Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის საგარეო უწყება კონგრესმენ ვიქტორია სპარცს მოუწოდებს, „შეწყვიტოს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა...

უკრაინის საგარეო უწყება კონგრესმენ ვიქტორია სპარცს მოუწოდებს, „შეწყვიტოს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა უსაფუძვლო სპეკულაციებით უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე“

34

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელ კონგრესმენ ვიქტორია სპარცს მოუწოდებს, „შეწყვიტოს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა უსაფუძვლო სპეკულაციებით უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე“.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„განსაკუთრებით ცინუკურია მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ უკრაინული წარმოშობის კონგრესმენების მხრიდან“, – აღნიშნავს ნიკოლენკო.

მისი თქმით, უკრაინა შეერთებული შტატების მადლიერია ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ფონზე სპარცის სიტყვები და ქმედებები „განსაკუთრებით კონტრასტულია“.

ნიკოლენკომ აშშ-ის კონგრესის წევრს მოუწოდა, უკრაინისთვის შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევის მექანიზმებისთვის „ძირის გამოთხრა შეწყვიტოს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური კიევი მოკავშირეებთან მეტად ღიად ურთიერთობს და სამხედრო ტექნიკის გამოყენების თაობაზე ყოვლისმომცველ ინფორმაციას გასცემს.

„შემდგომი ბიუროკრატიზაცია და პროცესის გაჭიანურება, რომლისკენაც აშკარად ისწრაფვის სპარცი, მხოლოდ უფრო წინ წაწევს რუს ოკუპანტებს. ეს არის ერთადერთი სცენარი, რომელსაც კრემლი ეყრდნობა“, – ამბობს ნიკოლენკო.

უკრაინული მედის ცნობით, საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ ვერავითარი განცხადებები და პროვოკაცია ვერ შელახავს ნდობის მაღალ დონეს პრეზიდენტ ბაიდენსა და ზელენსკის, ერმაკსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, ასევე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს დმიტრო კულებასა და ენტონი ბლინკენს შორის.

ცნობისთვის, კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სხვადასხვა სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ეჭვი ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე.

კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს.

ავტორი – რატი ერისთავი

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here