Home ახალი ამბები საქართველო ვერაგობის ფორმულა

ვერაგობის ფორმულა

840

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებით ამერიკელები უკრაინასა და საქართველოშიც დამარცხდნენ!

_ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმააარ

_ ჯოოოს! _ ღრიალებდა, გუგუნებდა, ქუხდა საქართველო გასული საუკუნის 80-იანების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში. ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სულისკვეთებით იყო გაჯერებული მიწა, წყალი, ჰაერი, ცა

   იქიდან მოვდივართ, იმ პოლიტიკიდან, იმ განწყობილებებიდან, იმ აღტყინებიდან და ეიფორიიდან. მეტიც, იმ ეპოქის შვილები ვართ, ის წყალი გვისვამს, ის ჰაერი ჩაგვისუნთქავს და ხანდახან, ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც შევერთებივართ იმ ეპოქალურ გრგვინვას, მთასა და ბარს რომ აზანზარებდა:

_ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმააარ

_ ჯოოოს!

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. წყალმა კი არა, ხანძარმა და ომმა გადაგვიარა, სისხლითა და ცრემლით მოირწყა მამული, დანაწევრდა ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა, ფუძიდან აიყარნენ ქართველნი. ვერა, ვერ შედგა დამოუკიდებლობა. დღეს აღარ გაისმის ომახიანი “ჯოოოს”, ყავლი გასვლია თვით დამოუკიდებლობის იდეას და მის ნაცვლად წინა პლანზე სწორედ დასავლეთისადმი დამოკიდებულების იდეა წამოუწევიათ _ იდეა ღრმა და ფუნდამენტური დამოკიდებულებისა, სტრატეგიული პარტნიორობისა და სამუდამო მიჯაჭვულობისა. საქართველოს წინაშე კვლავ დადგა ისტორიული ვექტორის საკითხი. კომპასის ისარი, ოდესღაც აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთს შორის რომ ქანაობდა, ახლა დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის აქანქარდა… 

დამოუკიდებლობის თემა აღარ არის აქტიური, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, აღარ არის ტრენდული. პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ, დიდი ხანია, თავისუფლების იდეას ზურგი აქცია და დასავლეთის მორჩილების გზას დაადგა, ოღონდ წარსულის ინერციით, ამას მაინც თავისუფლებას არქმევს, უფრო სწორად, თავისუფლებად ასაღებს, თუმცა არც ესაა ახალი. ეროვნული მოძრაობაც დასავლეთის პროექტი იყო და ისიც დასავლეთს სახავდა თავისუფლების მსოფლიო ბაირახტრად. ჯერ კიდევ ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო ნატოს თემის კულტივირება და ამ სამხედრო ორგანიზაციისკენ სწრაფვა, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნატოს თემით სპეკულაცია წარმატებით განაგრძეს ხელისუფლების ახალი თაობების წარმომადგენლებმა. სიტყვა “სპეკულაციას” იმიტომ ვიყენებ, რომ ყველა მათგანმა იცოდა (უნდა სცოდნოდა!) არარეალურობა და უპერსპექტივობა ამ გზისა. უნდა სცოდნოდა, რომ დასავლეთს საქართველოს გამოყენება სურს, მაგრამ მისთვის არაფრის გაკეთება არ უნდა. ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივით მუდმივად უნდა ვიყოთ მიბმული დასავლეთზე, რაც მას საშუალებას აძლევს, როგორც უნდა, ისე იპარპაშოს საქართველოში, მაგრამ მის ბედსა და მომავალზე მისხალი პასუხისმგებლობა არ აიღოს. დასავლეთმა ყველაფერი უნდა მიიღოს საქართველოსგან, საქართველომ კი ვერაფერი ვერ მიიღოს დასავლეთისგან. მეტიც, საქართველომ საკუთარი ინტერესები უყოყმანოდ უნდა ანაცვალოს დასავლეთის ინტერესებს. ესაა დასავლეთის ვერაგობის ფორმულა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი (ისტორიული) მტრობის ჩამოსაგდებად შეიქმნა. იგი მთელი სიგრძესიგანით იმ დროს ამოქმედდა, როდესაც აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაწერილი სცენარის შესაბამისად საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოგლიჯეს. ცხადია, რომ ამ საქმეში იმხანად ამერიკის კოლონიად ქცეული რუსეთი ოსტატურად გახვიეს. ბოლოს საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ რუსეთი იძულებული შეიქნა, ამ სეპარატისტული სუბიექტების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. დასავლეთის ამ ვერაგულმა ფორმულამ მტკიცედ და ხანგრძლივად რომ იმუშავოს, ამისთვის იყო ეს საჭირო.

