Home სხვადასხვა დაიჯესტი Vesti.ru: შერჩევითი მართლმსაჯულების ნიმუში _ ჰააგის ტრიბუნალი აღარ არსებობს

Vesti.ru: შერჩევითი მართლმსაჯულების ნიმუში _ ჰააგის ტრიბუნალი აღარ არსებობს

1589
შერჩევითი მართლმსაჯულების ნიმუში _ ჰააგის ტრიბუნალი აღარ არსებობს

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიწონა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის კომერციული მიწოდება, ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ ერთ ლიცენზიაზე, რომელიც მსხვილკალიბრიანი სნაიპერის შაშხანის მიწოდებაზე გაიცა, მაგრამ უკრაინელი ძალოვანები, ეტყობა, ისე აღფრთოვანდნენ ამ პერსპექტივით, რომ ჭურვებისა და ნაღმების სეტყვა დააყარეს დონეცკის შემოგარენს. იასინოვატოიში დაიღუპა ორი ადამიანი, დაზიანდა 11 შენობა, მათ შორის, საბავშვო ბაღი.

ვაშინგტონი კვლავ ცდილობს, მოაგვაროს კონფლიქტი თავისი განსაკუთრებული ხერხით _ დაპირისპირებულთაგან ერთის მხარდაჭერით. ანალოგიური ტაქტიკა განახორციელა მან, მაგალითად, იუგოსლავიაში, თანაც არა მხოლოდ კონფლიქტის დროს, არამედ მაშინაც, როცა დადგა მისი მონაწილეების განსჯის დრო. დღეს საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე დახურულია. 24 წლის განმავლობაში მან მსოფლიოს მისცა ე.წ. შერჩევითი მართლმსაჯულების ათობით მაგალითი.

დახურვის ცერემონიაზე მიიწვიეს ყველა პროკურორი, მოსამართლე და ტრიბუნალის კანცელარია, მაღალი სტუმრები _ ნიდერლანდის მეფე და გაეროს გენერალური მდივანი. იუგოსლავიის ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. მათ შესახებ კი, ვინც ტრიბუნალის ჯურღმულებში დაიღუპა, სიტყვა არ დასცდენიათ, თუმცა მათი რაოდენობა არც ისე მცირე იყო: 17 ადამიანი შეეწირა შერჩევით სამართალს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი იყო, რომელსაც ბრალი დასდეს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ბოსნიელ მუსლიმთა გენოციდში, საკონცენტრაციო ბანაკების შექმნასა და დეპორტაციაში. იგი ინფარქტით  გარდაიცვალა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში. მისი ოპონენტი _ პროკურორი კარლა დელ პონტე დახურვის ცერემონიაზე არ მივიდა.

2008 წელს მან აღიარა, რომ ეს ინსტანცია აღასრულებდა შერჩევით მართლმსაჯულებას. მას ნება არ დართეს, აღეძრა საქმე ალბანელების წინააღმდეგ, რომლებიც იტაცებდნენ სერბებს და ვაჭრობდნენ ადამიანის ორგანოებით.

“მახსოვს, რომ ჩვენ მივაგენით მასობრივი დაკრძალვის შესაძლო ადგილს ალბანეთში. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მიგვეგნო ჭეშმარიტებისთვის და გვეპოვა მასობრივი დაკრძალვის სხვა ადგილები, მაგრამ ალბანეთში შესვლა ვერ შევძელით, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე. დაწყებული გამოძიების დამთავრება ვერ შევძელით. და ასე პირველად არ ხდება”, _ განაცხადა 2008 წელს კარლა დელ პონტემ, ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორმა 1999 წლის აგვისტოდან 2007 წლის 30 იანვრამდე.

ბოსნიელი სერბების მეთაურის _ რატკო მლადიჩის მოსამართლე ცერემონიაზე კმაყოფილი მღეროდა. განაჩენის გამოქვეყნებისას მან ნება არ დართო, მლადიჩისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მიუხედავად იმისა, რომ მლადიჩს ჰიპერტონული კრიზი დაემართა, მანამდე კი ინსულტი და ორი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. იგი დარბაზიდან გაიყვანეს. გენერალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სრებრენიცას მოვლენების, სარაევოს ალყისა და გენოციდის ბრალდებით.

“1995 წლის 25 ივნისს ცხრა წლის გოგონა სიდბელა სარაევოს ქუჩაში მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გამოვიდა. იგი მოკლა ბავშვთა სათამაშო მოედანზე ნასროლმა ხელყუმბარამ. ჩვენ უთუოდ ვერასოდეს შევიტყობთ, ვინ ისროლა ის ხელყუმბარა, მაგრამ ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი სარაევოს ალყის გამო _ კარაჯიჩი და მლადიჩი”, _ განაცხადა ჰააგის მერმა პაულინა კრიკემ.

დახურულ ფურშეტზე არავის გახსენებია ხორვატი სლობოდან პრალიაკი. გენერალს ბოსნიელი მუსლიმების მასობრივი მკვლელობა დასდეს ბრალად და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პროტესტის ნიშნად მან სასამართლო დარბაზში საწამლავი დალია და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ყველაზე მოულოდნელი სასჯელი გამოუტანეს სერბი რადიკალების ლიდერს _ ვოისლავ შეშელს. თავისი უდანაშაულობის აღიარებას იგი 12 წლის განმავლობაში საგამოძიებო იზოლატორში ელოდა.

ტრიბუნალი, საერთო ჯამში, 24 წელიწადს მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში  150 სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოტანილი 90 განაჩენიდან 60 სერბების შესახებ იყო. დარჩენილ საქმეებსა და აპელაციებს განიხილავს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სტრუქტურა.

ტრიბუნალის საქმიანობის მეთოდებს დღემდე არაერთგვაროვნად აფასებენ. უაზროდ გაჭიანურებული საქმეები, ორმაგი მიდგომა და ძლიერი გადახრა ეთნიკური ნიშნის მიხედვით _ მსჯავრდებულთა უმრავლესობა სერბია. გამორიცხული არ არის, რომ ტრიბუნალის მისია სწორედ ასეთი იყო.

დახურვის ცერემონია შამპანურით სავსე ბოკალების აწევით დაგვირგვინდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here