Home ახალი ამბები საქართველო უხილავი ომი, რომელსაც ჯერჯერობით პირწმინდად ვაგებთ

უხილავი ომი, რომელსაც ჯერჯერობით პირწმინდად ვაგებთ

ბოლო 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 22,9 პროცენტით შემცირდა

481

არაერთხელ დავწერეთ, რომ რამდენიმე წლის წინათ იაპონელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებისა და ერების ათეულში მოხვდა, რომელსაც 2050 წლისათვის გადაშენება ემუქრება. მაშინ ამას ყურადღება ცოტამ თუ მიაქცია. მეტიც, ეს ამბავი ისე გავატარეთ, თითქოს ჩვენ არ გვეხებოდა, ახლა კი…

ჯერ ბოლო შვიდი წლის სტატისტიკას მივყვეთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2015 წელს 3, 721 მლნ  იყო, 2016 წელს – 3,728  მლნ, 2017 წელს – 3, 726 მლნ, 2018 წელს – 3, 729 მლნ, 2019 წელს – 3, 723 მლნ, 2020 წელს – 3, 716 მლნ, 2021 წელს – 3, 728 მლნ, 2022 წელს – 3, 688  მლნ, ხოლო 2023 წელს – 3,736 მლნ.  ერთი შეხედვით, 2015 წელთან შედარებით მატება გვაქვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან დაბადებისა და გარდაცვალების შემთხვევები სულ სხვაგვარ სურათს გვიხატავს. იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 ადამიანია, 2016 წ. – 56 569,  2017 წ. – 53 293, 2018 წ. – 51 138, 2019 წ. – 48 296, 2020 წ. – 46 520, 2021 წ. – 45 946,  2022 წ. – 42 319.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2015 წ. – 49 121, 2016 წ. – 50 771, 2017 წ. – 47 822, 2018 წ. – 46 524, 2019 წ. – 46 659, 2020 წ. – 50 537, 2021 წ. – 59 906, 2022 წ. – 49 118.  თუ 2015 წელს დადებითი სხვაობა 10 ათასზე მეტია, შარშან ლამის 7 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ანუ ბოლო რვა წელიწადში სხვაობამ, ჯამში, მინუს 17 ათასი შეადგინა. მაშ, რის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა,თუ ადგილობრივების დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა უარყოფითია? სწორია – უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე და ახლა თუ ვიღაც იტყვის, რომ ბოლო დროს რუსების შემოსვლის გამო „გავბევრდითო“, ძალიან შეცდება. სანამ რუსეთის მოქალაქეები შემოვიდოდნენ, მატება იყო ირანელების, ინდოელების, ჩინელებისა და თურქების ხარჯზე. დიახ, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და ახლა ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც დაემატნენ. შედეგად, საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა იკლებს და შემოსულთა რაოდენობა მატულობს.  შორს არ არის დრო, როცა თბილისის რომელიმე უბანში გაკეთდება „ჩაინა სითი“.  საამისოდ ჩინელების საკმარისი რაოდენობაც არის ჩვენს ქვეყანაში და მათ საკმარისზე მეტი შესაძლებლობაც აქვთ.

უფრო შორს წავიდეთ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1990-დან 2022 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 22,9%-ით შემცირდა, ანუ თითქმის მეოთხედი მოსახლეობისა  აღარ გვყავს, გაქრა. ეს, გნებავთ, სიკვდილიანობას დააბრალეთ, გინდათ –  წლების განმავლობაში მზარდ მიგრაციას, მაგრამ ფაქტია – მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, ანუ 90-იან წლებში, დღევანდელზე ერთი მეოთხედით მეტნი ვიყავით. „შავ დღეში“ მხოლოდ საქართველო არ გახლავთ. იგივე მდგომარეობაა პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანაში. ბალტიისპირეთის ქვეყნები ავიღოთ, რომლებშიც თითქოს საბჭოთა კავშირის დროსაც კი ევროპა იყო და გადასარევად ცხოვრობდნენ. იმავე 1990 წლიდან აღებული სტატისტიკით სურათი ასეთია: ლიეტუვა – კლება 24,3%-ით, ლატვია – კლება 28,6%-ით, ესტონეთი – კლება 18,8%-ით. კატასტროფული სტატისტიკა აქვს უკრაინას, რომლის მოსახლეობაც 28,9%-ით, ანუ ლამის მესამედით შემცირდა. სამაგიეროდ მატება აქვს ევროპის ყველა დიდ ქვეყანას – საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, გერმანიას, ნიდერლანდებს…. წინ მიიწევენ და მრავლდებიან სკანდინავიური ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო… ხომ არ გრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიდი ევროპული ქვეყნები სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცის ხარჯზე აპირებენ სულის მოთქმას და, რაც მთავარია, ყველა ის სახელმწიფო, რომლებშიც  კლება აღინიშნა 1990-დან 2022 წლამდე,  ევროპისა და ამერიკის ხელშეწყობით, მცირე თუ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში  მონაწილეობდა? რაც ყველაზე საინტერესოა, სწორედ ამ ქვეყნების ჩათრევას კვლავ ცდილობს დასავლეთი ისევ კონფლიქტში და ისევ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სურს გამოიყენოს ერები და ქვეყნები. რუსეთში ხომ ცუდია, იქ ხომ დიქტატურაა, მაგრამ,  ბოლო 30 წლის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის კლება მხოლოდ 3%-იან ნიშნულზეა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ანუ, ცუდი რუსეთიდან ყველაზე ნაკლებად გარბიან ადამიანები და  ყველაზე ნაკლებადაც კვდებიან.