იგივე ჩაიდინეს უკრაინაში _ პროვოკაციები და სახელმწიფო გადატრიალებები იქამდე ხლართეს, სანამ რუსეთი იძულებული შეიქნებოდა, რომ სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. ლოგიკურია შეკითხვა _ რატომ არის რუსეთი მუდმივად წამოგებული ამერიკულ პროვოკაციაზე? ამ რთულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხი ასეთია: ნამდვილი პროვოკაცია არის ის, რომელსაც თავს ვერ აღწევ, თორემ, თუ შეგიძლია არ წამოეგო პროვოკაციას, ასეთი პროვოკაცია არც არის პროვოკაცია! მოდის დასავლეთი, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მოჰყავს თავისიმეხუთე კოლონადა ყველგან იწყებს რუსეთისთვის დამიზნებული სტრატეგიული შეიარაღების განლაგებას. რა ქნას რუსეთმა, არ გაუწიოს ამას წინააღმდეგობა? აუცილებლად უნდა გაუწიოს, რათა თავისი ხალხის უსაფრთხოება დაიცვას, მაგრამ ამას თუ გააკეთებს, სწორედ ეგ არის პროვოკაციაზე წამოგება.  იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი არ გაიბრძოლებს, იგი ნატოს ალყაში მოექცევა და ესეც პროვოკაციაზე წამოგებაა, ოღონდ საწინააღმდეგო მხრიდან! ეს დასავლეთის მიერ შექმნილი ის ვერაგული ხაფანგია, რომელსაც რუსეთმა ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ კი რუსეთი დასავლეთის ამ პროვოკაციულ ხლართებში მუდმივად იყო გაბმული. დასავლეთმა მისთვის ხელსაყრელი ეს ვითარება დღემდე შეინარჩუნა. ეს არ არის მარტივი ვითარება. კოლექტიური დასავლეთი _ ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური მოცემულობა მილიარდიანი მოსახლეობით, სამი ბირთვული სახელმწიფოთი, გაეროს უშიშროების საბჭოს სამი (ხუთიდან) მუდმივი წევრით, უზარმაზარი ეკონომიკითა და თითქმის მთელ მსოფლიოზე გავლენის მძლავრი ბერკეტებით. ეს მხუთავი მოცემულობაა, რომელიც მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით, აღვირახსნილი ინფორმაციული დივერსიითა და სატანური იდეოლოგიით ახრჩობს რუსეთს, როგორც საკუთარ მსოფლმხედველობრივ და ზნეობრივ  ალტერნატივას. როდესაც რუსეთში მიხვდნენ, რომ დასავლეთს ვერაფერი შეაკავებს, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

ეს ის წყალგამყოფია, რომლიდანაც სრულიად ახალი რეალობა იწყება. ეს გზა, თუკი ერთ-ერთი მხარე უკან არ დაიხევს, მსოფლიო ომისკენ მიდის. რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე აღმოჩნდება. აშშ-ს კი აქვს უკან დახევის შესაძლებლობა, ვინაიდან ამით იგი ეგზისტენციური პრობლემის წინაშე არ დგება, პირიქით, ეს მას კრიზისიდან გამოსვლის პირობებს შეუქმნის. სამწუხაროდ, ამერიკელები ჯერჯერობით დაძაბულობის ესკალაციის გზას ადგანან და რუსების მოთმინებას ცდიან. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ისინი გლობალური ომისთვის მზად იყვნენ, ვინაიდან მათ ეს არაფერს მოუტანს განადგურების გარდა. ვითარება, რომელიც უკრაინაში შეიქმნა, დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, მაგრამ იგი ახალ მსოფლიო რეალობად 2022 წლის 24 თებერვალს ჩამოყალიბდა, როდესაც რუსეთმა დასავლურ პროვოკაციებს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციით უპასუხა.

ამ ახალ რეალობაში საქართველოს მხრიდან ეროვნული მოძრაობისდროინდელი სტერეოტიპებით აზროვნება და მოქმედება დანაშაულებრივი და მიუტევებელი ატავიზმია. გლობალური ომი თუ იქნება, ყოველგვარი საგარეო ორიენტაცია აზრს კარგავს, მაგრამ, საქმე აქამდე თუ არ მივა, ეს რუსეთის გამარჯვებასა და მრავალპოლუსიანი მსოფლიო რეალობის დადგომას ნიშნავს. რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის ბრძოლას 45-მილიონიანი უკრაინა თუკი ვერ გაექცა, 3-მილიონიანი და თანაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველო  გაექცევა? ვერ გაექცევა! ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და რა მიმართულებითაც გვსურს, იმ მიმართულებით ვივლით, რეალობისგან აცდენილობა კი არ არის, რეალობისგან დანაშაულებრივი აცდენილობაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვართ დამოუკიდებელი. პატარა სახელმწიფომ შეიძლება ამა თუ იმ დიდი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა მართლაც მოიპოვოს, მაგრამ შექმნილი რეალობისგან დამოუკიდებელი ვერასოდეს გახდება. აბსოლუტურ დამოუკიდებლობას გლობალური მოთამაშეებიც კი (აშშ, რუსეთი, ჩინეთი) ვერ აღწევენ. საქართველომ რა აბსოლუტურ დამოუკიდებლობას უნდა მიაღწიოს?! აქედან გამომდინარე,საქართველოს გლობალური პროცესების შეცვლა არ მოეთხოვება, მაგრამ მას, დიახაც, მოეთხოვება ღმერთისა და სატანის გზების გარჩევა. ბოლოს და ბოლოს, მას მოეთხოვება, რომ არ გაიმეოროს ის დამღუპველი შეცდომები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამერიკული სცენარების მიხედვით დაუშვა, არ გაიმეოროს ის კატასტროფული შეცდომა, რომელიც უკრაინაში იმავე ამერიკულ სცენარზე აყოლით დაუშვეს, რითაც ეს უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო მიწასთან გაასწორეს.

 ის, რომ ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა დღეს, დამოუკიდებლობისთვის კი არა, ამერიკულ ორბიტაში დასარჩენად იბრძვის, არამხოლოდ საკუთარ სტომაქზე ზრუნვის შედეგია, არამედ იმ რეალობის გაუცნობიერებლობის შედეგიც, რომ ამ დაპირისპირებაში ამერიკელთა გამარჯვება გამორიცხულია, რადგან ასეთ ვითარებაში რუსეთის სახელმწიფოს განადგურების პროგრამა ამოქმედდება და ვითარებას ავტომატურად გადაიყვანს ბირთვული ომის ფაზაში. ეს პლანეტური კატასტროფის მომტანი იქნება, ამიტომ რჩება ერთადერთი გზა _ ამერიკელთა უკანდახევის გზა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ამერიკელებს ეგზისტენციურ საფრთხეს არ შეუქმნის და მსოფლიოსაც იხსნის გლობალური კატასტროფისგან. სხვა თეორიული გამოსავალიც კი არ რჩება. დღეს თუ ხვალ მხარეები ამის გაცნობიერებას დაიწყებენ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველებს, გარდაუვალად მოგვიწევს რუსულ ორბიტაზე გადანაცვლება. ეს, მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე ჩამოკიდებულმა ათასამდე ტუტუცმა ქართველმა კი არა, კბილებამდე შეიარაღებულმა უკრაინელმა ნეოფაშისტებმაც ვერ შეძლეს; ეს თურქმა მედასავლეთეებმაც ვერ შეძლეს, რომლებიც ამერიკელთა მიერ კარგად ორგანიზებული ძალაა. ისინი 28 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდნენ.

თამამად და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელები თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებით უკრაინასა და საქართველოშიც დამარცხდნენ. ჩვენ კი ამ ფაქტიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

35 წლის წინათ დამოუკიდებლობაში მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას განიხილავდნენ. განვლილმა დრომ გვიჩვენა, რომ საფრთხე მხოლოდ რუსეთიდან არ მოდის. გაცილებით დიდი საფრთხე თურმე იმ მხრიდან გვემუქრება, რომლიდანაც დამოუკიდებლობის გარანტიებს ველოდით და მიუტევებელი გულუბრყვილობით გაუთავებლად გავყვიროდით:

_ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმააარ

 _ ჯოოოს!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here