Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, დაიძახა: “მეფე შიშველია!”

თამარ კიკნაძე: საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, დაიძახა: “მეფე შიშველია!”

“ჩვენ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს და სანქციები დიდი დარტყმა ვერ იქნება საქართველოსთვის”

348

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით პატარა საქართველომ  მსოფლიო ჰეგემონად შერაცხილი ამერიკის შეერთებული შტატები გააღიზიანა. გაღიზიანებულმა და გაბრაზებულმა ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება და მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გადაწყვიტა…

 საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მუქარას ჯერჯერობით არ უშინდება. ეს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს “დაუძინებელ მეგობარს”, რომელიც ცდილობს, სხვა გზები გამონახოს საქართველოში ვითარების ასარევად და ამისთვის მშვენიერი კანდიდატურა აღმოჩნდა პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ე.წ. ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს.

საშიშია თუ არა დესტრუქციული ძალების გაერთიანება? როგორ  იმოქმედებს საქართველოს მთავრობის წევრებზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ საქართველოს მეშვეობით, დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი რამ იბლოკებოდა. მკითხველს ახსოვს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფრთხილად განაცხადეს, _ “3+3” ფორმატს განვიხილავთო, ამას ცუდი რეაქცია მოჰყვა დასავლეთის მხრიდან; გვითხრეს, რომ საქართველოს ოკუპანტთან არანაირი კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდესო.

ჩვენი ქვეყანა პატარა, მაგრამ საკვანძო ქვეყანაა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სიმბიოზი ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ პოლიტიკაში.

საქმე ისე წავიდა, უფრო ზუსტად, ისე წაიყვანეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ არსებობს. იყო კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, დღეს ისიც აღარ არის. ყველაფერი იღონა დასავლეთმა, რომ მეზობელთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონოდა.

საქართველომ გაიღვიძა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დაიწყო.

მსოფლიო წესრიგი ირღვევა. ეს მტკივნეული პროცესია ევროპისა და ამერიკისთვის. ისინი ბევრ ინსტიტუტებს ქმნიდნენ და ამ ინსტიტუტებს შორის უმნიშვნელოვანესი როლი არასამთავრობოებს ეკავათ. საქართველოს ხელისუფლება თავისუფლად ვერ მოქმედებდა არასამთავრობოების შიშით. თუკი საქართველოს ხელისუფლება მათი დაკვეთით არ იმოქმედებდა, აღარ უნდა ეფიქრათ არც სესხზე და არც სხვა დახმარებაზე… ეს ყველაფერი ინგრევა. ჰეგემონი, რომელიც გვკარნახობდა, რა უნდა გვექნა, ძალას კარგავს.

ჩვენ ვნახეთ დასავლეთიდან ჩამოსული დიპლომატები და მინისტრები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციის მიტინგზე მივიდნენ, რაც ვენის კონვენციის დარღვევაა. ისინი ვალდებულნი არიან, ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ.

ჩვენ მომსწრენი ვართ ძველი წესრიგის ნგრევისა და ახლის შენების. საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ დაიძახა: “მეფე შიშველია!”. ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესებზე; ვამბობთ, რომ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაც ჩვენს თავს ხდება, არასწორია. ეს აგიჟებს დასავლეთს, რადგან საქართველო, როგორც მოგახსენეთ, საკვანძო ქვეყანაა.

_ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად… აერთიანებს ოპოზიციას. ეს საშიშია ხელისუფლებისთვის და, რაც მთავარია, ხალხისთვის?

_ ოპოზიცია, რომელიც მიმდინარე აქციების შემდეგ კიდევ უფრო ჩაირეცხა, არა მგონია, საშიში იყოს. გაერთიანებული ოპოზიციაც კი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები და რევოლუციის მოწყობით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას.

დღეს ხელისუფლებას შეუძლია თავისუფალი ქმედება. ევროპაში არჩევნებია, ბევრი რამ შეიცვლება, ამ ფონზე საქართველო ჭკვიანურად მოქმედებს. საფრთხე ჩავლილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე იქნება. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკამ სანქციების შესახებ განაცხადა,  ეს დასაშინებლად არის მოფიქრებული. ვითომ 6 მილიარდი დაგვახარჯა ამერიკამ, სინამდვილეში ეს ფული აქ ფეხის საფუძვიანად მოსაკიდებლად დახარჯა. ეს არც ისე დიდი თანხაა, ამის დაყვედრება სისულელეა.

რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობა არ გვაქვს და სანქციები დიდი დარტყმა ვერ იქნება საქართველოსთვის.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დესტრუქციული ძალები შეეცდებიან არეულობის მოწყობას, მაგრამ ხელისუფლებამ უკან არ უნდა დაიხიოს. ხელისუფლებასთან ერთად ხალხსაც ფხიზლად ყოფნა გვმართებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here