Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა ოთარაშვილი: ხმალამოღებული მტერიც რომ ყოფილიყო გავრილოვი, ვაჟა-ფშაველას ფრაზა მაინც გახსენებოდათ: “დღეს...

ვაჟა ოთარაშვილი: ხმალამოღებული მტერიც რომ ყოფილიყო გავრილოვი, ვაჟა-ფშაველას ფრაზა მაინც გახსენებოდათ: “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”

“ჩვენ უნდა გავარჩიოთ ეკლესიის ნამდვილი და ცრუ მამები, როგორიცაა, მაგალითად, ცრუ პეტრე ცაავა”

3198

საქართველოს პარლამენტის ახალდანიშნულმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომელსაც ირაკლი კობახიძის დაქვეითებით, როგორც იტყვიან, ტუზი დაეცა, პირველი, რაც თავმჯდომარის სავარძელში ოფიციალურად ჩასკუპების შემდეგ გააკეთა, წარსულში მის მიერვე არაერთხელ ირიბად გაკრიტიკებულ ეკლესიას კოჭი გაუგორა და 29 ივნისს, ოჯახთან ერთად, უწმინდესთან შესახვედრად საპატრიარქოში მიცუნცულდა. შეხვედრის დეტალები, გამომდინარე იქიდან, რომ ის დახურულ კარს მიღმა გაიმართა, უცნობია, თუმცა მოგვიანებით თვითონ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უწმინდესს დალოცვისა და იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ იღებს, მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე, რომელიც პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ესტუმრა და გასპეტაკებული სახით მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის, ცოტა ხნის წინათ საპარლამენტო უმრავლესობის რიგითი წევრის ამპლუაში ერთ-ერთი იყო, ვინც უწმინდესის მიერ დაფუძნებულ ოჯახის სიწმინდის დღეს გაემიჯნა და 17 მაისს “ბნელი გრუზინების” მიერ “დაჩაგრულ” ლგბტ პირებს სოლიდარობა გამოუცხადა. მაშინ მისი “არგუმენტი”, ისევე, როგორც ბევრი სხვა “ლიბერალი მეოცნებისა” უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში, იყო ის, რომ თურმე ქვეყანაში ყველას და ყველაფრის უფლება დაცული უნდა იყოს. ამ პოზიციის გამოხატვისას მას, ალბათ, ვერც კი წარმოედგინა, რომ, სულ რაღაც, ერთი თვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პირველი კაცი გახდებოდა და ფართო საზოგადოების კეთილგანწყობა დასჭირდებოდა…

თუ რა მიზანს ემსახურებოდა პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ვიზიტი საპატრიარქოში და, საერთოდ, რით არის განპირობებული ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქოს პატრიოტული მოტივებით გაჯერებული განცხადებები, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ბოლო ხანს ხელისუფლების რიტორიკაში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება სჭარბობს, გვესმის ისეთი განცხადებები, როგორიც წლების წინათ უბრალოდ გასაოცარი იქნებოდა… წინა კვირას არჩილ თალაკვაძე უწმინდესს შეხვდა და ოჯახი დაალოცვინა. არადა, ყველამ ვიცით, რომ ეს კაცი ოჯახის სიწმინდის დღეს, ისევე, როგორც ბევრი სხვა “მეოცნებე”, ამრეზით უყურებდა. რა შეიცვალა, რის მიღწევას ცდილობს ამით ხელისუფლება?

_ ვფიქრობ, ეს არის განპირობებული ამ ხალხის ფარისევლობით, მათი უსირცხვილობით, უსინდისობითა და უნამუსობით. ჩვენ ამ ადამიანებისგან არ უნდა გვიკვირდეს არაფერი, რადგან ეს არის ხალხი, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს დაჩოქილმა ილოცოს სამების საკათედრო ტაძარში და მეორე დღეს სამღვდელოებას ბნელი უწოდოს იმის გამო, რომ თურმე როგორ ბედავენ და მრევლს სექსუალური უმცირესობების “გამოხატვის თავისუფლების” შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. ეს არის ხალხი, რომელსაც შეუძლია ქართულ კულტურას ძალადობრივი უწოდოს, ეკლესიას კი _ ამ ძალადობის მაპროვოცირებელი ინსტიტუტი, ხმა მისცეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მამათმავლობის საკანონმდებლო პროპაგანდა, და მერე უწმინდესის გვერდით დადგეს საშობაო წირვა-ლოცვაზე. ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, სირცხვილის განცდა, ზნეობა არ გააჩნიათ. რაც შეეხება შეკითხვას, რის მიღწევას ცდილობენ ამ ყველაფრით?! ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინ არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არათუ დიდი გამოწვევაა ამ ხელისუფლებისთვის, საერთოდ სათუოა, მიაღწევენ თუ არა იქამდე…

_ გინდათ, თქვათ, რომ ეს მცდელობები საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის კეთილგანწყობაზე ნადირობაა?

