Home ახალი ამბები საქართველო სოფლის მეურნეობაში გადასახადების შემცირებასა და ევროპული ძვირად ღირებული სტანდარტების დანერგვაზე უარის თქმაზე...

სოფლის მეურნეობაში გადასახადების შემცირებასა და ევროპული ძვირად ღირებული სტანდარტების დანერგვაზე უარის თქმაზე თუ ვიფიქრებთ, ეგებ რამე ჩვენც გვეშველოს

ევროპის ხუთ და მეტ ქვეყანას, ერთად აღებულს, ათეული წლებია, სჯობს რუსული ბაზარი და მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირება, – როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, საქართველოს რუსული ბაზრიდან ჩავხსნით და ევროპულზე გავალთო, უბრალოდ, ბლეფია და მეტი არაფერი

208

ხელისუფლება, ერთი შეხედვით,  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  მოსახლეობას მიწაზე მუშაობის სტიმული მისცეს. არის პროექტები, რომლებსაც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და, რაც მთავარია, პროექტის განხორციელებაში სოლიდურ წილსაც დებს. მაგალითად, თუ გსურთ, სოფლის მეურნეობის სფეროში დაიწყოთ საქმიანობა და ჩადოთ 1, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, სამინისტრო 350 ათასს ამატებს და,ამასთანავე, ბანკთანაც შუამდგომლობს,  კრედიტი წლიური 0,6-0,8%-ით  რომ გაიცეს, ეს ქართული რეალობისთვის ძალიან დაბალი პროცენტია.  ანუ, მილიონის გამოტანის შემთხვევაში, წლიურად 8 ათასი ლარის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის – ბანკი სახელმწიფოს ენდობა, მაგრამ კრედიტორისგან უძრავი ქონების სახით საბანკო გარანტიასაც იღებს და ეს გარანტია, სულ ცოტა, 3 მლნ ლარის ღირებულების უნდა იყოს.

რამდენიმე წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ახორციელებს პროექტს  „დანერგე მომავალი“  და ფერმერებს განსაკუთრებით კენკროვანი კულტურების გაშენებაში ეხმარება; იქნება ეს მაყვალი,  მოცვი, ჟოლო თუ სხვა კულტურა. აუცილებელი პირობა კი  ის არის, რომ მცენარე  ევროპული სტანდარტებით უნდა განაშენიანდეს –  წვეთოვანი სარწყავი სისტემის მიწყობით, ნარგავებს შორის შესაბამისი დისტანციის დაცვით,  მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული პრეპარატებით   შეწამვლით. სხვაგვარად მოწეული მოსავლის ევროკავშირის ქვეყნებში  გატანა წარმოუდგენელია. ბოლოს კი გამოდის, რომ აქ მოწეული მოსავლის 95%… რუსეთში იყიდება.  რატომ?

„როცა ჩვენ დავიწყეთ კენკრის წარმოება, შევქმენით ასოციაცია, გავიგეთ, საქართველოში ვის ჰქონდა, რამდენი ჰქონდა, მაგრამ გამოწვევების წინაშე დავდექით. ძალიან  მალფუჭებადი პროდუქტი აღმოჩნდა მაყვალი, თან არ გვქონდა ის ჯიშები, რომლებიც ველური, მკვრივი და მოთხოვნადია. დღეისთვის საქართველოს მასშტაბით  მაყვლის ბევრი ბაღი გაიჩეხა. ჩვენ  ის ჯიშები, რომლებიც გვქონდა, სულ ამოვიღეთ და საადრეო ჯიშები გავაშენეთ. ამ ეტაპზე მაყვალი 2 ჰექტარზეა გაშენებული, გასულ წელს მიღებულმა მოსავალმა კი 4 ტონა შეადგინა“, – განაცხადა კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილმა.

ჯერ ის ვთქვათ, რომ ევროპაში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 5-7 ტონა მაყვალს იღებენ, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში მოდის. ანუ,  აქ რაღაცას ვაკლებთ და ის „რაღაც“, პირველ რიგში, ჯიშებში სხვაობაა, მეორე – მოვლისა და მორწყვის ტექნოლოგიები და მესამე… მონდომება. ჰო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ვერ და არ ეპყრობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს ისე, როგორც საკუთარს, და იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად კენკრის მიმართულებით სახელმწიფო დანახარჯის 70%-ს ფარავს, ზარალობს სახელმწიფო და არა ფერმერი, რადგან თავის 30%-ს ცუდი მოსავლის პირობებშიც კი ყველა ვარიანტში იბრუნებს. ამასთანავე, რჩება წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომელიც არც ისე იაფია, და მიწა, რომელზეც შეუძლია ნებისმიერი რამ მოიყვანოს.

