Home ახალი ამბები საქართველო თუ ასე გაგრძელდება, ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე 2050 წლამდე დადგება, ანუ...

თუ ასე გაგრძელდება, ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე 2050 წლამდე დადგება, ანუ იმ ვადამდე, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა  კვლევების შედეგად დაიანგარიშეს

არჩევნები ახლოვდება და, გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ წამოსცდენია, რა დროს არჩევნები და პოლიტიკური დაპირებებია, ერი ნადგურდებაო

192

ციფრები არასდროს ტყუიან და მოდი, ჩვენც ციფრებით დავიწყოთ. ეგებ ახლა მაინც მივხვდეთ უმწარეს რეალობას. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 3  736  357 ადამიანი ცხოვრობდა და მათგან  838 097 პენსიონერი იყო, ანუ  თითქმის ყოველი მეხუთე (ყოველი 4.5) ადამიანი პენსიონერია. არის თუ არა ეს ერის დაბერების უტყუარი ნიშანი? რა თქმა უნდა, არის, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ, სამი რეგიონის გარდა, საქართველოში შობადობა სიკვდილიანობაზე ნაკლებია, ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ის სამი რეგიონი კი თბილისი, ქვემო ქართლი და აჭარაა.

ყოველგვარი შოვინიზმის გარეშე ვაღიაროთ, რომ ქვემო ქართლში შობადობის უპირატესობა არაქართული მოსახლეობის, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანელი ერის ხარჯზე გვაქვს. ჰო, აზერბაიჯანელებს ბევრი შვილი ჰყავთ, მათაც უჭირთ, მათაც ულხინთ, მაგრამ შვილების სიმრავლეზე უარს, კარგა ხანია, არ ამბობენ და მიდგომაც საინტერესოა – 5, 6 თუ 7 შვილიდან ერთმაც რომ გაიკაფოს ცხოვრების გზა, დანარჩენებს წამოწევს, ფეხზე დააყენებს, ხელს შეუწყობს... და, ძირითადად, ასე ხდება, ხოლო ქართველების უმრავლესობა, საუკეთესო შემთხვევაში, ორ შვილზე ჩერდება. ისინი კი,  ვისაც მრავალშვილიანი ჰქვია, სახელმწიფოსგან დახმარებას ელიან, ითხოვენ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიიღონ და არც თუ იშვიათი შემთხვევაა, როცა მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოს დახმარების მოხსნის შიშით პირობების გაუმჯობესებაზე უარს  ამბობენ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. ანალოგიური რამ ხდება აჭარაშიც, სადაც ბევრი შვილი, ძირითადად, ქართველ მუსლიმებს ჰყავთ. ღმერთმა ამრავლოს როგორც აზერბაიჯანელები, ისე ქართველი მუსლიმები, მაგრამ ამით იმის თქმა გვსურს, რომ კატასტროფულ დღეში ქართველი მართლმადიდებელი  ერია; ის ერი, რომლის გამოც ჩვენს ქვეყანას საქართველო ჰქვია და ის ერი, რომლის გადაშენების საფრთხეზე რამდენიმე წლის წინათ იაპონელმა მეცნიერებმა ისაუბრეს და დაწერეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ  ვითარება  რადიკალურად განსხვავებულია და  აქ მოსახლეობის მატება მოჩვენებითია. მოგეხსენებათ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ლამის ნახევარი საქართველო დედაქალაქში ცხოვრობს და მუშაობს. ჰოდა, გარდაცვალების შემდეგ ეს ადამიანები მიჰყავთ იმ რეგიონებში და  მარხავენ, რომლებიდანაც არიან წარმოშობით, სადაც მათი საძვალეა. ანუ, გარდაცვალების ეს სტატისტიკა დედაქალაქის არქივში არ ინახება, ხოლო როცა რეგიონიდან ჩამოსული ქალი მშობიარობს, ის დედაქალაქის კლინიკაში მიჰყავთ და პირად ნომერსაც თბილისისას აძლევენ. გამოდის, რომ მათ პირადი ნომერი აქვთ თბილისის, რაც, საბოლოო ჯამში, შობადობის სტატისტიკას მაღლა  სწევს, მაგრამ რეალურად ამ ახალშობილთა  მშობლები რეგიონებიდან არიან, იმ რეგიონებიდან, რომლებშიც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ეს ბავშვები არსად  მიდიან, ღმერთმა ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი გაზარდოს, მაგრამ თბილისის თავკომბალად ქცევამ მოიტანა ის, რომ დანარჩენი საქართველო, უბრალოდ, ქრება, მოსახლეობისგან იცლება და ნასახლარებია შემორჩენილი. ვაი, რომ ამ ნასახლარებს და ქართულ მიწებს ხან იჯარით, ხან კი პირდაპირ უცხოელები ისაკუთრებენ და რაჭასა თუ ლეჩხუმში, კახეთსა თუ ქვემო სვანეთში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ინდუსებს, ჩინელებს, ირანელებს… რას ვაკეთებთ ჩვენ მდგომარეობის გამოსასწორებლად? არჩევნები ახლოვდება და, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ წამოსცდენია, რა დროს არჩევნები და პოლიტიკური დაპირებებია, ერი ნადგურდებაო. რატომ? იმიტომ, რომ მერე გამოსავალიც უნდა დაასახელონ და იპოვონ, შესაბამისად, ყველამ იცის, რომ ეს მარტივი არ იქნება და დემოგრაფიული აფეთქებისთვის მხოლოდ სიტყვები არ კმარა – მოქმედება და, რაც მთავარია ,უზარმაზარი ფულია საჭირო. ჰო, ფული და ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით: წლებია, სახლებს ვაშენებთ დევნილებისთვის, აშენდა სამხედრო ქალაქი, შენდება პოლიციელების ქალაქი და ეს ძალიან კარგია. ეგებ სახელმწიფომ იმაზე იფიქროს, რომ ააშენოს ქალაქი, რომელშიც ბინებს მრავალსულიან ოჯახებს აჩუქებენ, მაგალითად, მათ, ვისაც 6 და მეტი შვილი ეყოლებათ და ეს სახლები, 2-4 სართულიანი კორპუსები, დადგან ლეჩხუმში, რაჭაში… მერე თავისუფალი და დაუმუშავებელი მიწების დარიგებაც შეიძლება ამ ხალხისთვის და რეგიონები გამოცოცხლდება, ექვსიდან ორი შვილი რომ დარჩეს ადგილზე, ესეც საქმეა, ქართული საქმე, თორემ გადახედეთ განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია.

