Home ახალი ამბები საქართველო ვინ უნდა გაწევრდეს ევროკავშირსა თუ ნატოში, როცა ერი ქრება და ქვეყანა იცლება?

ვინ უნდა გაწევრდეს ევროკავშირსა თუ ნატოში, როცა ერი ქრება და ქვეყანა იცლება?

209

უამრავჯერ დავწერეთ, რომ საქართველოში დემოგრაფიის სერიოზული პრობლემა გვიდგას. სიკვდილიანობამ უკვე საგრძნობლად გაასწრო შობადობას, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა ჩვენ გარდა, პრაქტიკულად, არავინ საუბრობდა და არც ერთ პოლიტიკოსს არაფერი უთქვამს. თითქოს არც სახელისუფლებო გუნდისთვის და არც ოპოზიციისთვის ეს პრობლემა არ არსებობდა. არადა, ყველაფერთან ერთად, ჩვენ ხშირად ვწერდით იმის შესახებაც, რომ, იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით, 2050 წლისთვის  რამდენიმე ერს სწორედ დემოგრაფიული პრობლემების გამო  გადაშენების საფრთხე დაემუქრებოდა და ამ სიის ათეულში საქართველოც იყო. ისიც ვთქვით, რომ პატრიარქის ინიციატივას, ყოველ მესამე ბავშვს  მოვნათლავო, დროებითი ეფექტი ჰქონდა,  სწორედ პატრიარქის მოწოდების შემდეგ დამტკიცდა, რომ ასეთი ინიციატივები ამართლებს, რომ შესაძლებელია ვითარების გამოსწორება. არადა, ბოლო სამ წელიწადში ცოცხლად დაბადებულ ბავშვებსა და გარდაცვლილ ადამიანებს შორის სხვაობამ უკვე რამდენიმე ათასს მიაღწია.

საინტერესოა, როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. მოდი, ჯერ ბელარუსის მაგალითზე ვთქვათ; იმ ბელარუსის, ოპოზიცია და დასავლეთი რომ გვიმტკიცებს, კვლავ საბჭოთა კავშირში ცხოვრობენ და მათი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩვეულებრივი დიქტატორიაო. სწორედ ლუკაშენკოს ინიციატივით, ბელარუსში ოჯახს, რომელსაც მესამე შვილი ეყოლება, უფლება აქვს, სახელმწიფო ბანკიდან 50 ათასი დოლარის ეკვივალენტი თანხა მიიღოს და არანაირი პროცენტი არ გადაიხადოს, დაბრუნებით კი, აღებული თანხის მხოლოდ 75% უნდა დააბრუნოს 3 წელიწადში. ჰოდა, თუ ამ 3 წლის განმავლობაში, ოჯახს მეოთხე შვილი შეეძინება, მთლიანად თავისუფლდება თანხის დაბრუნებისგან. ანუ, გამოდის, რომ ლუკაშენკო, უფრო ზუსტად, დიქტატორი ლუკაშენკო, მესამე და მეოთხე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს 50 ათას დოლარს ჩუქნის.  მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ კი ოჯახის უფროსს კვლავ აქვს უფლება, სახელმწიფო ბანკს მიადგეს, ისევ აიღოს მორიგი 50 ათასი ისევ მხოლოდ 75%-ის დაბრუნების ვალდებულებით და ასე შეიძლება წლობით  გაგრძელდეს. ორჯერ მიღებული 50 ათასი დოლარი ქართული სინამდვილისთვის დედაქალაქში ორი ისეთი ბინაა, რომლებსაც 700-800 ლარად და მეტად  მარტივად გააქირავებ და მიღებული ფული იმის გარანტიაა, რომ მრავალსულიან ოჯახს  არ მოშივდება. ეს ხდება ბელარუსში…