არა მხოლოდ ასოციაციის თავმჯდომარე, არამედ ის ფერმერები, რომლებმაც მაყვლის მოყვანა გადაწყვიტეს, ამბობენ, რომ  მწარედ მოტყუვდნენ და ხელს ევროკავშირისკენ იშვერენ. სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციების შედეგად დავიწყეთ კონკრეტული ჯიშების მოყვანა, აქაოდა, ეს ჯიშები ყველაზე მაღალმოსავლიანიაო, მაგრამ ბებერმა ევროპამ ის არ გვითხრა, რომ ეს ჯიში, მოკრეფიდან სამ დღეში თუ არ გადამუშავდა, ლპობას იწყებს. სამი დღე კი საქართველოდან ევროპაში მაყვლის ტრანსპორტირებისთვის ძალიან ცოტაა. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს ტყეებში ძალიან ბევრი ველური მაყვალია, რომელსაც მოსახლეობა კრეფს, ყიდის და ყიდის იმაზე იაფად, ვიდრე ფერმერებს მოჰყავთ. მიზეზი მარტივია – ველური მაყვლის მკრეფავები არ ხარჯავენ დროსა და ენერგიას არც მორწყვაში, არც მოვლაში. ისინი, უბრალოდ, მიდიან, კრეფენ და, თუ ფერმერების მიერ მოყვანილი მაყვალი 12 ლარი ღირდა, ველურ და უფრო გემრიელ, უფრო ჯანმრთელ მაყვალს 6-8 ლარად მარტივად შეიძენდით. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო   არის ის, რომ ნებისმიერი ფერმერი (აქ საუბარი არ არის მხოლოდ კენკრის მოყვანა-გასაღებაზე), როგორც კი პროდუქცია არ გაეყიდება, ხელს რუსეთის ბაზრისკენ იშვერს, აქაოდა, რუსულ ბაზარზე ვერ გავედით, ვერ მოვახერხეთ გატანა და ბიზნესი ამიტომ ჩაგვივარდაო. არადა, როცა იწყება პროექტის განხორციელება, ლამის მიწაც კი ევროპიდან შემოიტანონ, ყველა დეტალს სწორედ ევროპულ მხარეს უთანხმებენ, მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და მერე… რუსეთი რატომ არ ყიდულობსო. ზუსტად ასე იყო ლურჯი მოცვის შემთხვევაში, როცა მოსავალი მთლიანად ევროპას უნდა აეთვისებინა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ევროპელებზე მეტი რუსულმა მხარემ გადაიხადა და მოსავლის ლამის ასი პროცენტი სწორედ  მეზობელ სახელმწიფოში გავიდა.

ერთი ნათელი მაგალითი იმისა,  რას ნიშნავს რუსული ბაზარი:  სამი წლის წინათ რუსეთსა და თურქეთს ურთიერთობა დაეძაბათ და რუსეთმა თურქული პროდუქციისთვის ბაზარი ჩაკეტა. თურქეთი  ბროწეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში და პროდუქციის 98%-ს რუსეთში ყიდდა. იმ წელს არნახულად დიდი მოსავალი მოვიდა და სწორედ მაშინ თურქული მხარე ბროწეულს ადგილზე კილოგრამს…  8 (რვა) თეთრად ჰყიდდა. ამის მიუხედავად, ევროპამ თურქული ბროწეული ვერ აითვისა, ვერ აითვისა აზიამ და მოსავალი, უბრალოდ, დალპა. შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დათბა, ბაზარი გაიხსნა და თურქმა ფერმერებმაც ამოისუნთქეს. ისე, თურქი ფერმერების „ამოსუნთქვაში“ სახელმწიფო უდიდეს  როლს  თამაშობს:  ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანაზე გადასახადი გააუქმეს, შემოტანაზე – გააძვირეს . თურქები  წარმოებითა და გატანით უფრო არიან დაინტერესებულნი და იმდენს ახერხებენ, რომ მოყვანილი პროდუქცია თვითონაც  ჰყოფნით და საზღვრებს გარეთაც ბევრი გააქვთ. ასე იქცა თურქეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ და ახლა ამ ადგილს ცოცხალი თავით არ დათმობს.