სამაგიეროდ, ოპოზიციამ ის გაიხსენა, რომ თურმე რუსეთში საქართველოს 1 500 000 მოქალაქე ცხოვრობს და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ. ახლა დასჭირდათ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმები, თორემ მანამდე ეს ხალხი რუსეთუმე და ერის მოღალატე იყო. მანამდე ისინი არაფერში სჭირდებოდათ და გვერწმუნეთ, არც არჩევნების შემდეგ დასჭირდებათ. რაც მთავარია, თუ რუსეთიდან წამოსული ხმებით მმართველი ძალა გაიმარჯვებს (რაც სავსებით რეალურია), სათქმელიც ექნებათ: რუსეთუმე ხელისუფლება გვყავს და რუსეთში ქართული არჩევნები გააყალბესო. მერე ეს ამომრჩეველი ისევ მოღალატე გახდება. საერთოდ,  ოპოზიციისთვის მოღალატეა ყველა, ვინც მათ მხარს არ უჭერს. ასე იყო მაშინაც, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ოღონდ იმხანად  მოღალატეობასთან ერთად ასეთი ადამიანების ფიზიკურ განადგურებასაც ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც. აი, დემოგრაფიული პრობლემა კი…

ხშირად მოისმენთ, საქართველოს ოქროს ხანაში  6 მილიონზე მეტი ვიყავითო. ფაქტია, რომ ერის სიმრავლე  სახელმწიფოს კეთილდღეობაზეა  მიბმული, ამიტომ არ მოგვწონს ხოლმე, როცა ეკონომიკურ ზრდაზე გვესაუბრებიან და რაღაც გაურკვეველ ციფრებსა და ფურცლებს გვაჩვენებენ, აქაოდა, ყველაფერი აქ არის აღრიცხულიო. სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი ფურცელზეა და რიგითი ადამიანები ვერაფერს გრძნობენ. აი, სახელმწიფოს კეთილდღეობის გეგმა ყველა იმ ძალას ჰქონდა, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებდნენ და ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ განახორციელეს. რა იქნება ხვალ და ზეგ ამ მიმართულებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, სანამ ამ ცარიელ ციფრებზე დასავლეთი ტაშს გვიკრავს, არაფერი გვეშველება.

