მთავარი დაიჯესტი The Hill: ამერიკის გაერთიანებას უკვე ომიც ვეღარ შეძლებს

The Hill: ამერიკის გაერთიანებას უკვე ომიც ვეღარ შეძლებს

437
გააზიარეთ
ბერნარდ გოლდბერგი

ამერიკა ისეა გახლეჩილი, გარეშე მტერიც რომ დაესხას თავს, ვერ გააერთიანებს, იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან არის პოლარიზებული. თითოეული მხარე თავს სიმართლის მონოპოლისტად მიიჩნევს და გააფთრებით სძულს მეორე. ასეთი მიდგომით შეიძლება სამი რამის მიღწევა: ფულის გაკეთება, პოლიტიკური ქულების ჩაწერა და ქვეყნის განადგურება”, _ წერს პოლიტიკის აღიარებული ანალიტიკოსი ბერნარდ გოლდბერგი გამოცემა The Hillში. გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს.

“ძალიან ვეცადე, მაგრამ არ გამიჩნდა არც ერთი იდეა, როგორ შეიძლება ცოტა მაინც შემსუბუქდეს შხამიანი პოლარიზაცია, რომელიც ყოფს ამერიკის მოსახლეობას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმე ამ დაყოფას სერიოზულად აღიქვამს. ყველამ იცის (რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს), რომ უთანხმოება ერთია, სიძულვილი კი _ სრულიად სხვა რამ. არ ვიცი, რით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რაღაც ძალიან ცუდი აუცილებლად მოხდება.

ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა შემომთავაზა, ფორმალურად გაგვეყო ქვეყანა წითელ და ლურჯ შტატებად. კონსერვატორები იცხოვრებდნენ წითელ შტატებში, ლიბერალები _ ლურჯში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი მეგობარი ხუმრობდა.

ყველაფერი მანამდე დაიწყო, სანამ სცენაზე გამოვიდოდა დონალდ ტრამპი, მაგრამ მისმა მხედრულმა შემართებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. ანალოგიურად მოიქცა მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება, რომლებზეც ბოლო წლებში აშკარა იყო პარტიული გავლენა.

The Hill: ამერიკის გაერთიანებას უკვე ომიც ვეღარ შეძლებს

მტკიცებულებები გსურთ? დაფიქრდით აი ამაზე: შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ე.ი., სანამ ჯო ბაიდენი იქნება პრეზიდენტი, არსებობს თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ თქვენ ვერ მოისმენთ ვერც ერთ კარგ სიტყვას მასზე Fოხ Nეწს-ის ახალი ამბების წამყვანებისგან, ვერც ერთ კარგ სიტყვას! ამას ბიზნესმოდელი კრძალავს, ადამიანებმა იციან, რომ Fox News-ისგან კარგს ვერ მოისმენენ ბაიდენზე ან სხვა ლიბერალ დემოკრატზე, მაგრამ ეს ვითარება არაფრით განსხვავდება იმ 4 წლისგან, როცა ლიბერალური ტელეარხები, ისეთები, როგორებიც არის CNN-ი ან MSNBC-ი ერთ კეთილ სიტყვასაც არ ამბობდნენ ტრამპზე.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რასაც Fox News ვერ დააფასებს, ან პრეზიდენტ ტრამპს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც MSNBCის პროგრესისტები ვერ დაუჭერდნენ მხარს, მაგრამ პარტიზანული მასმედიისთვის წითელი ხაზი რჩება წითელ ხაზად, ხოლო ამერიკელების დაყოფა _ ეს არის ის, რასაც მათთვის რეიტინგი მოაქვს, რეიტინგს კი, თავის მხრივ, მოაქვს ფული. სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო გააღრმავა ამერიკელი საზოგადოების დაყოფა, როცა გაყოფა და დაპირისპირება იოლ საქმედ აქცია გამოგონილ სახელებს ამოფარებული ადამიანებისთვის, ხშირად ბოროტებისთვის, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ რუპორი, არ ჰქონდათ გარიგებაში ჩართვის შესაძლებლობა. ისინი უფრო ნავთს ასხამდნენ ცეცხლზე, ვიდრე გამაერთიანებელი სხივი შეჰქონდათ საუბარში.

ავიღოთ იმპიჩმენტის პროცესი. ბენ სასემ, 7-დან ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა, რომელმაც სენატში გამართულ პროცესზე მხარი დაუჭირა ტრამპის გაკიცხვას, ასეთი რამ თქვა:

“ასეთია სამწუხარო რეალობა: დემოკრატი პრეზიდენტის საკითხი რომ განგვეხილა, რესპუბლიკელების უმრავლესობა და დემოკრატების უმრავლესობა, უბრალოდ, მხარეებს გაცვლიდნენ.

ტრაიბალიზმი ჯოჯოხეთური ნარკოტიკია!”

რა თქმა უნდა, ის მართალია. წარმოიდგინეთ, რომ ბაიდენი მგზნებარე სიტყვას ამბობს თავის მემარცხენე მხარდამჭერების წინაშე, სიტყვას, რომლითაც შეურაცხყოფს რესპუბლიკელებს და წარმოიდგინეთ, რომ ბაიდენის ერთგული თაყვანისმცემლები აჯანყდნენ. დაიწყეს ფანჯრების მინების მტვრევა, ოფისების ძარცვა, პოლიციასთან შეტაკება და ამბობენ, რომ სურთ, ხეზე ჩამოკიდონ რომელიმე სახელოვანი რესპუბლიკელი. თქვენ ფიქრობთ, რომ რესპუბლიკელები მხოლოდ ამბოხებულებს დაადანაშაულებენ და არა კაცს, რომელმაც სიტყვით მიმართა ბრბოს? ან ისინი გააკეთებენ იმას, რაც თქვა სენატორმა სასემ _ გამოაცხადებენ იმპიჩმენტს და მთელი პარტია დაგმობს მას?

ტრაიბალიზმი მართლაც ჯოჯოხეთური ნარკოტიკია!

ვცადე, მომეფიქრებინა გიჟური სცენარები, რათა დამენახა ისეთი რამ, რაც გააერთიანებდა ორ მხარეს. რა მოხდება, თუ ჩრდილოკორეელები გაუშვებენ რაკეტას, რომელიც დაეცემა კალიფორნიაში? განა ეს არ გაგვაერთიანებს ჩვენ, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტმა გაგვაერთიანა? დიდი ალბათობით, არა! დემოკრატები, ალბათ, დაადანაშაულებდნენ ტრამპს, რომ ის რბილად ექცეოდა ჩრდილოკორეელ დიქტატორს, რესპუბლიკელები კი დაადანაშაულებენ ბაიდენს, რომ მან სიმკაცრე არ გამოიჩინა კომუნისტების მიმართ. ვფიქრობ, სხვაგვარად იქნებოდა, უცხოპლანეტელები რომ დაგვსხმოდნენ თავს. მას შეიძლება გავეერთიანებინეთ 10 წუთით, მაგრამ შემდგომ თითოეული მხარე მოძებნიდა საბაბს მეორე მხარესთან დასაპირისპირებლად.

არ ვამტკიცებ, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ღრმად გამჯდარ რწმენაზე, მაგრამ გააფთრებით დავიცვათ ის, რისიც გვჯერა _ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ მიგვიწვდება ხელიჭეშმარიტებაზე”, სიმართლის მონოპოლიაზე, მეორე მხარე კი მხოლოდ საწყალი იდიოტებისგან შედგება. ადამიანების პოლარიზაცია შეიძლება კარგი მეთოდი იყოს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ან ფულის გამოსამუშავებლად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მაგრამ კარგი მეთოდია ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად. და, თუ ფიქრობთ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, მაშინ თქვენ უარყოფთ იმას, რაც აშკარაა”.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here