ისევ რუსეთსა და რუსულ ბაზარს დავუბრუნდეთ. დაასახელეთ ერთი  პროდუქტი მაინც, რომელიც იმაზე მეტი იყიდება ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთში.   ვიღაც იტყვის: რუსეთი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოაო. მაშინ დაასახელეთ სამი ევროპული ქვეყანა ერთად, რომლებიც  რუსულ ბაზარს ქართული მხარისთვის გადაწონიან. თუ სამიც ცოტაა, ხუთი დაასახელეთ... ვერ დაასახელებთ, რადგან ევროპის ხუთ და მეტ ქვეყანას, ერთად აღებულს, ათეული წლებია, სჯობს რუსული ბაზარი და მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირება, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, საქართველოს რუსული ბაზრიდან ჩავხსნით და  ევროპულზე გავალთო, უბრალოდ, ბლეფია და მეტი არაფერი. რუსულ ბაზარზე უარი ვერ თქვა  მიხეილ სააკაშვილმა მთელი თავისი დასავლური მხარდაჭერით.  სწორედ სააკაშვილმა გააუქმა ე.წ. ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ხიდი იყო ქართველ და ოს ხალხს შორის. ამ ბაზრობით არა მხოლოდ ორივე მხარე ხეირობდა, არამედ იყო ურთიერთობები, ნდობა, მისვლა-მოსვლა და, მიშა ურთიერთობების დათბობით რომ არ აპირებდა ოს ხალხთან საუბარს, 2008 წლის აგვისტოშიც დაამტკიცა.

გაზაფხული მოგვადგა კარს და საქართველოში, წესით,  საგაზაფხულო სამუშაოებისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მაგრამ ორიოდე დღის წინათ ერთმა ფერმერმა სიმწრით თქვა: როგორი საქმეა, დიზელის  ფასი 3, 50 ლარია და ერთი ლიტრი რძის მიღებას  2 ლარად ვიხვეწებითო.  მწარე რეალობაა: პროდუქტს ფასი გლეხისთვის არ აქვს, თორემ მაღაზიის დახლზე  ერთი ლიტრი რძის ფასი  ლამის 6 ლარამდე ავიდეს და, ისიც ასი პროცენტით ნატურალურიაო, ვერავინ იტყვის. კატასტროფული ფასი აქვს ყველს, მაწონს, ხაჭოს, მაგრამ დიდი კომპანიები, რძეს იაფად იბარებენ. უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო პროდუქტების ფასების რეგულირებაში? წესით,  უნდა ერეოდეს, მაგრამ გვეუბნებიან, კერძო ბიზნესია და ხელს ვერ ვახლებთ, ბაზარი ფასებს თვითონ  არეგულირებსო, მაგრამ ის მაინც დაარეგულირეთ  გლეხისგან 2 ლარად ნაყიდი, მერე გადამუშავებული, წყალ და ფხვნილ დამატებული რძე 300%-იანი ფასნამატით არ იყიდებოდეს.

ისიც ვაღიაროთ, რომ მიწათმოქმედი ქართველი ერი თითქოს მიწაზე მუშაობას გადაეჩვია. სოფელში მცხოვრებთაც  კი ბებიების მიერ სახლის წინ მოწყობილი ბოსტნებიც აღარ აქვთ, ბებიებს აღარ შეუძლიათ, ახალგაზრდებს – აღარ სურთ. ამიტომ ქართული ბაზარი წალეკილი აქვს თურქულ და ირანულ პროდუქტს და, სამწუხაროდ, გემოვნური თვისებებით ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის. აი, გადასახადების შემცირებასა და ევროპულ ძვირად ღირებულ სტანდარტებზე უარის თქმაზე თუ ვიფიქრებთ, ეგებ რამე ჩვენც გვეშველოს. მოყვანილ პროდუქციას ევროპაში მაინც ვერ თუ არ ვყიდით,   სჯობს, მამაპაპურად, გლეხურად, შხამ-ქიმიკატების ნაცვლად ნაკელით მოყვანილი მოსავალი გავყიდოთ.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here