ახლა, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ვთქვათ, ანუ იმ ქვეყნებზე, რომლებიც კომუნისტების პერიოდშიც  კი „ევროპულად“ ითვლებოდნენ და პირველები იყვნენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ლიეტუვაში 2011 წელს მოსახლეობა 3 მილიონზე მეტი იყო, ახლა – 2.8 მილიონია, ანუ  მოსახლეობა წელიწადში  დაახლოებით 10 ათასით  იკლებს, რაც ლიეტუვისნაირი  პატარა ქვეყნისთვის  დიდი რაოდენობაა. იგივე ხდება ლატვიასა და ესტონეთში. უფრო ზუსტად, ესტონეთის ხელისუფლებამ „გამოსავალი იპოვა“ – ევროკავშირის მოქალაქეებს ორმაგ მოქალაქეობას აძლევს და ამით კლების ტენდენცია თითქოს შემცირდა, მაგრამ ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოში აბორიგენი მოსახლეობა ამბობს, რომ ნამდვილი ლიეტუველები, ესტონელები თუ ლატვიელები სულ უფრო მცირე რაოდენობით ცხოვრობენ. ისინი, ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან იქ ჯამაგირიც მეტია და, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, სამუშაოს მოძებნა არ უჭირთ. რეალური სურათი ასეთია – ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა  ადგილობრივი მოსახლეობისგან,  ნელ-ნელა კი არა, ძალიან სწრაფად იცლება და ხელისუფლებები უკვე ვეღარაფერს ცვლიან. ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი „სიკეთე“ ესეც არის და მოდი, ჩვენი გადმოსახედიდან ვთქვათ: ევროკავშირში რომ შევიდეთ ხვალ, ეს ნიშნავს იმას, რომ წევრ ქვეყნებში მუშაობის ლეგალური უფლება და ევროკავშირის მოქალაქისთვის განკუთვნილი ჯამაგირი გვექნება. თქვენი აზრით, რამდენი ადამიანი წავა საქართველოდან გარანტირებული 5 და 6 ათასი ევრო ხელფასის გამო? ვიღაც საჯარო სამსახურში  რომ მუშაობს და, ვთქვათ, 5 ათასი ლარი აქვს ხელფასი, რას იზამს, როცა სამჯერ მეტის ოფიციალურად მიღების შესაძლებლობა ექნება? ასე იცლება ქვეყანა, მერე შემოდიან უცხოელები, მკვიდრდებიან და ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა მცირდება,  შემდეგ უკვე უმცირესობაში გადადის.

ბელგიელისთვის, ნიდერლანდელისა  და სხვა ქვეყნების წარმომადგენლისთვის ფრაზა „სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი“ უცხო ხილია და როგორ არ გავიხსენოთ ექსპერიმენტი, რომელიც ორი წლის წინათ  ბრიუსელში ჩატარდა: ბრიუსელის ცენტრში დადგეს ვიდეოკამერა, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში უნდა აღებეჭდა, რამდენი თეთრკანიანი და რამდენი ფერადკანიანი გაივლიდა კონკრეტულ ადგილზე. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – არც ერთ თეთრკანიანს არ გაუვლია. გადახედეთ ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს – საფრანგეთის, ნიდერლანდების, ინგლისის, ბელგიის – ფერადკანიანი ფეხბურთელები აშკარად ჭარბობენ. მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან ადგილობრივები, მათი  უმრავლესობა წარმოშობით აფრიკის კონტინენტიდანაა. მათი საწინააღმდეგო არც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რამე; არავინ ამბობს, რომ, მაგალითად, თავის დროზე გერმანიის ნაკრებში მოთამაშე ჯერალდ ასამოა გერმანელი არ არის, მაგრამ რეალობა ხომ ისაა, რომ ნამდვილი, ძირძველი გერმანელი, ბელგიელი თუ ფრანგი თეთრკანიანი უნდა იყოს, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ქართველი, მაგრამ…

