Home რუბრიკები საზოგადოება ტრაგედიის გაგრძელება თუ სამართლიანი ბრძოლა გადარჩენისთვის?!

ტრაგედიის გაგრძელება თუ სამართლიანი ბრძოლა გადარჩენისთვის?!

772

“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.
ხალხური

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”,
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე _ სულსა”.
შოთა რუსთაველი

ქართველები საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ბოროტებას და მაინც, მწარე გაკვეთილების მიუხედავად, სწორი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ. დღეს რა მივიღეთ? ჩვენ _ ქართველები, აფხაზები და ოსები _ ბოროტმა ძალამ ჩაგვითრია ძმათამკვლელ ომში; დაიღვარა სისხლი, ათასობით ადამიანი (კაცი, ქალი, ბავშვი) დაიღუპა; წაგვართვეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები (აფხაზეთი და სამაჩაბლო). შედეგი უმძიმესია. წაგებული დავრჩით ყველანი: აფხაზები, ქართველები და ოსები. 

ოცდამეშვიდე წელი დადგა, რაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთმანეთს გადაგვკიდეს.

ცნობილია, რომ ერები შეცდომებზე სწავლობენ.

ჩვენ _ ქართველები, დღესაც იოლი სათამაშონი ვართ მტრის ხელში. ღირსეულ ცხოვრებას ლაქიაობა ვანაცვალეთ, განვუდექით ღმერთს და მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.

დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა ამ კონფლიქტების დარეგულირების, ხალხთა დაახლოების, მათ შორის ურთიერთობების აღდგენის საქმეში, რათა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გაუჩნდეს იმედი, ნდობა და არ ეშინოდეთ ერთმანეთთან შეხვედრისა და გულახდილი საუბრებისა. კულუარებში ერთმანეთს მშვიდობიანად ვესაუბრებით და ვუგებთ, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში ქართულ მხარეს არ ენდობიან. ეშინიათ თუ რაღაც სხვაშია საქმე?

აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყებამდე ქართველ ისტორიკოსებს, ჩვენ, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, მოვუწოდებთ: უნდა უთხრან აფხაზებს, ოსებსა და მსოფლიოს სრული სიმართლე საქართველოს ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები ხალხების შესახებ, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!

ჩვენ, ანუ დანარჩენი საქართველო, მათთვის “საინტერესო” უნდა გახდეს.

მიზანშეწონილი იქნება, რომ აფხაზი და ოსი ახალგაზრდები მოვიწვიოთ ახალი ტექნოლოგიების დასაუფლებლად, რათა მათ ერთად ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა-ძიება, ხოლო ჩვენ, უფროსმა თაობამ, აფხაზი და ოსი მეგობრების, ნათესავების მეშვეობით ხელი უნდა შევუწყოთ მათ შეხვედრებს, რათა ახალგაზრდებმა სხვადასხვა პროფესიის შესწავლა-დაუფლების მეშვეობით გაიღრმავონ ცოდნა, და არა მხოლოდ განათლების სფეროში.

ამ პრობლემის დასაძლევად ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე, ხელს უნდა უწყობდეს და მხარში უნდა ედგეს ხელისუფლება.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ამ ინიციატივას წინ ეღობება რაღაც გაურკვეველი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, გვიჩნდება სამართლიანი ეჭვი, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ამ კონფლიქტის “დაკონსერვება”, გაჭიანურება, დროში გაწელვა, რათა სახალხო დიპლომატიამაც ვერ მიაღწიოს მიზანს, რომელიც აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს ჰაერივით გვჭირდება.

ბოროტი ძალა ყველა ხერხს იყენებს, რათა არ მოხდეს ხალხთა დაახლოება. ალბათ, ამისთვისაც შეიქმნა ხალხისთვის ხელისშემშლელი “კანონები”. ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსური დახმარება არ ეწევა სახალხო დიპლომატიის ორგანიზაციებს, რის გამოც ესოდენ ჰუმანური და სასიკეთო ინიციატივა დროში ჭიანურდება. ასეთი მიდგომა ჩვენ მტრებს ძალიანაც აძლევთ ხელს და ახარებთ, ვინაიდან, ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო ისევე მიჩუმათებული და საბოლოოდ დავიწყებული იქნება, როგორც ტაო-კლარჯეთი და ჩვენი სხვა ტერიტორიები.

ასეთი ქმედება საზიანოა ყველასთვის, ვინაიდან მცირე ერების გენოციდი გრძელდება…

აუცილებელია ხელისუფლებამ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და შედგეს შეხვედრები ხელისუფლების ყველა დონეზე.

ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ _ სახალხო დიპლომატია _ უეჭველად სერიოზულ წარმატებას მივაღწევთ. ახლა კი კაცმა არ იცის, რაში და რისთვის იფლანგება კონფლიქტების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხები. ეს საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს.

დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, ვინაიდან ბევრი ჩვენი ბავშვობის მეგობარი, მეზობელი, ნათესავი გადატანილი ფიზიკური, სულიერი ტრავმის წნეხის (დეპრესიის) გამო, საუბედუროდ, გარდაიცვალა. ამ პრობლემის გაჭიანურებამ დღემდე სასიკეთო არაფერი მოგვიტანა.

ამიტომ ჩვენ, აფხაზეთის მკვიდრმა (ჯერჯერობით ცოცხალმა) მოსახლეობამ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ძველი ურთიერთობები ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან; ერთად უნდა შევქმნათ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩვენ შორის, რომელიც ჩვენს წინაპრებს ადათ-წესად და ღირსებად ჰქონდათ მიღებული სრულიად საქართველოში.

თუ ხელისუფლებას მართლა უნდა, დაიმსახუროს ხალხის ნდობა, მაშინ დროზე უნდა მიაქციოს ყურადღება პრობლემას, რომელიც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, ჩვენდა საუბედუროდ, ბოროტმა ძალამ თავს მოგვახვია.

იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ სათანადო მნიშვნელობის პროექტს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაუწიოს კონტროლი და დაფინანსება.

დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს და რა შედეგი გამოიღო ამა თუ იმ პროექტის შესაბამისად ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ჩვენი აზრით, ყველანაირად გამართლებული და სამართლიანი იქნება.

ხელისუფლების ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას, ხალხთა ურთიერთნდობის აღდგენას, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიღებს სასურველს შედეგს _ აფხაზი, ოსი, ქართველი ხალხების დაახლოებას და საბოლოო მიზნის მიღწევას. მიზანი კი ნათელია: ხალხში სიკეთისა და სიყვარულის განახლება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დევნილი ადამიანების დაბრუნება თავიანთ სახლებში. ეს ყველა პრობლემა გადაწყდება სასიკეთოდ, თუ ხელისუფლება ეროვნული სულისკვეთებით იმოქმედებს.

სასურველი და ყველანაირად გამართლებული იქნება, რომ კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიზაციებს გააკონტროლებს ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე, თავდაცვისა და უშიშროების საბჭო, განიხილავს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ჩვენ არშემდგარი სახელმწიფო ვართ.

ჩვენ, საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირი “დიოსკურია”, მოგიწოდებთ ყველას: გააქტიურდით! ეს საშვილიშვილო პრობლემა უნდა გადაიჭრას!

შემოგვიერთდით! ძალა ერთობაშია!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ!

დავით ჭანტურია,
საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირ “დიოსკურიას” დირექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here