დასავლეთი ტყუილად არ გვიხსენებია. რუსეთის გარდა, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია წასული ბედის საძებნელად და „პარტნიორი და მეგობარი ევროპელები“ (წელიწადში ყველაზე ცოტა ერთხელ) გვპირდებიან, რომ მათ უკან დააუბრუნებენ  და ამ ადამიანების  ადგილი ევროპაში არ არის. როგორ გგონიათ, იმ მილიონზე მეტი ქართველიდან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ყველა ლეგალურად არის და საბუთები ყველას წესრიგში აქვს? და როდის დაიმუქრა ბოლოს რუსეთი, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან გავაძევებთო? ეს არის სხვაობა და… მოდი, ისევ დემოგრაფიის პრობლემას დავუბრუნდეთ.

იცით, რომ გერმანიამ დაიწყო ფინანსური წახალისება იმ ოჯახებისა, რომლებსაც ორზე მეტი შვილი ეყოლებათ? ჰო, იმ გერმანიამ, რომელიც  მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნად ითვლება. როგორც კი დემოგრაფიის კუთხით პრობლემები შეიქმნა, მაშინვე მიიღეს კანონი ფინანსური წახალისების შესახებ და მარტივად დათვალეს – თუ ოჯახს ორი შვილი ჰყავს, ერი არ იზრდება, რადგან რეალურად ეს არის დედისა და მამის კომპენსირება, ანუ მატება არ არის, მესამე შვილი კი უკვე ერის ზრდის მაჩვენებელია. გერმანელები ამის შედეგს მალე მიიღებენ, თანაც კომპენსაციაც საკმაოდ სოლიდურია და, როგორც ამბობენ, მომავალ წლებში უფრო გაიზრდება, რათა უფრო მეტ ოჯახს გაუჩნდეს მესამე ბავშვის ყოლის სურვილი. ანუ, გერმანიაც კი ფინანსურ წახალისებამდე მივიდა და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთან რომ სოლიდური დაფინანსება გაიცეს, რა მოხდება? ამისათვის, სახელმწიფომ რაღაც მიმართულებები დროებით მაინც უნდა გადაახალისოს, რაღაცები შეაჩეროს (თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტები) და აქცენტი მრავალშვილიანობაზე გააკეთოს. სოციალური პაკეტები რომ  შემცირდეს იმის სანაცვლოდ, რომ ადამიანებს სამსახური შესთავაზონ (იმაზე მეტი ანაზღაურებით, ვიდრე სოცპაკეტი ითვალისწინებს და ასეთი სამსახურები არის), ეს საკმარის თანხას გამოათავისუფლებს იმისთვის, რომ მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენის შემთხვვაში ოჯახებს სოლიდური კომპენსაცია მიეცეს. სხვაგვარად ძალიან მალე მივალთ იმ რეალობამდე, რომ ერი გადაშენების საფრთხის წინაშე 2050 წლამდე დადგება, ანუ იმ ვადამდე, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა საკუთარი კვლევების შედეგად დაიანგარიშეს.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბედნიერების ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზეა და მის უკან გაბონი, ლაოსი, ნეპალი და მათი დარი ქვეყნები არიან,  წინ კი –  მოზამბიკი, კონგო, ტაჯიკეთი, სომხეთი, ინდონეზია, ვენესუელა, კოლუმბია, მონღოლეთი, ყირგიზეთი… ანუ, იქ ადამიანები ჩვენზე ბედნიერად გრძნობენ თავს და,  რაც მთავარია, გადაშენება არ ემუქრებათ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here