მშიერმა ბავშვებმა, მათმა მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა, მაგრამ ჯერჯერობით შიმშილის შიშს სძალავს “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიში, შიში იმისა, რომ ამ ძალის დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, საკვები იყოს, მაგრამ შემჭმელი _ არავინ, რადგან ისევ გაივსება ციხეები ან ქუჩაში ჩაცხრილავენ ახალგაზრდებს.

თუ ხელისუფლება იმის იმედად არის, რომ სააკაშვილი 2024 წლამდე ისევე მიავიწყდება ხალხს, როგორც ეს, მაგალითად, ბაჩანა ახალაიას ან ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში მოხდა, ძალიან ცდება. ნაციონალები იმდენ ფულს მაინც გამოძებნიან, ასი კაცი დაასაქმონ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ეს ასი კაცი ყოველდღე მივიდეს რუსთავის ციხესთან, ერთი საათი ხმის ჩახლეჩვამდე იყვიროს და ეს ყველაფერი ტელევიზიებმა გააშუქონ. ჰო, იმ ტელევიზიებმა, რომელთა ჟურნალისტები უკვე ჩამოყალიბდნენ პარტიულ აქტივისტებად და, პარტიული “კოლეგებისგან” განსხვავებით, მიკროფონითა და ვიდეოკამერით არიან შეიარაღებულნი.

ოპოზიცია დანებებას რომ არ აპირებს და არეულობა და რევოლუციის მცდელობა, პრაქტიკულად, შეთანხმებული აქვს დასავლეთთან, ნიკანორ მელიას ბაგეთაგან უკვე გაისმა. იმავე აზრზე არიან პარლამენტში შესული ნაციონალები, რეგიონებში _ პარტიული ლიდერები. არავინ მალავს აგრესიას, არავინ ამბობს, რომ ყველაფერს მშვიდობიანად მოაგვარებს.

ირაკლი კობახიძე და სხვები კოლექტიური ბიძინა ივანიშვილები არიან. ჩვენ მათ ყველანაირი შეურაცხყოფა მოვუთმინეთ. ისინი რუსეთის აგენტები არიან და უნდა მოვექცეთ შესაბამისად. პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გამოვათრიო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას სად აქვს თმა?! ირაკლი კობახიძე უნდა გამოვათრიო თმით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოღალატე”, _ განცხადა პარლამენტის წევრმა ნონა მამულაშვილმა. პრემიერსა და პარტიის თავმჯდომაარეს რომ ასე ემუქრებიან, რიგით ადამიანებზე რა გათვლები და დათვლები ექნებათ, ხომ ხვდებით? ჩვეულებრივად, ნადირობის სეზონს გამოაცხადებენ და ინადირებენ კიდეც.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას აპირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სამომავლოდ. ახლა კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ _ მშვიდად შეირგონ ის, რაც რეალურად მათი კი არა, რიგითი ადამიანების მონაპოვარია და შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იფიქრონ იმაზე, როგორ დაასრულონ ნაცები. თუ ვერაფერს მოიფიქრებენ, არა უშავს, გამოფენენ პლაკატებს სისხლიანი ხელებით, შეახსენებენ ხალხს, ვინ შეიძლება დაბრუნდეს და, თუ დაბრუნდებიან, ხელსაც ისევ ხალხს შეაწმენდენ, _ ჩვენ გითხარით და თქვენ არ დაიჯერეთო. ასეთია მწარე რეალობა და ამ რეალობის შემცვლელი ჯერ არ ჩანს. საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, ირაკლი ქარსელაძემ შეცვალოს, არაფრისმომცემია, რადგან რეალურად ვერც ღარიბაშვილი იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და რატომღაც გვგონია, რომ ქარსელაძეც დაახლოებით იმ კალიბრის პრემიერი იქნება, როგორიც მამუკა ბახტაძე იყო. გადაწყვეტილების მიღება ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, რომელიც ამბობს, პოლიტიკას გავემიჯნეო, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებში პირველს სწორედ მას ამოიღებენ სამიზნეში, ამიტომ მან უნდა უთხრას გუნდის ლიდერებს, როგორ მოიქცნენ, რომ მართლა დაასრულონ ნაციონალები, თუმცა ამასთანავე, აუცილებლად უნდა უთხრას ისიც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რიგითმა ადამიანებმა შვება იგრძნონ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ნაციონალების დამსახურება არ არის ის, რომ ხალხი “ოცნებას” აღარ უჭერს მხარს, ეს “ოცნების” მოქმედებების, უფრო სწორად, უმოქმედობის შედეგია. 9 წლის განმავლობაში მართლა ვერ გაიგო ვერც ერთმა ლიდერმა, რომ რიგით ადამიანებს ელემენტარულად პურის ფულის პრობლემა აქვთ და ამ ადამიანთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ეს მონაცემები სახელმწიფო შესაბამისი უწყებების ანგარიშში ასახულია. წაიკითხეთ მაინც, ბატონებო, წაიკითხეთ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here