_ ვინც არის თავი და ბოლო ამ ხელისუფლებისა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, ცხადია, მან კარგად იცის, რომ, მიუხედავად 24-საათიანი “ლიბერალური” პროპაგანდისა, რომლის მიზანიც ადამიანების გამოლენჩებაა, მოსახლეობის, სულ ცოტა, 90-95% ეროვნულად აზროვნებს. გამომდინარე აქედან, მათ იციან, სად რაზე გააკეთონ აქცენტები და რა ფორმით გაუგორონ კოჭი საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტს. ისე, თალაკვაძის რა გიკვირთ, ისეთი გაქანებული “ლიბერალიც” კი, როგორიც პარლამენტის წინა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, ხშირად სტუმრობდა პატრიარქს, ხშირად თუ არა, ზოგჯერ მაინც. ქართულ პოლიტიკაში ეს ერთგვარი ტრადიციაა _ შეუძლიათ წლების განმავლობაში აგინონ და აკრიტიკონ ეკლესია, დაუფარავად ლანძღონ და აქილიკონ პატრიარქი, მიიღონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ტრადიციულ კულტურას და მერე ერთბაშად მოინდომონ ამ ყველაფრის გადაფარვა, ვთქვათ, უწმინდესთან ვიზიტით, ხელზე მთხვევით, პირჯვრის ხშირი გადაწერით, სინამდვილეში იმისთვის, რომ კამერებმა გადაიღონ… თუმცა ძალიან მიკვირს, როცა ჰგონიათ, რომ ამით მათი რეიტინგი იზრდება. კაცს, რომელიც მხარს დაუჭერს მამათმავლობის დაკანონებას, მხარს დაუჭერს ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელიც ოჯახის გამოცხადებული ნგრევაა, პატრიარქთან ვიზიტი და პირჯვრის გადაწერა უშველის?! უწმინდესმა კი დაგლოცათ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მაგრამ თქვენი გუნდი რომ უღმერთობის განსახიერებაა, ამას რამე ეშველება?! არ გამოგივათ ეს იაფფასიანი აფერა, იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკური სულისკვეთება ძალიან კარგად გამოჩნდა წლების წინათ, როცა დასავლეთის კარნახით იღებდით კანონებს, რომლებსაც სრულიად საქართველო ეწინააღმდეგებოდა. ერთ მხარეს იდგა ქართველი ხალხი, მეორე მხარეს იდექით თქვენ. ეს იყო და არის თქვენი არჩევანი, რომელსაც ვერ დაფარავთ საპატრიარქოში ვიზიტებით.

_ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უეფექტოა ხელისუფლებისთვის?

_ ყოველ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც აქტიურია და კარგადაა გათვითცნობიერებული პოლიტიკურ პროცესებში, მხოლოდ უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ხელისუფლების წარმომადგენლების ამ, მე ვიტყოდი, ვირეშმაკობამ. სხვათა შორის, მსგავს რაღაცებს თავის დროზე ხშირად აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და ამით კიდევ უფრო აგიჟებდა ისედაც უკმაყოფილო მოსახლეობას. გახსოვთ, ალბათ, კადრები, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი, როგორ მიბანცალდა მახათას მთაზე და პატრიარქის გვერდით როგორ ლულავდა თვალებს. აი ასეთი სასაცილოები არიან. ჰგონიათ, რომ იაფფასიანი პიარსვლებით ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალებში და ხმებს დასცინცლავენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხი უკვე აღარ არის ისეთი გულუბრყვილო, როგორიც ათი და თხუთმეტი წლის წინათ იყო. არავინ ჭამს იმას, რომ თურმე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღები და ახალგაზრდების ცნობიერებიდან ყველაფერი ქართული ამომძირკვავი ნაძირალა ნაც-ქოცები პატრიარქის დალოცვას დიდ პატივს სცემენ. მათი “დამლოცავია” სოროსი და ის დასავლური გლობალისტური ორგანიზაციები, რომლებმაც ძალაუფლება გაუნაღდეს. პატრიარქს პატივს რომ სცემდნენ, მის ქადაგებას მოუსმენდნენ და ქვეყანას თავზე არ დაგვამხობდნენ. ისე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში კონსერვატიული სულისკვეთება მძლავრობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად დასავლურ სამყაროში, არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი ლიბერალური ძალების “მეტამორფოზი” ვიხილოთ.

_ რას გულისხმობთ?

_ ხვალ-ზეგ სხვადახვა ეკლესიასთან შეიძლება დამხობილ-დაჩოქილი დავინახოთ ბოკერიები, უგულავები, თალაკვაძეები, მდინარაძეები, ზარდიაშვილები… ესენი ყველაფრის მკადრებელი ადამიანები არიან, არანაირი სინდისისა და ზნეობის აღვირი მათ არ გააჩნიათ. აქვე მინდა მოკლედ გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო პროვოკაციას, რომელიც 20 ივნისს ნაციონალებმა მოაწყვეს პარლამენტში. ეს დღეებია, ყველა ლაპარაკობს, რომ შემაშფოთებელი იყო რუსი დეპუტატის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში _ ამის დაშვება როგორ შეიძლებოდაო. ჯერ ერთი, თუ არ შეიძლებოდა და ასე ძალიან აშფოთებდათ ეს ამბავი, რატომ ჩასვეს იმ სავარძელში?! ვეჭვობ, ის კაცი თავისით არ დაჯდებოდა იქ და მეორე _ ხმალამოღებული მტერიც რომ ყოფილიყო გავრილოვი, ვაჟა-ფშაველას ფრაზა მაინც გახსენებოდათ: “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…” საერთოდ, ტრაგედიაა, როცა ეს ორი მართლმადიდებელი სახელმწიფო _ რუსეთი და საქართველო _ სამტროდაა ერთმანეთს გადაკიდებული. რაც შეეხება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს არის ზუსტად ის ფარისევლობა, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას. რომელ გულწრფელ პროტესტსა და შეშფოთებაზეა საუბარი, როცა გამოდის ბოკერია, გამოდის უგულავა _ მთელი ეს ნაციონალური კრიმინალური ბანდა და გელაპარაკება პატრიოტიზმზე?! ვინ არიან პატრიოტები, ცხრა წელი რომ ქართველების სისხლში იბანავეს, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ მოაწყვეს, ეკლესიებს რომ ანგრევდნენ?! ეს ვისაც სჯერა, შეუძლია იდგეს და ნიკანორ მელიას დაძახილზე ორთქლი გამოუშვას, მაგრამ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილს, რომელიც, საბედნიეროდ, უმრავლესობაა, ამ ზღაპრების არ სჯერა, ისევე, როგორც არ სჯერა “მეოცნებეების” ფარისევლობის.

_ როგორც ამბობთ, ხვალ-ზეგ შეიძლება ბოკერიები, უგულავები, თალაკვაძეები და სხვა პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც “ლიბერალური” დღის წესრიგის წარმომადგენლები არიან, ტაძრებში ვიხილოთ დამხობილები პოლიტიკური ქულებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია უნდა დაიკავოს თვით ეკლესიამ და სამღვდელოებამ ასეთი მცდელობების შემთხვევაში?

_ ეკლესიამ ძალიან კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს და ვფიქრობ, ჩვენი ჭკუის სწავლება არ სჭირდება, აქეთ დაგვარიგებენ, მაგრამ ჩვენ უნდა გავარჩიოთ ეკლესიის ნამდვილი და ცრუ მამები, როგორიცაა, მაგალითად, ცრუ პეტრე ცაავა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იქ კიდევ ვიღაც “დედაოა”, რომელიც საოცრებებს იძახის… მხილება _ აი, რა არის ასეთი ხალხის წამალი… პოლიტიკოსებს რაც შეეხება, კიდევ გავიმეორებ, რომ პირჯვრის გადაწერა კამერების წინ და ხშირი ვიზიტები საპატრიარქოში ფარისევლებს ვერ უშველით. პირიქით, ეს უფრო მეტად გაზრდის აგრესიას მათ მიმართ, იმიტომ, რომ ათმაგად და ასმაგად უფრო გამაღიზიანებელია, როცა ნეოლიბერალური დიქტატურის ჭანჭიკები პატრიარქის გვერდით ცდილობენ დადგომას. არაფერი მათ არ ესაქმებათ არც საპატრიარქოში და არც ეკლესიაში, მათი ეკლესია და საპატრიარქო არის ჯორჯ სოროსის კანტორა, რომელიც ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან გააძევეს უკვე და იმედია, მათ პარპაშს მალე საქართველოშიც აღკვეთენ სამუდამოდ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. ნუ გავსვრით დიდ ვაჟას ბინძურ პოლიტიკაში: ვისაც “ზღვა ჰმართებს სისხლისა”, იმას სტუმრად არ პატიჟებენ და არც თავად უნდა მივიდეს კაცი სტუმრად, თუ მართლა “ზღვა ჰმართებს სისხლისა”…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლაშა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here