საქართველოში ხშირად მოისმენთ ფრაზებს: “ღმერთო, როგორ გაძვირდა ცხოვრება _ ყველაფერი ძვირდება, ხელფასი კი არ იმატებს”; “ახლა ხილის სეზონია, ზამთრისთვის უნდა შეინახოს ადამიანმა, მაგრამ ყველაფერი ძვირია, არ ვიცი, რა გვეშველება”. მოქალაქეებს საწვავის ჩასხმის პრობლემები აქვთ, რადგან ბენზინის ფასი კატასტროფულია, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი თავს ტაქსაობით ირჩენს…
ჩვენი ხელისუფლება პერიოდულად აუწყებს ხოლმე საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2 პროცენტით, ანუ 226,8 ლარით მოიმატა და 1 943,4 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო მამაკაცების 2 343, 2 ლარით განისაზღვრა. ქალების ხელფასების წლიურმა მატებამ 164.3 ლარი (11,9%) შეადგინა, ხოლო მამაკაცებისამ – 289,8 ლარი (14,1%). საქმიანობის სახეობების მიხედვით მამაკაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
რატომ არ ემთხვევა ხალხის სოციალური მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:
_ სოციალური პრობლემების მიზეზი შეიძლება ბევრი ჩამოთვალო. ფულში ეკონომიკის ზრდა აისახება მშპ-ში (მთლიან შიდა პროდუქტში). თუკი ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, გუშინ ღირდა 14 მლრდ, ხოლო ინფლაციამ შეადგინა გარკვეული თანხა და ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 18 მლრდ-ს, ეს თანხა უნდა გაიყოს მოსახლეობაზე და ვნახავთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, როდესაც მხოლოდ ციფრებს ითვლიან და არ ამბობენ, რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა.
ჩვენ გვაქვს არა ექსკლუზიური, არამედ ინკლუზიური ეკონომიკა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც სერიოზული შემოსავლები აქვთ და ის გაანგარიშებისას უნდა გაიყოს მოსახლეობაზე, სინამდვილეში კი იყოფა ერთსა და იმავე ჯგუფზე. მაგალითად, საქართველოს მოქალაქე რომ გახდეს ბილ გეიტსი, ცუკერბერგი და ა.შ., ჩვენი ქვეყნის მშპ გაიზრდება 20-ჯერ, 40-ჯერ, მაგრამ სინამდვილეში გვეყოლება 2 ახალი მილიარდერი, მათი შემოსავალი თითქოს გაიყო მოსახლეობაზე, მაგრამ ამით არც ერთი ადამიანის ცხოვრება არ შეიცვლება…
ტენდერებზე ხელი მიუწვდებათ ერთსა და იმავე კომპანიებს, რომლებიც შემდეგ თავიანთ ქვეკომპანიებზე ყოფენ ყველაფერს, ასევე იქცევიან ბანკები, რომლებიც ზემოგებაზე მუშაობენ, ერთი ბოთლი წყალიც კი ჩვენთან გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზოთ, დავასკვნით, რომ აქ არაფერი კონტროლდება.
_ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს არ შეუძლია მონოპოლიის აღმოფხვრა და ფასების კონტროლი?
_ ბევრი მექანიზმი არსებობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. საბაზრო ეკონომიკა, რომელსაც თავს გვახვევენ, არ არის რეალური, კონკურენტული გარემოს შექმნისა და ჯანსაღი ეკონომიკის საფუძველი.
Eსაბაზრო ეკონომიკამ, რომელსაც სრულიად მსოფლიოში უწევენ რეკლამას, გამოიწვია ის, რომ დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტს აქვს მსოფლიოში არსებული შემოსავლების ორი მესამედი, დანარჩენს კი _ ერთი მესამედი. აი, ეს არის ზელიბერალური ეკონომიკური მოდელი, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია.
ეკონომიკა ნებისმიერი ქვეყნისა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მარგი ქმედების პროპორციულია. საშინაო და საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა ურთიერთობები, რომლებიც უკუპროპორციულია ამ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი პრობლემების.
ჩვენ ვნახეთ, როგორ “დააყადაღეს” ქვეყნები; ვისაც უნდოდათ, ყველას სანქციები დაუწესეს. ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა, ეს ბლეფია, ეს არის ეკონომიკა გავლენების ქვეშ და მას შეუძლია ნებისმიერი ბიზნესი გაანადგუროს. თუ თავის მოტყუება გვინდა, ვილაპარაკოთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე. ხელისუფლებამ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, არ უსმინოს არავის და მოსახლეობას აუხსნას სიმართლე, ეს აუცილებელია.
_ გამოდის, ხელისუფლების კეთილ ნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული…
_ ჩვენი ხელისუფლება დღეს მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წნეხის ქვეშაა.
2012 -2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. იმხანად გვინდოდა ეკონომიკური ცვლილებების განხორციელება, ისეთის, როგორიც საქართველოს ეკონომიკას წაადგებოდა, მაგრამ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ვერ დავითანხმეთ, მათ გარეშე კი ცვლილებები არ გამოვა. დღეს სხვა რეალობაა და ყველამ სუვერენიტეტზე დაიწყო საუბარი, რაც ძალიან მახარებს, რადგან საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა მხოლოდ სუვერენიტეტის პირობებშია შესაძლებელი.
საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს სხვა პარტნიორებიც, იმის გარდა, ვინც კონსტიტუციაში ძალით ჩაგვაწერინეს. გაჩნდა შანსი, გვყავდეს პარტნიორად ჩინეთი, ბრიჩსის სხვა ქვეყნები, “3+3” ფორმატის წევრები…
არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც მარტივად შეგვიძლია. მაგალითად, მაქვს ვაშლი გასაყიდი, მე ბაზარზე არავინ შემიშვებს, რადგან ის ოკუპირებულია სრულად, ამიტომ ვალდებული ვარ, გადამყიდველს მივცე და ჩემს ლარად ღირებულ ვაშლს გადამყიდველი ხუთ ლარად გაყიდის. მოსახლეობას კი სხვაგან ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, გარდა ბაზრისა, სადაც ვაშლი ხუთი ლარი ღირს. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას შევთავაზე სოციალური ქსელის გამოყენება. კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ 500 ათასზე მეტი ბრუნვა, განათავსონ თავიანთი პროდუქტების შესახებ ყველა ინფორმაცია და ფასი. ვებგვერდს პირობითად დაარქვან market.gov.ge. როდესაც ვნახავთ საინფორმაციო პორტალზე დადებულ დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, ვნახავთ მის ფასს, გადამყიდველების ადგილი აღარ დარჩება. ასე უნდა იყოს წამალზეც და ნებისმიერ პროდუქტზეც. გამჭვირვალობა გადამყიდველებს ბოლოს მოუღებს. მოსახლეობას საშუალება ექნება, პროტესტი გამოთქვას ფასებზე. საინფორმაციო პორტალზე ფასების ატვირთვა სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის.
ის, რასაც ახლა ვამბობ, ძალიან მოხერხებული იქნება ყველასთვის. მაგალითად, მაქვს 50 ტონა ყურძენი, წინასწარ ვდებ ანალიზს და ვწერ, რომ ოქტომბერში ჩემი ყურძენი იქნება 50 ტონა და 1 კგ-ის საწყისი ფასით _ 2 ლარი. გაიმართება ელექტრონული ვაჭრობა და, ვინც მეტ ფასს დამიდებს, მისი იქნება ჩემი ყურძენი. ეს საშუალებას მისცემს გლეხს, სახვეწარი არ ჰქონდეს ყურძნის ჩაბარება. ასეთ შემთხვევაში სახელმწოფოს შეეძლება, ააშენოს საკუთარი ქარხანა და სუბსიდირების ნაცვლად იმავე ფასში, რამდენიც სუბსიდირებაში უნდა გადაიხადოს, თავადვე შეიძინოს პროდუქტი, გადაამუშავოს და გაყიდოს. ასეთივე მდგომარეობაა ჯანდაცვაშიც, როგორ შეიძლება, სახელმწიფოს არ ჰქონდეს საკუთარი კლინიკა, რათა აღმოიფხვრას კლინიკებში არსებული კორუფცია და კატარსტორფული ფასები?! მოკლედ, ყველა სფეროში შეიძლება გარკვეულწილად პრობლემის, აღმოფხვრა თუ არა, გარკვეულ დონეზე მოწესრიგება…
_ ბატონო თემურ, ახლა საუბრობენ, ენერგეტიკულ ბაზარზე. ეს ბაზარი პროდუქტს უფრო არ გააძვირებს?
_ კი, გააძვირებს, თუკი ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეები გავხდებით, თანაც არ გვექნება გარკვეული საშინაო რეგულაციები, პროდუქტი გაძვირდება, ევროპულ ფასს მიაღწევს.
მიდგომები სხვადასხვანაირია. არის შიდა და არის საექსპორტო ფასები. თუ ხარ არა უბრალოდ ბაზარი და გაქვს შესაბამისი გენერაცია, შეგიძლია გქონდეს შენი დამოკიდებულება, მაგრამ როგორ აუხსნი კერძო ბიზნესმენს, რომ შიდა ბაზარზე ფასი სხვა უნდა გქონდეს და გარეთ _ სხვა?! არც ერთი ბიზნესმენი არ გაყიდის თავის პროდუქტს იაფად. ჩვენ ახლა ვართ დასავლეთის გავლენის ქვეშ, სწორედ ისინი გვეუბნებიან, რომ უნდა გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი, ბაზარი და ა.შ. ჩვენი კი ეს გვიხარია. არასოდეს არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი გაუაზრებელად, ყველაფერს სჭირდება დაფიქრება, ჩვენს ტერიტორიაზე არ უნდა დავუშვათ ისეთი რამ, რითაც ჩვენზე მეტ სარგებელს სხვა მიიღებს. გვიხარია ინვესტიციების შემოსვლა, მაგრამ ეს არის საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს შრომითი რესურსების დაპყრობა სხვა ეკონომიკური სუბიექტის მიერ ჩვენთან ფულის საკეთებლად.
ვწუხვარ, რომ დღეს ამას ხელისუფლება არ ითვალისწინებს, ის მთლიანად მიმართულია უმსგავსო ოპოზიციის დარტყმების მოგერიებაზე.
ახალი პარლამენტი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან არ იქნება ანგარიშვალდებული, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, ეს უდიდესი შემოტრიალება იქნება ჩვენი ქვეყნისა. მძიმე სურათი დავხატე თქვენთან საუბრისას, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვლება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ამის რეალური ნაბიჯები უკვე იგრძნობა, ქართველები სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ. ეს ყველა ქართველის ოცნებაა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი