Home ახალი ამბები საქართველო სხვა ვარსკვლავი

სხვა ვარსკვლავი

გაეროში ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების ქვეტექსტები

472

პოლიტიკა აისბერგივით არის, ხილული და უხილავი ნაწილებისგან შედგება. პოლიტიკოსის, მით უფრო, სახელმწიფოს მეთაურის საჯარო გამონათქვამებს ან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს როდესაც ვაფასებთ, უნდა გავითვალისწინოთ,  სად და რა ვითარებაში თქვა მან სათქმელი ან რა პერსპექტივაზე იყო გათვლილი მისი რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაეროს 78- გენერალურ ასამბლეაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვამ მის მომხრეებშიც კი ღია უკმაყოფილება გამოიწვია. ეს იმან განაპირობა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საგარეო კურსის ცვლილების გაცხადების მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებაში კურსის ცვლილებაზე, ღია განცხადება კი არა, ირიბი მინიშნებაც არ ყოფილა; პირიქით –  ერთმნიშვნელოვნად იყო ხაზგასმული დასავლური კურსის მიმართ ერთგულება: ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან  ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.

შეესაბამება ეს განცხადება შექმნილ რეალობას, ანუ რელევანტურია იგი? დასავლეთი, პრაქტიკულად ომს გვიცხადებს და აქ მოქმედი “მეხუთე კოლონის” გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალებას  გეგმავს, რომელსაც დასავლური აგენტოკრატიის რეანიმაცია უნდა მოჰყვეს. ჩვენი პრემიერმინისტრი კი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იმავეს იმეორებს, რასაც, სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხანია, გავიძახით. ამ მძიმე რეალობასა და იმ განცხადებას შორის, რომელიც პრემიერმინისტრის პირით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ითქვა, უდავოდ გვაქვს ლოგიკური და შინაარსობრივი აცდენა. დაიბნევა ხალხი, აბა, რა იქნება?! სანამდე უნდა გვაფურთხონ ევროპამ და მთელმა დასავლეთმა სულში და სანამდე უნდა ვიძახოთ ჩვენ, რომ ევროპაა ჩვენი საბოლოო მიზანი?! საკითხს, მე კი არა, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი აყენებს ასე. ამ დროს საქართველოს მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის დაუძინებელი მტერი ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან ერთნაირ განცხადებებს აკეთებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: “რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია”.

ვლადიმერ ზელენსკი: “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქამდე ოკუპირებულია”.

ვიღაც შემედავება და მეტყვის: „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ფაქტია და ამას ხომ არ დამალავენ?!“ ფაქტის დამალვაზე კი არა, ფაქტისადმი დამოკიდებულებაზე და მისი გადაწყვეტის ახალი გზების ძიებაზე მოგახსენებთ, რომელიც საზოგადოებამ ღარიბაშვილის მიდგომაში ვერ დაინახა. საზოგადოების იმ დიდი ნაწილის ლოგიკით, რომელიც საგარეო ორიენტაციაში რევოლუციური ცვლილების მომხრეა, შეუძლებელია, ღარიბაშვილი თითქმის ზუსტი ტექსტით იმეორებდეს იმას, რასაც ზელენსკი აცხადებს.

ვლადიმერ ზელენსკი: “ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა ვიმოქმედოთ, რათა დავამარცხოთ აგრესორი”.

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და განაგრძობს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას”.

რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, როდესაც მოვლენათა ლოგიკა ერთს ითხოვს, შენი სახელმწიფოს ლიდერი კი მეორეს ამბობს. აი, რას სჭირდება ახსნა და ანალიზი. რა გამართლება აქვს ამას? ასეთი მიდგომა რამე მიზანს ემსახურება, რამე პოლიტიკური გათვლის შედეგია თუ ნატოსა და ევროკავშირისკენ დიდი ხნის წინათ აკვიატებული სწრაფვის მექანიკური გაგრძელება და გამოძახილი?

 ვფიქრობ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ გამოსვლას გაცილებით  ღრმა ანალიზი სჭირდება, ვიდრე ამ დღეებში მთავრობის მომხრეთა (ხაზს ვუსვამ – მომხრეთა) ბანაკიდან გვესმოდა. ირაკლი ღარიბაშვილი არავისგან არანაირ საყვედურს არ იმსახურებს და, აი, რატომ:

საქართველოს მთავრობას საგარეო ორიენტირი და პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია. მისი მიზანდასახულებაა იმ გზის (იმ კურსის) გაგრძელება, ომელი საქართველოს ამ მთავრობის მოსვლამდე ჰქონდა არჩეული. კი, ღარიბაშვილიც ისევე ხედავს დასავლურ ვერაგობას, როგორც ყოველი ჩვენგანი, მაგრამ ეს ვერაგობა ბოლომდე არ არის გაშიფრული. ისინი ჯერ კიდევ გვეუბნებიან, რომ საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირის კარებ ღიაა, ამიტომ  საქართველოს არ აქვს უფლება, ეს კარი გამოიჯახუნოს. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ამ სტრუქტურებში არ გვიღებს, ეს კარი სწორედ მათ უნდა მოგვიხურონ ცხვირწინ, რადგან არა მხოლოდ დღევანდელობას, არამედ მომავალ თაობებსაც სჭირდებათ იმის ცოდნა,  რა დამოკიდებულებას ავლენდა დასავლეთი ჩვენ მიმართ ისტორიულად. ამ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებაარმონიჭების საკითხის გადაწყვეტამდე დღეებიღა გვაშორებს, ჩვენ რატომ უნდა მივცეთ მათ უარის თქმის საბაბი? პირიქითმაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა მოთხოვნა დროულად დავაკმაყოფილოთ. ასეთ შემთხვევაში ისინი ვერც საერთაშორისო საზოგადოებისა და ვერც ქართველი ხალხის წინაშე თავს ვერ გაიმართლებენ, თუკი სტატუსის მონიჭებისგან თავს შეიკავებენ. ყველასთვის დღესავით ნათელი იქნება, რომ მათ მიერ უარყოფითი გადაწყვეტილება საქართველოში სიტუაციის ასარევად და სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ძალებისთვის საბაბის მისაცემად მიღე. რატომ უნდა დაბრალდეს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ის დანაშაული, რომლის ჩადენასაც საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ევროპელი ფაშისტები აპირებენ?!

საქართველოს დასავლურ კურსს, ღარიბაშვილი და მის მთავრობა კი არა, დასავლეთი ცვლის! ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცხადი ყველასთვის. დასავლეთი გვექცევა ვერაგულად, ისინი გვატყუებდნენ და გვატყუებენ, რომ ჩვენ მიგვიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ ამას მხოლოდ იმისთვის გვეუბნებიან, რომ სხვა მოკავშირე არ ვეძებოთ,  თუმცა დაპირებას არ ასრულებენ და ჰაერში გამოკიდებულს და პირში ჩალაგამოვლებულს გვტოვებენ, ვინაიდან ჩვენ მიმართ რამე სახის პასუსიხსმგებლობის აღება არ სურთ, ჩვენთვის ხელის გამოწვდენა და დახმარების გაწევა არ სურთ. განა ეს ვერაგობა არ არის?! მაგრამ ამასაც არ სჯერდებიან და რუსეთთან ომში ჩართვისკენ გვიბიძგებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ამაზე უარს ვიტყვით, სახელმწიფო გადატრიალებას გვიმზადებენ, რომლის მსგავსი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფოში ათეულობით და ასეულობით განუხორციელებიათ. განა ეს ღია მტრობა არ არის? არის, რა თქმა უნდა! ამ ვითარებაში რას თხოვთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:  დასავლეთს პირი მოწმინდოს და მისი ვერაგობა საკუთარ თავზე აიღოს? დასავლეთს, რომელიც თავიდან ბოლომდე უსინდისოდ გვექცევა, საშუალება მისცეს, რომ მისი უსინდისობა ჩვენ დაგვაბრალოს? არა, ირაკლი ღარიბაშვილი ასე ბეცი პოლიტიკოსი არ არის. პირიქით, შედარებით მოკლე დროში იგი ისე გამოიწრთო, რომ დასავლეთსაც კი, რომელზეც ძალიან მაღალი დოზით ვართ დამოკიდებული, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების განცდით, თანაბარი პოზიციიდან ელაპარაკება. განსახილველ მოხსენებაშიც, რომელმაც ღარიბაშვილის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დასავლეთის წინაშე ერთგვარი რევერანსების ელემენტები თვალშისაცემად ჩანდა, პრემიერმინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ასე თქვა: ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებულიასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში  საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა! ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!”

ევროკავშირს სხვა გზა, გარდა დადებითი გადაწყვეტილების მიღებისა, ხომ არ დაუტოვა, ამასთანავე, სამართლიანობაც შეახსენა და უთხრა: სხვა გადაწყვეტილების მიღება უსამართლობა იქნება, აქედან გამომდინარე შედეგებითო. შედეგები მას, რა თქმა უნდა, არ უხსენებია, მაგრამ, უსამართლო პარტნიორთან თანამშრომლობას რომ აღარ განაგრძობენ, ყველასთვის ნათელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად მისი და მისი მთავრობის მისია, რომელიც კონგენიალურია მისი ხალხის აზროვნების მიმართულებისა, ასე ჩამოაყალიბა: ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო:  ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას გამოჩენილი წინდახედული პოლიტიკით. განა აქ პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული წინდახედულების გარეშე სადმე გადაჩეხვაც არ არის გამორიცხული?! სხვანაირად როგორ გავიგოთ, – “მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას გამოჩენილი პოლიტიკით?!

ამ მოხსენებაში ბევრი რამ არის სტრიქონებს შორის საძებნი. მაგალითად, სიტყვაში, სადაც რუსეთი პირდაპირ იყო მოხსენიებული ოკუპანტ სახელმწიფოდ, იმ მომენტში, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრმა აფხაზებსა და ოსებს მიმართა, ასე თქვა: მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს:  ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი“. დააკვირდით, აქ ნათქვამია, რომ ქართველების ერთიანობას აფხაზ და ოს ძმებთან ჰყავს საერთო მტერი, მაგრამ მისი ვინაობა გაშიფრული არ არის. რა უშლიდა ხელს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ამავე წინადადებაში ეთქვა, რომ ამ ერთიანობის მტერი ოკუპანტი რუსეთია? არაფერიც არ უშლიდა, რადგან იმავე მოხსენებაში რუსეთი უკვე ჰყავდა ოკუპანტად მოხსენიებული! არაფერიც არ უშლიდა, მაგრამ მაინც არ თქვა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მტერში, რუსეთი კი არა, ის იგულისხმა,  ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენიღბული მტერია და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის საუძველთა საფუძველია დასავლეთი? ვერ გამოვიდებ თავს, რომ ღარიბაშვილმა მის ნათქვამში სწორედ ამ შინაარსის ჩასადებად და ამ აზრის მისაცემად არ ახსენა რუსეთი, მაგრამ, რომ არ ახსენა,  ფაქტია. დანარჩენი თავად განსაჯეთ, მე მხოლოდ ჩემი დაკვირვება და შეფარული იმედიც გაგიზიარეთ, რომ ღარიბაშვილი სწორედ ამ კონტექსტში ხედავს მოვლენებს.

ღარიბაშვილმა ამ მოხსენებაში ჩამოთვალა,  რა გვაქვს გაკეთებული და კიდევ რის გაკეთებას ვაპირებთ დასავლური ორიენტაციის განსამტკიცებლად. კი, მართლაც ბევრი გვაქვს გაკეთებული, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პირადად მე ძალიან მეეჭვება, დასავლეთი მზად იყოს იმისთვის, რომ საქართველოს, მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვით და განცდით, მისი მთავარი სტრუქტურების (ევროკავშირი და ნატო) კარები ახლა კი არა, თუნდაც ოდესმე, შორეულ მომავალში გაუღოს. არა, უკვე აღარ მოხდება ეს ამბავი. აღარ მოხდება! დამთავრდა ეს კოშმარული სიზმარი, ამიტომ გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე ღარიბაშვილის მოხსენების აზრი ასე სტრიქონებს შუა და ქვეტექსტებში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან სულ სხვა რეალობა დადგა – აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რომელშიც, სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხანია, ვიწვით და ვიხარშებით.

სტატიის დასასრულებლად ილიას დიდებული სიტყვები წამომეშველა ანაზდად: “ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს!” მგონი, დიდი მკითხაობა და ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმის გარკვევას, რომელია ეს სხვა ვარსკვლავი…

ვალერი კვარაცხელია

                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here