Home ახალი ამბები საქართველო თავისუფლების სუროგატი

თავისუფლების სუროგატი

445
თავისუფლების სუროგატი

ოცდაცამეტი წელიწადი, ანუ საუკუნის ერთი მესამედი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ეპოქალური მოვლენები შეფასდეს და დასკვნები გაკეთდეს. სწორედ ეს დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რეფერენდუმით დაადასტურა ეროვნული დამოუკიდებლობის საერთო-სახალხო გულისწადილი. დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა, პასუხი გაეცეს ერთი შეხედვით მარტივ შეკითხვებს: რა გვქონდა? რა გვაკლდა? რას ველოდით? რა მივიღეთ?

გვქონდა სამართლიანი სახელმწიფო, თითოეული ადამიანის სოციალური დაცვის არნახული პაკეტით – უფასო ჯანდაცვით, უფასო განათლებით, უფასო დასვენებით, უმუშევრობის ლიკვიდაციით, ინფლაციის არარსებობით, ადამიანის ექსპლოატაციის სრული აღმოფხვრითა და საყოველთაო თანასწორობით. ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვის ისეთი დონე, როგორსაც კაცობრიობის ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონია. ეს გვქონდა, რაც ნამდვილად უდიდესი მიღწევა იყო, მაგრამ არ გვქონდა ეროვნული დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირი ერთიანი სახელმწიფო იყო, რომლის ცენტრი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობდა. მართალია, საქართველოს ჰქონდა სახელმწიფოს უმთავრესი ნიშნები – კონსტიტუცია, სიმბოლიკა, საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა, სასამართლო სისტემა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გვქონდა სრული თავისუფლება, არ გვყავდა ეროვნული არმია და ვერ ვაწარმოებდით დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, ანუ ჩვენი დამოუკიდებლობის გარკვეული ნაწილი დელეგირებული გვქონდა ცენტრალურ (მოსკოვის) ხელისუფლებაში, რომლის ფორმირებაში, მართალია, ვმონაწილეობდით, მაგრამ იგი, რა თქმა უნდა, არ იყო ქართული ხელისუფლება. საკითხი ასე იდგა: საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ დავკარგავდით ადამიანთა სოციალური დაცვის მთელ იმ პაკეტს, რომელიც სოციალისტური სისტემის მონაპოვარს წარმოადგენდა, მაგრამ ქართველებს იმ დროს ამაზე ფიქრით თავი არ შეგვიწუხებია, ვინაიდან თავისუფლება ისეთ უმაღლეს ღირებულებად გვესახებოდა, რომ რაღაც “სოციალური თანასწორობა” და “სოციალური სამართლიანობა” ყურადღეების მიქცევის ღირსადაც არ მიგვაჩნდა. პირიქით, ეს კომუნისტური ღირებულებები ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რადგან სასწორის მეორე პინაზე საბაზრო ეკონომიკისა და კაპიტალისტური ურთიერთობების ხიბლი იდო, რომელიც თითოეულ მოქალაქეს გამდიდრების თეორიულ შანსს ჰპირდებოდა. ფაქტია, რომ თეორიულ შანსსა და მის პრაქტიკულ რეალიზებას შორის ღრმა უფსკრულია, მაგრამ მეოცნებე ქართველები ამაზე ნაკლებად ფიქრობდნენ და ყოველი მათგანი უკიდეგანო გამდიდრებაზე ოცნებობდა, თუნდაც ეს სხვათა გაღარიბების ხარჯზე ყოფილიყო. ერთი სიტყვით, აქეთ თავისუფლება, იქით გამდიდრების, თუნდაც მხოლოდ თეორიული, მაგრამ მაინც შანსი, რასაც ისტორიულად აკვიატებული ევროპისა და დასავლეთის ხიბლიც ემატებოდა, ქართველებს დასაფიქრებლად დროს აღარ გვიტოვებდა.

_ გაუმარრრ… _ ყვიროდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი.

_ ჯოოოს! – გუგუნებდა თავისუფლებით აღტყინებული ხალხი.

_ ყველანი რეფერენდუმზე! – მოუწოდა ლიდერმა.

_ ყველანი რეფერენდუმზე! _ კვერი დაუკრა ხალხმა.

მას შემდეგ ოცდაცამეტი წელიწადი, ანუ მესამედი საუკუნე გავიდა. მძიმე იყო ისტორიის ეს მონაკვეთი:

ომი აფხაზეთში!

ომი ცხინვალში!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დაიკარგა!

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დაიკარგა!

საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ფაბრიკა-ქარხნები გაჩერდა, განადგურდა და ჯართის სახით საზღვარგარეთ გაიყიდა!

თითო-ოროლა ადამიანი მართლა გამდიდრდა, მაგრამ ხალხის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა და დაიმშა!

საზოგადოების შედარებით ახალგაზრდა ნაწილი ლუკმაპურის საძებნელად და ოჯახების გადასარჩენად საზღვარგარეთ გადაიხვეწა!

მოსახლეობა ხუთმილიონ-ნახევრიდან სამმილიონ-ნახევრამდე შემცირდა!

სოფელი დაიცალა!

ქვეყანა უმუშევრობამ მოიცვა!

ხალხში უიმედობამ დაისადგურა!

კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება დეკადანსს განიცდის!

განათლების კერები მოშლილი და დევალვირებულია!

ზნეობა მოირყა!