პატარა ქვეყნების გაქრობას რადარებიდან ვერავინ ამჩნევს. მეტიც, სწორედ დასავლეთის მონდომებით ევროპაში არაერთი ქვეყანა დაიშალა  მარტივ მამრავლებად (ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია) და  ყველა მათგანის  საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სწორედ ამერიკას სურდა, მაგრამ რაღაც არ გამოუვიდა, ვიღაც არ დაემორჩილა (ვინც არ დაემორჩილა, სასტიკად დაისაჯა, მაგალითად, იუგოსლავია) და საბოლოოდ, მივიღეთ ამერიკასა  და ევროპის დიდ ქვეყნებზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებული პატარა ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის აგულიანებდნენ რუსეთის წინააღმდეგ და, რაც მთავარია, დახმარებასა და მხარში ამოდგომას ჰპირდებოდნენ. ნუ გგონიათ, ნატოსა და ევროკავშირის დაპირება მხოლოდ ჩვენთვის არის მოფიქრებული, ანალოგიური  დაპირებებით არაერთი ქვეყანა კვებეს წლების განმავლობაში და სანაცვლოდ ქვეყნის კანონმდებლობისა და ცხოვრების წესის ამერიკულ თარგზე მოჭრას ცდილობდნენ. ჰო, ცხოვრების წესისაც, რადგან უძველესი კულტურები და ტრადიციები მათ არაფერში სჭირდებათ. თუ გახსოვთ, პირველი სერიოზული დარტყმა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ ვის მიმართ განახორციელა? სწორია – ეკლესიის. გიგი უგულავა და გიგა ბოკერია  იმაზეც  კი ბჭობდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო პატრიარქი, როცა ილია მეორეს გადააყენებდნენ. ანუ, მათ დასავლეთიდან იმხელა მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, ისე იყვნენ „აბლატავებულ-ატიპებულები“, რომ პატრიარქის შეცვლაზეც არ იხევდნენ უკან და იზამდნენ კიდეც, რომ არა ქართველი ერის რწმენა და ეკლესიის გვერდით დგომის დაუოკებელი სურვილი. ნაციონალები ვერ ეგუებოდნენ მათზე დიდ ავტორიტეტს და ამიტომ იყო იერიში ეკლესიაზე, იერიში, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთისგან, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

სამწუხაროდ, საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ჩვენზე ბევრად მეტი იციან პოლიტიკოსებმა როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში, მაგრამ ეს საკითხი თითქოს  არც ერთს არ აინტერესებს. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს რომელმა პოლიტიკოსმა  ახსენა დემოგრაფიული მდგომარეობა და რომელმა  გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული. ციფრები, რომლებიც ჩვენ მოვიყვანეთ, რეალურად არავის აინტერესებს. სამაგიეროდ, დასავლელმა პარტნიორებმა გადასარევად იციან ყველაფერი და ცდილობენ, უკუსვლა არ შეიცვალოს. არსებულ რეალობას თუ გავყვებით, როცა სახელმწიფოში ადგილობრივებზე მეტი უცხოელები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ერის გადაგვარება იწყება. უცხოელებს საკუთარი პრეტენზიები და ამბიციები უჩნდებათ – უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს და იღებს ახალ კანონებს, იმ კანონებს, რომელთა შესრულებაც მერე ყველასთვის სავალდებულოა.

დასავლეთში ისიც ძალიან კარგად იციან, რომ კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჩვენ შევალთ მდგომარეობაში, რომლიდანაც გამოსავალს, უბრალოდ, ვეღარ ვიპოვით და, როგორც ახლა არ სცალია დემოგრაფიისთვის არავის, მერე მით უმეტეს ვეღარ მოიცლიან. როცა  უკან  მოვიხედავთ, მივხვდებით, რომ საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან,   მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში  იარსებებენ დიასპორები, რომლებიც ნელ-ნელა დაკარგავენ ქართველობას, დაივიწყებენ ტრადიციებს და, რაც მთავარია, მათ უმრავლესობას არ ექნება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი. ეს იმიტომ, რომ უცხოეთში დაბადებული და გაზრდილი თაობებისთვის საქართველო მხოლოდ მშობლებისთვის მონატრებული პატარა ქვეყანაა, რომელიც არც უნახავთ, არც ახსოვთ და რეალურად აღარც აინტერესებთ.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო, – ნათქვამია, მაგრამ ვაი, რომ ეს ჩვენი ომია, უხილავი ომი, რომელსაც ჯერჯერობით პირწმინდად ვაგებთ და არ ჩანს არც საშველი, არც რაიმე გეგმა და სტრატეგია, რათა ამ ყველაფრიდან როგორმე გამარჯვებული გამოვიდეთ. საქართველოში მკვიდრი  ერი წლიდან წლამდე ქრება. მის გაქრობასთან ერთად გაქრება ქვეყანაც. ვიღაცას შეიძლება  გაეცინოს, ეს ყველაფერი არასერიოზულად მიიღოს, მაგრამ აგერ, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 32 წელიწადში ადგილობრივი მოსახლეობა 22,9 პროცენტით  შემცირდა, შემცირების პროცესი კი ისეთ აქტიურ ფაზაშია, როგორც არასდროს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here