Home რუბრიკები საზოგადოება უნიკალური ეროვნული სიმდიდრე _ მიწისქვეშა მტკნარი წყალი

უნიკალური ეროვნული სიმდიდრე _ მიწისქვეშა მტკნარი წყალი

2134

პატივცემულო მკითხველო, თემაზე, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, მრავალი წერილი დაწერილა, მაგრამ რატომღაც სათანადო ყურადღება და გამოხმაურება მათ არ მოჰყოლია. 

შესავალში მოვიშველიებ ეკონომიკურ საკითხებში ცნობილი ექსპერტის, პროფესორ რევაზ გოგოხიას სტატიიდან (“სანამ ურემი ლაფში ამობრუნებულა”. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” #87, 03.05.19 წ.) ამონარიდს: “ბუნებრივი სასმელი წყლის უზარმაზარი რესურსული პოტენციალის გამოყენება საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ ქვეყნად გადააქცევს, მისი გამოუყენებლობა კი ერის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი, საშინელი დანაშაული იქნება”…

აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემ თანაგუნდელებთან ერთად შექმნა კონცეფცია-პროგრამა “წყალი ეროვნული სიმდიდრე”, რომელიც ეფუძნება მიწისქვეშა სასმელი წყლის ინდუსტრიის მშენებლობას. ეს კონცეფცია-პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში 190 ჭაბურღილის გაბურღვას, დამფასოებელ-ჩამოსასხმელი ქარხნით _ 1-2 ან 3 ჭაბურღილი ყოველ მუნიციპალიტეტში, წყლის მარაგის მიხედვით, და ეს მოხდება 18 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში დასაქმდება 80-100 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ხელფასი იქნება 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

კონცეფცია-პროგრამის განსახორციელებლად პაატა გიორგაძეს მოძიებული ჰყავს ინვესტორი, რომელიც თანახმაა, 5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯოს ამ საქმეში, რასაც ხელშეკრულებაზე ხელმოწერითაც ადასტურებს და წერილობით გარანტიასაც იძლევა, ნებისმიერ დროს შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას.

ამ 5 მილიარდითა და ჩვენი მუშახელით დავბურღავთ ჭაბურღილებს, ავაშენებთ ქარხნებს, გზებს, ხიდებს, ბაზებს; შევიძენთ შესაბამის ტრანსპორტს; ავაშენებთ სპეციალურ პორტ-ტერმინალს; შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას და, რაც მთავარია, ეს უძრავ-მოძრავი ქონება დარჩება ხალხის, ჩვენი ძირძველი მოსახლეობის, საკუთრებაში ამ ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოების მეშვეობით.

ინვესტორს არ აქვს უფლება, რამე შეისყიდოს უძრავ-მოძრავი ქონებიდან. ის მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას, ჩვენი მუშახელით ჩამოსხმულ-დაფასოებული წყალი, ჩვენივე ტრანსპორტით მიტანილი პორტამდე, შეისყიდოს და გადაიხადოს 24 ცენტი 1 ლიტრში. გაანგარიშებით ქვეყნის ყოველწლიური შემოსავალი იქნება 12 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ამ შემოსავლებიდან პროექტის შემქმნელ მეცნიერებს გათვლილი და გათვალისწინებული აქვთ რეინვესტიციის სახით, ეტაპობრივად ყველა დარგის აღდგენა-განვითარება (ეკონომიკა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სულ 17 მიმართულება, განსაკუთრებით ტყეების აღდგენა-გაშენება), რომლის დასრულებისთანავე 10-11 წლის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 400-450 ათასს მიაღწევს და მათი საშუალო ხელფასი იქნება 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიყვან ამონარიდს პაატა გიორგაძის სტატიიდან (“მიმართვა საქართველოს მოსახლეობას”, 2019 წ. აპრილი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”):

“კონცეფცია-პროგრამის, “წყალი ეროვნული სიმდიდრე”, რომელიც ეფუძნება მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის მშენებლობას, აღსრულების მიზნით იწყება საყოველთაო სახალხო მოძრაობა, რომლისთვისაც საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ უმოკლეს დროში აშენდეს საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრია.

სახალხო მოძრაობა “საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის” დამფუძნებლები მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას, მხარი დაუჭირეთ ინდუსტრიულ მშენებლობას და მის განვითარებას, რომლის დასრულებისთანავე, 18 თვეში თითოეული თქვენგანი გახდება სააქციო საზოგადოების წევრი და უფასოდ გადმოგეცემათ 455 ათასი აშშ დოლარის მატერიალური ღირებულების 1 აქცია. თქვენი ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე _ მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი რესურსები, ანუ ჩვენი ქონება დარჩეს მხოლოდ ჩვენს საკუთრებაში, სახალხო სარგებლობის უფლებით. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მე-9 წლიდან, საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს ყოველწლიურ შემოსავალს დივიდენდების სახით, რომლის მოცულობა მომდევნო X-XI წელს მიაღწევს 4550 აშშ დოლარიდან 6825 აშშ დოლარამდე 1 აქციის ღირებულებიდან 1-1,5%-ის გაანგარიშებით, ხოლო 11 წლის შემდეგ, განვლილ მეორე 10 წლიან პერიოდში დივიდენდების ყოველწლიურად 1%-ით ზრდის პირობებში, ანუ 10-15%-ის გაანგარიშებით, შემოსავლების სახით საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს, სულ ცოტა, 45 000 აშშ დოლარიდან 68 250 აშშ დოლარამდე ყოველწლიურ შემოსავალს. დივიდენდები შემდგომში მზარდია. იგივე უფლებებით ისარგებლებს ჩვენი ქვეყნის ყოველი ახალშობილი ბავშვი”.

პატივცემულო მკითხველო, ოდესმე ვინმეს შემოუთავაზებია მსგავსი რამ ჩვენი ხალხისთვის? მე ასეთი რამ არ მახსოვს.

გამოვიყენებ კიდევ ერთი სტატიიდან (არმაზ სანებლიძის სტატია გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” #72, აპრილი, 2019 წ.) ლეგენდარული მოჭიდავის _ რომან რურუას სიტყვებს: “ჩვენი მიზანია, როგორმე “მე” წყლის სარგებლობის მიმართ შევცვალოთ “ჩვენით”, მაშინ ამ რეალობას ვერავინ შეუშლის ხელს, რაც შეგვაძლებინებს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად. სხვა შემთხვევაში გაჩნდებიან “ისინი”,სადაც ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ”…

ეს რომ არ მოხდეს, უნდა დავუჭიროთ მხარი ამ პროექტს, რაც ხელმოწერით უნდა დავადასტუროთ.

არდალიონ ხააძე

2 COMMENTS

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქეთინო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here