სიძულვილი გაბატონდა!

სამაგიეროდ… სამაგიეროდ, თავისუფლება მოვიპოვეთ!

საქართველო გაეროს წევრი სახელმწიფოა!

და მაინც…

არის საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო?

ქაღალდზე კი, რეალურად არა, საქართველო ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, იგი დასავლეთის კლანჭებში აღმოჩნდა!

ეს იმიტომ მოხდა, რომ იმთავითვე ასე იყო ჩაფიქრებული. საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის ერთი მიზანი თუ იყო, მეორე მიზანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (მათ შორის რუსეთის) მითვისება და ათვისება იყო!

დასავლეთის მესამე მიზანი ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა მითვისება და ათვისება იყო!

დასავლეთმა ეს მიზნები ნაწილობრივ განახორციელა, მაგრამ მისი ბოლომდე რეალიზების საშუალებას გამოღვიძებული და ფეხზე წამომდგარი რუსეთი აღარ აძლევს. ეს პროცესი ყველაზე მეტად უკრაინაში გამწვავდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სხვაგანაც (მათ შორის საქართველოშიც) არ გამწვავდება; ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ჩვენც ისევე არ გაგვწირავს უკანასკნელ ქართველამდე, როგორც უკრაინა გაწირა უკანასკნელ უკრაინელამდე!

ეს იმიტომ ხდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ჩვენ თავისუფლება კი არ მოვიპოვეთ, თავისუფლების სუროგატი შემოგვაჩეჩეს!

ეს ფარსი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების, ე.წ. საბჭოთა დისიდენტების, ეროვნული მოძრაობებისა და სახალხო ფრონტების ხელით გაათამაშეს!

ოცდაცამეტი წლის წინათ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმიც, მიუხედავად ხალხის უდიდესი ნაწილის გულწრფელი სწრაფვისა თავისუფლებისკენ, ამ ფარსის შემადგენელი ორგანული ნაწილი იყო. ამერიკული სპეცსამსახურები, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები (გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე) და რესპუბლიკებში მოქმედი ეროვნული მოძრაობები ერთი მთლიანი სისტემა იყო, რომელსაც დირიჟორი ოკეანის გაღმა ჰყავდა. იმ ბატალიებისთვის, რომლებიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დატრიალდა, ტონალობის მიმცემი სწორედ ის დირიჟორი იყო. იგი იყო პასუხისმგებელი ორკესტრის სინქრონულ და ხმაშეწყობილ ჟღერადობაზე. ის განსაზღვრავდა, როდის უნდა დაღვრილიყო სისხლი კავკასიაში, ბალტიისპირეთსა თუ ცენტრალურ აზიაში; რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენლებს როდის უნდა მოეწერათ ხელი საბჭოთა კავშირის ნაცვლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნების დოკუმენტისთვის ბელოვეჟში; გორბაჩოვი როდის უნდა გადამდგარიყო პრეზიდენტის თანამდებობიდან და როდის უნდა დაშვებულიყო წითელი დროშა კრემლის გუმბათიდან; მანვე იცოდა, როდის უნდა ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის რეფერენდუმი საქართველოში და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან გივი გუმბარიძეს როდის და როგორ უნდა გადაებარებინა ხელისუფლება ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიასთვის, რომელიც დაუღლელად გაჰყვიროდა და გაჰყვიროდა:

_ საქართველოს გაუმარრრ…

მას შემდეგ ოცდაცამეტი წელიწადი, ანუ მესამედი საუკუნე გავიდა. დამოუკიდებლობა ვერ მოვიპოვეთ, ტერიტორიების მეხუთედი დავკარგეთ, მოსახლეობით გავნახევრდით და პერსპექტივაშიც, ევროპულ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას თუ არ ჩავთვლით, სასიკეთოს ბევრს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ მაინც იმ გარდასულ დღეთა სულისკვეთებით ვცხოვრობთ და იმდროინდელი ომახიანი შეძახილების ექოც დღემდე სწვდება ჩვენს ყურთასმენას.

_ ჯოოოს! ჯოოოს! ჯოოოს!

ტელეარხებიდან დღესაც იმ ბედნიერ დღეს გვახსენებენ, რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად თავქუდმოგლეჯილი რომ გავრბოდით; გაზეთებიც იმ დღეს მისტირიან, საბჭოთა კავშირის დაშლასა და სოციალისტური სისტემის ნგრევას რომ ვაძლევდით ხმას; ხალხის ერთი ნაწილიც ისევე მოუცავს ეიფორიას, როგორც ოცდაცამეტი წლის წინათ; სოციალურ ქსელებშიც ისეთივე აღტყინება სუფევს, თითქოს დღესაც ხმის მისაცემად მივდიოდეთ და ზვიად გამსახურდიას ფოტოებით ისეა აჭრელებული, თითქოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად ქვეყანა სისხლისა და ცრემლისგან კი არ დაწრეტილიყოს, ერთიანობით, სიკეთითა და სიყვარულით გაბრწყინებულიყოს. ანალიზი კი არ ჩანს, ხალხს მეცნიერული შეფასებების მოთხოვნა არ უჩნდება. ჭეშმარიტად დიდი ყოფილა თავისუფლების ძალა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მხოლოდ პოლიტიკური მირაჟი და ილუზიაა, მხოლოდ სიყალბე და სუროგატია.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here