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველ 1000 კაცზე ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 11.4-ია. ჰო,რიცხვი,  რომელმაც ძალიან უნდა დაგვაფიქროს.  2015  წელს ეს მაჩვენებელი  15.9  იყო, მაგრამ ყოველწლიურად იკლებს და მატების არც საფუძველი ჩანს, არც მოლოდინია და არც… შესაძლებლობა.  2015 წელთან შედარებით, საქართველოში 17 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა და იცით, ეს  რას ნიშნავს? ამდენი ადამიანი არ ცხოვრობს ბორჯომში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურაში, მესტიაში, ლენტეხში, ონში, ამბროლაურში, ხონში, ვანში, გარდაბანში, კასპში, მცხეთაში, დუშეთში… ჰო, ეს მთელი მუნიციპალიტეტებია,  17 ათასი ადამიანი რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთად აღებული არ ცხოვრობს და ჩვენ კი ამდენი კლება 10 წელიწადზე ნაკლებ დროში გვაქვს.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მაინც გამოასწოროს? როგორც უნდა ვატრიალოთ ეს თემა, ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ და ამიტომ აუცილებელია, ხელისუფლებამ როგორმე გამონახოს სახსრები მრავალშვილიანი ოჯახების  წასახალისებლად და არა სიმბოლურად წასახალისებლად თვეში 100 და 200 ლარით, არამედ თუნდაც ერთჯერადად, მაგრამ დიდძალი თანხით, რათა ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს, შეიძინოს უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ შემოსავალს მოუტანს, ან მცირე ბიზნესი წამოიწყოს, რომელიც ასევე შემოსავლის წყარო იქნება  და  მთელი ოჯახი დასაქმდება. ვიღაც იტყვის, სახლემწიფო ბევრ პროგრამას ახორციელებს და შესაძლებელია მცირე ბიზნესის დაწყებაო, მაგრამ, იმ პროგრამაში რომ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გქონდეს საწყისი კაპიტალი –  მიწა, რომელზეც ამ პროექტს განახორციელებ; მიწა, რომელიც,  მრავალშვილიან ოჯახებს კი არა, მოსახლეობის  უმრავლესობას არ აქვს.

ბელარუსისგან განსხვავებით, ჩვენ არც სახელმწიფო ბანკი გვაქვს, რომელსაც მრავალშვილიანები მიაკითხავენ და ჯილდოს მიიღებენ. საეჭვოა, ეს თანხა ეროვნულმა ბანკმა გასცეს. ისიც ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ გვაქვს, რაც სხვა  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს აქვთ. ხელის ერთი მოსმით მოვიშორეთ ყველაფერი, რასაც კი შეეძლო, საბჭოეთი გაეხსენებინა; სხვებმა კი, რაც კარგი იყო (და კარგი ბევრი რამ იყო), დაიტოვეს, განავითარეს და მის საფუძველზე ახალი ააშენეს. ესეც ჩვენი ურაპატრიოტობის და კიდევ იმის ბრალია, ჯერ რომ ვჭრით და მერე ვზომავთ. ასე იყო ადრე, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც.

მანამდე კი ხშირად მოგვიწევს სიუჟეტების გაკეთება სოფლებიდან, რომლებშიც  არავინ ცხოვრობს ან  სკოლაში და საბავშვო  ბაღში ერთი–ორი ბავშვი დადის  და ეს ბავშვებიც, როცა გაიზრდებიან, იქაურობას დატოვებენ, სხვაგან წავლენ, რადგან კარგად იციან, ყველასგან მიტოვებულ სოფელში პერსპექტივა ნულს  ქვემოთაა. და  ამ დროს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი დასავლურ ოჯახში გაერთიანება და ნატოს წევრობაა. ვინ უნდა გაწევრდეს ევროკავშირსა თუ ნატოში, როცა ერი ქრება და ქვეყანა იცლება?! ჰო, ის ერი, რომელიც „დაემსგავსა საძვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს…“

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here