Home ახალი ამბები საქართველო უკრაინა და ისრაელი

უკრაინა და ისრაელი

ღმერთის გაფრთხილება ებრაელთა მიმართ, როდესაც ისინი რჩეულ ხალხად აღიარა

642

ვით არ უნდა მიაგებდე პატივს და ვით არ უნდა გიყვარდეს ნაბუქოდონოსორიდან ჰიტლერამდე, ისააკის მსხვერპლშეწირვიდან ქრისტეს ჯვარცმამდე, ეგვიპტის მონობიდან რომის იმპერიის პროვინციამდე, რომის იმპერიის პროვინციიდან ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მუდამ დევნაშევიწროვების, მუდამ გენოციდისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლი ხალხი,  რომლის  შვილებმაც სასწაულები მოახდინეს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მწერლობაში, ფილოსოფიაში

გამორჩეული ხალხი ნიჭით, შემოქმედებით, ბედით! ძველი აღთქმაც ამას გვიდასტურებს, თანაც მრავალგზის: ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი, და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები (ეზეკიელი, 36, 24-28). ჰოდა, ვით არ მივაგოთ პატივი ერს – ღვთის რჩეულს?! მითუფრო, როცა ვხედავთ პატარა სახელმწიფოს უცხო გარემოში, გარშემორტყმულს სხვა რჯულის, სხვა სარწმუნოების მრავალრიცხოვანი ხალხებითა და მტრულად განწყობილი უზარმაზარი სახელმწიფოებით?!

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და, მოკავშირეებთან ერთად ნიურნბერგის პროცესის გამართვის შემდეგაც ანტისემიტიზმი არც გამქრალა და არც ჩამქრალა. ეს ვერაგი ბაცილა ომის შემდეგაც ისევე ცოცხლობს, როგორც ომამდე დიდი ხნით ადრე ცოცხლობდა. ცნობილი მწერალი ემილ ზოლა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დადგომამდე ებრაული წარმოშობის ოფიცრის, ალფრედ დრეიფუსის, ღალატში უსაფუძვლო დადანაშაულების გამო საფრანგეთის მთავრობასა და არმიას იმ დონეზე დაუპირისპირდა, რომ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი ამ სიტყვებით დაიწყო: მე ბრალს ვდებ!”

აგერ, ჩვენს დროში კი, 2018 წლის მონაცემებით, საფრანგეთში ანტისემიტურ საფუძველზე ჩადენილმა დანაშაულმა 75 პროცენტით, აშშში კი – 54 პროცენტით მოიმატა. ეს მხოლოდ პროცენტები და არითმეტიკა არ არის, ეს სიყვარულის ნაკლებობისა და სულ უფრო მზარდი სიძულვილის მაუწყებელი საზოგადოებრივი განწყობებია. ანტისემიტიზმის პარალელურად ანტირუსიზმმა (რუსოფობია) წამოყო თავი, რომელიც სულ უფრო ფართო მასშტაბებს და საშიშ ხასიათს იძენს. კაცობრიობას დიდი და მწარე გამოცდილება აქვს, რას ნიშნავს და რა შედეგებამდე მიდის ხალხთა და სახელმწიფოთა დაპირისპირება ეროვნული და რელიგიური ნიშნით, მაგრამ, როგორც ჩანს, ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ არაფერს არ გვასწავლის.

დღეს უჭირს ისრაელს. “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული ვერაგული ტერაქტის შემდეგ რეგიონი დაემსგავსა დენთის კასრს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ჰამასსისრაელი განადგურებას უპირებს, მაგრამ მის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ჯერჯერობით ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, რაც ვითარებას უკიდურესად ძაბავს. უზარმაზარი ისლამური სამყარო პატარა ისრაელის წინააღმდეგ იკვრება და შთანთქმით ემუქრება. ეს სამყარო არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ბორგავს. ევროპასა და აშშ-ს ისრაელის საპროტესტო ტალღამ რამდენიმეჯერ გადაუარა. აქ ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ისლამური სამყარო ისრაელთან ერთად დასავლეთის იმ პოლიტიკასაც აპროტესტებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ებრაელებს ისევე მიიჩნევს რჩეულ ხალხად, როგორც ოდესღაც ისინი (ძველ აღთქმას თუ ვერწმუნებით) თვით ღმერთმა გამოარჩია სხვებისგან.

არ მყოფნის კომპეტენცია, რომ ებრაელი ხალხის გამორჩეულობაზე  ღმერთის გადაწყვეტილება შევაფასო, მაგრამ, უზენაესმა ასეთი რამ თუ მართლა დაუშვა, დარწმუნებული ვარ,  ორმაგი სტანდარტებით და ქვენა გრძნობებით არ იხელმძღვანელებდა. ამერიკელებს კი ებრაელები იმიტომ ჰყავთ რეგიონში გამორჩეული, რომ თავიანთი ბინძური მიზნებისთვის იყენებენ, ეს საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. გამოყენება ამა თუ იმ ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს, მაგრამ დღეს ამერიკელები ისრაელისგან ახლო აღმოსავლეთში მეორე უკრაინას ქმნიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, ევროპაში შექმნილი უკრაინა პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ თუ მუშაობს, ისრაელმა (ახლო აღმოსავლეთის უკრაინა) ბრიჩსის (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვ.) და ჩინეთის საუკუნის პროექტის “ერთი სარტყელი – ერთი გზის” წინააღმდეგ უნდა იმუშაოს.

დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში ბრიჩსის 2023 წლის სამიტზე, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს ჩატარდა, ორგანიზაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის რამდენიმე სახელმწიფო შეუერთდა: ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ეგვიპტე. გადაავლეთ თვალი რუკას და მიხვდებით, რას ნიშნავს ეს ამერიკელებისთვის. მათ წყალში ჩაეყარათ ომები ქუვეითში, სირიაში, ერაყში, ავღანეთში, ეგვიპტეში, ლიბიაში და ა.შ. მათ ამ რეგიონში ძალიან ცოტა ადგილი რჩებათ, რომელზეც ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, ფეხის მოკიდება შეუძლიათ. პირველ რიგში, ეს არის ისრაელი და რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება, რომლებიც, თავის დროზე, მათ მიერ იყო შექმნილი, საიდანაც ზოგი უკვე გავიდა ამერიკელების კონტროლიდან, ზოგს კი ჯერ კიდევ აკონტროლებენ. რეგიონი იმდენად დაუსხლტათ ხელიდან, რომ იციან, ვერც ისრაელი და ვერც მათ მიერ დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაციები (ვთქვათ, “ჰამასი’) აშშ-ისთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ ამინდს ვეღარ შექმნიან. ამ ვითარებაში მათ სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში ნაცადი მეთოდის გამოყენება რჩებოდათ და გამოიყენეს კიდეც. “ჰამასს” დაავალეს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრა და საზარელი ტერაქტის განხორციელება (ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში შეჭრა). შემდეგ კი, ჟარგონის ენით რომ ვთქვათ, როგორც სააკაშვილი გადააგდეს, “ჰამასიც” ისევე გადააგდეს –  ისრაელს მხარი ღიად დაუჭირეს და “ჰამასთან” და პალესტინელებთან საომრად ისევე წააქეზეს, დააფინანსეს და შეაიარაღეს, როგორც უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ.

ის, რაც ახლა მოგახსენეთ, ჰაერში უპასუხისმგებლოდ ნასროლი სიტყვები არ არის. არა სხვა ვინმემ, არამედ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მრავალმნიშვნელოვანი და უაღრესად საყურადღებო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ “გმობს “ჰამასის” ვერაგულ თავდასხმას ისრაელზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ეს ვაკუუმში არ განხორციელებულა”. გუტერეში მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ალაპარაკდა. განა ეს აშკარა მინიშნება და მითითება არ არის იმისკენ, რომ შემთხვევით და თავისთავად არაფერი მომხდარა? გუტერეშის ამ ლოგიკური მსჯელობის გამო ისრაელში ატეხილი ალიაქოთი და გენერალური მდივნის გადადგომის მოთხოვნა კი, თავის მხრივ, აშკარა დასტური არ არის იმისა, რომ მათ რაღაც ძალიან (ზომაზე მეტად) მოხვდათ გულში?! ჩნდება შეკითხვა – რა? პასუხი ერთია: სიმართლე, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია!

ისრაელში ჩასულმა ბაიდენმა რამდენიმე უცნაური წინადადება წარმოთქვა:

“ისრაელი რომ არ იყოს, ჩვენ მისი შექმნა მოგვიწევდა”;

“ისრაელი უსაფრთხო უნდა იყოს ებრაელებისთვის. გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს განხორციელდეს”;

“მსოფლიო დაინახავს, რომ ისრაელი ძლიერია, როგორც არასდროს”;

“7 ოქტომბრის ტერაქტი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ისრაელია, 11 სექტემბრის თხუთმეტ ტერაქტს უდრიდა”.

ერთი სიტყვით, ამერიკელებისთვის ისრაელი რჩეული ქვეყანა რომ არის, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ აშშ ისრაელს, ისევე, როგორც უკრაინას, ღიად ეხმარება ფინანსებით, შეიარაღებით, ავიამზიდებით, სადაზვერვო მონაცემებით, კოსმოსური დაკვირვებებით და ა.შ.

გასარკვევი რჩება ის, თუ რით და რამდენ ხანში დაემსგავსება ისრაელი უკრაინას (ფართობი 600 000 კვ. კმ-ზე მეტი, მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს), რომელსაც რუსეთის მიერ წარმოებულმა არა ომმა, არამედ სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ფრთხილად და მოზომილად ტარდება, წელიწად–ნახევარში უდიდესი ზიანი მიაყენა.

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ისრაელი (ფართობი 23 000 კვ. კმ-ზე ნაკლები, მოსახლეობა 9 მილიონი), რომელიც, შესაძლებელია, ისლამურ სამყაროსთან არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, არამედ დაუნდობელ და გამანადგურებელ ომში აღმოჩნდეს ჩართული. აი, რისთვის გაწირა აშშ-მა ჯერ უკრაინა და, აი, რისთვის წირავს ახლა მის “რჩეულ” ისრაელს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პირველ შემთხვევაში ნატოს გაფართოება და რუსეთის დასუსტება აქვს ჩაფიქრებული, მეორე შემთხვევაში კი ბრიჩსის შეფერხება და შეკავება ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ პროექტებში.

ასე შექმნეს ამერიკელებმა ახლო აღმოსავლური ქაოსი, რომელიც შესაძლებელია, ახლო აღმოსავლურ ან სულაც გლობალურ ომში გადაიზარდოს. აშშ-ში ბოლო პერიოდში, მართალია, ფეხს ითრევენ და ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად არ უშვებენ, მაგრამ ქაოსი და ტრაგედია უკვე შექმნეს, რომლითაც რეგიონის შენარჩუნებას ცდილობენ.

დასანანი ის არის, რომ ბრძენი ებრაელი ხალხი ამერიკელების მიერ დაგებულ ამ ხაფანგში გაება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მაგალითი არც გუშინწინდელია და არც გუშინდელი, დღევანდელია, ამჟამინდელი, ჯერ კიდევ პროცესში მყოფი მოღაღადე ფაქტი და სისხლიან-ცრემლიანი პრეცედენტია. ისრაელის მთავრობა ამერიკულ ბინძურ პოლიტიკაში მონაწილეობით წყალში ყრის ყველაფერ იმას, რის გამოც მსოფლიო მხარდაჭერას, თანადგომასა და თანაგრძნობას იმსახურებდა. მისი ეს საქციელი (ამერიკელთა გვერდით დგომა) მთელი პლანეტისა და, თუ გნებავთ, ღვთის წინაშე ამბოხია. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მისთვის არავის დაურთავს ბოროტებასთან წილნაყარობის ნება!

ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში ამ ეტაპისთვის შექმნილ ვითარებაში ამერიკელების გვერდით დგომას ირჩევს ან, თუნდაც მენტალურად, მათ კოლონიად ყოფნას განაგრძობს, იმ მასშტაბის სისულელეს სჩადის, რომ ეს მხოლოდ გონებისა და აზროვნების დეფიციტით ვერ აიხსნება. აქ ისტორიული წყევლის თუ ანათემის კვალია საძებნი. უკრაინელებთან დაკავშირებით ბიბლიაში რამეს ძებნა, ალბათ, ფუჭი გარჯა იქნება, მაგრამ ებრაელებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის ნათქვამი. მათ შორის ესეც: “ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!” (ძველი აღთქმა, იერემია წინასწარმეტყველი).

ვალერი კვარაცხელია

P.S. აშშში უკვე წამოვიდა ნატოს საწინააღმდეგო განწყობები. დაიწყო აღიარება იმისა, რომ ნატო უსუსური აღმოჩნდა რუსეთის წინაშე. აშშის პეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან ვივეკ რამასვამი აცხადებს, რომ გონივრული იქნება აშშის გამოსვლა ნატოს შემადგენლობიდან. ანალოგიურად ფიქრობს ონალდ ტრამპიც. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით მათი ამომრჩევლების 49 პროცენტი აშშის ნატოდან გამოსვლის მომხრეა.

დიდი ამბები ხდება მსოფლიოში, უფრო დიდი ამბები კი წინ არის!

. .

2 COMMENTS

  1. ბოროტების სათავე ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე თავის დამატებაა, ანუ თავის თავის „ზეკაცად“ მიჩნევა და სხვისა – „недочеловекад“. ებრაელების, როგორც ისრაელში, ისე ამერიკაში, ცდომილება ის არის, რომ დღესაც სჯერათ, რომ ღმერთის რჩეული ხალხია. როგორც ჰიტლერს სჯეროდა გერმანული რასა.
    ბატონო ვალერი, თქვენ დიდი კომპეტენცია გაქვთ, მაგრამ იგი საჭირო არ არის, იესო ქრისტემ გააქარწყლა საკუთარი ხალხის „რჩეულობა“, როდესაც მან კეთილი სამარიელის იგავი მოუყვა იუდეველ მღვდელმთავარს (ლუკა, 10:27-37). ამ გაგებით, სტალინიც ქრისტიანი იყო, როდესა ებრძოდა ჰიტლერს, მაგრამ შეცდომა დაუშვა, როდესაც “ეთნოებრაული სახელმწიფო“ შეუქმნა ებრაელებს და პალესტინელი არაბები ჰაერში დატოვა. სახელმწიფო რომ ეთნიკური მოვლენა არ არის, ეთნიკური თემური წყობილებაა, ეს ესმოდა საბჭოთა ბელადს, მაგრამ არ ესმით ებრაელებს, როგორც ისრაელში, ისე ამერიკაში. „ზოგადი თავისი ჭეშმარიტი და ფართო მნიშვნელობით ისეთი აზრია, რომლის შესახებ უნდა ითქვას, რომ ათასეული წლები დასჭირდა მას, რათა ადამიანთა ცნობიერებაში შეჭრილიყო, და რომელმაც თავის სრულ აღიარებას პირველად მხოლოდ ქრისტიანობის წყალობით მიაღწია…“ (ჰეგელი, „ლოგიკის მეცნიერება“, გვ. 349).

  2. “ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი, და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები“ (ეზეკიელი, 36, 24-28). ჰოდა, ვით არ მივაგოთ პატივი ერს – ღვთის რჩეულს?! მითუფრო, როცა ვხედავთ პატარა სახელმწიფოს უცხო გარემოში, გარშემორტყმულს სხვა რჯულის, სხვა სარწმუნოების მრავალრიცხოვანი ხალხებითა და მტრულად განწყობილი უზარმაზარი სახელმწიფოებით?! მხოლოდ ქრისტიანობის წყალობით მიაღწია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here